image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

სიცილია I

       გასული ზაფხულის სიცილიური ერთი კვირა ყველაზე დიდ სიგიჟეში ცხოვრებას ჰგავდა. ბილეთს ყიდვის გარდა წინასწარ არაფერი დამიგეგმავს. ხანდახან ისიც კი არ ვიცოდი სად მივდიოდი, ღამე სად ვრჩებოდი, რამდენს ვიხდიდი ან საერთოდ რა უნდა მეკეთებინა. სიამოვნებისგან უზომოდ სავსე დავყვებოდი ჩემს სამ იტალიელ მეგობარს. ქალაქიდან ქალაქში გადასვლისას მანქანში ვგუგლავდი ფოტოებს. ფოტოებში ისეთ სილამაზეებს ვნახულობდი, რომ არც თვალებს ვუჯერებდი და არც გოგოების თავის ქნევას, ხო მაკო, მართლა მანდ მივდივართო. ნერვიულობისა და მოუთენლობისგან  ათას კითხვას ვსვამდი. პირველივე დღის მერე დავიჯერე რომ სიცილია სიგიჟეა. და თუ ნამდვილი იტალიის ნახვა გინდათ, აქ უნდა ჩამოხვიდეთ.

მარძამემი, სიცილია, იტალია
       სიცილიაზე სარას წყალობით აღმოვჩნდი. სიცილელი მეგობარი მყავს და ზაფხულში მასთან ვაპირებ წასვლასო. მერე უფრო დეტალურად ამიხსნა ყველაფერი, რომ ტურინიდან კატანიაში გადაფრინდებოდა. იქ ლუჩია დახვდებოდა, მანქანაში ჩასვამდა და მთელ სიცილიას მოატარებდა. მერე დაამატა, რომ მასთან ერთად მეც უნდა წავსულიყავი.
       ბევრი არ მიფიქრია. ბილეთები ვიყიდე და აგვისტოს დაველოდე. მანამდე ტურინში ჩავედი და მონატრებული სარა ვნახე. სარამ სიცილიელი ლუჩია, ბოლცანოელი გრეტა და ბერძენი ელენა გამაცნო. აქამდე მათ მხოლოდ შორიდან ვიცნობდი. ამ საღამოს ლუჩიასა და ელენას უნივერსიტეტის დამთავრების წვეულებაზე წამიყვანეს. უბრალო წვეულებაზე გაცილებით მეტი იყო. ასეთი ამბები მხოლოდ იტალიაში ხდება.
       ტურინში კიდევ რამდენჯერმე ვნახე გოგოები. ერთხელ დავსხედით და ლუჩიას დაგეგმილი ტური შევისწავლეთ. ყველა ჩუმად ვისმენდით. ვიცოდით, რომ არ უნდა ჩავრეულიყავით. სათქმელი არაფერი გვქონდა. ლუჩია სიცილიელია და ყველაზე კარგად იცის სად უნდა წავიდეთ. მერე ერთთვიანი ვოიაჟი მოვიწყვე ტურინიდან რომამდე და 17 აგვისტოს რომიდან კატანიაში გავფრინდი.

