image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

ვერონა

იტალიის ჩრდილოეთში აღმოჩნდე და ვერონა არ ნახო, გამოუსწორებელი შეცდომა იქნება. მე აქ ვენეციიდან ჩავედი. მატარებლის ბილეთი 8.55 ევროდ ვიყიდე და საათნახევარში უკვე ვერონას სადგურზე ვიყავი. სადგურიდან ქალაქის ცენტრამდე ფეხით მისასვლელად დაახლოებით 20 წუთია საჭირო. გზაში შემთხვევით კამპანიელი ანდრეა გავიცანი. ანდრეა რკინიგზაში მუშაობდა და მატარებელს დაყვებოდა აქეთ-იქით. როცა შანსი მიეცემოდა ვერონაში აუცილებლად ამოისეირნებდა, ქალაქის ცენტრს შემოუვლიდა, ნაყინს შეჭამდა და ისევ სადგურზე ბრუნდებოდა ხოლმე. ამჯერადაც ასე მოიქცა. ბრას მოედანს გავცდით თუ არა, პირველივე სანაყინეში შემიყვანა, ნაყინები იყიდა, აუცილებლად სანახავი ადგილები ჩამომითვალა, შუადღის კარგად გატარება მისურვა და წავიდა.
ვერონა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაში შედის და ყოველ წელს მილიონობით ტურისტს აგიჟებს. მე სეირნობა მაძინის ქუჩიდან დავიწყე. სტეფანელის, ლუი ვიტონის, სვაროვსკის, დიზელისა და კიდევ მილიონი მაღაზიის თვალიერების მერე, კაპელოს ქუჩაზე მარცხნივ წავედი. ერბეს პიაცას რამდენჯერმე შემოვუარე. აქაური შადრევნები, დახლები და ბარები შორიდან შევათვალიერე. მერე კაპელოს ქუჩას გავუყევი და ჯულიეტას სახლთან მივედი.

ჯულიეტას სახლი, ვერონა, იტალია
ეს ის ადგილია ტურისტების ნაკადი რომ არასოდეს წყდება. სანამ ჯულიეტას სახლის ეზოში შეხვალთ მარჯვნივ და მარცხნივ კედლებს კარგად დააკვირდით. არცერთი ადამიანი არ წასულა აქედან წერილის დატოვების გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა შეყვარებული ხარ თუ არა. ჯულიეტას წერილი უნდა დაუტოვო. წერილები ქაღალდებზე, სტიკერებზე და სანტავიკებზეც კი იწერება. ეზოში ჯულიეტას ქანდაკება დგას. ქანდაკებასთან რიგია. ტრადიციის მიხედვით ჯულიეტას მკერდზე ხელი უნდა დაადო და სურვილი უნდა ჩაიფიქრო. სურვილი რა თქმა უნდა, სასიყვარულო უნდა იყოს. მერე 6 ევროდ ბილეთს იყიდი და ჯულიეტას სახლში შეხვალ. სახლში საინტერესო არაფერია, მაგრამ აქ შესვლა ნამდვილად ღირს. აქ ხომ ჯულიეტას ცნობილი აივანია. აივანსაც თავისი წესები აქვს. ან მარტო უნდა გახვიდე, ქვემოდან ფოტო რომ გადაგიღონ ან შენს ჯულიეტა/რომეოსთან ერთად.    

ჯულიეტას აივანი, ვერონა, იტალია
მეორე ტრადიცია სასიყვარულო ბოქლომების გროვაში შენი საკუთარი ბოქლომის მიმატებაა. ბოქლომს აუცილებლად შეყვარებულების სახელები უნდა ეწეროს.  ეს ტრადიცია ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაშიც შეგხვდებათ. ბოქლომების შებმა სამუდამო სიყვარულთან ასოცირდება. არ ვიცი რამდენადაა სამუდამო სიყვარულის გარანტი ეს ფერად-ფერადი ბოქლომები, მაგრამ ის ვიცი, რომ ბოქლომების რაოდენობა უთვალავია.

ჯულიეტას სახლი, ვერონა, იტალია
ჯულიეტას სახლიდან საკმაოდ მოშორებით ჯულიეტას საფლავია. ნაყიდი ბილეთით აქ შესვლაც შეიძლება. საფლავი ერთ ძველ მონასტერშია, რომელიც დღეს ფრესკების მუზეუმადაა ცნობილი. მე თუ მკითხვათ, აქ წასვლას ქუჩებში სეირნობა ჯობს.
ვერონა ძალიან ლამაზია. მდინარე ადიჯეს გამო ქალაქში ბევრი ხიდის აშენება მოუხდათ. ვერონაში რომაელების კვალი დღესაც იგრძნობა. სეირნობისას შეგხვდებათ რომაული ჭიშკარი (Porta Borsari), რომაული თეატრი, სასახლეები, მუზეუმები, სანაყინეები, პასტიჩერიები, მაღაზიები, ბარები და ათასობით ტურისტი.
ეს ის ადგილია, რეალობა და ლეგენდები ერთმანეთში რომ ირევა. როცა ვეღარ ავლებ ხაზს წარმოსახვასა და სინამდვილეს შორის და სულაც არ გაღელვებს ეს აბსურდულობა. ეს ის ადგილია, სადაც სიყვარულის სუნი ტრიალებს.

