image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

პორტო-პორტუ-ოპორტო

ყველაზე ძვირფას თათოს..

      ხშირად მოგზაურობისწინა სამზადისს ჩვეულებრივ რუტინულ მოვლენად აღვიქვამთ ხოლმე. მე კი მგონია, რომ მოგზაურობის თანმხლები ემოციების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ პერიოდში იფანტება. ეს ყველაზე მეტად პორტუგალიაში წასვლამდე ვიგრძენი. ყველაფერი კი პორტუგალიაში წასვლის იდეის აკვიატებით დაიწყო. აკვიატებულ იდეას გადაწყვეტაც უნდოდა. ამას კი მეგობრებთან გატარებულ ერთ-ერთ ვიქენდზე შევასხი ფრთები. გოგოებს აჟიტირებული ვუყვებოდი, მილანიდან კაპიკები ღირს პორტოსა და ლისაბონის ბილეთები-მეთქი.
         ამ ყველაფერს თათოს აჟიტირება მოყვა, იქნებ მართლა ავიღო შვებულება და წამოსვლა შევძლოო. მე ივნისის ბოლოს იტალიაში ისე წავედი, რომ პორტუგალიაზე ოცნებებში გახვეულს, უკანა გზის ბილეთიც კი არ ამიღია. მერე ყველაფერი მშვენივრად აეწყო. თავისუფალი დროის უმეტესობას გზების, საცხოვრებლების, შიდა გადაადგილების ვარიანტების ან უბრალოდ ფოტოების ქექვაში ვატარებდით. ცოტათი დავიღალეთ, მაგრამ როცა ვიხსენებდით, რომ 31 აგვისტოს ერთმანეთს მილანში შევხვდებოდით და პორტოში გავფრინდებოდით, ყველაფერი გვავიწყდებოდა.


       ფრენა გამთენიისას გვქონდა. აეროპორტში ყოფნას მილანში სეირნობა ვარჩიეთ. მონატრებულები და ბედნიერები ხან დუომოსთან კიბეებზე ვჭორაობდით, ხან ლა სკალას წინ პატარა ბაღში ვკოტრიალობდით და ხანაც ცენტრალური სადგურისკენ მიმავალ გზაზე მილანურ ეზოებში ვისვენებდით. 
     დილით უკვე პორტოში ვიყავით. ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი გონებით Airbnb-ზე დაჯავშნილი სახლის პატრონის, ინესის რჩევებს მივყევით, აეროპორტიდან მეტროს გავყევით და Marquês-ზე ამოვედით. ალეგრიას ქუჩას დავუყევით და 968 ნომერში ჩვენს რამდენიმედღიან სახლში შევიყუჟეთ. კმაყოფილებისგან აღარ ვიცოდით რა გვექნა. ფანჯრიდან მუქ ფერებში გაწყობილი ფილებიანი სახლები გვიყურებდნენ. პორტოელმა ინესმა რუკებითა და სასარგებლო ინფორმაციით მოგვამარაგა. გვითხრა რა უნდა გაგვესინჯა, სად უნდა გვესეირნა, სად უნდა გვეპოვნა საინფორმაციო ცენტრი, სუპერმარკეტი და ა.შ. თან გაგვახარა, პორტო ძალიან პატარა ქალაქია და ყველაფრის ნახვას მოასწრებთო.
    ინესთან საუბარი დიდხანს გაგვიგრძელდა. განადგურებულად დაღლილები ვიყავით. იმ დღეს ბევრი ვერაფერი ვნახეთ. დაღლილობა თავისას შვრებოდა. თუმცა ის მაინც შევამჩნიე, რომ პორტო იმაზე ბევრად საინტერესო ქალაქი იყო, ვიდრე მომემსინა და წარმომედგინა. ისეთი ქალაქია, მარტო ქუჩაში სიარულითაც თავის ამბებს რომ გიყვება. აქაური ფერები, ფილები, კარებები და ფანჯრები ხელოვნების ზეიმია.

