image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

ტრიესტე


ტრენტოდან საღამოს ათ საათზე ფლიქსს გავყევი, კიარა როვერეტოში ამოვიდა. რამდენიმე საათი ვერონაში გავჩერდით, არენას წინ კიბეებზე ვისხედით, გრომის ნაყინებს ვჭამდით სტრაჩატელას არომატით და მომავალ დღეებზე ვფიქრობდით. 8 ივნისი იყო. უკან კი 21-ში ვბრუნდებოდით. ავტობუსის ბილეთი მხოლოდ ტრიესტემდე გვქონდა ნაყიდი. ჰოსტელი კი პირანში, სლოვენიაში გვქონდა დაჯავშნილი, ისიც ორი ღამით. დანარჩენი დღეები სად წავიდოდით არავინ იცოდა. ამაზე კიარამ დამიყოლია. ამჯერად სიების გარეშე ვიმოგზაუროთ, რა იცი სად რა მოგვეწონოს და გაჩერება მოგვინდესო. მე თვითონაც მიკვირს, მაგრამ დავთანხმდი. ტრიესტედან მონტენეგრომდე ზღვის ნაპირს უნდა გავყოლოდით სლოვენიისა და ხორვატიის გავლით. ხორვატიის გზამკვლევებმა გზის გაკვალვის გარდა ყველაფერი მოახერხეს. იმდენ საოცარ ადგილზე წერდნენ, წინასწარ შერჩევა შეუძლებელი იყო. გზამკვლევი მაინც გავიყოლეთ, გამოუვალ მდგომარეობაში დაგვეხმარებოდა.
კიარამ მოახერხა და იმაშიც დამიყოლია, რომ  ცხოვრებაში პირველად ზურგჩანთით  მემოგზაურა. დიდი ზურგჩანთები ჯერ კიდევ სკოლაში შემძულდა, საქართველოში საგანმანათლებლო რეფორმები რომ გაატარეს და რამდენიმეკილოიანი წიგნები დაბეჭდეს. ბავშვობის ჩემებური სტრესი კიარასა და იქაური მეგობრებისთვის სულელურად გაჟღერდებოდა და არც მიცდია ახსნა. ჩემს პატარა წითელ ჩემოდანს ყველამ არასაკადრისად შეხედა, ასეთ დაუგეგმავ ტურში ჩემოდნით ნუ წახვალ, რა იცი  სად მოგიწიოს გაჩერება, ბორბლებიან ჩემოდანს ყველგან ვერ აგორავებო. კიარამ დიდი ზურგჩანთა მომიტანა სამოგზაუროდ წასაღები ნივთების სიის სანაცვლოდ. სხვა გზა არ მქონდა. მთელი დღე ბარგის ჩალაგებას დავახარჯე, საღამოს კი უკვე ვნანობდი ზურგზე მოკიდებულმა მინიმუმ ათმა კილომ ყველაფერი რომ ამატკია. კომფორტის ზონიდან გამოსვლის დადებით მხარეებზე იფიქრეო, ამ დროს ამბობენ ხოლმე. მეც ვფიქრობდი, ოღონდ სახლში დატოვებულ გორგოლაჭებიან ჩემოდანზე, აქედან უკვე შორს, ბუზას 6 ნომერში სრულიად უმოქმედოდ რომ იდო. ასე გახდა კიარას ზურგჩანთა ჩემი ორკვირიანი ტურის მეგზური. მერე ბევრს ვიცინოდი, ყოველდღე ახალ ჯიბეს რომ ვპოულობდი ამ არც თუ ისე გიგანტ ზურგჩანთაზე და ნებისმიერ ნივთს რომ ვატევდი ამ ახლად აღმოჩენილ ჯიბეებში.


