image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

ავეირუ & კოშტა ნოვა



პორტუს ბარებში გატარებული ღამის შემდეგ ძლივს ავწიეთ თავი მე და თათომ. უკვე სადილის დრო იყო. ჩვენ კი საუზმობაც კი დაგვვიწყებოდა. სანამ მოვწესრიგდით და გასასვლელად მოვემზადეთ, შუადღეც მოვიდა. ავეირუში წასვლა მაინც არ გადაგვიფიქრებია.



პორტუსთან ახლოს ბევრი პატარა და ლამაზი დასახლებაა. მათგან ყველაზე ცნობილი პორტუგალიის ვენეციად წოდებული ავეირუა. São Bento-ს სადგურიდან Campanhã-ს გავლით თითქმის ყოველ საათში ერთხელ გადის მატარებელი და ერთი გზის ბილეთი 3,45 ევრო ღირს. სადგურის სალაროს კეთილი თანამშრომელი ბილეთის შეძენაში დაგვეხმარა და თან გაგვაფრთხილა, ავეირუდან პორტოს მიმართულებით ბოლო მატარებელი 23:23-ზე გამოდისო. მატარებელი სულ სავსე იყო. ერთ საათში უკვე ავეირუში ვიყავით.   
სადგურიდან გამოსულები Dr. Lourenço Peixinho-ს ქუჩაზე გავედით. ეს ქუჩა ქალაქის მთავარ, General Humberto Delgado-ს მოედანზე გადის, მაგრამ ჩვენ აქ მისასვლელად წყლის არხის ნაპირებს დავუყევით. თან ავეირუს უბნებს შევავლებდით თვალს. João Mendonça-ს ქუჩაზე, მოედნიდან რამდენიმე ნაბიჯში, საინფორმაციო ცენტრიც ვიპოვნეთ და რუკები ავიღეთ. ავეირუს ცენტრალური ნაწილი იმდენად პატარაა, რომ რუკა საერთოდ არაა საჭირო. უბრალოდ მოგზაურობის ჩემს ბევრ ახირებას შორის, რუკების შენახვა ერთ-ერთი მთავარია. რუკები უკვე გვქონდა. ახლა კოშტა ნოვაში წასვლის ამბები უნდა გაგვეგო. ესეც ძალიან მარტივი აღმოჩნდა. არხის მეორე მხარეს უნდა გადავსულიყავით და გაჩერებაზე ავტობუსს დავლოდებოდით. კარგად ვიცოდით, ორივე ქალაქის გულიანად დათვალიერებას ვერ მოვასწრებდით, მაგრამ აქ მოსულებს კოშტა ნოვაზე უარის თქმა არც კი გვიფიქრია. ჩვენი თვალით უნდა გვენახა, ეს ადგილი რეალური იყო თუ მოგზაურების გამოგონილი.                              