     დილით დაღლილობას დავემშვიდობეთ და ღიმილიანი სახეებით დავუყევით პორტოს დაღმართებს. მეტროს გამოყენებას ხაზი გადავუსვით. თათო ყოყმანობდა, მაგრამ ყველა ქუჩის ფეხით დატკეპვნაში მაინც დავიყოლიე. ჩვენი დროებითი სახლიდან რამდენიმე ქუჩის დაღმართებს რომ დავუყვებოდით, ან პორტოს მერიასთან გავდიოდით ან სანტა კატარინას ქუჩაზე. არჩევანი კიდევ ბევრი იყო. ამ პატარა ქალაქში სეირნეობისას იმდენი ქუჩა შემოგეფეთება, არამგონია ოდესმე მოგბეზრდეს ფეხით სიარული.
      პირველი, რამაც გაგვაგიჟა და არასოდეს დაგვღალა თვალიერებით, კერამიკული ფილებით გაფორმებული შენობების ფასადები იყო. Azulejos კერამიკული ფილების ხელოვნებაა და პორტუგალიური კულტურის ყველაზე ძლიერი გამოხატულებაა. ეს არაბული წარმოშობის ძალიან ლამაზი სიტყვა პატარა გაპრიალებულ ქვას ნიშნავს. ყველაფერი ძალიან ძალიან დიდი ხნის წინ, მეცამეტე საუკუნეში დაწყებულა, როდესაც მავრებმა ესპანეთისა და პორტუგალიის ტერიტორიები დაიპყრეს და თავიანთი ნაკვალევის დატოვების მიზნით, ახალი ტერიტორიების შელამაზება ფერად-ფერადი კერამიკით დაიწყეს. გარდა იმისა, რომ ფილებს დეკორაციებად იყენებდნენ და ერთი მეორეზე ლამაზ ორნამენტებს ქმნიდნენ, ტემპერატურის მაკონტროლებლადაც იყენებდნენ.   

      მოგვიანებით პორტუგალიელებმა Azulejos ნამდვილ ხელოვნებამდე აიყვანეს. ყველა ცარიელი ადგილის დაფარვა ამით დაიწყეს. მორთეს ეკლესიები, მონასტრები, სასახლეები, სადგურები, რესტორნები, ბარები, სხვადასხვა დაწესებულებები და რა თქმა უნდა საცხოვრებელი სახლები. ამით ყვებოდნენ ამბებს ისტორიიდან და რელიგიიდან. თავიდან თეთრი და ცისფერი დომინირებდა. დღეს კი ისეთი ფერის ფილებს შეხვდებით, სახელების დარქმევა რომ გაგიჭირდებათ. ფილებს მხოლოდ ფასადების შესამკობად არ არჩევდნენ. ინტერიერსაც ამით ალამაზებდნენ და იატაკს, კედლებს და ჭერსაც კი ფილებით აფერადებდნენ.

    თანდათან Azulejos სულ უფროდაუფრო მოდური გახდა და პორტუგალიურ არქიტექტურაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. დღეს პორტუგალიის განუყოფელი ნაწილია და დაუჯერებლად საინტერესოს ხდის ამ ქვეყნის კულტურას. პორტოში ასეთი ფილებით გაწყობილი უთვალავი შენობა ვნახეთ. ალბათ ისეთი შენობების თვლა უფრო მარტივი იქნებოდა, რომელსაც ერთი ფილაც კი არ ჰქონდა. სხვა შემთხვევაში სათვალავი ათასჯერ აგვერეოდა. მე, როგორც ფერებზე სიგიჟემდე შეყვარებულს, ცოტა მეუცნაურებოდა ცისფერი და თეთრი ფილებით გაწყობილი ეკლესიებისა და სასახლეების ნახვა. შორიდან შემხედვარეს არც კი მჯეროდა, რომ ეს ამხელა სცენები ფილებზე მოხატეს და ეს პატარა ქალაქი ასე გასაოცრად ააციმციმეს.

