image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

ვენეციის კუნძულები

       ბევრმა ტურისტმა არც კი იცის, რომ იტალიაში მოგზაურობისას სიაში ვენეციას თუ ჩაწერს, ვენეციურ თავგადასავლებს ერთი დღეც უნდა მიუმატოს და ეს ერთი დღე აქაურ კუნძულებზე ისეირნოს.
       ვენეციის ლაგუნაში ასობით პატარა და დიდი კუნძულია. ზოგი მათგანი ვენეციიდანაც კი ჩანს: ლიდო, ჯუდეკა, სან სერვოლო, სან ჯორჯო, სან მიკელე, მურანო... ვიცი, აბსურდულ ვენეციაში სეირნობისას ძალიან ძნელია ამ ყველაფრის დამახსოვრება და დროის გადანაწილება, მაგრამ დამიჯერეთ, კუნძულებზე სულ სხვა ვენეციაა.

ბურანო, ვენეცია, იტალია

    ძატერებიდან, იქ სადაც წყალში მოსეირნე გემ-ნავების გაჩერებებია, ყველაზე კარგად ჯუდეკას კუნძული ჩანს. ჯუდეკას ძალიან ცოტა მანძილი აშორებს ვენეციიდან. ყოველი წლის ივლისის მესამე კვირას ხიდს დებენ ჯუდეკასა და ვენეციას შორის და ხალხი ფეხით გადადის ერთიდან მეორე წყალზე მოტივტივე ხმელეთზე. ეს მაშინ ხდება, როდესაც ვენეციელები La Festa del Redentore-ს აღნიშნავენ. ამ დღესასწაულის ისტორია მეთექვსმეტე საუკუნეში დაიწყო, მაშინ როდესაც კუნძულ ჯუდეკაზე ‘მხსნელთა ეკლესია’ ააშენეს შავი ჭირისგან გათავისუფლების მადლიერებისთვის. გამოდის, რომ დღესასწაული რელიგიურ ხასიათს ატარებს, თუმცა დღეს სანახაობრივი დატვირთვა უფრო აქვს. უმრავლესობა მხოლოდ იმისთვის მიდის, რომ ფეიერვერკებით მორთული ვენეციის ცა ნახოს და ვენეციური თავგადასავალი კიდევ უფრო საინტერესო გახადოს. ამ ყველაფრის პარალელურად რეგატაც ეწყობა. რეგატა ნავებით შეჯიბრია, რომლის დროსაც ვენეციის ლაგუნა უთვალავი ფერადი ნავით ივსება. ვიცი ძნელია, მაგრამ ასეთი ვენეციის სილამაზე შეგიძლიათ თვითონ წარმოიდგინოთ. და თუ ვენეციაში წასვლას გეგმვათ, იქნებ ივლისის მესამე კვირას წახვიდეთ. ჯუდეკაზე კიდევ რამდენიმე ეკლესია და სასახლეა. ლამაზია, მაგრამ ვენეციას ვერ შეედრება.
       მე ვენეციის კუნძულებიდან მხოლოდ რამდენიმეს ვესტუმრე. 18 ევროდ ისეთი ბილეთი ვიყიდე, რომლითაც სამი კუნძულის ნახვას შევძლებდი. მერე ჩემნაირ დაბნეულ ტურისტებს მივუსკუპდი და ზღაპარში აღმოვჩნდი, საიდანაც ისეთი გაბრუებული დავბრუნდი, რომ დანარჩენ კუნძულებზე დაცლილი ემოციებითა და გამოფიტული ენერგიით დავაბიჯებდი.

