image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

მილანი


როცა იტალიაზე ფიქრს მილანით იწყებენ ცოტა მებრაზება ხოლმე. განა იმიტომ რომ ცუდი ქალაქია. რა ჭირს მილანს ჩემი დასაწუნი?! უბრალოდ მგონია, რომ იტალიის სხვა ბევრად ლამაზი ქალაქები უმიზეზოდ იჩაგრება და გული მწყდება.
მგონი ქალაქების სიყვარული ზედმეტობაში გადამივიდა და ასე ძალიან არ უნდა განვიცდიდე ამ ამბავს, მაგრამ ალბათ ცხოვრება მართლა მოგონებების ნაკრებია. ჩემი ყველაზე კარგი მოგონებები კი სულ სხვადასხვა ქალაქებთანაა დაკავშირებული.
არც მილანია გამონაკლისი.
იტალიაში ფესვგადგმულმა სტერეოტიპებმა თავისი ქნეს და მეც დამაჯერეს, რომ მილანში არაფერია განსაკუთრებული. არასოდეს გამჩენია სურვილი დიდი ხნით ჩავსულიყავი და ყველაფერი ერთბაშად მენახა. სულ ნაწილ-ნაწილ ვნახულობ და გულიც კი არ მწყდება ხოლმე.
მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ.

მილანი, იტალია

2015..
იმ ზაფხულს პერუჯაში ვიყავი იტალიური ენის კურსზე და მე და სარამ, ჩემმა ტურინელნა მეგობარმა, ბარსელონაში მოგზაურობა გადავწყვიტეთ. ბარსელონაში ტურინიდან წავიდოთო. ტურინში ჩასვლამდე სარამ მილანში გასეირნება შემომთავაზა. უარს რა თქმა უნდა არ/ვერ ვიტყოდი. ბილეთებისა და სანახავი ადგილების შერჩევისას სარას რამდენჯერმე ვკითხე, ეს ქალაქი მართლა ასეთი უინტერესო იყო თუ არა, როგორც ამბობდნენ. სარამ დამამშვიდა, მილანი ბევრად ლამაზია ვიდრე ტურისტებს და უბრალო მაცხოვრებლებს ჰგონიათო. მასაც გადმოცემით სცოდნია.
პერუჯადან დილის მატარებელს გავყევი. მილანის მთავარი სადგურის ზედა სართულზე სარას შევხვდი. ცხელოდა. აგვისტოს ბოლო კვირა იყო. ჩალის ქუდითა და კრემისფერი კაბით მონარნარდა. მაშინვე მეტროსკენ გავქანდით, დუომოდან რომ დაგვეწყო მილანით ტკბობა. მეტროდან გასვლისას, კიბეებზე ასვლამდე სარამ მითხრა, თვალები დახუჭე თუ სასწაულების გჯერაო. თვალებდახუჭული ამიყვანა კიბეებზე და სასწაულის კი არა, უფრო მეტის დავიჯერე, დაღლილობისგან გაბრუებული თვალებით დუომოს წინ რომ აღმოვჩნდი.
დუომო მილანის კათედრალია. ასეთი სრულყოფილი ქვეყნად ალბათ რამდენიმე ნაგებობა იქნება. ამ სილამაზეს ექვსი საუკუნე აშენებდნენ და მის სრულყოფილებაზე დღეს აღარავინ დაობს. ფასადზე ქანდაკებების რაოდენობას ვერ ვიჯერებდი. თურმე ამდენი ქანდაკება მსოფლიოში არცერთ სხვა ნაგებობას არ აქვს. მზიანი დღე იყო და ცისფერი ცის ფონზე ისეთი ლამაზი მეჩვენა მილანის დუომო, თვალების დახამხამებაც კი მენანებოდა. ქალაქის მთავარ მოედანზე, სადაც კათედრალი ააშენეს, ტურისტებითა და ცნობილი მტრედებით გარშემორტყმულებმა დიდი ხანი გავატარეთ. თან აქაურ არქიტექტურასა და სტილს განვიხილავდით დიდი ხელოვნებათმცოდნეებივით. თანაც ცხელ-ცხელ პერუჯულ-ტურინულ ამბებს ვუყვებოდით ერთმანეთს. დუომოს შესასვლელთან იმხელა რიგი იყო, მივხვდით, რომ არც უნდა გვეოცნება შიგნით შეღწევაზე.

