image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

მეტელკოვა

ლიუბლიანა, სლოვენია
მეტელკოვა ლიუბლიანას ავტონომიური სოციალური და კულტურული ცენტრია. დღევანდელი სლოვენიის ტერიტორიაზე ავსტრიისა და უნგრეთის პარპაშის დროს სამხედრო სამსახურის მთავარი ოფიხი იყო, იუგოსლავიის დროს ეროვნული არმიის მთავარი ოფისი, დღეს კი ახალგაზრდების თავისუფლების გამოხატვისა და კრეატივის საზეიმო ადგილია. არც თუ ისე დიდ ტერიტორიაზე შვიდი ექს-ყაზარმა დგას. მაშინ როცა იუგოსლავიის არმიამ საბოლოოდ დატოვა ლიუბლიანას ტერიტორია, მეტელკოვას დაცარიელებული ყაზარმები აღარავის სჭირდებოდა. აქტივისტებმა და ახალგაზრდებმა ადგილის მისაკუთრება გადაწყვიტეს და ქალაქის მაშინდელ უფროსობას მისი ჩუქება სთხოვეს. მშვიდობიან და კრეატიულ მიზნებზე მუშაობა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ადგილი მიიღეს, მაგრამ ქალაქის უფროსობას დიდად გულზე არ ეხატებოდა აქაური ამბები.
ეს 90-იანებში ხდებოდა. მეტელკოვამ ბევრი რამ გამოიარა. გასულ წლებში ავტონომიურ ზონად გამოაცხადეს. მის მხურვალე ცხოვრებაში ჩაერთო ბევრი ლგბტ, არასამთავრობო და იუნესკოც კი. დღესდღეობით ბევრ ხელოვანს აქ საკუთარი სივცრე აქვს გახსნილი. ლგბტ და არასამთავრობო ორგანიზაციებს კი - ოფისები. აწყობენ გამოფენებს, კონცერტებს და მილიონი სახის აქტივობას.
მეტეკლოვა ტურისტების საყვარელი ადგილია. სლოვენიელები აუცილებლად გირჩევენ მეტელკოვას დღისით ნახვას, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს, საღამოს კი როგორ გართობის ყველაზე ცეცხლოვან ადგილს. ხო, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ოფიციალურად 2005 წელს მოიპოვა. იგივე სლოვენიელები, აუცილებლად მოაყოლებენ, რომ მეტელკოვას, როგორც ავტონომიური სივრცის არსებობა დედაქალაქს იდეურად არა, მაგრამ პრაქტიკულად ძალიან აწყობს. ამით ტურისტებს იზიდავენ და სლოვენიის ამ პატარა დედაქალაქს კარგ რეკლამასაც უკეთებენ.
გრაფიტებიც აჭრელებული შენობები, პატარ-პატარა ინსტალაციები, ჩვეულებრივი ქუჩიდან ერთი ნაბიჯი და ახალგაზრდული ძალისა და ენერგიის მორევში ხარ.
მეტელკოვას ტერიტორიაზე ლიუბლიანას ყველაზე ცნობილი ჰოსტელია - Hostel Celica. დაახლოებით 100 წლის განმავლობაში ციხე ყოფილა. მერე პატიმრები არტისტებმა ჩაანაცვლეს, არტისტები კი ტურისტებმა. აქაურობა ტურისტებს იმ იდეით დაუთმეს, რომ თავისუფლებას ახალი განზომილებებს მოუძებნიდნენ. ლიუბლიანას წარსულზე ლაპარაკისას ეს ჰოსტელი ხშირად მოჰყავთ მაგალითად. აი, ასე გადავაქციეთ ბნელი წარსული პოზიტიურ აწმყოდო.
პირველად მეტელკოვას ნახვას პარასკევი საღამო დაემთხვა. წვიმდა, მაგრამ არავის ადარდებდა და არავის აწუხებდა გრუხუნა ცის არაადეკვატურობა. სხვადასხვა სივრცეში სხვადასხვა ივენთი იყო, მძიმე როკიდან დაწყებული ლგბტ გუგუნით დამთავრებული. ლუდი სულ რაღაც 2 ევრო ღირდა. კლუბებში შესვლა კი - ხუთი. ზოგადად, მიყვარს ხალხით სავსე ადგილები. ეს ადგილები თუ ახალგაზდობითაა სავსე, ერთობიან და ბედნიერებას ასხივებენ, კიდე უფრო მიყვარდება ხოლმე.
აქაურობის დღის შუქზე ნახვაც მინდოდა, ამიტომ მეორე დილას პირველი რაც გავაკეთე, აქ დავბრუნდი და გუშინდელი გრძელი პარასკევი საღამოდან ჯერ კიდევ დაღლილი მეტეკლოვას  ყველა კუთხე-კუნჭული დავათვალიერე. რაღაცნაირად ცოცხალი და მხიარულია.
მეტელკოვა თავისი ისტორიით და იდეით ლიუბლიანური მოგონებებიდან ტოპ ადგილებში ჩამრჩა. ყოველდღე უფრო მეტად მგონია, რომ მეტი ასეთი ადგილი სჭირდება ქვეყნიერებას. ლიუბლიანაში მოგზაურობისას მეტელკოვა არაფრის დიდებით არ გამოტოვოთ. ასეთი ადგილები ყველაზე კარგად გვიყვებიან ყველაზე საინტერესო ამბებს.


Instagram: Mako__go 

Share this:

CONVERSATION