ორტიჯა, სირაკუზა, სიცილია, იტალია
      კატანია სიცილიის დასავლეთ სანაპიროზეა. აეროპორტიდან ალიბუსის ავტობუსით ქალაქის ცენტრში აღმოვჩნდი. ბილეთი იქვე ვიყიდე, 4 ევრო ღირდა. გოგოებმა მითხრეს სადგურის შენობას რომ დაინახავ ჩამოდიო. ძალიან კი გამიკვირდა, შენობა როგორ უნდა მეცნო, მაგრამ ფაქტია ვიცანი. სიცილია სიგიჟეა. გზაში ცა ფეირევერკებით ააჭრელეს. არ ვიცი რანაირი ფეიერვერკები აქვთ, დაბომბვას უფრო გავს, ვიდრე სანახაობას. ისეთი ამბავი ატყდა, მძღოლმა ავტობუსი გააჩერა. ავტობუსი დაიცალა, პირდაღებულები უყურებდნენ ფეირერვერკების ზეიმს, მობილურებითა და პლანშეტებით ვიდეოებს იღებდნენ. მე გაშეშებული ვიდექი. ვერ გამეგო მეც უნდა ჩავყოლოდი სიცილიელ გიჟებს თუ ჩემს ადგილას დავრჩენილიყავი. ერთი სანერვიულო უკვე მქონდა, სადგურის შენობა უნდა მეცნო. ფეიერვერკები რომ მორჩა და ქალაქი აფეთქებას გადაურჩა,  კმაყოფილმა მძღოლმა ავტობუსი დაქოქა და წავედით.
       სადგურზე გოგოები მოვიდნენ მეგობრებთან ერთად. სახლში მისვლამდე არანჩინები ვიყიდეთ. არანჩინო ბრინჯისგან დამზადებული ბურთის ან კონუსის ფორმის მასაა სხვადასხვა შიგთავსით (პომიდორი, ხორცი, მოცარელა და სხვ.). სიცილიაზე პირველი რაც უნდა ჭამოთ, არანჩინოა.  
       ლუჩია კატანიის გარეუბანში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. ძალიან ლამაზი სახლი აქვთ. აუზის პირას ვივახშმეთ გზად ნაყიდი არანჩინებით. უკეთ რომ დაგვეძინა, ლუდიც დავლიეთ. ჭამას რომ მოვრჩი მითხრეს, რომ თურმე უკუღმა მიჭამია ჩემი რაგუს არანჩინო. კონუსის ფორმის არანჩინოს ჭამისას წვერით ქვემოთ თუ დაიჭერ, არ დაიშლება და უფრო ადვილად შეჭამო. ეს სიცილიაა. ყველაფერს თავისი წესი აქვს. იმ საღამოს მკვდარივით მეძინა. დილით სირკუზაში მივდიოდით. ანუ ხვალიდან ჩემი ერთკვირიანი შოკი იწყებოდა.

მარძამემი, სიცილია, იტალია
       გოგოებმა მითხრეს სირაკუზაში სახლი გვაქვს დაჯავშნილი და დღეს სიცილიის პირველ სიგიჟეს ნახავო. გრეტა მანქანას ატარებდა. ლუჩიამ ნავიგატორზე იზრუნა, სარამ მუსიკაზე, მე კი - არაფერზე და არც მინანია. ეს ერთი კვირა ყველაზე იდეალური არდადეგები იყო, რაც კი ოდესმე მქონია. 
      მანქანა ორტიჯაში გავაჩერეთ. ღია ბაზარში გავიარეთ და ექსკურსიობანა დავიწყეთ. ბაზარში მილიონი პროდუქტია: თევზი, ხილი, ბოსტნეული, ზეთისხილი, სუნელები, ყველი, სასმელი. ერთ საყვარელ სიცილიელ გამყიდველს ავეტუზეთ, სენდვიჩებს აკეთებდა. პურში რამდენი ტიპის საწებელს, ყველს და ძეხვს დებდა და ბოსტნეულებსაც ამატებდა. მე რომ ვთხოვე ცოტა ყველი ჩამიდე-მეთქი, სამი სახეობის ძეხვს კიდევ ერთი დაამატა. ოთხ სენდვიჩში 10 ევრო გადავიხადეთ და ჩვენს დროებით სახლში წავედით. სახლი ისედაც პატარა ორტიჯას პატარა ცენტრში იყო. ორტიჯა სირაკუზას ისტორიული ცენტრია, რომელსაც ოთხივე მხარეს ზღვა აკრავს, მაგრამ ჩვეულებრივი პლაჟი არ აქვს. კლდეებზე და დიდ ქვებზე ფიცარნაგები აქვთ გაკეთებული, საიდანაც წყალში გადაეშვები და სიცილიურ სიგიჟეში მთლიანად ჩაეფლობი. მერე იქვე გაირუჯები და ქვეყნად ყველაზე ბედნიერი იქნები. სიცილიელები ასეთ პლაჟებს სოლარიუმს ეძახიან.

ორტიჯა, სირაკუზა, სიცილია, იტალია
       ორტიჯაში პაპირუსებიც კი იზრდება. სირაკუზაში პაპირუსების მუზუემი და ეგვიპტური ცივილიზაციის ინსტიტუტიცაა. სირაკუზადან ორტიჯაში და პირიქით, ორტიჯადან სირაკუზაში უმბერტიდოს ხიდით გადადიხარ. ორტიჯას ულამაზეზი ცენტრალური მოედანი აქვს. აქ უბრალოდ უნდა იდგე და ირგვლივ იყურო. თუ გული წაგივა, არ უნდა შეგეშინდეს. ეს სიცილური თავზარდაცემულობის შედეგი იქნება. მოედანზე ბაროკოს სტილის მთავარი ტაძარია. ირგვლივ ყველა შენობა ერთი ფერის, ერთი სიმაღლის და ერთი სტილისაა. აქ ზღვასა და ცას ერთი ფერი აქვს. განსხვავებული მხოლოდ ტურისტების ანთებული თვალები და რესტორნებიდან გამოსული იტალიური საჭმელების სუნებია.
       დაბალსართულიანი შენობების პირველ სართულზე ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები და ბარ-რესტორნებია. სავახშმოდ გასვლა მარტივი არ გეგონოთ. ზოგ რესტორანში ადგილები რამდენიმე დღით ადრე ივსება. ცოტა შევშინდით, რამდენიმე რესტორანში ერთნაირი პასუხი რომ მივიღეთ, სამ-ოთხ დღეში გამოიარეთო. მერე ორტიჯას ქუჩებს დავუყევით და პატარა ოსტერიას ‘La Casa di Carlo’ მივაგენით. მე სპაგეტი ვჭამე, გოგოებმა თევზეული. ვახშმის შემდეგ ორტიჯას დარჩენილ ნაწილს დავუარეთ. ოთხივეს უზომო კმაყოფილება გვეხატა თვალებზე.

