image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

ფლორენცია

       იტალიური ენის ლექციაზე ნახევრად მძინარმა ნინის გადავუჩურჩულე, სადმე მინდა გასეირნება და შენც ხომ არ წამოხვალ-მეთქი. მერე ყველაფერი ერთად დავგეგმეთ ფლორენციისთვის. დავჯავშნეთ ჰოსტელი, ვიყიდეთ მინიმეტროსა და მატარებლის ბილეთები და დილით შეხვედრის დროც დავთქვით. ფლორენციის ტური თვეებით ადრე მქონდა დაგეგმილი. ფლორენციაში სანახავი ადგილების სიაც უკვე მზად მქონდა. ამაზე თბილისში ყოფნისას ვიზრუნე.
     ნინი ტაილანდიდანაა. ერთ ჯგუფში ვართ. ხანდახან სადილზე ვეპატიჟები ხოლმე. ძალიან საყვარელია. ბევრი ხეტიალი და წითელი ღვინის წრუპვა უყვარს. ერთადერთი რაც აწუხებს იტალიური სიცივეა. ყოველდღე ტაილანდურ მზეს და სიცხეს ნატრობს.
       როცა ჩემმა პოლონელმა სახლის მეგობარმა გაიგო ჩვენი ფლორენციული ვოიაჟის შესახებ, მთხოვა მეც წამოვალ თქვენთან ერთადო. მარგერიტა სამხრეთ პოლონეთიდანაა, ოპოლეში ცხოვრობს.  დაახლოებით 40 წლის უნდა იყოს. პერუჯაში იტალიურის სასწავლად ჩამოვიდა, ოღონდ ერთი იტალიური სიტყვაც კი არ იცოდა. მაინც სულ გარეთ იყო. სეირნობდა, შოპინგობდა, აუზზე დადიოდა, ქალაქის სხვადასახვა კაფეში ყავის სმით ირთობდა თავს, ახლო ქალაქებს ნახულობდა, სახლში გემრიელობებს ამზადებდა და ვახშამზე მეპატიჟებოდა ხოლმე. უარი ვერ ვუთხარი. მერე რა რომ არც იტალიური ესმოდა, არც ინგლისური და არც ჩემი საცოდავი რუსული. შევთანხმდით, რომ დილით 06:40-ზე მზად ვიქნებოდით. პარასკევი საღამო იყო, უმბრია ჯაზის ბოლო ვიქენდი. ქუჩაში ისევ სასმელისა და მუსიკის ბუმი. ამ საღამოს მე და ჩემმა მეგობრებმა პიკნიკი მოვაწყვეთ, ცოტა დავლიეთ, ვიხალისეთ, ვიცეკვეთ. სახლში გვიან წავედი და ტკბილად დავიძინე.  
      დილით მარგერიტამ დამიკაკუნა და მითხრა, რომ უკვე მზად იყო. მე უძილობისგან იმდენად განადგურებული ვიყავი. რატომღაც გადავწყვიტე, რომ ჩამძინებოდა. ვიფიქრე მაღვიძარის ხმა ვერ გავიგე და მარგერიტა ჩემს გასაღვიძებლად შემოვიდა-მეთქი. წამის მეასედში წარმოვიდგინე როგორ მელოდებოდა ნინი ბილეთებით ხელში მინიმეტროსთან. მე კი როგორც არ უნდა მეცადა გამზადებას ვეღარ მოვასწრებდი. ნინი ან დამელოდებოდა და მატარებელს ვერასოდეს მიუსწრებდა ან არ დამელოდებოდა და ჩემზე უზომოდ გაბრაზებული მარტო წავიდოდა ფლორენციაში. პანიკაში ვიყავი. მარგერიტა გამოშტერებული მიყურებდა. ტელეფონს ვეცი და ნინის დავურეკე. ათასი ბოდიში მოვუხადე. ლამის ვტიროდი. ვეუბნებოდი, რომ ქვეყნად ყველაზე კრეტინი ვარ და ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. არ ვიცი რამდენჯერ გავიმეორე ყველანაირი ბოდიშის მოხდის ფორმულა, რაც კი იტალიურად მისწავლია. მარგერიტა ისევ გამოშტერებული მიყურებდა და ვერც ხვდებოდა რა მჭირდა. ნინიმ ნამძინარევი ხმით ამიხსნა, რომ ჯერ ადრე იყო და შეხვედრამდე 50 წუთი გვქონდა. პანიკიდან სიცილზე გადავედი. თურმე დრო ამერია. მარგერიტას ავუხსენი, რომ კარგად ვერ იყო ჩემი საქმე. შემცბარი და დაბნეული ისევ მომშტერებოდა. ძლივს გამაგებინა თუ რატომ შემოვიდა ჩემს ოთახში. თურმე ყავის დასალევად მიდიოდა ბარში და ჩემთვის იმის თქმა უნდოდა, რომ ის უკვე მზად იყო.

