image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

ბრაიესის ტბა


გასულ ზამთრის ერთ საღამოს, ტრენტოში ძალიან რომ ციოდა და ხანდახან წამოთოვდა ხოლმე, ჩემი სახლის მისაღებ ოთახში ვიჯექი და სახლში მონარნარე სითბოთი ვტკბებოდი. იმ საღამოს სიცილიელმა სალვატორემ ტრენტოელ მეგობრებს სურათები გამოგვიგზავნა, თოვლით გადავსებულ და სულ გადათეთრებულ ტბაზე ვარ სამხრეთ ტიროლში და გაყინულ წყალზე ვსეირნობო.
ფოტოები ბევრჯერ დავათვალიერე, მერე უთოვლო ბრაიესის ფოტოები დავგუგლე, გავგიჟი, გადავირიე და ჩემ თავს შევპირდი აქ აუცილებლად წაგიყვან-მეთქი.


ბრაიესის ტბა ჩრდილოეთ იტალიაში, ტრენტინო-ალტო ადიჯეს ავტონომიურ რეგიონში მდებარეობს. აქაურობა ულამაზესი ტბებისა და მთების სამფლობელოა და ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ ბრაიესის ტბა თავისი არნახული სილამაზითა და მაგიური ფერებით ნომერ პირველია. ტბა ძალიან პატარაა, სიგრძეში ერთი კილომეტრი, სიგანეში კი 300-400 მეტრია. ტბის ირგვლივ მუქი მწვანე ნაძვნარი და ცამდე ასული მონაცრისფრო-მოთეთრო ცივი მთებია. ყველა ფოტოში წყალი ისე სასწაულად ირეკლავდა მის თავზე ბრზილა ფერებს, ყველაფერი ფოტოების დამამუშავებელ პროგრამებს და აპლიკაციებს მივაწერე. ბრაიესის ხსენებაზე ყველა თავს მიქნევდა კი, ძალიან ლამაზიაო, მაგრამ მეგზურობაზე ვერავინ დავიყოლიე. ზამთარში ყველამ მტკიცე უარი მითხრა, იქნებ ზაფხულში წავსულიყავითო. ზაფხულში კი არწამოსასვლელი მიზეზები არავის გამოლევია. პერიოდულად ბრაიესის ფოტოებს რომ შევავლებდი ხოლმე თვალს, ჩემ თავს ვეკითხებოდი, რანაირად შეიძლება უარი თქვა ამ სულისშემძვრელ სილამაზეზე. როცა მარტო წასვლა გადავწყვიტე, გადაუღებელი წვიმები დაიწყო. ყოველ თავისუფალ დილას მოღრუბლული ცის შემყურე ჩემ თავს ვეუბნებოდი, არ გაპატიებ ბრაიესის ნახვის გარეშე საქართველოში დაბრუნებას-მეთქი.


ტრენტოს დატოვებამდე ერთი კვირით ადრე თათო ჩამოვიდა თბილისიდან. ჩამოსვლამდე ვუთხარი, ხუთშაბათს საიდუმლო ადგილას წაგიყვან, მთავარია წამომყვე-მეთქი. თათო კარგად მიცნობს. იცოდა კარგად დათვლილ დღეებს და საათებს უაზროდ რომ არ გავიყვანდი და მაშინვე დამთანხმდა, თანაც ინტერესით კვდებოდა, ასეთი რა არის ოცნებად რომ გადაგქცევიაო.
წასვლამდე ორი დღით ადრე ტბის სახელი ვუთხარი. უნდა შემემზადებინა, რომ ტრენტოდან დაახლოებით 150 კილომეტრში მიმყავდა. ტბამდე მისასვლელად ორი მატარებელი და ერთი ავტობუსი უნდა გამოგვეცვალა. ტრენტოში დასაბრუნებლად იგივე გზა უნდა გამოგვევლო და რაც მთავარია ეს ყველაფერი მაქსიმუმ საღამოს ექვს საათამდე უნდა მოგვესწრო. შვიდზე ფოსტის ბარში თანამშრომლები მელოდებოდნენ, გამოსამშვიდობებელი აპერიტივი იყო დაგეგმილი.