მილანი, იტალია
დუომო ყველა მხრიდან რომ შევათვალიერეთ და აღარასოდეს მოვრჩით კომენტარების ძახილს, ვიტორიო ემანუელე მეორეს გალერეაში გავისეირნეთ. ეს მილანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული სიმდიდრეა. არ ვიცი მეტად როგორ უნდა მოუარონ ასეთ სიმდიდრეებს ჩვენნაირმა ადამიანებმა. ვიტორიო ემანუელე სავაჭრო გალერეაა და დუომოსა და ლა სკალას მოედნებს აკავშირებს. ერთ დროს აქ მილანის ელიტის შეხვედრის ადგილი იყო. არც ახლა აკლია აქაურობას ელიტა, მაგრამ ტურისტებიც ძალიან თამამად იჭრებიან.
გალერეაზე ამბობენ მსოფლიოში პირველი ნამდვილი სავაჭრო ცენტრის მაგალითიაო. ფერები, დეკორაციები, ორნამენტები, თაღები და რაც მთავარია შუშის გუმბათი.... გალერეა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აუშენებიათ. დღესაც ისეთია, როგორც წარსულში, უბრალოდ რამდენიმე მაღაზია შეიცვალა. აქ ფუფუნა მაღაზიები და რესტორნებია. თუ მილანური არდადეგების მილანურად გატარება გინდათ, მაგრამ პრადასა და ვერსაჩეებს ვერ გაწვდებით, გალერეაში სანაყინეებსა და კაფეებს შეგიძლიათ ესტუმროთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კაფეა ‘Marchesi 1824’, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით.

მილანი, იტალია
ვიტორიო ემანუელე მეორეს გალერეას მეორე ბოლოში ლა სკალაა. ერთ დროს თეატრს ვსწავლობდი და ძალიან მარტივად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენჯერ მიოცნებია აქ მოხვედრაზე. ასეთ სისადავეს კი ნამდვილად არ ველოდი. თუ ყურადღებით არ იქნები, თუ რუკას არ უყურებ ან ვინმე არ მიგანიშნებს, ვერც მიხვდები რომ ლა სკალასთან ხარ. თვითონ თეატრში შესასვლელი ბილეთები საკმაოდ ძვირია, ამაზე გარეთ გამოკრული აფიშებიც მეტყველებს და თანაც სპექტაკლები ყოველდღე არაა. თეატრს მუზეუმი და პატარა მაღაზიაც აქვს. მეტი დრო რომ მქონოდა, აუცილებლად შევიდოდი მუზეუმში. ამჯერად მხოლოდ მაღაზიას მივეძალე. მახსოვს საჩემო სამახსოვრო ნივთების გარდა თბილისში პატარა ღია ბარათი ჩამოვიტანე და რუსთაველის თეატრს  ვაჩუქე.  
მერე დანტეს ქუჩას დავუარეთ, ცოტა ვისეირნეთ, PICCOLO TEATRO ვათვალიერეთ და და ვინჩისთან შესახვედრად წავედით. და ვინჩის ‘საიდუმლო სერობა’ Santa Maria delle Grazie-ს ეკლესიაშია. ეს ეკლესია ცენტრთან საკმაოდ ახლოსაა, მაგრამ მეტროთი უფრო ადვილად  მიისვლება. უახლოესი სადგურებია Cadorna და Conciliazione. ბილეთები წინასწარ არ გვქონდა ნაყიდი და შესაბამისად, და ვინჩის ვერ შევხვდით. თურმე ონლაინ ნაყიდი ბილეთით რომ მივსულიყავით, დიდი სიამოვნებით შეგვიშვებდნენ საიდუმლო სერობის ოთახში. ცოტა ლოგიკაში ვერ ჯდებოდა და ვერც ახლა ჯდება ეს წესი, მაგრამ მაშინ როცა სხვა გზა არაა, სიაში ჩამოწერილ დარჩენილ ალტერნატივენს უნდა დავუბრუნდეთ. ჩვენ ნავილიზე წავედით.
უკვე საღამოვდებოდა. მოსაღამოვება და აპერიტივი კარგად ვიცით, რომ თითქმის სინონიმებია იტალიაში. მე და სარამ ჯერ მილანის ცნობილი არხის პირას ვისეირნეთ და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები ვათვალიერეთ, მერე კი ღია ბარში დავსხედით და გემრიელობებს შევექეცით. მილანში დღეს ვეღარაფერს ვნახავდით. ორ საათში ტურინის ავტობუსი გველოდა. გული არაფერზე მწყდებოდა. თავიდანვე ვიცოდი, რომ მილანში რამდენიმესაათიანი გასეირნება ვერ დამაკმაყოფილებდა. მთელი ქალაქის დასათვალიერებლად და შესაბამისი წარმოდგენების შესაქმნელად მინიმუმ რამდენიმე დღეა საჭირო. ხოდა მაშინ გადავწყვიტე, რომ მილანში აუცილებლად დავბრუნდებოდი, და თან ბევრჯერ.  

