image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

დანგრეული ბარები ანუ სად გავერთოთ ბუდაპეშტში


მეორე მსოფლიო ომის შემდე, როცა ბუდაპეშტიდან ებრაელების დეპორტაცია დაიწყო, ქალაქის ეგრეთ წოდებული მეშვიდე უბანი ნელ-ნელა დაიცალა და მიტოვებული შენობების სამფლობელოდ გადაიქცა. ორიათასიანი წლების დასაწყისში აქ ახალი ბარების და ალტერნატიული სივრცეების გახსნა დაიწყეს. დღეს კი ბუდაპეშტში ჩასული ყველა ტურისტი საღამოს ამ მოძველებული და უსარგებლო ნივთებით გადავსებულ უმაგრებს ბარებში ატარებს დროს. ბარები ცნობილია როგორც Ruined Bars.
გარედან ყველა დანგრეული ბარი ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი გეგონებათ. საკმარისია ზღურბლს გადააბიჯოთ და აბსურდულ სამყაროში აღმოჩნდებით. ისეთს ვერაფერს ნახავთ, რაც აქამდე არ გინახავთ, მაგრამ ფუნქციადაკარგული უთვალავი ნივთის ამ ერთ სივრცეში ნახვა და ახალი ფუნქციების დაკისრება ძალიან გაგახალისებთ. სკამებად ქცეული ძველი აბაზანები, ჯართიდან მოტანილი ძველისძველი მანქანები, აივანზე გადმოკიდებული ველოსიპედები, სახლიდან წამოღებული უსარგებლო ნივთები, ნახატებად ქცეული უბრალო ნაჯღაპნები, ქუჩაში ჩამოხსნილი საგზაო სარკეები, უბრალოება და სრული ქაოსი, რეტრო სტილი, ვინტაჟურობა, ფერადოვნება. აი რას ნახავთ ბუდაპეშტის დანგრეულ ბარებში.


პირველად Szimpla Kert-ში შევედი და სანამ გავერკვეოდი რა ტიპის ბარში მოვხვდი, ყველა ოთახი მოვიარე. კარის ყოველ გაღებაზე ასე მეგონა სამყაროები იცვლებოდა და მეც ამ ნაირ-ნაირ სამყაროებში ასე მარტივად დავაბიჯებდი.
ყველა დანგრეული ბარი ერთ იდეაზეა აგებული,  მაგრამ მე თუ მკითხავთ, ყველა მათგანს თავისი პერსონალურობა გააჩნია. ბარებს საერთო ის აქვთ, რომ მიტოვებულ და დაცარიელებულ ადგილას გახსნეს, უცნაური ნივთებით შეავსეს, კედლების უმრავლესობა ხელით მოხატეს, ყველა ოთახში ბარი დადგეს, ხალხი ალკოჰოლზე დაპატიჟეს და გართობისთვის არაჩვეულებრივი ალტერნატიული სივრცე შესთავაზეს. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ეს ბარები ბუდაპეშტის სიმბოლოდ იქცა.
მოდით რამდენიმე მათგანზე მოგიყვებით:

მისამართი: Kazinczy u. 14
სამუშაო საათები: 12PM - 4AM
Szimpla Kert პირველი დანგრეული ბარია, რომელი 2002 წელს გახსნეს იმ იდეით, რომ ახალგაზრდებისთვის იაფი სასმელი და შეხვედრის ახალი სივრცე შეეთავაზებინათ. ბარი იმდენად პოპულარული გახდა, რომ დღეს აქ შესასვლელად რიგში დგომა მოგიწევთ. Szimpla რამდენიმე ბარს აერთიანებს და ჯამში დაახლოებით 400 სახეობის სასმელს ყიდის. ბარების ნახვისას სათვალავი აგერევათ და ვერც მათ სახლებს დაიმახსოვრებთ. მაგრამ მოდით აქ მაინც ჩამოვთვალოთ ამ დიდ საგიჟეთად გადაქცეულ ერთ სივრცეში ჩაწიკწიკებული ბარები: Insider Bar, Garden Bar, Bio Bar, Buffet Bar, 1st floor Bar, Saloon Bar, Wine Bar, Cocktails, Shisha Bar. გარდა ამისა აქვთ სამზარეულოც და ყოველ კვირას ადგილობრივი ფერმერების ბაზარი იმართება. კვირას ბარი ღიაა დილის 9 საათიდან და საუზმეზეც კი ეპატიჟება ბუდაპეშტი მოსეირნეებს. 
Szimpla Kert მარტო ჩემი ფავორიტი არ უნდა იყოს იმიტომ, რომ ამხელა ბარში დასაჯდომი ადგილი ძლივს ვიპოვნეთ საღამოს მისულმა ორმა ადამიანმა. აღტაცებას ვერ ვმალავდით ამდენ უაზრო ნივთს ასე აზრიანად დადებულს ან დაკიდებულს რომ ვხედავდით. ვიტრინებად ქცეული ძველისძველი კარადები, ცაში გამოკიდებული სკამები, ძველი ტელევიზორების ეკრანებით გადავსებული კედლები, აივანზე გაშენებული ბაღი, ტურისტები, რომლებიც ერთმანეთს ასწრებენ ვინ დაჯდება სკამად გადაქცეულ აბაზანაში ან ჯართებიდან წამოღებულ მანქანაში. ირგვლივ არანორმალური ქაოსი ტრიალებს და აქ მოსულ ყველა ადამიანს უზომოდ სიამოვნებს ამ ქაოსის ნაწილი რომ ხდება.