ბურანო, ვენეცია, იტალია
    ეს ბურანოა, ყველაზე ჭრელი და მინიატურული დასახლება, სადაც ნამდვილ ზღაპარში ხარ. ჩემთვის ბურანო ბედნიერების კუნძულია. ამ ბედნიერებას კი ფერები ქმნიან. აქ თითქოს მარტო ფერებით არსებობენ. ირგვლივ თითქმის არაფერია, სურსათის მაღაზიაც კი. ახალგაზრდებისგან დაცლილ, მაგრამ ტურისტებით გადატენილ ბურანოში რამდენიმე კაფე, ხელნაკეთი ნივთებისა და მაქმანებით გაწყობილი ქსოვილების მაღაზიაა. კუნძულის დარჩენილი ნაწილი ფერად სახლებს, ხიდებსა და ნავებს უკავიათ. როცა სახლები გახუნდებიან და მათი გაფერადების დრო დგება, სახლის პატრონი პირველ რიგში ნებართვას იღებს მთავრობისგან, რომელიც რამდენიმე ფერს სთავაზობს, მერე კი პატრონი თვითონ წყვეტს შეთავაზებული ფერებიდან რომელში უფრო ბედნიერად იცხოვრებს. ბურანოს მთავარ მოედანზე სან მარტინოს ეკლესიაა. სამრეკლო აშკარად გადახრილი მეჩვენა, მაგრამ თვალებს არ დავუჯერე. მერე მეგობრებმა დამამშვიდეს, ვენეციაში ყველაფერი უსწორმასწოროაო.

ბურანო, ვენეცია, იტალია
       ზუსტად ვერ ვიტყვი რამდენჯერ გავიარე ერთსა და იმავე ქუჩაზე. ვერც იმას ვიტყვი რატომ შემშალა ბურანოს ნახვამ. მარტო ის ვიცი, რომ თუ ოდესმე ზღაპარში ცხოვრება მომინდება, ბურანოში გადავსახლდები და იქაურ მთავრობას ვთხოვ, სახლი ყვითლად გამიფერადოს.

ბურანო, ვენეცია, იტალია
      ბურანოდან მურანოზე გადავედი. ემოციებისგან იმდენად სავსე ვიყავი, რომ მურანოში აღარაფერი მომეწონა. ყველაფერი უფრო მუქი, უფრო ძველი და უფრო მოსაწყენი მეჩვენა. სინამდვილებში მურანო ბურანოზე გაცილებით დიდია, გაცილებით ბევრი მაცხოვრებლით, რესტორნით, ბარით, სასეირნო მოედნებით, ვენეციური მინისა და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებით და ტურისტით. მურანოს ცნობილ მინას სწორედ აქ ამზადებენ. თუ ძალიან დაინტერესდებით, მინის დამუშავების პროცესიც შეგიძლიათ ნახოთ და თუ უფრო ძალიან დაინტერესდებით, მინის მუზეუმსაც შეგიძლიათ ესტუროთ.
       მურანოზე ცოტა დრო გავატარე. მივხვდი, რომ აქ ბურანოსნაირ ფერებს ვერ ვიპოვიდი. ვენეციაში დაბრუნებამდე კუნძული ტორჩელოც ვნახე. ტორჩელო მწვანე ბალახში ჩაფლული პაწაწუნა კუნძულია, პატარა ეკლესიითა და რამდენიმე სახლით. აქ მხოლოდ 20 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ათასობით ტურისტი სტუმრობს. ტორჩელოზე გადასვლა აშკარად დროის დაკარგვა იყო. ბურანოში ჩავრჩი, აღარაფერი მაინტერესებდა. ძალიან მალე დავბრუნდი წყლის ნაპირას, ნავების გაჩერებაზე. ბურანოზე ვფიქრობდი.

ბურანო, ვენეცია, იტალია
       ნეტა როგორ შეძლო ამდენმა ფერადმა ადამიანმა ერთად თავმოყრა, რომ ასეთი ფერადი ადგილი შეექმნათ. ნეტა რას ვფიქრობთ დანარჩები მილიარდობით ადამიანი ჩამუქებულ სახლებში რომ ვცხოვრობთ და ბურანოს შევნატრით. ნეტა როგორ ატარებენ დროს ამ ფერად ბუდეებში მცხოვრები ადამიანები ან საერთოდ როგორია აქ ცხოვრება.
       ამ დღის მერე თუ ვინმე ვენეციას ახსენებს, მე მაშინვე ბურანოზე ვიწყებ საუბარს. ყველაზე ჭრელ, ყველაზე ლამაზ, ყველაზე პატარა, ყველაზე საყვარელ, ყველაზე ბედნიერ კუნძულზე, ცისარტყელას რომ ჰგავს და მის ყოველ გახსენებაზე მილიონობით ემოციას რომ მიფერადებს.

ბურანო, ვენეცია, იტალია   

Instagram: Mako__go 

Share this:

CONVERSATION