ავტობუსის მოსვლამდე ცოტა ვისეირნეთ. ავეირუ საკმაოდ ტურისტული ქალაქია. პორტუგალიის ვენეციას წყლის არხების გამო ეძახიან. არხების ხან ერთ და ხან მეორე ნაპირზე სასეირნოდ ხიდები აუშენებიათ. წყალში ფერადი გონდოლები დასეირნობენ. პორტუგალიელები ამ გონდოლებს Moliceiros ეძახიან. ადრე თურმე ზღვის მცენარეების გადმოსატვირთად იყენებდნენ, ახლა კი ტურისტული ტურებისთვის დაცურავენ. აქ ჩამოსული ტურისტების ძირითადი მოვალეობა ქუჩების, ეკლესიების, ერთი-ორი მუზეუმის, პორტუგალიური ფილებით მორთული შენობების დათვალიერება და ზღვის პროდუქტებით მომზადებული კერძების დაგემოვნებაა. ხშირ შემთხვევაში შოპინგზეც არ ამბობენ უარს. აქვეა სავაჭრო ცენტრი ‘Forum Aveiro’.
უკვე თითქმის 6 საათი იყო ავტობუსი რომ მოვიდა და კოშტა ნოვასკენ წავედით. გული მწყდებოდა, კოშტა ნოვაში დიდხანს რომ ვერ გავატარებდით და ჩემებურად ვერ დავათვალიერებდი ამ ზოლებიან სამოთხეს. მგონი ამის ბრალი იყო ხასიათი რომ შემეცვალა. ბილეთი ავტობუსშივე ავიღეთ 2,35 ევროდ. ავეირუდან კოსტა ნოვამდე დაახლოებით ნახევარი საათის გზაა. ავტობუსის ფანჯრიდან გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ყველაფერს. ისეთი შეგრძნება მქონდა, არარსებულ, გამოგონილ ადგილებში დავდიოდი. ოკეანეს პირველად ვხედავდი. ეს პატარა ავტობუსი ამ უსასრულო ოკეანის პირას რომ მიდიოდა, უცნაური გრძნობებით მავსებდა. ამ უსაშველო და ყველაფრისშემძლე ოკეანის პირას ყველაზე მძაფრად აღვიქვი, რომ ამ სასწაულ სამყაროში, დედამიწა რომ ჰქვია, წერტილზე უფრო პატარა ვარ და ასეთ კონდიციაში მყოფსაც კი შემიძლია, კმაყოფილებითა და ბედნიერებით ავივსო.
კოშტა ნოვაში მისული ავტობუსი ზოლიან სახლებთან გაჩერდა. ჩასვლისას კართან გამოკრულ განრიგს ფოტო გადავუღე, დრო რომ არ გაგვპარვოდა და ბოლო ავტობუსს არ გაესწრო. დრო ერთ საათზე ცოტა მეტი გვქონდა, მაგრამ ახლა ამაზე არ უნდა მეფიქრა.          
ავეირუს ლაგუნაში ბევრი სანაპირო შედის, კოშტა ნოვა ერთ-ერთია და მგონი ყველაზე გამორჩეულიც. ზოლიანმა სახლებმა აჟიტირების უმაღლეს სტადიაში მომისროლეს. მე და თათომ აღარ ვიცოდით რომელი სახლი დაგვეთვალიერებინა, რომელთან დავმდგარიყავით ან რომლისთვის გადაგვეღო სამახსოვრო ფოტო. ზოლებში წითელი, ყვითელი და ლურჯი დომინირებდა. ფერების ჩემი სიყვარული გაათასმაგდა. კიდევ კარგი ჩემთან ერთად თათო იყო, თორემ მარტო ამდენ სილამაზეს ვერ გავუძლებდი. ეს სახლები ადრე პორტუგალიელ მეთევზეებს ეკუთვნოდათ და თევზაობისთვის საჭირო ნივთებს ინახავდნენ ხოლმე. ნელ-ნელა პორტუგალიელების საზაფხულო დასვენების ადგილად იქცა. ახლა კი ამ ქვეყანაში მოგზაურების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილია.
პორტუგალიელების მასიურ გემოვნებაზე ტყუილად არ გელაპარაკებოდით. ეს ფერადზოლებიანი სახლები ვერაფერს შეედრება. აქ ჩამოსვლით გაბედნიერებული მე და თათო ვეღარც წონას ვგრძნობდით და ვეღარც დაღლილობას. ჰაერში ოკეანის სუნი ტრიალებდა. ოკეანე ზოლიანი სახლების უკან იმალება. ჩემს წარმოსახვაში აქ სერფერების ნეტარების ადგილია თეთრი სილითა და უშველებელი ტალღებით. ჩემს წარმოსახვაში იმიტომ, რომ სანაპიროზე გასვლა ვერ მოვასწარით. იმ წუთას ისე მწყდებოდა გული დრო თავისას რომ შვრებოდა, სამყაროს უსამართლო წესებზე მებრაზებოდა. რა მოხდებოდა, დრო ცოტახნით მაინც გაჩერებულიყო. ახლა აღარ განვიცდი ამ ამბავს. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ პორტოში დაბრუნებისას კოსტა ნოვაშიც უნდა დავბრუნდეთ.
 უკვე ბინდდებოდა, ჰაერში უცნაური სინესტე რომ დატრიალდა. ზოლიანი სახლები და უშველებელი პალმები გაუნძრევლად იდგნენ და თავიანთი სილამაზით გვაბედნიერებდნენ. ცოტახანში ისეთი ნისლი ჩამოწვა, ცოტა შემეშინდა კიდეც.                             