           ცისფერი და თეთრი ფილებით გაფორმებული ფასადი პირველად სანტა კატარინას ქუჩის კუთხეში ერთ-ერთი სამლოცველოზე - Capela das Almas შეგვხვდა. მე და თათო ერთმანეთს კითხვებს ვაყრიდით და დროის ძალიან დიდ მონაკვეთებს ვატარებდით სავარაუდო პასუხების ძიებაში. რა ვიცოდით, რომ პორტოში ასეთი ტიპის დეკორაციებს თითქმის ყველა ქუჩის ბოლოში ვნახავდით.
       იგივე დაგვემართა São Bento-ს რკინიგზის სადგურზეც. პორტოში ჩასვლის პირველ საღამოს, ჯერ კიდევ დაღლილობაშემოპარულებმა, რუკის გარეშე სეირნობა გადავწყვიტეთ. შემთხვევით სადგურთან აღმოვჩნდით. სანამ ღია კარებიდან გამოჩენილი თეთრი და ცისფერი ფილები ყურადღებას მომტაცებდა, თათო უკვე შიგნით იყო და მეც მეპატიჟებოდა ფილების ამ ზეიმის სანახავად. ამ ფილების გამოა ყველა გავლა-გამოვლაზე იქ შებრუნება რომ გვინდოდა ხოლმე.
       ეს სადგური მეოცე საუკუნეში აუშენებიათ და ფილებით მოურთავთ. გარედან შემხედვარე ვერც კი იფიქრებ, რომ შიგნით ასეთი სილამაზე დაგხვდება. ფილები თითქოს ჩარჩოებშია მოქცეული. სადღაც ვკითხულობდი, მისი მოკაზმვისთვის 20000-ზე მეტი ფილა გამოიყენეს და ძირითადად ისტორიული სცენები გამოსახესო. São Bento მსოფლიოს ყველაზე ლამაზ სადგურებშია შესული და პორტოს ღირსშესანიშნაობებში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია.
      ფუნქციონირების მხრივ, პორტოს რკინიგზის ერთ-ერთი მთავარი სადგურია და უკარგესი მდებარეობა აქვს. სადგურიდან გამოსულს მაშინვე მეტრო შეგხვდება. ამ პატარა პორტოში 2002 წელს მეტროც აუმუშავებიათ. სულ 6 ხაზია. მატარებელი ქალაქის ცენტრში მისწისქვეშ, ხოლო გარეუბნებში მიწის ზემოთ დადის. ბილეთის პირველად ყიდვისას ცოტა დავიბენით და დახმარება უცხო ტურისტებს ვთხოვეთ. აღმოჩნდა, რომ მგზავრობის საფასური იმაზეა დამოკიდებული თუ საიდან სად მიდიხარ და პორტოს რომელ და რამდენ ზონაში გადაადგილდები. ეს ყველაფერი კი ბილეთის შესაძენ აპარატზეა მითითებული. ჩეულებრივი ერთჯერადი ბილეთის გარდა 24 საათიანი, 72 საათიანი და თვიური ბილეთებიცაა. ბილეთის ყიდვის შემდეგ მისი დასკანერებაა საჭირო. ამისათვის კი სადგურებზე პატარა ყვითელი აპარატები დგას.

   დილით კათედრალისკენ დავეშვით. საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელს ვეჭორავეთ და რუკაზე ჯერ რომ არ ვიცოდით, ისეთი ადგილები მოვანიშნინეთ. კათედრალის წინ გაშლილი პატარა მოედნიდან პორტოს ძალიან ლამაზი პანორამა იშლებოდა. ზუსტად ვერ გეტყვით რა დრო გავატარეთ აქ. მზით განათებული პორტო ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდა. ერთი სული გვქონდა, ქვემოთ მიმალულ, ლაბირინთებად დაყოფილ ვიწრო ქუჩებში როდის მივიკარგებოდით. ეს ქალაქი შეგვიყვარდა და მგონი ამ ქალაქსაც შევუყვარდით.
       სანტ ანას ქუჩას დავუყევით და პორტოს სულ სხვანაირ ქუჩებში ჩავიფალით. ასე მდინარის სანაპიროსთან გავიდოდით. თურმე ჩვენ სანამ პორტოში მოგზაურობას ვგეგმავდით, რედბული თავის საჰაერო შეჯიბრის ბოლო დეტალებს აკოწიწებდა. პორტოს სანაპირო ზოლი და მთავარი ხიდი გადაკეტილი დაგვხვდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მდინარე დუეროს მეორე მხარეს ვერ გადავიდოდით და პორტოს ყველაზე ლამაზ პანორამას ვერ ვნახავდით. ეს კი ალბათ იმას ნიშნავდა, რომ პორტოში კიდევ უნდა დავბრუნებულიყავით. სავარაუდოდ პირველივე შესაძლებლობაზე.