მილანი, იტალია

2016..
მილანში ერთი წლის შემდეგ დავბრუნდი, მაგრამ მთავარი სადგურისა და ბუენოს აირესის ქუჩის მეტი არაფერი მინახავს. მაშინაც ვიცოდი, რომ მილანში აუცილებლად დავბრუნდებოდი, და თან ბევრჯერ.  

 2017..
იუანი და ნიკოლი პერუჯაში გავიცანი. მე და იუანი ჯგუფელები ვიყავით უნივერსიტეტში. ძალიან მიყვარდა ღიმილიანი სახით, მსუბუქი თეთრი სხეულითა და ჰაეროვანი თმით რომ შემოანათებდა ხოლმე ლექციებზე. იუანი პირველი და ერთადერთი ჩინელია, რომელმაც მთელ ერზე აზრი შემაცვლევინა და უზომოდ შემაყვარა ეს ხალხი. პერუჯაში საღამოობითაც ხშირად გავდიოდით ხოლმე ერთად. როცა თბილისში ვბრუნდებოდი მითხრა, რომ მილანში გადავიდოდა სასწავლებლად და მოდის ინდუსტრიაში ჩაერთვებოდა. ასეც მოიქცა. თავისი ბიჭი, ნიკოლიც წაიყვანა და ახლა მილანში ცხოვრობენ. ჭკვიანი, საყვარელი, ლამაზი და გემოვნებიანი გოგოა. როცა ჩემს ბობოქარ ოცნებებზე ველაპარაკები, ისე კარგად ესმის, ზუსტი სიტყვების მოძებნაც კი არ უჭირს ხოლმე იმიტომ, რომ მან უკვე იპოვნა თავისი ოცნება.
გასულ ზაფხულს ავსტრიიდან მილანში ჩავედი. იუანი და ნიკოლი მელოდებოდნენ მომდევნო ორი დღის ერთად გასატარებლად. ჩასვლის დღეს ცოტა გონს რომ მოვედი, მე და იუანი სასეირნოდ გავედით. ორი წლის წინანდელ ამბებს ვიხსნებედით და გაგრძელებებს ვყვებოდით. პორტა გარიბალდისთან ახლოს, Gae Aulenti-ის პიაცაზე ვისერინეთ და გრომის ნაყინები ვჭამეთ. მოედანზე იტალიის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, უნიკრედიტის მთავარი ოფისია. ამ უბანს კუნძული ჰქვია და მშვენიერი ადგილია საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ სასეირნოდ. რაც მთავარია თითქმის უმანქანო და სუფთაა.
იქვე ახლოს მილანის თანამედროვე არქიტექტურის ნომერ პირველი მაგალითი, ვერტიკალური ტყე  აუშენებიათ. სახელი ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ამაზე კარგად სხვა ვერცერთი სიტყვა ვერ იტყოდა მთავარ სათქმელს. ვერტიკალური ტყე ორი სხვადასხვა სიმაღლის კორპუსია, რომლის აივანებზეც დაახლოებით 900 ხეა. ვიზუალურად რომ ლამაზია, ამას ძალიან ცოტა ადამიანი თუ უარყოფს. პროექტი ეკოლოგიური არქიტეტურის ძალიან მაგარი მაგალითია. ეკოლოგიური არქტიქტურა კი გარემოს დაბინძურების შედეგად გამოწვეული პრობლემების გამოძახილია. არქიტექტორულ ენაზე რომ ავხნათ, მშენებლობაში მწვანე დიზაინის ტექნიკაა გამოყენებული და გათვალისწინებულია გარემოს ფაქტორები. ასეთი არქიტექტურის მიზანი შენობების გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმადე დაყვანაა. შენებისას გამოიყენება სპეციალური მასალა, ენერგია და დამუშავების სტილი. ამ ყველაფრის გარდა, ამ შენობების მაცხოვრებლებს ზაფხულში დიდი რაოდენობით ჩრდილი და სუფთა ჰაერი აქვთ. ზამთარში კი ოთახებში შემოსული მზის სხივები მცენარეების დახმარებით დიდ ხანს ჩერდება. ვერტიკალური ტყე თანამედროვე არქიტექტურის ძალიან ლამაზი და  ძალიან სწორი მაგალითია.
მისმა იდეამ იმდენად მოხიბლა მილანელები, რომ გვერდითა შენობებმა მიბაძვა დაიწყეს და აივნებზე მცენარეები გამოალაგეს. დღეს ასეთი შენობები ჩინეთში შენდება და იმედია მთელი მსოფლიო აიღებს მაგალითს.