Ponte Vecchio, ფლორენცია, იტალია
       9 საათისკენ უკვე ფლორენციაში ვიყავით. მატარებლით სანტა მარია ნოველაზე ჩავედით. მაშინვე ჰოსტელ CIAO-ში წავედით გვიდო მონაკოს 34 ნომერში, ბარგი დავტოვეთ და ფლორენციულ ტურს შევუდეგით. პირველ რიგში XIV საუკუნეში აგებული სანტა მარია ნოველა ვნახეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქ ინახება ტაძრის შუაგულში გამოფენილი ჯოტოს ‘ჯვარცმა’ და მაზაჩოს ‘წმინდა სამებაა’.
       ფლორენცია ქალაქზე მეტად მუზეუმი უფროა. ქალაქში ქაოსია, მაგრამ სასიამოვნო ქაოსი. ცოტა დოზაზე მეტად უზრდელები მეჩვენენ ფლორენციელები, მაგრამ სულაც არ მაინტერესებდა მათი ზრდილობიანობა-უზრდელობა. დუომოს მოედანზე ემოციებისგან ჯერ კიდევ სუნთქვაშეკრულებმა 10 ევროდ ბილეთები ვიყიდეთ და ტაძარში შესასვლელ რიგში ჩავდექით. ასეთი რიგები ქართველისთვის ძალიან უცხო და უხერხული რამაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთი ტიპის სანახაობები არ გვაქვს და მეორეც იმიტომ, რომ ლოდინი არაა ჩვენი საქმე. მე ამჯერად ევროპულად მოვიქეცი, რაც იმას ნიშნავს, რომ რიგში ჩავდექი.
       Santa Maria del Fiore ნამდვილი საოცრებაა. არასოდეს დაიღლები მისი თვალიერებით. უზარმაზარია, მძიმეა, სუნთქვას გიძნელებს, ფიქრებს გირევს და თავბრუს გახვევს. ამასთანავე, გამშვიდებს და გაფიქრებს იმაზე, რომ ადამიანთა ძალა უსაზღვროა, მათ შორის შენიც. რაღაც არაამქვეყნიურია. ქამელეონივითაა. თითქოს ყოველ წუთას ტონებს იცვლის. ჩუმია და მშვიდია. თუ ზედმეტი ფუსფუსი ატყდება ჩუმად შეხსენებული შშშ-თი სიჩუმისკენ მოგვიწოდებენ. ამ ორწამიან თხოვნას თითქოს ყველა უსიტყვოდ ემორჩილება. ყველა - განურჩევლად რწმენისა და ეროვნებისა.

Santa Maria del Fiore, ფლორენცია, იტალია
       Santa Maria del Fiore მსოფლიოსში სიდიდით მესამე ტაძარია, რომელსაც 140 წელი აშენებდნენ. ტაძრის იატაკის ყველა წერტილზე დაბიჯების შემდეგ გუმბათზე ასვლა გადავწყვიტეთ. სულ რაღაც 463 საფეხურის ავლის შემდეგ ბრუნელესკის გუმბათზე ვიყავით. ბრუნელესკიმ XV საუკუნეში ააგო ამ პერიოდისთვის ევროპაში ყველაზე გრანდიოზული გუმბათი. მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა სიდიდით რომელ ადგილზეა. მთავარი მისი სრულყოფილებაა. მგონი არავის არასოდეს დაღლის 463 საფეხური მაშინ, როცა შეგიძლია, მთელ ფლორენციას თითქმის ციდან უყურო და დატკბე იმ მოყავისფრო-მოსტაფილოსფრო ფერით მთელ ქალაქს ღრუბელივით რომ ახურავს.
       შემდეგი გაჩერება ჯოტოს სამრეკლოა. ამჯერად 414 საფეხური გველის, მაგრამ საწუწუნო არაფერია. სამრეკლო ბევრად მაღალია ვიდრე გუმბათი. ასე რომ ხედიც ბევრად ლამაზი იქნება.
      ასვლისას და ჩასვლისას საფეზურებზე მილიონჯერ შესვენების მერე ბატისტეროსკენ წავედით. ეს ის ადგილია, სადაც იტალიის ისტორიისთვის ბევრი მნიშენლოვანი ფიგურა მოინათლა, მათ შორის დანტე და მედიჩების ოჯახის არაერთი წევრი. აქ შესვლისას სანამ გუმბათს ახედავთ კარგად დადექით, შეიძლება გული წაგივიდეთ. რვაკუთხა ბატისტერო საკმაოდ პატარაა, მაგრამ სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დონატელოს ქანდაკებებით შეამკონ.  და  საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ მთელი თავისი ავლადიდებით ყველა მნახველი შოკში ჩააგდოს.