   რედბულმა ამ დილას შეჯიბრი დაიწყო. სათამაშოს მსგავსი თვითმფრინავის ყველა აფრენაზე ისეთი ხმა ისმოდა, მეგონა სადმე ჩემს ფეხებთან დაეცემოდა. სანაპიროზე იმდენი ხალხი იყო, ბევრი ვერაფერი ვნახეთ. ძალიან ცხელოდა, თან სადილის დრო იყო და ცოტა აზროვნების უნარიც წაგვერთვა. ამ არეულობაში რატომღაც ვერაფრით შევარჩიეთ სადილისთვის შესაფერისი ადგილი. მერე გაგვახსენდა, გუშინ საღამოს Rua das Flores-ზე ერთ საყვარელ კაფეში რომ გვინდოდა ვახშმობა, მაგრამ სამზარეულო უკვე დაკეტილი რომ ჰქონდათ და ვახშმობა მაკდონალდსში რომ მოგვიწია.
       გემრიელად მოვკალათდით და ბარის უსაყვარლეს პორტუგალიელ თანამშრომელს დახმარება ვთხოვეთ ღვინის შერჩევაში. ზღვის პროდუქტებისა და ფორთოხლის სალათი, კუსკუსი და თეთრი ღვინო მივირთვით. მე და თათო ერთმანეთს ვუყურებდით და მაინც ბოლომდე ვერ ვიჯერებდით, რომ ზღვა ემოციებით სავსეები ევროპის თითქმის ბოლო წერტილში, ამ პაწაწუნა ქალაქის პაწაწუნა ბარში ვისხედით და ბედნიერებით გაჟღენთილები ერთმანეთს ვავსებდით.

          სადილის შემდეგ Livraria Lello გველოდა. ეს პორტუგალიაში წიგნის ერთ-ერთი უძველესი მაღაზიაა და მსოფლიოს საუკეთესო წიგნის მაღაზიებში ყოველთვის ტოპ ადგილი უკავია. კარმელიტას 144 ნომერში ლელო 1906 წელს გახსნილა. მუქი ხისა და ფერადი მინისგან ამ პატარა სივრცეში საოცარი ატმოსფეროს მქონე მაღაზია შექმნეს. ზედა და ქვედა სართულები ულამაზესი ფორმის მქონე წითელი კიბით დააკავშირეს, კედლები უამრავი რაოდენობის თაროთი შეამკეს, თაროებზე კი უთვალავი რაოდენობის წიგნი მოათავსეს და აქაურობა ჩვეულებრივი მაღაზიის გარდა, მწერლებისა და ხელოვანების შეხვედრის ადგილად აქციეს. დღეს პორტოში ჩასული ყველა ტურისტი აქ მიდის. ბილეთი 4 ევრო ღირს, მაღაზიაში გატარებულ თითოეულ წუთს კი ფასი ვერ დაედება. თათო ვეღარ აუვიდა ამდენ სილამაზეს და კიბეებთან მოკალათდა. მე კი ფოტოგრაფიის კუთხეში პორტუგალიის ისეთ კატალოგებს წავაწყდი, ლამის ამ ქვეყანაში დარჩენა გადავწყვიტე. პორტუგალიური ფილები ისეთი ფოტოგენურია, თუ ქვეყნად ისეთი ფოტოგრაფი არსებობს, რომელიც ჯერ აქ არ ყოფილა, უნდა იცოდეს, რომ პორტუგალიის ნახვის შემდეგ კარიერის ახალ ეტაპზე გადავა.

         ლელოს, ძალიან ხშირად ჰარი პოტერის ბიბლიოთეკად მოიხსენიებენ ხოლმე. თურმე ჯოან როულინგი რამდენიმე წელი პორტოში ცხოვრობდა და ჰარი პოტერის ერთ-ერთი ნაწილი აქ დაუწერია. ლელოს ეს გასაოცარი კიბე კი  მისი ინსპირაციის წყარო გამხდარა.
         არ ვიცი დაღლილობის, დაბნეულობის, აჟიტირების, რიგის თუ რისი ბრალია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ არც კი შემიხედავს მაღაზიის გარე ფასადისთვის. მოგვიანებით გუგლში ძრომიალისას აღმოვაჩინე, როგორი ლამაზი და განსაკუთრებული დიზაინი ჰქონია.
     მაღაზიიდან გამოსულები ჩვენს აჭრელებულ და მიკუჭულ რუკას დავუბრუნდით. Rua de Cedofeita-ს გავუყევით და Rua de Alvares Cabral-ზე გავედით. სახლში დასაბრუნებლად ძალიან შორი გზით ავირჩიეთ. ასე პორტოს იმ ნაწილსაც ვნახავდით, რუკაზე საინტერესო არაფერი რომ არ დაეხატათ და მგონი ძალიანაც შეცდნენ. ამ ქუჩამ ჭკუიდან შეგვშალა. ყველა კართან ვჩერდებოდით დასათვალიერებლად და ფოტოს გადასაღებად. ფერებისა და ფორმების ასეთი სინთეზი, პორტუგალიელების მასიური გემოვნების შედეგი უნდა იყოს. არ ვიცი რამდენი ხანი გავდიოდით ამ ერთ ქუჩას. ფანჯრებისა და კარებების სიყვარულმა პირველად ტურინში შემიპყრო. პორტომ კი ეს ყველაფერი ხარისხებში აიყვანა. ხის ფერადი კარებები, კერამიკის ფერადი ფილები, ერთმანეთის მსგავსი ორნამენტები, ფერები, რომლებიც აზრადაც არ მოგივა რომ შეიძლება ერთმანეთს უხდებოდეს, მაგრამ უხდება. პორტუგალიელებს ალბათ ფერების აღქმის განსაკუთრებული ნიჭი აქვთ, მე კი ძალიან ბედნიერი ვარ ამ ყველაფრის დანახვისა და შეყვარების ნიჭი რომ გამაჩნია.

