image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

არეცო


არეცოზე პირველად მაშინ გავიგე, იტალიურის ლექციებზე არეცოელი ბიჭი რომ შემოვიდა ლექტორად. ქალაქზე ბევრი არაფერი უთქვამს. ერთადერთი ის გვითხრა, ტოსკანაში, ფლორენციასთან ახლოს გავიზარდეო.
რამდენიმე წლის შემდეგ იტალიაში ყოფნისას იმდენჯერ ახსენეს არეცო, ერთ უსაქმურ შაბათ დღეს მატარებელში ჩავჯექი და ორ საათში არეცოს სადგურზე აღმოვჩნდი.

არეცო, ტოსკანა, იტალია
მატარებლის სადგურიდან გავედი თუ არა, მარჯვნივ საინფორმაციო ცენტრი ვიპოვნე. თანამშრომელს რუკა ვთხოვე და ქალაქის ცენტრში მისასვლელი გზა ვკითხე. გვიდო მონაკოს ქუჩისკენ მიმითითა. აღმოჩნდა, რომ სულ პირდაპირ უნდა მევლო და ძალიან ძალიან მალე ქალაქის მთავარ მოედანზე ვიქნებოდი.  რუკა ავიღე და ცენტრის გზას დავადექი.
გვერდი ჩავუარე პეტრარქას თეატრს, რამდენიმე ეკლესიას და ერთი-ორ მუზეუმს. სან ფრანჩესკოს მოედანზე მისულმა მარცხნივ გადავუხვიე. ჯერ ქალაქის დასავლეთ ნაწილს დავათვალიერებდი.   
არეცო ერთერთია იმ თორმეტი ეტრუსკული ქალაქიდან, რომლებიც ძალიან ბევრი წლის წინ ცენტრალურ იტალიაში ეტრუსკულ ენასა და კულტურას იზიარებდნენ. ტოსკანაში მოსახლეობის რაოდენობით მეოთხე ქალაქია და ძალიან საინტერესო ისტორია და ტრადიციები აქვს. ფლორენციიდან დაახლოებით 80 კილომეტრითაა დაშორებული. რეგიონალური მატარებელი ამ მანძილის გავლას საათნახევარს ანდომებს და ბილეთის ფასი ცხრა ევრომდეა.

არეცო, ტოსკანა, იტალია
ჩემს ვიზიტს აგვისტოს ბოლო დღეები დაემთხვა. ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ქალაქში ხალხი თითქმის არ მოძრაობდა. ტურისტებიც კი არ დასეირნობდნენ. არ ვიცი მოღრუბლული ცის ბრალი იყო თუ შაბათი დილის, მაგრამ მე ასეთი არეცო უზომოდ მომეწონა.  ქალაქის ამ ნაწილში ბევრი ეკლესია და სასახლე შემხვდა. ყველგან შევედი-მეთქი რომ გითხრათ, მოგატყუებთ. აქაურმა ქუჩებმა უფრო მომაჯადოვა. რამდენიმე საათით ჩასული ტურისტისთვის მთავარი აქაური არქიტექტურული სილამაზე და ტოსკანასთვის დამახასიათებელი სიმშვიდეა. თითქოს ყველა ქუჩა ერთნაირია, მაგრამ სულაც არ გბეზრდება სიარული. 
არეცოს დიდი ისტორია და კულტურული მნიშვნელობა აქვს  იტალიისთვის, რაც წყნარ და ვიწრო ქუჩებში ხეტიალისას მშვენივრად იგრძნობა. ქალაქის ჩრდილოეთით აშენებული კათედრალი დაკეტილი დამხვდა. სხვა რა გზა მქონდა, ექსტერიერის დათვალიერებით შემოვიფარგლე. ცოტა შევისვენე კიდეც. კათედრალის უკან დიდი პარკიც ვიპოვნე. აქვეა მედიჩების ციხე-სიმაგრე. მშვენიერი დაგეგმარება უნდა ქონდეს ამ ქალაქს. 