მილანი, იტალია
საღამოს ნიკოლიც შემოგვიერთდა და სემპიონეს პარკში ვისეირნეთ. პარკის ერთ ბოლოში Castello Sforzesco-ა, მეორე ბოლოში კი Arco Della Pace. ამ თაღს გაცდებით თუ არა და ტრამვაების სასეირნო ქუჩას გადაკვეთთ, Duomo dal 1952-თან აღმოჩნდებით. ეს აპერიტივისთვის ჩემი საყვარელი ადგილია მილანში. ჩემი და ყვითელი ტრამვაების სიყვარულის შესახებ უკვე ყველამ იცის. ამ ქუჩებში კი ტრამვაი ადამიანის ნაბიჯების სიჩქარით დადის. სულ რომ არაფერი ხდებოდეს ტრამვაის სეირნობის გარდა, მაინც არასოდეს მომბეზრდებოდა იქ ჯდომა.
ვაღიარებ და გეტყვით, რომ მარტო ტრამვაების საყურებლად არ მიყვარს Duomo dal 1952. სემპიონეს მოედანზე, ყვითელი ტრამვაების გვერდით მოკალათებულებს, მიმტანი სასმელების მენიუს მოგიტანთ. თქვენ ნებისმიერ სასმელს აირჩევთ, ალკოჰოლურს თუ უალკოჰოლოს, 10 ევროს გადაიხდით და კაფეში გამომზეურებული ნებისმიერი საჭმელი შეგიძლიათ მიირთვათ ულიმიტოდ. საჭმელი ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვისაა და იმდენად მრავალფეროვანია, რომ იდეაშიც არ მოგივათ კიდევ რისი დამატება შეიძლება მენიუში. იმ საღამოს ინდაურის ხორცით დაწყებული, შოკოლადის ნამცხვრით დამთავრებული ყველაფერი იყო. აქ მოსულებს თუ ადგილი არ დაგხვდათ არც ეგაა პრობლემა, მიმტანს თვალი ჩაუკარით და აუცილებლად იპოვნის გამოსავალს. იტალიაში აპერიტივობა ყველა ტურისტის ვალდებულებაა. მთავარია სწორ ადგილას აღმოვჩნდეთ.

მილანი, იტალია
მეორე დილას იუანი და ნიკოლი სამსახურში მიდიოდნენ. გასაღები და სახლი მე ჩამაბარეს. იუანმა მირჩია Princi-ში ისაუზმე და Bignè ჭამეო. იცოდეთ, ასეთი რჩევები აუცილებლად გასათვალისწინებელია. სასწრაფოდ მოვემზადე და Princi-ს უახლოეს კაფეს ვესტუმრე. Princi კაფეცაა, საცხობიც და საუზმე-სადილი-აპერიტივისთვის მშვენიერი ადგილიც, მაგრამ მე მაინც საუზმობისას მიმიწევს ხოლმე გული.
იმ დილას ჯერ ყავისა და ნაირ-ნაირი ტკბილეულის სუნმა გამაბრუა, მერე დილიდან ენერგიით დამუხტული იტალიელების ტიტინმა. ვგიჟდები ასეთ დილაზე. ჯერ კიდევ ღამიდან გამოყოლილი დაბინდული გონებით სიტკბოებაში რომ შეხვალ და წამში გამოფხიზლდები. სამწუხაროდ, ასეთი სუნები ჩვემი ქვეყნის არცერთ კაფეში არ ტრიალებს.
იმ დილით იუანს როგორც დავპირდი, ისე ვისაუზმე. გარეთ, 25 აპრილის მოედანზე ვიჯექი. გვერდით ჭრელ კაბაში გამოწყობილი ქალი მღეროდა. ეს ის ქალია დუომოს წინ გაუჩერებლად რომ მღერის ხოლმე ინგლისურ-იტალიურ სიმღერებს. მე სათვალეებით დაფარული თვალების გახელას ვცდილობდი, ძილისაგან გაბრუებას სიამოვნებით გაბრუება ენაცვლებოდა. თან დღის გეგმებს ვაწყობდი. ჯერ ცენტრისკენ გავისეირნებდი, მერე კი ნავილიზე წავიდოდი. თუმცა ცენტრსა და ნავილის შორის ბრერა უნდა დამელაშქრა.
ბრერა მილანის ცენტრალური უბანია და ყველაზე არტისტულ უბნად მოიხსენიებენ ხოლმე. აქაა სამხატვრო აკადემია და ბრერას პინაკოთეკას სახელით ცნიბილი იტალიის ერთ-ერთი უდიდესი სურათების გალერეა. სამხატვრო აკადემია ღია იყო და შევისეირნე. ცოტა გული შემეკუმშა, როცა გავიაზრე, სად სწავლობს ჩემნაირი ახალგაზრდობა, რა ტრადიციების და სილამაზეების მორევში. თვითონ შენობა და აუდიტორიები ძალიან ცივი და უფერული იყო. აუდიტორიებში პატარ-პატარა გამოფენები მოეწყოთ. ორშაბათი იყო და პინაკოთეკა დაკეტილი აღმოჩნდა. აქ ვიზიტი მილანში შემდეგი ჩამოსვლისთვის გადაიდო.
სამაგიეროდ ბრერას ბიბლიოთეკაში შევიჭყიტე. ბიბლიოთეკის პირველივე ოთახში ოფისის სტილში რომ ჰქონდათ გადაწყვეტილი და რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, ძალიან დაბნეულმა ვიკითხე, რისი ნახვა შემეძლო. თან უთვალავ თაროს, ხის კარადებს და მოძველებულ მუქ ყდიან წიგნებს ვუყურებდი. ბიბლიოთეკაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დარბაზია. აი ისეთი, მარტო ძველისძველ ფილმებში რომ გვინახავს. მარია ტერეზას ოთახში შეიჭყიტე, ოღონდ ფოტოები არ გადაიღოო, სასტიკად გამაფრთხილეს. ოთახი შესასვლელი კარიდან შევათვალიერე. იმ დღეს შიგნით შესვლა არ შეიძლებოდა. ბიბლიოთეკიდან გამოსულმა პატარა ბაღსაც მივაგენი. თურმე ბრერას ბოტანიკური ბაღი ყოფილა, სადაც იშვიათი ჯიშიც მცენარეებს ზრდიან და უვლიან.