ბრას მოედანი, ვერონა, იტალია
ვერონაში ორი წლის მერე ისევ აღმოვჩნდი, ამჯერად ვერონას არენაზე ოპერის სანახავად. ბილეთი 10 ევროდ ვიყიდე. ამ ტიპის ბილეთს არ აქვს შესაბამისი ადგილი. უნდა ეცადო, რომ არენაზე მალე შევხიდე და რაც შეიძლება კარგ ადგილას დაჯდე. რიგი ძალიან დიდია. წარმოდგენა სანამ დაიწყება ყველა მხრიდან გამყიდველები დაგესევიან და დასაჯდომ ბალიშებსა და სასმელებს შემოგთავაზებენ. წვიმის შემთხვევაში დაგეგმილი წარმოდგენა არ იმართება და ბილეთში გადახდილ თანხას უკან აბრუნებენ. ქარის შემთხვევაში წარმოდგენა ძალიან არასასიამოვნო ხდება იმიტომ, რომ ქარის ყველა შემოტევაზე უგზო-უკვლოდ იკარგება შენამდე მოღწეული ბგერები.
ვერონას არენა პირველ საუკუნეში აშენებული რომაული ამფითეატრია. ვერაფერს რომ ვერ შეადარებ ზუსტად ისეთი. დღეს ისეთი გრანდიოზული წარმოდგენები იდგმება, როგორიცაა ნაბუქო, აიდა, რიგოლეტო, კარმენი, ტრავიატა, ტურანდოტი, ტოსკა და სხვ. არენას ირგვლივ სეირნობისას წარმოდგენებში გამოყენებულ ყველა დეკორაციას აუვლით გვერდს. ყველაფერი გარეთ დგას. თითქოს სცენიდან გამოუძევებიათ. მაგრამ ადგილიდან ფეხს მაინც არ იცვლიანო ჯიუტად.
არენაზე შესვლისას ჯერ კიდევ დღე იყო. აჭრელებული თვალებით დავათვალიერე აქაურობა. მთელი არენა სავსე იყო. მე სცენიდან მარცხნივ, ღმერთმა იცის რომელ საფეხურზე ვიჯექი. კარგად რომ მოვკალათდი და ემოციებმა შემომიტიეს ტელეფონი ავიღე და ჩემს მეგობრებს ეს სტატუსი გავუზიარე:
ვერონას არენის ქვის ცხელ კიბეზე ვზივარ და ძეფირელის კარმენს ვუყურებ, უფრო სწორად ვუსმენ.. სცენაზე ალბათ 200 მსახიობია.. არენაზე 10-15ჯერ მეტი ადამიანი.. მათ შორის მეც ვარ.. ცაში თვითმფრინვები დასეირნობენ.. გვერდითა ქუჩიდან სასწრაფოს წრიპინი ისმის.. მარცხნივ დეკრაციებისთვის საჭირო ამწე ატუზულა.. მარჯვნივ მთვარე მიწებებია ცას.. დილის წვიმისგაბ შეშინებულებს გვამშვიდებს, წარმოდგენის დასრულებამდე ღრუბლებს არ მოგაკარებთო..
თეატრში ვარ, რომელსაც არც სახურავი აქვს და არც ფარდა, მაგრამ სრულყოფილია..
ინატრეთ და ოცნებები მართლა ახდება!“
წარმოდგენა 9 საათზე დაიწყო და ოთხმოქმედებიანი აღმოჩნდა. თითო მოქმედება 40-45 წუთი გაგრძელდა, მოქმედებებს შორის 20 წუთიანი შესვენებით. თვითონ წარმოდგენაზე არაფერს ვიტყვი. რომ დავიწყო ვერასოდეს გავჩერდები. ამ საღამოს სიამოვნებისგან გაბრუებულმა და ემოციებით დაღლილმა, დამტკბარი ყურებითა და თვალებით დავტოვე არენა იმ იმედით, რომ კიდევ ბევრჯერ დავბრუნდები და კიდევ ბევრ დაუვიწყარ წუთებს ჩავწერ ჩემი მოგონებების სიაში.
მართლა ინატრეთ!
             ოცნებები მართლა ხდება! 


ჯულიეტას სახლი, ვერონა, იტალია

                                                                                                 
ბრას მოედანი, ვერონა, იტალია


ვერონას არენა, იტალია


Share this:

CONVERSATION