დილით ადრე გავიღვიძეთ და სადგურზე გავქანდით. მატარებელი ჩრდილოეთით, ავსტრიის საზღვრისკენ მიჩაქჩაქებდა. უძილობა გვაწუხებდა, წინა დღის დაღლილობაც და დილის შიმშილიც. პირველი მატარებელი ფორტეცაში გამოვიცვალეთ და გზა დასავლეთით განვაგრძეთ. ვილაბასასკენ მიმავალ მატარებელში ცოტა გამოვფხიზლდით. მატარებელი ულამაზეს ხეობაში მიდიოდა. სიმწვანეში ჩაფლულ სამხრეთ ტიროლში.
ვილაბასადან რამდენიმე წუთის სავალზე ამ პატარა დასახლების მთავარ მოედანზე გავედით და ავტობუსს დაველოდეთ. ეს ამ დილისთვის ბოლო ტრანსპორტი იყო. თათოს უკვე გამოვლილი და ჯერ კიდევ გასავლელი გზა რომ ახსენდებოდა, ცოტა ხასიათი ეცვლებოდა, მაგრამ ირგვლივ იტალიურ-ავსტირული სილამაზის ნარევს რომ უყურებდა, ხასიათი თავის ადგილს უბრუნდებოდა. ავტობუსმა გაიარა პატარა სოფლები, მწვანე მდელოები, ტყეებს შორის მოასფალტებული გაკრიალებული გზები, ყვავილებით გალამაზებული სახლების აივნები, ათასნაირი ფორმის მთები, ჩამოიტოვა ცაზე აქა-იქ მოფარფატე თეთრი ღრუბლები და ბრაიესის ხეობაში შევიდა.


ავტობუსიდან ჩამოვედით. ირგვლივ მთები გვაკრავდა, სხვანაირი მთები. გრილოდა, ჰაერი იგრძნობოდა, სუფთა და სასიამოვნო. წინ ტურისტებით სავსე პატარა რესტორანი და რამდენიმესართულიანი სასტუმრო იდგა. ტბის ძალიან პატარა ნაწილი ჩანდა. რესტორანსა და სასტუმროს შორის გავძვერით და ის კადრი გამოჩნდა, ფოტოებზე რომ ვუყურებდი ხოლმე. იმდენად სასიამოვნო კმაყოფილებამ დამიარა, ფეხს შევუნელე.
ტბის პირას სანამ ჩავიდოდით, ხის მოაჯირთან გავშეშდით. თვალები აგვიჭრელდა. ერთმანეთს ვებუტბუტებოდით. ორივე ერთსა და იმავეს ვიმეორებდით ‘ღმერთო, რა სილამაზეა!’
მივხვდი, რომ მგზავრობით იმდენად დაღლილი ვიყავი, თავში რაღაც კლანჭებივით მერჭობოდა და თვალებს ძალას ართმევდა. თათოს ვუთხარი ყავა თუ არ დავლიე, არაფერი გამოვა-მეთქი. რესტორნისკენ გავბრუნდით. იქ სოსისების, კარტოფილის, პიცების, იტალიურ-ავსტრიული  სამზარეულოს სუნი ტრიალებდა. ყავაზე ფიქრი, სოსისებზე ფიქრმა ჩაანაცვლა. ავიღეთ შეკვეთილი სასმუსნაოები და ტბის პირას მოვკალათდით. ერთმანეთს ვეკითხებოდით მთებზე ალაგ-ალაგ თეთრად რომ მოჩანს ნეტა რა არისო. თოვლს ჰგავდა, მაგრამ ივლისში ზღვის დონიდან 1500 მეტრზე თოვლი ვერ იქნებოდა. უკან წასასვლელი ტრანსპორტის განრიგს გადავხედეთ. მხოლოდ ორი საათი შეგვეძლო გაჩერება. გვეცოტავა, მაგრამ ვიცოდით, დროს ვერ გავაჩერებდით.


