image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

სლოვენია (ლიუბლიანა & ბლედი)

აგერ უკვე 2 თვეა, რაც ჩემი ათასობით დიდი თუ პატარა ნივთიდან ძლივს შევარჩიე ჩემოდანში ჩასადები ნივთები და ძალიან დაღლილი წავედი აეროპორტში..
ხო, ისევ იტალიაში წამოვედი. ოღონდ ამჯერად ყველაფერი სხვანაირადაა. ახლანდელ იტალიურ დღეებს უფრო თამამად ვეძახი აქ ცხოვრებას იმიტომ, რომ გაცილებით მეტი დროით ვარ, ვიდრე გასულ წლებში.
ჯერ მხოლოდ 2 თვეა რაც აქ ვარ და ჩემ თავს ვატყობ, რომ იტალიაში მოგზაურობით დიდად აღარ ვარ აღფრთოვანებული. აშკარად ახალი ადგილები მეძახიან.
წამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაც სწორედ ევროპაში მოგზაურობა იყო. აქ ცოტათი ცდილობენ, ყველაფერი გააფუჭონ და თავიანთი აბსურდული ბიუროკრატიით ჩემი მოტივაცია ჰაერში მოისროლონ
მე კი მოტივაცია არ მტოვებს.. როცა ცუდი ხასიათი შემომეპარება, ახალ მარშრუტებს ადგენს და ახალ სიებს ამზადებს. ხანდახან როცა გადაჭარბებული დოზით შემომიტევს ხოლმე, მე თვითონ ვეხვეწები, დასვენების საშუალება მომცეს იმიტომ, რომ მეძინება, დაღლილი ვარ, დასვენება მინდა. დილით ადრე გაღვიძებას შეუჩვეველ ორგანიზმს სტრესად ისიც ყოფნის, რომ ყოველდღე 8-ზე ვიღვიძებ. ამას ისიც ემატება, რომ ეს პერიოდი გადაუღებლად წვიმს ჩრდილოეთ იტალიაში და არავის არაფრის ხალისი არ აქვს.
ეს ჩემი მოტივაცია კი სულ მოწოდების სიმაღლეზეა და არ ვიცი რა მოვუხერხო. გასულ კვირას მეზობელ სლოვენიაში წამიყვანა. წვიმდა, ციოდა, რესტორნებში ყველაფერი წინასწარ იყო დაჯავშნილი, ოთხის მერე ბინდდება, ხუთზე უკვე ღამეა. ეს კი დამაწანწალებს, წინასწარ გამზადებულ სიაში პლიუსებს წერს და ბედნიერია.. მის კმაყოფილებას რომ ვუყურებ, მეც უზომოდ კმაყოფილი ვრჩები და მიხარია, რომ ჩემში ასეთი რაღაც ცხოვრობს.
მოდით თავიდან დავიწყოთ.


ნოემბრის პირველი ოთხი დღე იმ იღბლიან დღეებს ეკუთვნოდათ, დასვენება და კვირის ბოლო ერთმანეთს რომ მიებმება ხოლმე. ბევრჯერ გადავწყვიტე და ბევრჯერვე გადავიფიქრე სლოვენიაში წასვლა, მაგრამ ჩემმა მოტივაციამ მაინც თავისი გაიტანა და თავისუფალი ოთხი დღიდან სამი მეზობელ სლოვენიაში გამატარებინა.
მეგზურად ფრანგი როქსენი წავიყოლე. პირველად სლოვენია რომ ვახსენე, ცოტა შეშლილი თვალებით შემომხედა. ზუსტად ვიცი, იფიქრა ეს გოგო არაა კარგად, ამდენ ევროპულ ცნობილ სილამაზეში რაღა მაინცდამაინც სლოვენია ამოირჩიაო. მივხვდი რაშიც იყო საქმე და ჩემი დაგეგმილი ტურის შესახებ მოვუყევი. ბლედის ფოტოს რომ მოკრა თვალი, მაშინვე გადაწყვიტა, რომ ჩემთან ერთად წამოვიდოდა.
სლოვენია იტალიის ერთ-ერთი მეზობელია. ტრენტოდან, ანუ ქალაქიდან სადაც ამჟამად ვცხოვრობ, ლიუბლიანამდე 400-450 კილომეტრია, გააჩნია წასასვლელად რა გზას აირჩევ. ჩვენ ფლიქსის ბილეთები ავიღეთ 30 ევროდ. ბილეთი ზოგადად უფრო იაფი ღირს, მაგრამ იაფ ბილეთებს ადრე დაჯავშნა უნდათ. ფლიქსმა ჯერ ვერონაში გაგვასეირნა, მერე ვენეციაში და საღამოს 9 საათზე დანიშნულების ადგილზე ჩაგვიყვანა.
გარდა დედაქალაქობისა ლიუბლიანა სლოვენიის ყველაზე დიდი ქალაქია, მაგრამ უზომოდ პატარა მეჩვენა. ეს იმიტომ, რომ  ყველა გავლა-გამოვლაზე ცენტრალურ მოედანზე ვხვდებოდი. სიტყვა პატარაში, რა თქმა  უნდა, ქალაქის ცენტრს ვგულისხმობ. 


წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მე და როქსენმა airbnb-ზე საცხოვრებელი დავჯავშნეთ და ერთმანეთს დავალებად მივეცით სანახავი ადგილების სიის შექმნა. სიმართლე რომ გითხრათ, მე უკვე მზად მქონდა ჩემი სია.
ავტობუსების სადგურიდან დაახლოებით ათ წუთში ჩვენს სამდღიან სახლში ვიყავით. სახლზე ბევრს არ მოგიყვებით. პოსტის ბოლოს მითითებული ლინკით თვითონ შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები და საჭირო ინფორმაცია. სამი დღისთვის გამზადებული ჩემოდნები ოთახში დავტოვეთ და გარეთ გავედით. ვახშმის დრო გასული იყო და საჭმლის პოვნა ძალინ გაგვიჭირდა. ბოლოს სრულიად შემთხვევით Pritličje-სთან აღმოვჩნდით. სახელი ძალიან მეცნო. მართლაც, პირველი ბარი იყო ჩემი სიის ბარ-რესტორნების განყოფილებაში. ასეთი უბრალო დამთხვევით აღელვებული როქსენს ვუხსნიდი რას ნიშნავს “სადაცაა ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი”. ზუსტად არ ვიცი გაიგო თუ არა ჩემი განმარტებები. თვითონ ჩემზე მეტად აღელვებული იყო. თავისი გვარის ლუდი იპოვნა მენიუში და ერთი სული ჰქონდა როდის დალევდა.
Pritličje ლიუბლიანას ერთ-ერთი ცნობილი ბარია. აქაურობაზე რამდენიმე სტატია მქონდა წაკითხული. ყველა წერდა უბრალო ბარზე მეტიაო. მართლაც, ისეთი კარგი გარემო აქვთ შექმნილი, არამგონია აქ ჯდომა ვინმეს ოდესმე მოწყინდეს.
იტალიაში, განსაკუთრებით კი იმ ქალაქში სადაც ვცხოვრობ, ძაან ჩვეულებრივი ბარებია. ჩვეულებრივ ბარებში მართლა ჩვეულებრივ ბარებს ვგულისხმობ, თანამედროვეობას და კრეატივს მოკლებულებს. Pritličje ერთი ნახვით შემიყვარდა. საჭმლის დიდი არჩევანი არ ჰქონდათ, ან სენდვიჩი უნდა აგვერჩია ან პატარა პიცა. პიცა ავირჩიეთ და ვეცადეთ, დროებით დაგვევიწყებიდა, რომ იტალიიდან ვიყავით ჩასულები. მერე ცოტა გავისეირნეთ ღამის ლიუბლიანაში და ჩვენი სახლისკენ დავბრუნდით. დილით ნამდვილი ტური იწყებოდა.


დილით ძალიან წვიმდა, მაგრამ როქსენის ქოლგის იმედი გვქონდა. ნამდვილი ტურის დასაწყებად გემრიელი საუზმე გვჭირდებოდა. მე ზუსტად ვიცოდი რომ სლოვენიური ნამცხვარი Prekmurska Gibanica და ყავა მჭირდებოდა. რამდენიმე ქუჩას რომ დავუარეთ FLO-ს მივადექით. მოვკალათდით და კაპუჩინო და ნამცხვარი შევუკვეთეთ. ცოტახანში მიმტანი ორი კაპუჩინოთი და ცოტათი უფრო მეტი ბოდიშით დაბრუნდა, ნამცხვარი არ გვაქვსო. სახეები რომ შეგვეცვალა, ბოდიშებს უმატა და უკანმოუხედავად დაუბრუნდა თავის ადგილს. კაპუჩინო მაინც კარგი იყო, ცოტა გაგვათბო კიდეც. გადასახდელად ბართან მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ საკუთარ თავზე გაბრაზებული მიმტანი ფულს არ გვართმევდა დეზინფორმაციის გამო. ასეთი კაპუჩინო კიდევ უფრო გემრიელი აღმოჩნდა, მაგრამ მაინც ნამდვილი საუზმე მჭირდებოდა. ერთ-ერთ ბარში Slovenska Hisa-ში მისვლა გვირჩიეს. ერთადერთი თავისუფალი მაგიდა მაშინვე დავიპყარით. მე ნამცხვარი და ყავა შევუკვეთე. როქსენმა სლოვენიური საუზმე არჩია ყველით, პომიდორით და კიდევ ათასი რაღაცით. გიბანიცა თბილი ნამცხვარი აღმოჩნდა. არაფერი განსაკუთებული, მაგრამ ლიუბლიანურ პირველ დილას მოუხდა.