მილანი, იტალია
მერე ნავილიზე გადავწყვიტე ფეხით წასვლა. ცენტრიდან დაახლოებით 40-50 წუთის სავალია. მოგზაურობისას ფეხით სიარული ჩემი სისუსტეა. არც სიცხეს აქვს მნიშვნელობა და არც სიცივეს, არც დაღლას და არც დაუღლელობას. სულ ფეხით დავდივარ და გაფართოებული თვალებით ვუყურებ ყველაფერს. ნავილიზე მისულს წინა ვიზიტიდან შემორჩენილი მოგონებები ახალმა სურათმა ჩაანაცვლა. ჯერ კიდევ დღის პირველი ნახევარი იყო და არც ტურისტები დატიტინებდნენ და არც ბარები ბობოქრობდნენ. თითქოს ქალაქის ამ ნაწილს დღისით სძინავს და მხოლოდ საღამოს იღვიძებსო. მე მაინც ჯიუტად ვისეირნე არხის ორივე მხარეს.
ამასობაში იუნმა მომწერა და ერთად სადილობა შემომთავაზა. სადილზე Cinatown-ში წავედით. ჩინური სამზარეულოს დაგემოვნების სურვილი არასოდეს გამჩენია, მაგრამ ჩინელ მეგობართან ერთად ამაზე დიდი ვალდებულება არ არსებობს, თან როცა ჩინელი მეგობარი მილანში გმასპინძლობს და თან როცა მილანში ჩინელების ნამდვილი ქალაქია. იტალიელი ნიკოლი ჩინური სამზარეულოს ნამდვილი ექსპერტივით არჩევდა მენიუს. მე მთელი პასუხისმგებლობა ჩემს მასპინძლებს გადავაბარე და ჩინურ გემრიელობა-უგემურობებს დაველოდე. სამწუხაროდ, რაც ვჭამე არაფრის სახელი არ მახსოვს. ერთადერთი რაც დამამახსოვრდა ჩინური ლუდია Tsingtao.
Cinatown მილანის ისტორიულ ცენტრს ემიჯნება და მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჩენილა მილანის ქუჩებში. ეს მაშინ, როცა ჩინეთის ერთ-ერთი რეგიონის მოსახლეობის მასობრივი იმიგრაცია დაიწყო მილანში. Cinatown-ის მთავარი ქუჩა მხოლოდ ქვეითებისთვისაა და ირგვლივ ყველაფერი ჩინურია. ცოტა თვალებს არ ვუჯერებდი ევროპის გულში ამხელა ჩინეთი რომ აღმოვაჩინე.
 იუანი და ნიკოლო მეორე დღეს ჩინეთში მიდიოდნენ იუანის მშობლებთან და ბევრი საქმე ჰქონდათ. დამპირდნენ, საქართველოში აუცილებლად ჩამოვალთ რაც შეიძლება მალეო. ერთად გატარებული ეს ორი დღე კი ამ მალემდე უნდა გვყოფნოდა. ჩემი პატარა ჩემოდანი, მოსვენება რომ დავუკარგე და საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს გადასვლა რომ ვაიძულე, ისევ შევკარი და მეგობრებს მომავალ შეხვედრამდე დავემშვიდობე. რაც მთავარია, გულში კიდევ ბევრი სიყვარული ჩავიკარით. ლამპუნიანოზე ავტობუსი მელოდებოდა. იმ საღამოს ტურინში მივდიოდი.