          ამ სასწაული ქუჩის ბოლოს პატარა სკვერში შევისვენეთ, იქვე მარკეტში ნაყიდი პორტუგალიური ტკბილეული Pastel de Nata მივირთვით და სახლში დავბრუნდით. კმაყოფილებას ვაფრქვევდით ჩვენი არჩევნით, რომ რუკას არ ვენდეთ და ჩვენით გავიკვლიეთ გზა ჯერ კიდევ უცხო ქალაქში. სიმართლე რომ ვთქვათ, ლამაზი კარებები არც ჩვენს ალეგრიას ქუჩას აკლდა. ამის გამო იყო გზა სახლიდან ან სახლამდე სულ უფროდაუფრო გრძელი რომ გვეჩვენებოდა.  

       ცოტა რომ დავისვენეთ და დილით ნანახ სილამაზეებს თავიანთი ადგილები მივუჩინეთ თვალებსა და გონებაში, დღის მეორე ნახევარზე დავიწყეთ ფიქრი. დღეს ფაბრიკის ქუჩის ჩაყოლებაზე ჩამწკრივებულ ბარებში მოფუსფუსე ადამიანებს შევუერთდებოდით და პორტუგალიურ ვიქენდსაც გავუგებდით გემოს. თათო ისე ტკბილად წამოკოტრიალდა, ცოტა შემეშინდა, თავი რომ ვეღარ აწიოს-მეთქი. მე საღამოსთვის მზადებას შევუდექი. ყოველ ხუთ წუთში თათოს ბუტბუტი მესმოდა, აი ეხლავე ავდგები და გავემზადებიო. მერე ღრმა ძილმა ჩაითრია და როცა მივხვდი, რომ გარეთ გასვლის კი არა, თვალის გახელის ძალაც კი არ ჰქონდა, მეც მივწექი და მეც არანაკლებ ტკბილ ძილში გადავეშვი.  
       დილით გემრიელად გამოძინებულმა, მაგრამ ძალიან შერცხვენილმა თათომ იმდენი ბოდიში მომიხადა, აღარ ვიცოდი როგორ დამემშვიდებინა. მერე კრევეტების ჭამის სურვილმა აიტანა და პორტოს დაღმართებზე დავეშვით. ოღონდ ჯერ Mercado do Bolhão-ში შევისეირნებდით. ეს პორტოს უძველესი ბაზარია. მართხკუთხედის ფორმის შენობის ყველა კუთხე-კუნჭული წარსულში სავარაუდოდ მაღაზიებით იყო გამოტენილი. ახლა აქაურობის ორივე სართული დაცარიელებულია და ბაზარი მის შიდა ეზოშია მოწყობილი. რა არ შეგხვდებათ: თევზი, ხორცი, ბოსტნეული, სუნელები, ყვავილები, სუვენირები. დამიჯერეთ, ასეთ ადგილებში სიარული აუცილებელია იმ ქვეყნისა და კულტურის გასაცნობად, სადაც მოგზაურობთ. კარგად მახსოვს ჩემი რეაქციები პირველად იტალიის ღია ბაზარში რომ აღმოვჩნდი. ამის მერე, სადაც არ უნდა ჩავიდე სიამოვნებით დავსეირნობ ბაზრებსა თუ ბაზრობებში. ასე უფრო კარგად ვიცნობ ადგილობრივების ცხოვრების დეტალებს და მოგზაურობის დღეები უფრო სახალისო ხდება. Mercado do Bolhão ამ გაზაფხულზე დახურულა. როგორც ჩანს შენობას რეკონსტრუქციას უტარებენ. არავინ იცის როდის გაიხსნებაო.