ლიუბლიანა პატარა და კოხტა ქალაქია. ქალაქის ცენტრში მდინარე ლიუბლიანიცა ჩამოედინება, ამიტომ სულ ხიდებზე უნდა იარო. მათგან ყველაზე მთავარია Triple Bridge ანუ სამი ხიდის ერთიანობაა. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა მთაზე  შემოსკუპებული სასახლეა. თუ 15-20 წუთით აღმართზე სიარული დაგეზარებათ, ფუნიკულიორით შეგიძლიათ ისარგებლოთ. სასახლესთან ასასვლელი რამდენიმე ქუჩაა. ჩვენ დრაკონის ხიდიდან ცენტრალურ ბაზარში გავისეირნეთ და სასახლისკენ წავედით. Študentovska Ulica-ს რომ ავუყევით, გზად  ჩვეენებური მშრალი ხიდის ლიუბლიანური ვერსია ვიპოვე. რამდენიმე ოთახიანი Ex-Yugoslavia მუზეუმს უფრო ჰგავს, ვიდრე მაღაზიას. აქ შეგიძლიათ ნახოთ და შეეხოთ ათასობით ნივთს, ერთ დროს კომუნისტური ერის საკუთრებებს. შეგიძლიათ ძალიან დიდ ხანს იყოთ, ათვალიეროთ, იკითხოთ, ისმინოთ და ერთ ევროდ ყავაც დალიოთ. რაც მთავარია, შესვლა უფასოა.


მშრალი ხიდის ნოსტალგიით სავსე სასახლესთან ასასვლელ აღმართს დავადექი. სასახლიდან ლიუბლიანას ხედი იშლება. განსაკუთრებული ვერაფერი, მაგრამ მოდით შევთანხმდეთ, რომ ასეთი ხედების ნახვა მოგზაურობის აუცილებელი ნაწილია. თვითონ სასახლეზე ვერაფერს მოგიყვებით. არ შევსულვარ იმიტომ, რომ ნოემბრის სლოვენიაში 5 საათზე უკვე ღამეა და იქიდან გამოსული ქალაქს დღის შუქზე ვეღარ ვნახავდი.  
ქალაქის ცენტრს სხვა გზით დავუბრუნდით. სია მოვიმარჯვეთ და მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვა დავიყვეთ. ლიუბლიანას კათედრალი, მოედნები, შადრევნები, წიგნის მაღაზიები, გრაფიტები, ტივოლის პარკი და ისევ ჩენი საყვარელი ბარ-რესტორნები.
ტივოლის პარკი ქალაქის მწვანეში ჩაფლული მშვენებაა. ზოგადად სიმწვანე ძალიან უყვართ სლოვენიაში. ქალაქის ცენტრში ბევრი სკვერია. მანქანებიც ძალიან ცოტა დადის. ცენტრში შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არ დადიან. არც გარეუბნებშია წყვეტა. დიდი ქუჩების ყველა გადაკვეთაზე აღშფოთებული ვიყავი ასეთი ცოტა მანქანის დანახვით. როგორც ჩანს, თბილისური საცობების შოკი ჯერ კიდევ თან დამყვება. ფართო ტროტუარებზე აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ, რომ ზოგგან ტროტუარი უფრო ფართოა, ვიდრე მანქანის სავალი ნაწილი.
ამ ყველაფრის კარგად თუ ცუდად ნახვის შემდეგ დრაკონის ხიდზე აღმოვჩნდით. დრაკონის ხიდს ერთ ლეგენდა დაყვება. იასონი, რომელიც არგონავტებს წინამძღოლობდა, სწორედ აქ გაჩერებულა და სლოვენიელებს მწვანე დრაკონის დამარცხებაში დახმარებია. დღეს აქ ლიუბლიანას დრაკონის ქანდაკებიანი ერთ-ერთი მთავარი ხიდია.
მერე სიაში ლიდერ კაფეებს ჩავხედეთ და ვინტაჟური Daktari შევარჩიეთ, ბარის შერჩევის კრიტერიუმად მისი სიახლოვე გამოვიყენეთ. ერთი ჭიქა ღვინო და საჭმელი გვესაჭიროებოდა. საჭმელზე აქვე გეტყვით, რომ ჩემი ძალიან ცოტადღიანი გამოცდილებით სლოვენიურ სამზარეულოში არაფერი განსაკუთრებული არაა. ქართულ-იტალიურ გემრიელობებს შეჩვეული, აშკარად იმედგაცრუებული დავრჩი. რაც შეეხება Daktari-ს, აქაურობაზე წერდნენ ეს ის ადგილია, სადაც აუცილებლად შიგნით უნდა დაჯდე და არა გარეთო. მართლაც ძველი ავეჯით, წიგნებით, პოსტერებით და ხალიჩებით გაფორმებული ინტერიერი უზომო სიმყუდროვეს ქმნის. ერთ პოსტში ისიც კი ეწერა, აქაურობა ჩემი საყვარელი ბებიის სახლს მახსენებს, იმდენად თბილი და სასიამოვნოა. 