მილანი, იტალია

 ისევ 2017..
მილანში ორი კვირის მერე დავბრუნდი. ამჯერად ჩემი სხვა ჩინელი მეგობარი, იუ მელოდა. იუ გარდას ტბაზე გავიცანი. მილანში სასწავლებლად ჩამოვიდა და თან მშვენიერი სამსახურიც იპოვნა. დანტეს ქუჩაზე, ლოქსიტანში მუშაობს. მთელი წელი არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი. სამსახურში მივაკითხე. ბედნიერებისგან სახეს ვეღარ ასწორებდა. რვა საათი გახდა თუ არა, სასწრაფოდ დაკეტა მაღაზია და მაშინვე აპერიტივზე გავქანდით რაღა თქმა უნდა Duomo dal 1952-ში. ამ საღამოსაც მშვენიერი სააპერიტივო ადგილი აღმოჩნდა ეს კაფე. თევზეულის მრავალფეროვანი მენიუ ჰქონდათ. პიცებზე, სალათებზე, ხილზე და ნამცხვრებზე აღარაფერს ვამბობ. იუ ისეთი ბედნიერი იყო, გეგონებოდათ გასული წლის აგვისტოში დაბრუნდა, ტბისპირა სამოთხეშიო. ბევრი მელაპარაკე, მინდა ყოველი წუთი გამახსენდესო. აღმოჩნდა, რომ გასული ზაფხულის მოგონებებით მარტო მე არ გამიტარებია მთელი წელი. იმ საღამოს დაღლილ-დაქანცულებმა მივაღწიეთ სახლამდე და გათიშულებს დაგვეძინა. დილით იუ სამსახურში წავიდა, მე კი მილანის ცენტრში ვისეირნე. ისევ დუომო, ისევ დანტეს, ტურინის, ორეფიჩის, მერკანტის, მარკონის, ვიტორიო ემანუელეს ქუჩები.
საღამოს აპერიტივისთვის ნავილის ერთ-ერთი ბარი შევარჩიეთ. მოგვიანებით ჩვენი ბრაზილიელი ჯგუფელი ვნახეთ, გაბრიელი. თითქოს მთელი ეს წელი არ გასულა და გარდას ტბაზე დავბრუნდითო. დარსენას ნაპირზე ჩამოვსხედით. დარსენა იქვე ნავილისთან ხელოვნურად გაკეთებული ტბაა. მეორე დღეს სამხრეთისკენ დავეშვებოდი. რა თქმა უნდა მაშინ კიდევ ერთხელ გადავწყვიტე, რომ მილანში ისევ აუცილებლად დავბრუნდებოდი, და თან ბევრჯერ.   
 
მილანი, იტალია

 ისევ 2017..
რომიდან მილანში უნდა წავიდე. იქ თბილისიდან ჩამოსულ ჩემს საუკეთესო მეგობარს შევხვდები და პორტუგალიისკენ გავფრინდებით. ერთი სული მაქვს. რომა ტერმინიმდე ძლივს მივლასლასდი. ეკრანი შევათვალიერე. ჩემი მატარებელი ვერსად ვნახე. ხან ეკრანს ვუყურე, ხან ბილეთს, სანამ ბილეთზე რომა ტიბურტინა არ ამოვიკითხე. ვეღარ მოვყვები როგორ ვიფრინე ტერმინიდან ტიბურტინამდე ჩემოდნითა და ამოვარდნილი გულით. მივასწარი, მაგრამ მატარებელმა დააგვიანა. გულამოვარდნილმა მოვძებნე ჩემი კუთვნილი ადგილი და მერე მთელი გზა იმ კრუასანზე ვფიქრობდი, მგზავრობისთვის რომ უნდა მეყიდა. მილანამდე გული მაინც არ წამივიდოდა.
მილანის ცენტრალურ სადგურზე რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ თათოც გამოჩნდა. ცოდვა ჩავიდინეთ და მაკდონალდსში ვჭამეთ. იცოდეთ, რომ იტალიაში ასეთი ტიპის სწრაფი კვების ობიექტების სტუმრობა ცოდვად აღიქმება. მერე დუომოსკენ წავედით. მეტროს კიბეებზე ასვლამდე თათოს ვუთხარი, თვალები დაეხუჭა თუ სასწაულების ჯეროდა. თვალებდახუჭული ავიყვანე კიბეებზე და სასწაულზე მეტის დაიჯერა, ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ მდგომი გაქვავებული დუომო რომ დაინახა. იმ ემოციებზე ვერაფერს გეტყვით, დაღლილობისგან გაბრუებულ თვალებზე რომ დაეხატა.  
ფრენა გამთენიისას გვქონდა. ხოდა ამ ღამის ნახევარს მილანის ქუჩებში გავატარებდით. ლა სკალას მოედანზე წამომჯდარ-წამოწოლილ ორი თვის უნახავ მეგობრებს მოსაყოლს რა გამოგვილევდა. ქუჩებში ხალხის რაოდენობაც მცირდებოდა, მანქანებისაც და დარაბებიანი ფანჯრებიდან გამოსული სინათლეებისაც. მილანის სადგურამდე ფეხით მივედით. თან ერთმანეთს ვაჯერებდით, რომ ეს მართლა ხდებოდა და რამდენიმე საათში საოცნებო პორტუგალიაში ვიქნებოდით. მაგრამ ამაზე სხვა დროს უნდა მოგიყვეთ.
მილანის ცენტრალური სადგურიდან ბერგამოს აეროპორტამდე მიმავალ პირველივე ავტობუსს გავყევით. ღამით დაკეტილ აეროპორტში გაყინული სხეულის გასათბობად გარეთ მოგვიწია ლოდინი. მე გემრიელად მეძინა. თათო კი ბერგამოს აისს უყურებდა. ძლივს გამოფხიზლებულს მიმტკიცებდა, იასამნისფრად გათენდაო. თურმე მართლა იასამნისფრად გათენებულა. ფოტო მასალით აღჭურვილ თათოს ვერანაირად ვეღარ შევედავებოდი.