ორტიჯა, სირაკუზა, სიცილია, იტალია
      სიცილიური გემრიელი ძილის შემდეგ სირაკუზას ბერძნულ თეატრში წავედით. უზომოდ ცხელოდა. აღმოჩნდა რომ სირაკუზას არქეოლოგიური პარკი ბერძნულის გარდა რომაულ თეატრსაც ინახავს. ბერძნული თეატრი პირველად ხუთი წლის წინ ვნახე თურქეთში, პამუკალეში. გრძნობები, რომლებიც ასეთ თეატრებში ხეტიალისას მავსებენ წარმოუდგენლად ჩახლართულია. ჩემთვის აქაურობა მაგიაა, სადაც ზღაპრები ცოცხლდება.
   ბერძნული თეატრის ქვემოთ 23 მეტრი სიმაღლის ხელოვნური გამოქვაბული ‘დიონისეს ყურია’. გარდა იმისა, რომ ულამაზესი სანახავია, განსაკუთრებული მახასიათებლებიც აქვს. იმდენად განსხვავებული აკუტსიკა აქვს, რომ ბგერები 16-ჯერ უფრო ძლიერად ისმის ვიდრე ჩვეულებრივ გარემოში. გარდა ამისა, წარმოუდგენლად წარმოუდგენელია, როგორ შეძლეს ასეთი გამოქვაბულის შექმნა საუკუნეების წინ ჩვენნაირმა ჩვეულებრივმა ადამიანებმა.

სირაკუზა, სიცილია, იტალია
        სიცხისაგან და დაღლილობისგან განადგურებულები მარტო ცივ და მარილიან ზღვაზე ვფიქრობდით. სირაკუზადან დაახლოებით ერთი საათის სავალზე მარძამემია. გიჟებივით შევცვივდით წყალში. ქვეყნად არაფერი გვაინტერესებდა სხეულისა და გონების გაგრილების გარდა. ცოტა გონს რომ მოვედით, ლუჩიას ბებოს სახლიდან წამოღებული ქოლგის ქვეშ შევიხიზნეთ და წინასწარ გამზადებული სენდვიჩებითა და ხილით ვისადილეთ. პლაჟიდან 10-15 წუთის სავალზე მარძამემის მთავარი მოედანია. მგონი მთლიანად მთელი ქალაქი ეს მთავარი მოედანი უნდა იყოს. ცისფერი მაგიდებით, სკამებით, ნავებითა და კარებებით გაფერადებული ეს პაწაწინა ადგილი ნამდვილი საოცრებათა ქვეყანაა. თუ გინდა რომ მთელი შენი ცხოვრების ბედნიერებით დატკბე, აქ უნდა დაჯდე და ნუშის გრანიტა მიირთვა. კმაყოფილება და ბედნიერება ამას იქით აღარ არსებობს. მაქსიმუმ ზღვის ნაპირზე გახვალ და წყალში სათამაშოებივით ჩაყრილ ცისფერ ნავებს ნახავ, ანდა ზღვის პროდუქტებით გაგემრიელებულ მაკარონს შეჭამ და ღვინოს დააყოლებ.

მარძამემი, სიცილია, იტალია
       საოცრებათა ქვეყნები თურმე მართლა არსებობენ. ალბათ ყველას ჩვენი საოცრებათა ქვეყანა გვაქვს. დღევანდელი მონაცემებით ჩემთვის ეს სიცილიაა და კიდევ ბევრს მოგიყვებით მასზე. 


Facebook: Mako's Wonderland    


Instagram: Mako__go    

Share this:

CONVERSATION