ბარიდან გამოსულებმა რამდენიმე ქუჩაზე გავისეირნეთ, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ქალაქის ცენტრში თითქმის ყველაფერი ვნახეთ, რაც მთავარ სანახაობებში გვეწერა. არჩევანი ბევრი არ გვქონდა, ადრე დაღამებულ და  წვიმიან ლიუბლიანაში ისევ რომელიმე ბარს უნდა შეგვეფარებინა თავი. ამჯერად Central Station Bar შევარჩიეთ. კრიტერიუმი ისევ უცვლელი დავტოვეთ. Couchsurfing Hangout-ში იტალიელი მიკელე და უმბერტო დაგვიმეგობრდნენ. Central Station Bar-ის წაკითხვისას გადაწყვიტეს, რომ მატარებლის სადგურის ბარში ვიყავით ამ წვიმიან პარასკევ საღამოს. შესაბამისად, მატარებლის სადგურზე წავიდნენ. შეშფოთებულები გვწერდნენ, მოვედით და ვერსად გხედავთო. მაშინვე მიხვდი რაც ხდებოდა და უარესად შეშფოთებულმა ვკითხე, რატომ ან რანაირად გადაწყვიტეს, რომ მატარებლის სადგურის კაფეში ვისხდებოდით ლიუბლიანაში ისედაც რამდენიმე დღით ჩამოსულები.
რომ მოვიდნენ უკვე სალაპარაკო ბევრი გვქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო რამდენიმე საათი სასიამოვნო საუბრებში და ხითხითში გავატარეთ. იტალიურ განრიგს შეჩვეული ბიჭების ვახშმის დრო რომ მოვიდა, საჭმელად წავიდნენ. რამდენიმე წუთში მიმტანი მოქაქანდა, ეს რა ვნახე, ბიჭებმა მარტო თავისი გადაიხადეს და თქვენი 8,46 ევრო გადაუხდელი დატოვესო. შოკში იყო, ვერ იჯერებდა, ვერ მშვიდდებოდა, ლამის მთელმა ბარმა გაიგო რაც მოხდა. მეცინებოდა, ქართული თავგანწირულობა მახსენდებოდა, ყველაფრის დაფიცება და ჯიბეებში ფულის ჩაკუჭვა, არა მე გეპატიჟებიო. და რაღაცნაირად მომენატრა კიდევ. დარჩენილი 8,46 რომ გადავიხადეთ, ჩვენც სავახშმოდ წავედით. მიმტანი ყველაფერს გვაფიცებდა, იმ უზრდელ ბიჭებს აღარასოდეს შეხვდეთო.
წვიმა არ ჩერდებოდა. რესტორნები სავსე იყო. უმრავლესობა თურმე წინასწარ ჯავშანს იღებს და შიმშილთან დაკავშირებული სპონტანური გადაწყვეტილებები არ აინტერესებთ. უკვე აღარც მშიოდა წვიმისგან და სიცივისგან განადგურებულს. Altroke-ში შესვლისას როქსენს ვუთხარი, ბოლო მცდელობაა-მეთქი. მიმტანმა შეგვათვალიერა და გვთხოვა, ორი წუთით მოიცადეთო. კარებთან ავიტუზეთ. ჩვენნაირი იმედგადაწურული ძალიან ბევრი ადამიანი შემოვიდა, მაგრამ იგივე მიმტანმა ყველა ბოდიშით გაისტუმრა. ჩვენ ორ წუთს კიდე ორი წუთი დაამატა. ცოტა მებრაზებოდა ამდენ მოვახშმე ხალხს თავზე რომ ვადექით საჭმლის პოვნის იმედით. როქსენი მთხოვდა არ წავიდეთ, საფრანგეთში ასე თუ გეუბნებიან ესე იგი აუცილებლად გამონახავენ ადგილს შენთვისო. უკანასკენლი ორი წუთი მივეცი. ბოლო წამებს ვითვლიდით ბიჭუნამ გვერდითა ოთახში რომ მიგვიპატიჟა ჩვენთვის გამზადებულ მაგიდასთან. უსასრულო მადლობების შემდეგ ცეზარისმაგვარი სალათი შევუკვეთეთ. უგემურობის პიკი იყო, მაგრამ არც მე და არც როქსენი არ ვჩიოდით. ვახშმის შემდეგ მეტელკოვას ჯერი იყო.