მილანი, იტალია

2018..
დუომოსთან ამოვედი. გაშეშებული და ღამის ბურუსში გახვეული დუომოს წინ მეც გავშეშდი რამდენიმე წამით. მერე დანტეს ქუჩას გავუყევი. ისევ იუ მელოდებოდა. რამდენიმე წუთში სამსახურს დაამთავრებდა და ჭიქა ღვინით ხელში საჭორაო ტალღებში გადმოეშვებოდა.
მილანის ცენტრის დიდმა ქვაფენილებმა ჩემს ჩემოდანს ბორბალი მოაძრო. ბორბლით ხელში მივედი იუსთან. მაღაზია რომ დაკეტა, ქუჩის მეორე მხარეს გადაირბინა, აქვე დავსხვდეთ სავახშმოდო. დანტეს ქუჩაზე ბარ დანტეში თეთრი ღვინით, პიცებითა და გემრიელობებით ამ რამდენიმე თვეში დაგროვილი ამბების მოყოლას შევუდექით. იმ საღამოს, საქართველოდან ჩასულს მეტის თავი უბრალოდ არ მქონდა.
დილით იუ უნივერსტეტში გაიქცა სადიპლომოზე სამუშაოდ. მე სემპიონეს პარკში ვისეირნე და Duomo dal 1952-ს მივაკითხე. ამჯერად სასაუზმოდ. თებერვლის მზიანი დღე იყო. აი, მზე უბრალოდ რომ აფერადებს ქვეყნიერებას, მაგრამ არაფრის ძალა რომ არ აქვს. ციოდა. ბარი შიგნით სავსე იყო, გარეთ დაჯდომას ჩემ გარდა ვინ მოიფიქრებდა?! კაპუჩინო და ნამცხვარი ავიღე. ალბათ ყველგან ვიპოვნიდი იგივე ნამცხვარს და კაპუჩინოს, და თან ამის მესამედ ფასად, მაგრამ ირგვლივ იგივე სილამაზეს ვერა. ამიტომაც ზედმეტად დიდი სიამოვნებით ვისაუზმე. მერე იმდენი ხანი გავატარე ქუჩის ყველა კუთხეში ტრამვაების ლოდინში, ვინმე თუ მაკვირდებოდა, ნამდვილი გიჟი ვეგონებოდი. ოღონდ იცოდეთ, რომ ტყუილად არ ვმდგავარ. ტრამვაებს ფოტოებს ვუღებდი.