       თავისუფლების სკვერთან მისულები ზედმეტი მარჩიელობის გარეშე მოვკალათდით  ერთ-ერთი ბარის სუფთა ჰაერზე გამოტანილ მაგიდასთან. ასეთ ქალაქში კრევეტი ყველგან გემრიელი იქნებაო. მე ცუდად ვიყავი და ცოტა უგემურად ვჭამე. მიმტანმა ბევრი ტიტინის შემდეგ პორტუგალიური ღვინო გაგვასინჯა. Vinho do Porto პორტუგალიაში აუცილებლად რომ უნდა გასინჯოთ ის სასმელია. დესერტისთვის განკუთვნილ ღვინოდ მიიჩნევენ და ძალიან ამაყობენ მისი წარმოებით.

         სადილის შემდეგ Ribeira-ს დეტალურად დათვალიერების დროც დადგა. ეს უბანი პორტოს მშვენებაა. აქაურობა უკვე 20 წელზე მეტია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია და პორტოს გულს ეძახიან. განსაკუთებულია თავისი ფერადი სახლებით. Ribeira ატლანტის ოკეანიდან შემოსული მდინარე დუეროს სანაპირო ზოლზეა გაშენებული. პორტოს ამ უბანში შენობების, სკვერების, ქუჩების დათვალიერებისას სასწაული სიძველე იგრძნობა. ძველი ისე კარგად არის შემორჩენილი, რომ ახალი არაფერი ანგრევს და ანადგურებს აქაურ სილამაზეებს. მის მთავარ მოედანზე ერთმანეთს მიწებებული ფერადფილებიანი სახლები უბრალოდ დაგამუნჯებთ. ჩემთვის პორტოს ეს მინიატურული მოედანი ნომერ პირველი ადგილია პორტუგალიურ სილამაზეებს შორის.

    Ribeira-ზე მოხვედრილმა მდინარეში ნავით უნდა გაცურო, ხიდზე ისეირნო, და სანაპიროსთან ახლოს კაფეებში ყავა დალიო. რედბულმა კი თავისი მფრინავი პატარა თვითმფრინავებით ამჯერად ყველაფერი გააფუჭა. სახლამდე გზა კიდევ რომ გაგვეგრძელებინა, სანაპიროს დავუყევით. ფუნიკულიორის დანახვით გახარებული თათო ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ჩანდა იმის გააზრებაზე, რომ ჩამოვლილი დაღმართები აღმართებად არ გადაექცეოდა. მე, რა თქმა უნდა, ფეხით ასვლა შევთავაზე. ფუნიკულიორით ასვლისას ბევრი ლამაზი ხედი გამოგვრჩება-მეთქი, ფეხით ასვლისას კი ღმერთმა იცის რა ხედები გველოდა წინ. დავიყოლიე. Funicular dos Cuindais-ს გვერდი ავუარეთ და პატარა კიბეებს მივადექით. ასვლის პროცესზე არაფერს დავწერ. გულწრფელი ვიქნები და ვაღიარებ, რომ შუაგულ მზეზე Escada dos Guindais-ის ავლას არანაირი აზრი არ აქვს. კიბეების ბოლოში პაწაწუნა სკვერში ხეების ჩრდილქვეშ მოვითქვით სული. სახლში დაბრუნების და დასვენების დრო იყო. მეტის ძალა უბრალოდ აღარ გვქონდა. დასაბრუნებლად ისევ უცხო გზები ავირჩიეთ ისე, რომ სანტა კატარინას ქუჩაზე აღმოვჩენილიყავით. ეს ქვეითებისათვის განკუთვნილი ქუჩა სავსეა მაღაზიებით, სანაყინეებითა და კაფეებით. შოპინგისთვის არც დროის და არც ენერგიის დახარჯვას არ ვაპირებდით, მაგრამ ერთი-ორმა მაღაზიამ მაინც შეგვიტყუა. სანტა კატარინას ქუჩაზე არ უნდა გამოგრჩეთ სიძველით მსოფლიოს ათეულში შესული Majestic Café, რომელიც 1921 წელს გახსნილა და სადაც წლების წინ პორტოს ელიტა იკრიბებოდა. დღეს პორტოს ყველაზე ცნობილი კაფეა. ორი ადამიანის დასაჯდომი ადგილი ვერც ამ დღეს ვნახეთ. ალბათ ესეც იმას ნიშნავს, რომ მე და თათო პორტუგალიაში უნდა დავბრუნდეთ. ისევ პირველივე შესაძლებლობაზე.
       საღამოს თათოს აღარ დაუძინია. დღეს აუცილებლად შევუერთდებოდით ფაბრიკის ქუჩის ჩაყოლებაზე ჩამწკრივებულ ბარებში მოფუსფუსე ადამიანებს. პორტოს ეს ნაწილი ბარებითაა ცნობილი და მთელი ქალაქი აქ იყრის თავს. სანამ ძალა გვქონდა ერთი-ორ ქუჩაზე გავისეირნეთ და კაფეებში ცარიელი ადგილის ძებნა დავიწყეთ. თან ბარში მომუშავე გოგო-ბიჭებს ვთხოვდით, რაიმე კარგის შერჩევაში დაგვხმარებოდნენ. პირველი კოქტეილი მაგიდასთან ფუსფუსში შემოგველია. დანარჩენების წრუპვა სხვადასხვა ბარებში გავაგრძელეთ. საღამოს დარჩენილი ნაწილი კი ცეკვასა და ბედნიერების სხივების გაშუქებაში გავატარეთ. სახლში ისევ უცხო ქუჩით დავბრუნდით. ბედნიერებისგან გასხივოსნებულებს ახლა ნამდვილად შეგვეძლო ტკბილად დაძინება.