 იმის შიშით, ავტობუსმა არ გაგვასწროსო, ადრე მივედით გაჩერებაზე. თან სახლებს თვალს ვერ ვწყვეტდით. უკანა გზაზე დაღამდა კიდეც. კარგად გვახსოვდა ბოლო მატარებელი 23:23-ზე რომ გადიოდა. საღამოს ავეირუში გავატარებდით. საინფორმაციო ცენტრის უკანა ქუჩებში შევძვერით და ავეირუს ყველაზე ლამაზ ნაწილში აღმოვჩნდით. აქაურობა სავსეა ბარებითა და პორტუგალიური ფერადი ფილებით მორთული სახლებით. ეგრეთ წოდებულ ნავსადგურთან ‘Cais dos Botirões’ ავეირუს ყველაზე ცნობილი ლურჯ-ყვითელი სახლია. ჩვენ ერთ საყვარელ ბარში მოვკალათდით და ცივი ლუდებით გავიგრილეთ სიამოვნებისგან ადუღებული სხეული.
სადგურზე დაბრუნებულებმა აპარატის დახმარებით ბილეთი ვიყიდეთ. პორტუში გადახდილი თანხის ნახევარი რომ გადავიხადეთ, ძალიან გვეუცნაურა. მერე ბაქანზე მოკალათებულებმა პორტუში ნაყიდ ბილეთს დავხედეთ და მივხვდით, რომ სალაროს კეთილმა თანამშრომელმა ორივე გზა მოგვყიდა. ამიტომ გვაფრთხილებდა ასე გულიანად, ბოლო მატარებელი 23:23-ზე გამოვაო.
ამჯერად მატარებელი თითქმის ცარიელი იყო. პორტუში დაბრუნებულებს ღრუბლიანი ცა დაგვხვდა. წვიმდა თუ ცრიდა არ ვიცი, მაგრამ ძალიან უცნაურად კი გვასველებდა პორტუგალიური ღრუბლების წვეთები. სახლში დაბრუნებულებმა ბარგი ჩავალაგეთ. რამდენიმე საათში ლისაბონისკენ გავფრინდებოდით.
ცოტა გვეძინა. 3 საათზე მაღვიძარამ დარეკა. ერთმანეთი შევაფხიზლეთ და Uber-ის დახმარებით ტაქსის გამოძახება ვცადეთ. მეტრო დილის 6 საათამდე არ მუშაობს და Uber საუკეთესო გამოსავალიაო, ინესს, სახლის პატრონს, ჰქონდა ნათქვამი. აპლიკაციამ ჩვენი ქართული ბარათები არ მიიღო. ცოტა დავიბენით, ვერ გავიგეთ რა უნდა გვექნა, ძალიან მალე ხომ ჩვენი თვითმფრინავი პორტუგალიის ცას გადაუფრენდა.  
სხვა გზა რომ აღარ იყო, ინტერნეტში ჩვეულებრივი ტაქსის ნომერი მოვძებნეთ და გამოვიძახეთ კიდეც. გზა ქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე 25 ევრომდე დაჯდა. Ryanair-ის პორტუ-ლისაბონის ბილეთი 10 ევროდ გვქონდა ნაყიდი. ფრენამდე უკვე კარგად ვიცოდით, რომ ამ პატარა მანძილის გასავლელად ძალიან ცუდი არჩევანი იყო მთელი ღამის აეროპორტში გატარება. წუწუნს აზრი აღარ ჰქონდა. დილით ლისაბონში რომ გავახილეთ თვალი, მაშინვე მივხვდით, რომ ახალი თავგადასავლების დღეები იწყებოდა. 

Instagram: Mako__go


Share this:

CONVERSATION