მილანი, იტალია
რაც მთავარია, ამჯერად მილანში წინასწარ გამზადებული სიით ჩავედი. ჯერ ლინკოლნის ქუჩაზე წავედი, ადრე სადღაც წავიკითხე მილანის ეს დასახლება ფერადი სახლებით გამოირჩევაო. საყვარელი ქუჩა აღმოჩნდა, მაგრამ დიდი ვერაფერი. გზად წვრილ-წვრილი ადგილები მოვინახულე, ეკლესიები, ბაღები, სტრიტ არტები. დუომოსკენ წამოსულმა რამდენიმე მაღაზიაში შევიარე და ლუინის პანცეროტოები ვჭამე ყველითა და პომიდვრით. იქ მომუშავე საყვარელმა გოგონამ მირჩია, ხუთი წუთი დაიცადე და ღუმელში გამომცხვარ ცხელ-ცხელ პანცეროტოებს გაგატანო. კლიენტების რიგი არ წყდებოდა. ხალხი იქვე ჭამდა ქაღალდში გახვეულ ნაირ-ნაირ პანცეროტოებს მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიაში არც მაგიდა იდგა და არც სკამი. პანცეროტო სამხრეთ იტალიისთვის დამახასიათებელი ღვეზელია. პიცის ცომით მზადდება და ათასნაირი შიგთავსი შეიძლება ჰქონდეს. ძალიან ბევრჯერ უხსენებიათ საქართველოში თუ იტალიაში და მეგონა რამე სასწაულს დავაგემოვნებდი, მაგრამ ცოტა იმედგაცრუებული გამოვედი. თუ მაინცდამაინც გადაინტერესებთ რა არის ლუინის საცხობში გამომცხვარი ეს ცნობილი პანცეროტო, დუომოსთან ახლოს, სანტა რადეგონდას 16 ნომერში უნდა მიხვიდეთ. ერთი პანცეტორო 2 ევრო და 70 ცენტი ღირს.  
აქეთ-იქით სიარულის შემდეგ იუანს შევხვდი. ნოვეჩენტოსთან მელოდებოდა. საჭორაო ადგილი უკვე შერჩეული ჰქონდა. ძალიან გაუკვირდა მილანში ჩამოსული არც მარკეზეში და არც კოვაში ნამყოფი რომ არ ვიყავი. რადგანაც იქვე ვიყავით, Marchese 1832 გადაწყდა. ვიტორიო ემანუელე მეორეს გალერეაში შევედით. გზაში მიყვებოდა, რომ ეს კაფე პრადას ეკუთვნის და მაღალი საზოგადოების თავშეყრის ადგილია. ზედა სართულზე ლიფტით ავედით და ფანჯარასთან მოვკალათდით. მწვანე ფერში გაწყობილი სადა და კრიალა კაფეა. ეტყობა ჰაი კლასობა. ჩემი ჯინსები, კეტები და დაღლილობისგან ფორმაშეცვლილი სახე არ უხდებოდა აქაურობას, მაგრამ.... იუანმა მირჩია აქაური კაპუჩინო გამესინჯა თუ ნამდვილი კაპუჩინოს გემოს გაგება მინდოდა. რა თქმა უნდა, დავუჯერე. მეორე დღეს ჩვეულებრივ ბარში რომ დავლიე კაპუჩინო ზედმეტად მწვავედ ვიგრძენი განსხვავება. მარკეზეში ფასები ცოტათი გადაჭარბებულია, მაგრამ გემოც გადაჭარბებულია. ასე რომ ნამდვილად ღირს ერთხელ მაინც შესეირნება.    
ზამთარში პირველად ვარ იტალიაში და ზაფხულს მგონი ბევრად სჯობს. არც ოფლი გადამდის და არც ფეხებში ვებლანდებით ერთმანეთს ჭაიანჭველა ტურისტები. 6 საათზე უკვე ღამეა და ძალიან მეუცნაურება. საღამოობით ისეთი ნისლია, თითქოს ღრუბლები ჩამოვიდნენ, ჩვენც გვინდა მილანში სეირნობაო.
ამჯერად ისე მომეწონა მილანი, რომ მთელი გულით მომინდა, კიდევ ბევრი დღე მქონოდა  გამოყოფილი ამ ქალაქისთვის.

მილანი, იტალია

ისევ 2018..
სამი კვირის შემდეგ ისევ დავბრუნდი, ოღონდ რამდენიმე საათით. საღამოს ფრენა მქონდა. სამი დღით ადრე სარამ მომწერა, უნახავად წასვლას ვერ გაპატიებო. მე სანამ ვენეციიდან მივდიოდი, ის ტურინიდან ჩამოვიდა. ისევ მთავარ სადგურზე შევხვდით ერთმანეთს. იქვე ახლოს ბარში შევედით და ერთად ვისაუზმეთ. ტრადიციული საჩუქრები გავცვალეთ და ღიმილდაკერებულებმა ერთად გატერებულ ასობით დღეს კიდევ ერთი დილა მივუმატეთ.
მერე აეროპორტისკენ მიმავალ ავტობუსში ჩავჯექი. მუქ ნაცრისფერ პალტოში გამოწყობილი სარა ხელს მიქნევდა და მალე შეხვედრამდე მემშვიდობებოდა. ამდენი წინ და უკან სიარულის მიუხედავად, მაინც მწყდება გული. მალე თვითმფირნავში ავალ და აქედან შორს ვიქნები, მაგრამ მე ისევ გადაწყვეტილი მაქვს, რომ მილანში აუცილებლად დავბრუნდები და თან ბევრჯერ.

ასე რომ, მომავალ შეხვედრამდე..


Facebook: Mako's Wonderland  
Instagram: Mako__go 

Share this:

CONVERSATION