მეტელკოვა ლიუბლიანას ავტონომიური სოციალური და კულტურული ცენტრია. დღევანდელი სლოვენიის ტერიტორიაზე ავსტრიისა და უნგრეთის პარპაშის დროს სამხედრო სამსახურის მთავარი ოფიხი იყო, იუგოსლავიის დროს ეროვნული არმიის მთავარი ოფისი, დღეს კი ახალგაზრდების თავისუფლების გამოხატვისა და კრეატივის საზეიმო ადგილია. არც თუ ისე დიდ ტერიტორიაზე შვიდი ექს-ყაზარმა დგას. მაშინ როცა იუგოსლავიის არმიამ საბოლოოდ დატოვა ლიუბლიანას ტერიტორია, მეტელკოვას დაცარიელებული ყაზარმები აღარავის სჭირდებოდა. აქტივისტებმა და ახალგაზრდებმა ადგილის მისაკუთრება გადაწყვიტეს და ქალაქის მაშინდელ უფროსობას მისი ჩუქება სთხოვეს. მშვიდობიან და კრეატიულ მიზნებზე მუშაობა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ადგილი მიიღეს, მაგრამ ქალაქის უფროსობას დიდად გულზე არ ეხატებოდა აქაური ამბები.
ეს 90-იანებში ხდებოდა. მეტელკოვამ ბევრი რამ გამოიარა. გასულ წლებში ავტონომიურ ზონად გამოაცხადეს. მის მხურვალე ცხოვრებაში ჩაერთო ბევრი ლგბტ, არასამთავრობო და იუნესკოც კი. დღესდღეობით ბევრ ხელოვანს აქ საკუთარი სივცრე აქვს გახსნილი. ლგბტ და არასამთავრობო ორგანიზაციებს კი - ოფისები. აწყობენ გამოფენებს, კონცერტებს და მილიონი სახის აქტივობას.
მეტეკლოვა ტურისტების საყვარელი ადგილია. სლოვენიელები აუცილებლად გირჩევენ მეტელკოვას დღისით ნახვას, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს, საღამოს კი როგორ გართობის ყველაზე ცეცხლოვან ადგილს. ხო, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ოფიციალურად 2005 წელს მოიპოვა. იგივე სლოვენიელები, აუცილებლად მოაყოლებენ, რომ მეტელკოვას, როგორც ავტონომიური სივრცის არსებობა დედაქალაქს იდეურად არა, მაგრამ პრაქტიკულად ძალიან აწყობს. ამით ტურისტებს იზიდავენ და სლოვენიის ამ პატარა დედაქალაქს კარგ რეკლამასაც უკეთებენ.


გრაფიტებიც აჭრელებული შენობები, პატარ-პატარა ინსტალაციები, ჩვეულებრივი ქუჩიდან ერთი ნაბიჯი და ახალგაზრდული ძალისა და ენერგიის მორევში ხარ.
მეტელკოვას ტერიტორიაზე ლიუბლიანას ყველაზე ცნობილი ჰოსტელია - Hostel Celica. დაახლოებით 100 წლის განმავლობაში ციხე ყოფილა. მერე პატიმრები არტისტებმა ჩაანაცვლეს, არტისტები კი ტურისტებმა. აქაურობა ტურისტებს იმ იდეით დაუთმეს, რომ თავისუფლებას ახალი განზომილებებს მოუძებნიდნენ. ლიუბლიანას წარსულზე ლაპარაკისას ეს ჰოსტელი ხშირად მოჰყავთ მაგალითად. აი, ასე გადავაქციეთ ბნელი წარსული პოზიტიურ აწმყოდო.
პირველად მეტელკოვას ნახვას პარასკევი საღამო დაემთხვა. წვიმდა, მაგრამ არავის ადარდებდა და არავის აწუხებდა გრუხუნა ცის არაადეკვატურობა. სხვადასხვა სივრცეში სხვადასხვა ივენთი იყო, მძიმე როკიდან დაწყებული ლგბტ გუგუნით დამთავრებული. ლუდი სულ რაღაც ორი ევრო ღირდა. კლუბებში შესვლა კი - ხუთი. ზოგადად, მიყვარს ხალხით სავსე ადგილები. ეს ადგილები თუ ახალგაზდობითაა სავსე, ერთობიან და ბედნიერებას ასხივებენ, კიდე უფრო მიყვარდება ხოლმე. მეტელკოვაში ამ საღამოს ის ბიჭუნებიც იყვნენ, 8,46 რომ არ გადაიხადეს და სლოვენიელი მიმტანი გოგო შოკში რომ ჩააგდეს.
აქაურობის დღის შუქზე ნახვაც გვინდოდა, ამიტომ მეორე დილას პირველი რაც გავაკეთეთ, აქ დავბრუნდით და გუშინდელი გრძელი პარასკევი საღამოდან ჯერ კიდევ დაღლილი მეტეკლოვას ყველა კუთხე-კუნჭული დავათვალიერეთ. რაღაცნაირად ცოცხალი და მხიარულია.
მეტელკოვა თავისი ისტორიით და იდეით ლიუბლიანური მოგონებებიდან ტოპ ადგილებში ჩამრჩა. ყოველდღე უფრო მეტად მგონია, რომ მეტი ასეთი ადგილი სჭირდება ქვეყნიერებას. ლიუბლიანაში მოგზაურობისას მეტელკოვა არაფრის დიდებით არ გამოტოვოთ. ასეთი ადგილები ყველაზე კარგად გვიყვებიან ყველაზე საინტერესო ამბებს. 