       დილით სხვა ქალაქებში გავისეირნებდით და მერე დედაქალაქისკენ დავეშვებოდით. პორტო ახდენილი ოცნებების სიაში ჩაეწერებოდა და შემდეგ შეხვედრამდე დავემშვიდობებოდით. ამ პატარა ქალაქში მგონი კიდევ ბევრი დაგვრჩა დასატკეპნი. ხანდახან მგონია, რომ პორტოში რამდენიმე დღის ნაცვლად რამდენიმე საათი გავატარე. მგონი ზედმეტი აჟიტირების ბრალი უნდა იყოს. ასეთი უცხო სილამაზეების ნახვაზე სულ ვოცნებობ და ახლა როცა აქ მოვხვდი, თითქოს დავიკარგე, თითქოს დროის სვლასაც კი ვეღარ ვგრძნობ. აღარ ვიცი რას ვუყურო, სად წავიდე, რა დავწერო, რა გადავიღო. პორტომ ჩემი გულის ნაწილი დაიტოვა და ამის გამო აუცილებლად უნდა დავბრუნდე ამ ფერად ქალაქში. ამჯერად უფრო მომზადებული შევხვდები ფილებისა და ფასადების სილამაზეებს და ამჯერად უფრო შემართებით გავუმკლავდები ჩემს საობიექტივო მასალებს.
       და რომ არა თათო, პორტო ასეთი ვერ იქნებოდა. ერთხელ მითხრა, რა კარგია შენ მე რომ გყავარ და მე შენ რომ მყავხარო. მაშინვე პორტუგალიური დღეების ნეტარება გამახსენდა და სხეული გამითბა. ეს ის აზრია, პორტუგალიაში სეირნობისას ყველაფერს რომ იდეალურს ხდიდა, მაგრამ სიტყვებად რომ ვერასოდეს ვაქციე. ახლა ზუსტად ვიცი, რატომ იყო სექტემბრის ეს პირველი დღეები ასეთი მაგარი და რამ შემაყვარა ეს ქვეყანა ასე ძალიან.

         ამ დღეებს კიდევ დიდი გაგრძელება აქვს და აუცილებლად მოგიყვებით მათზე. თან კარგად უნდა მოვიფიქრო ამ გაგრძელებას როგორ მივუმატო სხვა, კიდევ უფრო მაგარი გაგრძელებები. რატომღაც მგონია, რომ  ქვეყნის შერჩევისას ისევ მზისფერ პორტუგალიას მივადგებით. 
Facebook: Mako's Wonderland  
Instagram: Mako__go

Share this:

CONVERSATION