დილის შვიდზე ტრიესტეში ვიყავით. სადგურზე ბარგის ჩასაბარებელი პუნქტი დაკეტილი იყო. გუგლმა ავტობუსების სადგურისკენ წაგვიყვანა. აქ მომუშავე ქალმა ცოტა იყოყმანა, მაგრამ მაინც დავითანხმეთ და საღამოს შვიდ საათამდე დავტოვეთ ბარგი სულ რაღაც 5 ევროდ.  მერე კი პირველივე კაფეში შევცვივდით. საშინელი კაფე იყო, მაგრამ გემრიელი ყავა ჰქონდათ. ჯერ მთელ ქალაქს ეძინა.  მარჯვნივ ზღვა მოჩანდა, ზედმეტად მშვიდი.
სანამ ქალაქი გაიღვიძებდა ზღვის ნაპირას გავედით. მზე უკვე ამოსული იყო და ცუდად გამოძინებულ სხეულებზე მხურვალე სხივებს გვარჭობდა. წინ მთელი დღე გვქონდა და არცერთი გეგმა. აფორიაქებული ვიყავი, ასე მოგზაურობა ხომ არასოდეს მყვარებია?! კიარა მამშვიდებდა, 9 საათზე საინფორმაციო ჯიხური გაიღება, რუკას ავიღებთ და მთელ ქალაქს მოვივლითო. 9 საათამდე კი იქ ვისხედით. ტრენტოდან წაღებულ მწვანე ვაშლს ვჭამდით, ამ პატარა ქალაქისთვის შეუფერებელ უზარმაზარ კრუიზს ვუყურებდით და ვინ იცის რამდენ რამეზე ვლაპარაკობდით. კიარა მექსიკაში ნანახ კრუიზებზე მიყვებოდა. მეც წარმოვიდგენდი, როგორ შეესეოდა კრუიზიდან ჩამოსული ათასობით ტურისტი მექსიკის ქუჩებს და დაეწაფებოდა ცხოვრებაში არასოდეს ნანახ ამდენ ანანასსა და ქოქოსს. მაგრამ მოდით ტრიესტეს დავუბრუნდეთ.