Santa Maria del Fiore, ფლორენცია, იტალია
       ამის მერე Piazza della Signoria-ზე გავისეირნეთ. ამ მოედანზე ბევრი რამეა სანახავი. Palazzo Vecchio, Loggia dei Lanzi, Fontana del Nettuno და რაც მთავარია მიქელანჯელოს დავითი. აქაური დავით არაა ორიგინალი, მაგრამ მოდით ვაღიაროთ, რომ ჩვეულებრივი ტურისტისთვის ხშირ შემთხვევაში სულაც არ აქვს მნიშვნელობა მიქელანჯელოს ორიგინალს ნახავს თუ ასლს. მთავარია ისაა, რომ საკუთარი თვალით ნახოს და ვერასოდეს დაივიწყოს.
       ბოლო თვეებში მიქელანჯელოს დავითის ხსენებაზე ერთი იტალიელი მახსენდება. ერთ საღამოს რაღაც სიტყვას მასწავლიდა (სამწუხაროდ აღარ მახსოვს ზუსტად რა სიტყვა იყო). ამ სიტყვით პატარა სასქესო ორგანოიან მამრობითი სქესის წარმომადგენლებს მოიხსენიებენ ხოლმე. სიტყვის მნიშვნელობა უკეთ რომ აეხსნა მაგალითად მიქელანჯელოს დავითი მოიყვანა. აი, რას ნიშნავს 2015 წელს იტალიელებისთვის მიქელანჯელო.