მეტელკოვადან ავტობუსების სადგურზე წავედით. ბლედის ტბის სანახავად მივდიოდით. ფოტოებიდან ვიცოდი, რომ ბლედი სამოთხისმაგვარი ადგილია. დღეს კი ჩემი თვალით ვნახავდი.
ლიუბლიანადან ბლედამდე დაახლოებით 50 კილომეტრია. ავტობუსს თავისი პატარ-პატარა გაჩერებებით 1 საათი და 20 წუთი სჭირდება აქ ჩასასვლელად. ბილეთი (2 გზა) სადგურზე 13 ევროდ ვიყიდეთ. ცუდი ის იყო, რომ დღეში მხოლოდ ოთხი ავტობუსი დადიოდა, როგორც ჩანს ზამთარში ავტობუსების რაოდენობას ამცირებენ. პირველი ავტობუსი, რომელიც 12 საათზე გადიოდა, უკვე შევსებული იყო. პირველ საათზე მოგვიწევდა წასვლა. გული წინასწარ მწყდებოდა, რომ დღის კაშკაშა შუქზე ვერ ვნახავდი ბლედს. ფერადი ხეებით მორთულ მთა-გორებში ჩაფლულ ტბას კი კაშკაშა მზე და ნამდვილი დღე სჭირდებოდა. აქ კი ევროპის ამ ნაწილისთვის შეუსაბამოდ ადრე ღამდება.
ბლედის ნახვა რომ გარდაუვალი იყო, ეს მეც და როქსენმაც კარგად ვიცოდით. ჩვენს სიაში ძალიან დიდი ასოებით ეწერა და ვერაფრით ვერ ამოვშლიდით. უბრალოდ მზეზე და ცაზე გვებრაზებოდა. ჯერ იმიტომ, რომ სულ წვიმდა და ეს ნაცრისფერი ცა სულ საღამოს ეფექტს ქმნიდა. მეორეც იმიტომ, რომ ასე ადრე ღამდებოდა.
ავტობუსი სავსე იყო ტურისტებით. ტბის დანახვაზე აჟიოტაჟი ავტეხეთ მე და როქსენმა, ტბის შუაგულში ჩასკუპებული კუნძულის დანახვაზე კი - აჟიოტაჟზე მეტი. ევროპის ამ ნაწილში ძალიან ბევრი ტბაა, რამდენიმე კი განსაკუთრებული სილამაზისაა, მათ შორის ბლედი. ტბის ირგვლივ მთებზე შეფენილ ხეებს წითელ-ყვითელი ფერები დაჰყვებოდათ. ამ წითელ-ყვითელ ხეებს შორის კი თეთრი ნისლი დაგორავდა.