ტრიესტე ჩრდილოეთ იტალიის მთავარი საპორტო ქალაქია. სლოვენიიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული და ადრიატიკის ზღვის სანაპიროზეა გაწოლილი. ფრიული ვენეცია ჯულიას მთავარი ქალაქია და აქ ჩამოსულ ყველა ადამიანს უზომოდ მოსწონს. მეც ცოტა გადაჭარბებული მოლოდინები მქონდა. ნეტა მოლოდინების არშექმნა შემეძლოს ხოლმე. ასე ხომ ყველაფერი ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება.
საინფორმაციო ჯიხურის გახსნამდე მე და კიარამ პორტისკენ ავისეირნეთ. მერე კი მთავარ მოედანზე დავბრუნდით. ყველა ქალაქს სადაც ზღვაა თავისებური სიკარგე დაყვება. Piazza Unità d'Italia ტრიესტეს მთავარი მოედანია და ევროპის უდიდესი მოედნების სიას მიეკუთვნება. მოედანს სამი მხრიდან ქალაქის მნიშვნელოვანი სასახლეები აკრავს. მოედნის შუაგულში ბაროკოს სტილის ოთხი კონტინენტის შადრევანია. მოედანზე ბევრი კაფეა და სანამ თვითონ ქალაქზე ვილაპარაკებთ, მოდით ტრიესტეს ყავაზე გავჩერდეთ.
ეს ქალაქი ცნობილია უძველესი და ისტორიული კაფეებით. ბევრ გზამკვლევში ტრიესტეზე საუბარი ყავაზე საუბრით იწყება. გვიყვებიან თუ რა სიხშირით სტუმრობდნენ აქაურობას სტენდალი, ჯოისი, ზვევო და სხვა გამოჩენილი ადამიანები, ვინ სად მიირთმევდა ამ სასწაულსურნელოვან სასმელს და ვინ როგორ მოიხსენიებდა სასურველ ყავას. ტრიესტელებმა ისიც კი მოახერხეს, რომ ყავის თითოეულ სახეობას სახელი შეუცვალეს. ასე გახდა ესპრესო ‘ნერო’, მაკიატო კი -  ‘კაპო’. ასე რომ, ყავის შერჩევისას გირჩევთ ყურადღებით იყოთ.
რადგანაც ყავაზე ვსაუბრობთ, აქვე გეტყვით ისტორიული კაფეების სახელებს. ყველა მათგანი ქალაქის ცენტრშია და ტრიესტეში სეირნობისას სასურველია ერთ მათგანს მაინც ესტუმროთ.
Caffè Tommaseo (Piazza Tommaseo 4/c) Piazza Unità d'Italia
Caffè San Marco (Via Battisti 18 )
Caffè degli Specchi (Piazza Unità d’Italia 7)
Caffè Tergesteo (Piazza della Borsa, 15)
Caffè Stella Polare (Via Dante Alighieri 14)
Caffè Torinese (Corso Italia 2)
Caffè Pasticceria Pirona (Largo della Barriera Vecchia 12)
ჩვენ ტრიესტეს ტური Castello di San Giusto-დან დავიწყეთ. ცოტა აღმართებზე მოგვიწია სიარული, მაგრამ სამოგზაუროდ წამოსულებს სიარულის მეტი არაფერი გვევალებოდა. ე. წ. სან ჯუსტოს გორის მონუმენტები რომაული ეპოქიდან და შუასაუკუნეებიდან იწყებენ ათვლას.  აქ არის ტრიესტეს კათედრალი და რამდენიმე მუზეუმიც. უკან დაბრუნებისას სხვა გზას დავადექით. გზა რომაულ თეატრთან მიგვიყვანდა. თან ტურისტების გუნდს ავედევნეთ და გიდის მოყოლილ ისტორიებს ჩვენც დიდი სიამოვნებით ვისმენდით. ქვემოთ დაბრუნებულებს ქალაქი გაღვიძებული დაგვხვდა, გაღვიძებულზე მეტიც. თურმე წელიწადში ხუთჯერ ბარბაკანის მოედანზე და ახლო ქუჩებზე ღია ბაზრობა იმართება, სადაც გამოდიან ე.წ. სტარტაპები და თავიანთ პროდუქციას აცნობენ ტრიესტეში მოსეირნე ადგილობრივებსა თუ ტურისტებს.


სადილისას Barbacan Produce-ის რუკაც ვიპოვნეთ. სადილის შემდეგ Arco di Riccardo-დან ქვემოთ დავეშვებოდით და მთელ ამ ტერიტორიას მოვივლიდით. შემთხვევით ჩვენს ტრენტოელ თანამშრომელსაც გადავეყარეთ. მოულოდნელად შეხვედრის ეიფორიამ რომ გადაგვიარა, გვითხრა მირამარეს სასახლეში მივდივარ და აუცილებლად წამოდითო.
მირამარეში წასვლამდე კიარას ვუთხარი, რომ გუგლში ნაპოვნი ტრამვაის ნახვა მინდოდა. რუკას გავუყევით, მაგრამ ადგილზე მისულებმა აღმოვაჩინეთ,  რომ ლიანდაგი შუა გზაზე წყდებოდა. თამბაქოს მაღაზიაში ტრამვაის მოსვლის დრო ვიკითხე. აქ მომუშავე კაცს გაეცინა, წლებია ტრამავაი აღარ დადისო.
სანაცვლოდ ავტობუსის ბილეთი ვიყიდეთ და მირამარეს სასახლეში წავედით. ბილეთს კვირაობით ოთხი საათი აქვს ვადაო. ასეთი რამ იტალიის არცერთ ქალაქში არ მინახავს. ჩვენთვის უკეთესი. ოთხი საათი მაინც ვერ გავჩერდებოდით მირამარეში. გზად ტრიესტეს პლაჟი გავიარეთ. სიტყვა პლაჟი ცოტა გადაჭარბებულია. ზღვის სანაპირო ზოლი მთლიანად ბეტონის კედლებს ეჯახება. წყალში ჩასვლა აუზში ჩახტომას ჰგავს, განსაკუთრებით მაშინ, იქიდან კიბეებით რომ ამოდიხარ. კილომეტრებზე გადაჭიმული პლაჟი სავსე იყო დამსვენებლებით. ზაფხული, სიცხე, მზე, ზღვა, იტალია და კვირა დღე. დამატებითი მიზეზი არავის სჭრდებოდა ბეტონის ამ სანაპიროზე ცარიელი ადგილის მოსაძებნად.