მისამართი: Akácfa u. 51
სამუშაო საათები: 4PM -6AM
ეს ორი ბარი ერთმანეთის გვერდიგვერდაა და ხშირად ერთ ბარადაც მოიხსენიებენ. ზუსტად არ ვიცი სად და როგორ, მაგრამ აქ 18 ბარი და 7 საცეკვაო სივრცეა. Instant & Fogas Has რამდენიმე სართულიანი შენობა აქვს დაპყრობილი, მაგრამ ყველაზე ხალხმრავალი მაინც მისი შიდა ეზოა. აქედან შეგიძლიათ კიბეებით დაეშვათ სხვადასხვა კლუბებში და შეუერთდეთ ლათინური, ელექტრონული და როკ მუსიკის გურუებს. ბევრ ოთახში სურეალისტური დეკორაციები შეგხვდებათ, ზოგგან მაგიდები ჭერზე იქნება დაკიდებული, ზოგგან მულტფილმების გმირები გადაგიფრენენ თავზე. თუ გინდათ, რომ ბუდაპეშტის ღამის ცხოვრებას გემო გაუგოთ, აქაც მოგიწევთ საღამოს გატარება.   
მთლიან სივრეში ე.წ. დეპოზიტური გადახდა მოქმედებს. ანუ პლასტმასის ერთჯერადი ჭიქების გამოყენების სანაცვლოდ, მრავალჯერად დაბრენდილ ჭიქებში გისხამენ სასმელს. პირველი გადახდისას დაახლოებით 300 ფორინტით მეტს იხდით, მაგრამ ბარიდან გამოსვლამდე შეგიძლიათ ჭიქა ჩააბაროთ და დეპოზიტად გადახდილი 300 ფორინტი უკან დაიბრუნოთ. თუმცა თუ ჭიქის სუვენირად წამოღება მოგინდებათ, არც ესაა პრობლემა. უბრალოდ თქვენ მიერ წინასწარ გადახდილი 300 ფორინტი ბარის სალაროში დარჩება.




მისამართი: Kazinczy u. 48
სამუშაო საათები: 5PM – 2AM
Ellátó Kert იგივე კონცეფციის ბარია, ოღონდ აქ ცოტა მექსიკური სტილიც გამოურიეს აქაური ტაკერიას წყალობით. აქაც ოთახიდან ოთახში მოგიწევთ სიარული ყველაფრის დასათვალიერებლად. შეგხვდებათ ნაირ-ნაირი გრაფიტებით აჭრელებული კედლები, თოკზე გაბმული ნათურები, ძველი ავეჯი, მინგრეული ინტერიერი. შეგიძლიათ ითამაშოთ ბილიარდი და მაგიდის ფეხბურთი. აქ ყველაფერი ფერადია, უფრო ფერადი ვიდრე სხვა დანგრეულ ბარებში, ალბათ ესეც მექსიკური ტაკერიას გამო. ისეთი დიდი ვერაა, როგორც ზემოთ ნახსენები ბარები, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ დანგრეულ ბარებზე შეყავრებული ტურისტები თუ ადგილობრივები არ შეიტყუოს.
P.S. ამბობენ, აქ აუცილბელად Pinky უნდა დალიოო, ვარდისფერი გრეიფრუტის არაყია.

მისამართი:  Akácfa u. 47
სამუშაო საათები:  11AM – 1AM
Mazel Tov დანგრეული ბარების სიას ეკუთვნის, მაგრამ აქ დანგრეულს და ვინტაჟურს ვერაფერს ნახავათ. აქაურობა ბევრად ელეგანტური და დახვეწილია. ბარი დღისითაც ღიაა და რესტორნის ფუნქციასაც ითავსებს. მენიუში ებრაულ კერძებს შემოგთავაზებენ, ინტერიერში კი დახვეწილობას და სისადავეს. მე აქ დილით მივედი, ჯერ კიდევ საუზმისთვის რომ იყო ჩემი ტვინი მომართული და გემრიელი ყავაც დავლიე. თუმცა, როგორც ჩანს, საღამოს აქაურობა ხალხით ივსება. ხალხს კი ნაირ-ნაირი ივენთებით ანებივრებენო. 



ჩამოთვლილი ბარები ჩემი თვალით ვნახე და გულიანადაც დავათვალიერე. ამათ გარდა ბუდაპეშტში კიდევ ბევრი დანგრეული ბარია. მაგალითად Anker’t (Paulay Ede u. 33), Doboz (Klauzál u. 10), Grandio (Nagy Diófa u. 8) და სხვ. ალბათ ბუდაპეშტში ცალკე მოგზაურობა უნდა დაგეგმო თითოეული ბარის სანახავად და მათი ისტორიების წასაკითხად, რასაც სიამოვნებით გავაკეთებდი. დანგრეულ ბარებში შესვლა უფასოა, სასმელი კი ძვირი ნამდვილად არ ღირს,
ბარებზე კიდევ ბევრის დაწერა მინდა, მაგრამ ბუდაპეშტზე დასაწერი ვრცელი პოსტისთვის შემოვინახავ. თქვენ კი ბუდაპეშტიდან ისე არ წამოხვიდეთ, რომელიმე დანგრეულ ბარში რომ არ შეირბინოთ.


Instagram: Mako__go 

Share this:

CONVERSATION