ტბის ირგვლის გამეფებულ სილამაზეზე უკვე მოგიყევით, მაგრამ ცოტას კიდევ დავამატებ. წყალში ხის პატარა ქოხია. გეგონება, ეს ქოხი ბუნებამ თავისი ხელით ააშენა და ტბაში მოათავსაო. მაღალ ფეხებზე შემომდგარი ქოხის ძირას პატარა ნავებია. ქოხზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვალ, თუ ნავის ქირაობა გინდა. ერთი საათის ფასი 28 ევროა და ეს მხოლოდ ივნისიდან სექტემბრამდეა შესაძლებელი. წელიწადის დანარჩენ დროს ძალიან ცივა, ირგვლივ თოვლია, წყალზე კი - ყინული. ტბის წყალი ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებშიც კი ძალიან ცივია. წყალში შესვლა შეიძლება, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წყლის გამყინავი სიცივის ატანა შეგიძლიათ.
მე და თათომ ტბის სანაპიროზე ვისეირნეთ. ტურისტების უმრავლესობა, ჩვენგან განსხვავებით, სპორტული ფეხსაცმლითა და სალაშქრო აღჭურვილობით მომარაგებული დადიოდა. ტბის ირგვლის ბევრი სალაშქრო ბილიკია. ზოგი ტბის ულამაზეს ხედებამდე მიგიყვანთ, ზოგიც დოლომიტებში დაგკარგავთ. მთავარია, დრო გქონდეთ და ბუნება გიყვარდეთ. დროის ქონა სამწუხაროდ ხანდახან რთულია. აი ბუნების სიყვარული კი თავისით მოდის. რანაირად შეიძლება ასეთ პეიზაჟს უყურო და ბუნებას არ უმადლოდე ამ ყველაფრის შექმნისთვის, ცხოვრებას კი ასეთი წუთების ჩუქებისთვის?!


ძალიან ბევრი ვიმაიმუნეთ, აღფრთოვანებით სავსეებმა ერთმანეთს ემოციები გავუზიარეთ და თან წაღებული კამერები დავღალეთ. ჩვენი ორი საათი რომ მიიწურა, ავტობუსის გაჩერებაზე დავბრუნდით. ტურისტებით სავსე ავტობუსში მძღოლის გვერდით დავიკავეთ ადგილი. იგივე გზა უნდა გაგვევლო. ავტობუსის წინა საქარე მინიდან ფართო ხედები იშლებოდა. წეღან ნანახი პეიზაჟები თითქოს ახლა უფრო ლამაზი იყო. მძღოლს ვუთხარით, რომ ფეხის მომცვლელები არ ვიყავით აქედან სანამ მატარებლის სადგურამდე არ მიგვიყვანდა. ძალიან კმაყოფილ და დაღლილობაგადავლილ თათოს უკვირდა, ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ ავტობუსში ეს საპრეზიდენტო ადგილი რაღანაირად გვერგოო. ფორტეცაში მატარებლის სადგურზე დახუთული ცხელი ჰაერი გვეცა და აშკარად არ გვესიამოვნა. ბრაიესის სიგრილე და სასიამოვნო ჰაერი ვინატრეთ. სახლში დაბრუნებულებმა დაღლილობა დავივიწყეთ. თანამშრომლებთან აპერიტივზე მისული კანში ვერ ვეტეოდი, სანატრელ ბრაიესის ტბას ვეწვიე-მეთქი. აპერიტივის შემდეგ მე და თათო კიარასთან ერთად ტრენტინოს ტრადიციულ რესტორანში წავედით და ნატვრების ახდენის სიკარგეს ერთი-ორი ყლუპი ლაგრეინი მივუძღვენით.
ბრაიესის ტბა ტრენტინოში გატარებული ერთი წლის ბოლო გასეირნება იყო. კმაყოფილებას ვგრძნობდი ჩემს თავს იმედები რომ არ გავუცრუე და ნატვრის ახდენაში დავეხმარე. თათოც ორმაგად კმაყოფილი იყო ასეთი სასწაული ადგილის ნახვით და მაკოს ნატვრების ახდენაში მონაწილეობით. უკვე ბევრჯერ გავიხსენეთ ამ დღის სიკარგე და ვინ იცის კიდევ რამდენჯერ გავითბობთ გულებს ასეთ კარგ დღეებზე ფიქრებით. ბრაიესის ხსენებაზე ორგანიზმში თბილი სითბო მეღვრება და ყველაფერი ერთიანდება, თითქოს გონება სხეულთან ჰარმონიაშია და ბედნიერების სხივებს აწვდის ჩემი სხეულის ათასობით წერტილს.


ასე რომ, მეგობრებო, იტალიის ჩრდილოეთ ან ავსტრიის სამხრეთ ნაწილში მოგზაურობისას აუცილებლად წადით ბრაიესის ტბაზე. დაივიწყეთ დაღლილობა, მგზავრობის გრძელვადიანი მონაკვეთები და მთელი არსებით გადაეშვით ბრაიესის ხეობის ამოუცნობ ფერთა სამფლობელოში.

Share this:

CONVERSATION