პირველი რაც გადავწყვიტეთ, სასახლეზე ასვლა იყო. მე-12 საუკუნის ბლედის სასახლე უძველესია სლოვენიაში. აქაური ხედი კი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბლედის ტბის სილამაზის შესასრუტად. სასახლეში შესასვლელი ბილეთი 11 ევრო ღირს, სტუდენტებისთვის ცოტა იაფია. სასახლეში გულწრფელად გეტყვით, არაფერია სანახავი, მაგრამ ხედის გულისთვის შესვლა ღირს. უკეთესი ხედების სანახავად უმჯობესია ტბის ირგვლივ პატარა ლაშქრობების მოწყობა. ოღონდ რა თქმა უნდა ზაფხულში. ამჯერად არც დრო იყო და არ შესაბამისი ამინდი.
შემოდგომამ ძალიან გამიცრუა ბლედთან დაკავშირებული იმედები. სასახლეზე სანამ ავედით, ტანჯვა-წამებით გამოსულმა მზემ ჩასვლა დაიწყო. მზე სასახლის საპირისპირო მხარეს ჩადიოდა და ამ ნაცრისფერ კრიალა ცასთან ჩხუბში ისეთ შუქს გვიგზავნიდა, თითქმის ვერაფერს ვხედავდი. ისეთ ცუდ ხასიათზე დავდექი, ქვეყნად არაფერი მინდოდა. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ზოგადად ყოველთვის მოლოდინებს ვიქმნი ხოლმე და სულ პატარა რაღაცასაც კი შეუძლია ყველაფრის დანგრევა. ამის მერე თუ ოდესმე დავბრუნდები ბლედის ტბაზე, აუცილებლად ზაფხულში წავალ, ყველაფერი მწვანეში რომ იქნება ჩაფლული. ზაფხულში წყალი თურმე 25 გრადუსამდე თბება. ზამთარში კი ისე იყინება, რომ ციგურებითაც კი სრიალებენ.  
წყლის შუაგულში ჩაგორებული კუნძული მართლა ზღაპრულად ლამაზია. კუნძულზე მე-17 საუკუნის ეკლესიაა. სლოვენიელები ამბობენ, ამ ეკლესიის ზარს თუ დარეკავ და სურვილს ჩაიფიქრებ, აუცილებლად აგიხდებაო. სურვილებს რაც შეეხება, ხშირად მგონია, რომ კარგად ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად ხდება. ამის გამოა, სურვილების უსასრულო სიები რომ მაქვს გამზადებული და მე თვითონ რომ ვიკარგები ხოლმე ყველაფერზე ერთდროულად ფიქრისას.
ვაპირებ, ბლედის ზაფხულში ნახვაც მივამატო ჩემი სურვილების სიას. ვიცი, რომ ამჯერად მართლა იმ ბლედს ვნახავ, ღია ბარათებზე რომ ხატავენ ხოლმე.


ბლედიდან დაბრუნებულმა როქსენს ვუთხარი, რომ რესტორნების უსასრულო ძიებაში აღარ მინდოდა დროის კარგვა. შუაგულ ქალაქში მაკდონალდსი იყო და ქათმის ბურგერსაც დავჯერდებოდი. როქსენს არ მოეწონა იდეა, მაგრამ გარეთ გამოსულმა გუშინდელივით საჭმლის ძებნა რომ დაიწყო, იდეა მომიწონა.
ვითომ ვახშმის შემდეგ Eipprova-ს ქუჩაზე ჩამწკრივებული ბარების ჯერი იყო. ამ ქუჩაზე პირველად SAX PUB გაუხსნიათ. ლიუბლიანაში ერთ-ერთი ცნობილი პაბია ფერადი გრაფიტებისა და გემრიელი სასმელების გამო. ხუთშაბათობით აქ ჯაზის საღამოებს აწყობენ ხოლმე, ზაფხულში მდინარის პირას აქვთ სცენა, ზამთარში კი თვითონ ბარში. საყვარელი ბარია. ფოტოებითა და პოსტერებით აჭრელებული კედლები თითქოს ისტორიებს გიყვებაო. ხალხიც მშვენიერი მუშაობს, როგორც სლოვენიის სხვა ბევრ ბარში.