მირამარეს სასახლემდე ავტობუსით მივედით. სასახლე მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში აუშენებიათ. ტრიესტეს ყურეს გადაჰყურებს და ულამაზესი პანორამებით იწონებს თავს. დღეს მირამარე მუზეუმია და იმ ავეჯსა და ისტორიას ინახავს, რომელიც მაშინდელი იმპერატორებისა და ჰერცოგების საკუთრებას წარმოადგენდა. სასახლის სტუმრობა, რა თქმა უნდა, ფასიანია. ჩვენ ისეთი დაღლილები ვიყავით, სასახლის ბაღში წამოკოტრიალება და დასვენება ვარჩიეთ. ზღვის ნაპირას გაშენებული ბაღი მწვანეშია ჩაფლული და ლამაზ-ლამაზი შადრევნებითა და უცნაური ფორმის მცენარეებითაა სავსე. იქვე გაწოლილი ზღვა სასწაულად უხდება მირამარეს მთლიან სილამაზეს. ზღვის ეს ნაწილი დაცული კურორტია და წყალში ჩასვლა არ შეიძლება. მწვანეში ჩაფსული მირამარეს თეთრი სასახლე ტრიესტეს გამორჩეული სილამაზეა და არ დაიზაროთ ქალაქის ცენტრიდან 8 კილომეტრის გავლა მის სანახავად.
მირამარედან ცენტრში დაბრუნებისას ცოტა პლაჟზე ვისეირნეთ. ბარბაკანის მოედანზე ისევ ხალხი ირეოდა. აპერიტივის დრო იყო. ჩვენც თეთრი ღვინო გვესაჭიროებოდა. თავისუფალი მაგიდა მხოლოდ Bar Arc’OR-ში ვიპოვნეთ. ღვინოს პატარა პიცებიც მოყვა. აქ კიარას ვუთხარი, რომ ტრიესტემ ცოტა იმედები გამიცრუა. სხვები ბევრად კარგად ახასიათებენ ხოლმე ამ ქალაქს. კიარაც იგივეს ფიქრობდა. მაგრამ მაინც კმაყოფილები ვიყავით აქაურობის ნახვით.


უკვე სადგურისკენ მივდიოდით იტალიელმა ედოარდომ რომ მომწერა, მეგობრებთან ერთად ქალაქის გარეუბანში ვარ და თუ მოვასწარი აუცილებლად გნახავო. სიამოვნებით-მეთქი. თან გონებადაძაბული იმაზე ვფიქრობდი, თუ სად ან როდის გავიცანი ტრიესტელი ედოარდო. სამწუხაროდ დღემდე ვერ გამიხსენებია ამ ამბის დასაწყისი და კიდევ უფრო სამწუხაროდ იმ საღამოს შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. დრო აღარ გვქონდა, ავტობუსი გველოდებოდა.   
დატოვებული ბარგი ავიღეთ და სანაპიროზე გავედით. მზე ჩაიდოდა. მთლიანი ცა სტაფილოსფერი იყო. ზღვა ისევ ისეთი მშვიდი, როგორც დილას, ჯერ კიდევ მთელ ქალაქს რომ ეძინა. დილით ჩამომდგარი კრუიზი მიდიოდა, ღმერთმა იცის სად. მე და კიარა ერთ საათში სლოვენიაში წავიდოდით იქაურ ზღვისპირა ქალაქებში სანეტაროდ. დაუგეგმავი, მოუწესრიგებელი მოგზაურობის მეორე დღე იწყებოდა ამჯერად იტალიის საზღვრებს მიღმა.
  

Instagram: Mako__go 

Share this:

CONVERSATION