არეცო, ტოსკანა, იტალია
კათედრალიდან ქვემოთ დავეშვი და ცენტრალური მოედნისკენ წავედი. ეს პიაცა გრანდეა. მოედანზე ცნობილი იტალიელი არქიტექტორების მიერ აშენებული რამდენიმე მნიშვნელოვანი სასახლეა. ყველა მათგანს განსხვავებული ფორმა აქვს, მაგრამ ძალიან უხდებიან ერთმანეთს. ჯერ სანამ სასახლეების ისტორიას შესწავლას შევუდგებოდი, თაღებიანი ლოჯას წინ, ღია კაფეში მოვკალათღი და ჩემთვის საყვარელი შოკოლადის კრუასანი და ყავა შევუკვეთე. თან წვიმას აპირებდა. მე კი წვიმაში სიარული ძალიან არ მიყვარს. ამასობაში მომდევნო რამდენიმე საათის გეგმა შევიმუშავე. აქაურ სასახლეებს ჩამოვუვლიდი, სანტა მარიას ეკლესიას ვნახავდი, კორსო იტალიას დავუყვებოდი და რომაულ ამფითეატრთან მივიდოდი. 

არეცო, ტოსკანა, იტალია
დრო საკმაოდ ბევრი მქონდა. პიაცა გრანდეს ზემოდან დავყურებდი და ბენინის „ცხოვრება მშვენიერია“-ს კადრებს ვიხსენებდი. ხო, ეს ფილმი სწორედ აქაა გადაღებული, ამ უცნაური გეომეტრიული ფორმის მოედანზე, სადაც წელიწადში ორჯერ არეცოს ტრადიციულ დღესასწაული Giostra del Sarancino იმართება ხოლმე. ჯოსტრა შეიარაღებული ცხენოსნების შეჯიბრია, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს. მასში ქალაქის ოთხი უბანი მონაწილეობს. თითოეულ უბანს ორი ცხენოსანი ჰყავს. ასე რომ, თუ ტოსკანაში აღმოჩნდებით ივნისის მესამე შაბათს ან სექტემბრის პირველ კვირას, შეგიძლიათ არეცოს ესტუმროთ და ამ დღესასწაულის მონაწილე გახდეთ. შეჯიბრი ისტორიული მსვევლობით იწყება, რომელშიც შუასაუკუნეების კოსტიუმებში გამოწყობილი მონაწილეები დოლის ბაგაბუგითა და დროშების ფრიალით არეცოს ქვის კედლებში დასეირნობენ. ისტორიული მსვევლობის დასრულებისას ყველა ცენტრალურ მოედანზე იკრიბება და ნამდვილი შეჯიბრი იწყება. მოედნის ცენტრში ბურატო დგას, ჩვენს ენაზე შეგვიძლია თოჯინა ვუწოდოთ. ცხენოსნების მოვალეობა ბურატოსთვის შუბი სროლაა. ვინც ყველაზე ყოჩაღი იქნება, ის გაიმარჯვებს და ქალაქი დიდ ჟრიამულს მიეცემა.
მოსაყოლად არაფრისმთქმელი ზღაპარივით ჟღერს, სანახავად კი ბევრისმთქმელი ნამდვილი ზღაპარია. არეცო არ არის ასეთი ტრადიციებით გაჟღენთილი ერთადერთი ქალაქი. იტალიის ძალიან ბევრ ქალაქს აქვს ასეთი სახალხო დღესასწაული.

არეცო, ტოსკანა, იტალია
აღმოჩნდა, რომ არეცო სანახავად ულამაზესია, მაგრამ განსაკუთრებულს არ უნდა ელოდე. აქაური ქუჩების სილამაზე უკვე განსაკუთრებულობაა. მე იმდენად მომეწონა ეს ქალაქი, რომ ზედმეტად კმაყოფილი ვიყავი ჩემი არჩევნით. კორსო იტალიაზე მეტი სიცოცხლე იგრძნობოდა. მაღაზიები და ბარებიც ბლომად იყო. სადგურისკენ მიმავალ გზაზე ქალაქს სულ უფროდაუფრო აკლდებოდა ძველებური ხიბლი, მაგრამ თვალები იმდენად სავსე მქონდა არეცოული სილამაზეებით, რომ აღარაფერზე ვდარდობდი.
გზაში ალუბლის გრანიტა ვიყიდე. სადგურზე დომენიკო მელოდა. დომენიკო ბლაბლაქარზე ვიპოვნე და პერუჯაში ერთად წასვლაზე შევთანხმიდთ. ბლაბლაქარი მოწყენილობის ძალიან მაგარი წამალია. გზაში ბევრი საინტერესო ამბავი მომიყვა. პერუჯაში სახლთან ახლოს დამტოვა და გამაფრთხილა, ამ ტერიტორიაზე კიდევ თუ დაბრუნდები, მაშინვე მომწერეო. არეცოში ამის მერე აღარ ჩავსულვარ.

არეცო, ტოსკანა, იტალია
Instagram: Mako__go

Share this:

CONVERSATION