საქს პაბის სკამებზე მოკალათებულებმა ჯინების და ტონიკების წრუპვაში საღამოს გაგრძელებაც დავგეგმეთ. სლოვენია კლუბებითა და ღამის აქტიური ცხოვრებით არ გამოირჩევა, მაგრამ რამეს მაინც იპოვნით. ჩემმა სლოვენიელმა ნაცნობებმა რამდენიმე ადგილი გვირჩიეს. გადაწყდა, რომ K4-ში წავიდოდით. ჩავიცვით ჩვენი თბილი ქურთუკები და K4-ის ძებნა დავიწყე. მიხაროდა, რომ ლიუბლიანაში ყოფნას ვიქენდი დაემთხვა. როქსენს ვუხსნიდი, რომ უსასრულოდ დაღლილი ვიყავი, მაგრამ მაინტერესებდა ლიუბლიანელი ახალგაზრდობა როგორ ერთობოდა, რას ეძახდნენ კლუბურ მუსიკას და საერთოდ ღამის რანაირი ცხოვრება აქვთ.
კლუბთან მისულებს სიცარიელე დაგვხვდა. ჯერ 12 საათიც კი არ იყო და სიცარიელე არ მეუცნაურა. შესვლა 5 ევრო ღირდა. თორმეტის მერე 2 ევროთი ძვირდებოდა. მარჯვენა ფეხი უკვე შედგმული მქონდა, როქსენმა რომ გამაჩერა, არ მინდა შემოსვლაო. სიტყვა ‘თავზარი’ ოდნავადაც კი ვერ გამოხატავს იმას, რაც იმ წუთას დამეცა. გაოცებული ვუყურებდი. ის კი მიხსნიდა, რომ მთელი სხეული ტკიოდა დაღლილობისგან და არ უნდოდა შემოსვლა. დავმუნჯდი. ვერ მივხვდი ამხელა გზა რისთვის გამოვიარეთ თუ უბრალოდ კართან უნდა მივსულიყავით. ისე გავმწარდი, ხმას ვერ ვიღებდი. ერთი სიტყვაც და ცრემლები გადმომცვივდებოდა. ოღონდ სწორად მინდა გაიგოთ. იმან კი არ გამამწარა კლუბში რომ ვერ შევედი, არამედ იმან, რომ მეგობრებად შერჩეული ადამიანები ასე გვექცევიან. არ ვიცი ერთი საათი რას უზამდა. მეორე დღეს ისედაც სახლში ვბრუნდებოდით.
უკან გამობრუნებულმა ვიცოდი, რომ სახლში ასე ვერ დავბრუნდებოდი. როქსენს ვუთხარი, რომ სადმე ბარში წავიდოდი. მეც წამოვალო. ამან საერთოდ გამაგიჟა. K4-ის წინ უსაზღვროდ დაღლილი იყო, ახლა კი ისევ ცენტრში ბრუნდებოდა. ლაპარაკი არ მინდოდა. ვიცოდი, აზრი არ ქონდა ახსნა-განმარტებების გაცვლა-გამოცვლას. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ტვინში სიბრაზის ელემენტები დუღდნენ და ადგილს ვერ პოულობდნენ. 
Pritlicje-ში დავბრუნდით. განადგურებული დავეშვი სკამზე. როქსენი რაღაც ამბებს მიყვებოდა. მე კი მოსმენასაც კი ვერ ვახერხებდი. სახლში ისე დაბრუნდი, ხმა არ ამომიღია. დილით თვალი რომ გავახილე, გუშინდელი შოკი ისევ ჩემთან იყო. ხმის ამოუღებლად ჩავალაგე ბარგი და იტალიაში დასაბრუნებლად მოვემზადე. ლიუბლიანად ვერონამდე ბლაბლაქარი გვქონდა დაჯავშნილი. ბლაბლაქარელებმა სახლთან მოგვაკითხეს. ფრანგი გოგო და სლოვენიელი ბიჭი იყო. იმდენად უჟმურები იყვნენ, სახელიც კი არ უკითხავთ. გადაწყვიტე დამეძინა. ვერონამდე მეძინა. მე და როქსენს გეგმაში ვერონაში გასეირნება გვქონდა. მანქანიდან გადმოსულმა ვუთხარი, რომ ამჯერად ვერონას დათვალიერების არანაირი სურვილი არ მქონდა და სადმე წავიდოდი სასეირნოდ. 
რამდენიმე საათში ერთამენთს რომ შევხვდით, ბედნიერი იყო. გუშინდელი არც ახსოვდა და არც აინტერესებდა. ამაზე კიდევ უფრო მებრაზებოდა. რანაირად შეიძლება ადამიანს აწყენინო და ვერც ხვდებოდე?! 
ტრენტოში დაბრუნებისას მატარებელი ისეთი სავსე იყო ველოსიპედების ვაგონში მომიწია დგომა. მე და როქსენი გვერდითა სახლებში ვცხოვრობთ. დამშვიდობებისას ვიცოდი, რომ რამდენიმე დღე როქსენი არ უნდა მენახა. წყენა მალე გამივლიდა და გამეცინებოდა კიდეც. ახლა უკვე მეცინება, მაგრამ გავლით ბოლომდე არ გაუვლია.
რამდენიმე დღის წინ მითხრა, მივხვდი რომ ცუდად მოვიქეცი და მაპატიეო. ამ დროს უარესად ვმუნჯდები ხოლმე. ერთადერთი იმის თქმა შევძელი, რომ სლოვენიური რამდენიმე დღე ისეთი კარგი იყო, ამ საღამოს დავიწყება ადვილად შეიძლება-მეთქი. ახლა უკვე როქსენი საახალწლო მოგზაურობას გეგმავს და ყოველ საღამოს მეკითხება საით მაქვს გეზი აღებული. მგონი ამჯერად ცოტა ჩრდილოეთით გადავინაცვლებ.

Facebook: Mako's Wonderland
Instagram: Mako__go
Airbnb: Evi Rooms

Share this:

CONVERSATION