ფლორენცია, იტალია
       ნაყინები ვიყიდეთ და Ponte Vecchio-კენ წავედით. წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ასეთი სხვანაირი იქნებოდა ათასჯერ წარმოდგენილი P.V. ხიდზე აქეთ-იქით ვიბოდიალეთ. ოქრო-ვერცხლის მაღაზიებს შევავლეთ თვალი, ფოტოები გადავიღეთ და Piazzale Michelangelo-კენ წავედით. ცოტა მოშორებითაა ქალაქის ცენტრიდან, მაგრამ აქ აბობღება ’10 რამ რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ ფლორენციაში’-ში შედის. ეს ის ადგილია, სულ ხალხით რომაა გადაჭედილი. არ აქვს მნიშვენლობა დღის რომელ მონაკვეთში აბობღდებით. თუმცა მაინც მგონია, რომ აქ აბობღებისთვის საუკეთესო პერიოდი  მზის ჩასვლა უნდა იყოს თუ გინდათ, რომ ისედაც საოცარი ხედი უფრო გაასაოცროთ. მოედანზე მიქელანჯელოს დავითის კიდევ ერთი ასლი დგას, ამჯერად ბრინჯაოსი, უფრო პატარა და მომწვანო. ამ საღამოს ჰოსტელში ადრე წავედით. უფიცის გალერეა მომდევნო დღისთვის გადავდეთ. დასვენებული თვალებით რომ გვენახა მორიგი სასწაულები.
       დილის 8 საათზე მე, ნინი და მარგერიტა რიგრიგობით ვსხდებოდით უფიცის გალერიის წინ სკამზე მუზეუმში შესასვლელ რიგში ადგილი რომ არ დაგვეკარგა. უფიცის გალერეა განსაკუთრებულად მომეწონა. ალბათ იმიტომ, რომ არ არის უშველებელი და დღის ერთ მონაკვეთში შეგიძლია დაათვალიერო ყველაფერი ისე, რომ დაღლილობისგან არ მოკვდე. ბოტიჩელი, პერუჯინო, მაზაჩო, რაფაელი, მიქელანჯელო ბუონაროტი, კარავაჯო, დუჩო, რუბენსი. ეს ის სახელებია უფიციში სეირნობისას რომ შეგვხდებათ. შუადღისით უკვე  თვალებ და ტვინაჭრებეული ვიყავი. გარეთ გამოვედი. უფიცის წინ კიბეებზე ჩამოვჯექი და შემდეგი გაჩერებები დავგეგმე.
       ცოტახანში უკვე Piazza Santa Croce-ზე გავედი. Piazza Santa Croce ფლორენციის ერთ-ერთი მთავარი მოედანია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზილიკით. ამ ტაძარში მიქელანჯელოსა და გალილეო გალილეის საფლავებია. ტაძარში ვერ შევედი პაუზა პრანცოს გამო. ის რაც ყველა ქართველს ავიწყდება, იტალიელისთვის დღის უმნიშვნელოვანესი რიტუალია. იკეტება ოფისები, მაღაზიები, ბანკები, ეკლესიები და თითქმის ყველა სხვა დაწესებულება ბარ-რესტორნების გარდა. შენ, როგორც ტურისტი ვალდებული ხარ, დაემორჩილო იტალიურ ტრადიციებს. მერე რა, რომ თვეებით ადრე გაწერილი სია საკმაოდ დიდია ორი დღისთვის და სულაც არ გაქვს ჭამისთვის დასაკარგი დრო. მერე რა, რომ ქუჩაში ჭრელა-ჭრულა პიცის ნაჭრების ყიდვა და ჭამა-ჭამით ფლორენციის თვალიერება შეგიძლია. ეს იტალიაა. პაუზა პრანცო ყველასთვისაა. რა თქმა უნდა ეკლესიაში მომუშავე პერსონალისთვისაც. კარებები გულმოდგინეთ ჩაეკეტათ. ტაძრის წინ მოედანზე დავჯექი. ერთი წამით მეჩვენა, რომ მთელი ქალაქი გაჩერდა და გამეცინა, რომ მთელი ქალაქი სადილმა გააჩერა.

Piazza della Repubblica, ფლორენცია, იტალია
       ასეთ დროს ალბათ არაფერი დაგრჩენია თუ არა შოპინგი და სამახსოვრო საჩუქრების ყიდვა. Piazza della Repubblica-ზე გავედი. მაღაზიებში ვიხეტიალე. მერე ნინის და მარგერიტას შევხვდი. გული მწყდებოდა, რომ ჩემი სიიდან ნახევარზე მეტი ვერ ვნახე, მაგრამ თავს ვიმხნევებდი, რომ  ფლორენციაში კიდევ ბევრჯერ დავბრუნდებოდი და ყოველ ჯერზე პლიუსებით გავამდიდრებდი ჩემს სიას.
       17:25-ზე უკვე მატარებელში ვისხედით. +1 ნანახი ქალაქი და +მილიონი ემოცია ჩემი იყო.

Santa Maria del Fiore, ფლორენცია, იტალია
       ეს ის სიაა, ფლორენციაში ჩასვლამდე რომ გავამზადე.
1) Piazza del Duomo, Santa Maria del Fiore, Battistero, Campanile di Giotto
2) Galleria degli Uffizi
3) Piazza della Signoria, Palazzo Vecchio, la Loggia dei Lanzi, la fontana del Dio Nettuno  
4) Ponte Vecchio
5) Piazzale Michelangelo
6) Piazza Santa Croce, Basilica di Santa Croce
7) Piazza Santa Maria Novella, Basilica di Santa Maria Novella
8) Giardino di Boboli
9) Palazzo Pitti
10) Museo del Bargello
11) Chiesa di S. Maria del Carmine, La Cappella Brancacci
12) La Casa di Dante
13) Galleria dell'Accademia, David di Michelangelo
14) Basilica di san Miniato al Monte, il cimitero monumentale delle porte Sante
15) Cappelle Medicee
16) Basilica di San Marco
17) La Chiesa di Orsanmichele
18) La Basilica di San Lorenzo
19) Palazzo Strozzi
20) La Chiesa di S. Spirito
21) Piazza Santissima Annunziata
 
Santa Maria del Fiore, ფლორენცია, იტალია

Facebook: Mako's Wonderland   



Instagram: Mako__go   

Share this:

CONVERSATION