image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

Le Cinque Terre

       2016 წლის ზაფხულისთვის გამზადებულ სიაში Cinque Terre პირველი იყო. როცა იტალიაში წასვლა გადავწყვიტე, სარას დავუკერე, რომელიმე ვიქენდზე ჩინკვე ტერეზე მომყვები-მეთქი. სარას ოღონდ მოგზაურობა უხსენე და სულ მზადაა წამოსასვლელად. ერთად გვისეირნია უმბრიაში, სიცილიაზე, მილანში, ტურინში, გენუაში, ბარსელონაში. შევთანხმდით რომ 16 აგვისტოს 11 საათზე ლა სპეციას სადგურზე შევხვდებოდით ერთმანეთს. ის ტურინიდან ჩამოვიდოდა, მე კი პერუჯადან ავიდოდი.  
       წინა საღამოს მარიამობა იყო. ეს ის დღესასწაულია შუა ზაფხულის ცხელ დღეებში მთელ იტალიას რომ აჩერებს. მეგობრებთან ერთად პიკნიკზე წავედი. საშინელი ამინდი იყო. ხან წვიმდა, ხან მზე გამოანათებდა. ყველა ცალ-ცალკე მაფრთხილებდა, ხვალ ამინდი გაუარესდება და არსად წასვლა გაბედოო. მე კი თვეებით ადრე დაწყობილ გეგმებს ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებდა. დილი ხუთ საათზე გავიღვიძე. საშინლად წვიმდა. სადგურამდე დაახლოებით 40 წუთიანი გზა მელოდა, თანაც ფეხით. მილიონი რაღაც ჩავდე ზურგჩანთაში და შიშითა და სიცივით შეწუხებული სადგურზე წავედი. სადგურზე ჩასული თითქმის სველი ვიყავი. ბარში შევედი და დამეგობრებულ ბარმენს ყავა გავაკეთებინე. აქ იმდენად ხშირად მივდიოდი ხოლმე, რომ უკვე მგონი წინასწარ იცოდნენ სად წავიდოდი და როდის დავბრუნდებოდი. შოკოლადის თბილი კრუასანები ჩანთაში ჩავაწყვე. წინ დიდი გზა მქონდა. მატარებელი ორჯერ უნდა გამომეცვალა. ბაქანიდან ბაქანზე უნდა მერბინა. წვიმა გადაღებას აშკარად არ აპირებდა. მე კი ისეთი ადგილის სანახავად მივდიოდი, რომელსაც მარტო მზე უხდება, თავისი ყვითელ-სტაფილოსფერი სხივებით. ეს გაშავებული ცა კი ყველაფერს გააფუჭებდა.

Vernazza, Cinque Terre


       მატარებელი ჯერ ფლორენციაში გამოვიცვალე და მერე პიზაში. პიზას გავცდი თუ არა, ცამ აშკარად გამიღიმა. წვიმა და უნამუსო ღრუბლები უკან ჩამოვიტოვე. ლა სპეციაში კაშკაშა მზე მელოდა. 11 საათზე უკვე იქ ვიყავი. სარამ ჩამასწრო. დამირეკა, ბილეთების რიგში ვდგავარ, ჩინკვე ტერეზე მატარებლით უნდა მივიდეთო. ორმაგ ემოციებში ვიყავი. პირველ რიგში საოცნებო კუნძულებზე მივდიოდი და მეორეც, ერთი წლის უნახავ სარასთან ერთდღიანი ტიტინი მელოდა.
       ჩინკვე ტერეს ეროვნული პარკის სტატუსი აქვს და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია. ქართულად ხუთ მიწას ნიშნავს და მართლაც ხუთ პაწაწუნა დასახლებას აერთიანებს. დასახლებებს სოფლებს ეძახიან, მე კი კუნძულებს ვეძახი. ჩვენ სულ შორიდან დავიწყეთ მოგზაურობა.

Monterosso al Mare, Le Cinque Terre
       Monterosso al Mare ყველაზე მეტ მაცხოვრებელს იტევს და მგონი ყველაზე დიდიც უნდა იყოს დანარჩენ ოთხთან შედარებით. ლა სპეციადან გაქროლებული მატარებელი მგზავრებს ძლივს იტევდა. გვირაბებში ძრომიალის მერე ზღვითა და მზით სავსე გულის წასვლამდე ლამაზი ხედები გადაიშალა. მონტეროსოზე მატარებელი დაიცალა. კიბეებს ჩავუყევით და მილიონჯერ ნაოცნებარ ჩინკვე ტერეს ზემოდან გადავხედეთ. მშვენიერი სანაპირო აქვს სხვა კუნძულებისგან განსხვავებით. აქ ქვიშიანი პლაჟია, კამკამა და უსაზღვრო ზღვა, მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩამოსული ტურისტები ძლივს ეტევიან პაწაწუნა ქუჩებში. ყველას ნეტარებისგან გაბადრული თვალები აქვს. აქ ყველაფერი მოძრაობს, გაჩერებული არაფერია. ჯერ კლდეებზე შემოფენილ შენობებს შორის ვისეირნეთ და გამოფენილი სუვენირები ვათვალიერეთ. მგონი ამ ხუთ დასახლებას შორის ერთადერთია დიდი მოედნითა და ვითომ ბევრი სასეირნო ქუჩით. მერე სანაპიროზე ჩავედით. ყველა კუთხიდან უნდა დაგვეთვალიერებინა მონტეროსო. უნახავი არაფერი არ უნდა დაგვრჩენოდა. ეს უკვე ჩემი და სარას ერთად მოგზაურობის წესად იქცა.
       გაგიჟებული სარა ვიდეოებს იღებდა, აქაურობა ყოველთვის ძალიან მომწონსო. თან ბავშვობას იხსენებდა, როცა ვიდეოკამერიან მამას დაყავდა ხოლმე სასეირნოდ. გაგიჟებული მე ფოტოებს ვიღებდი, ყველაფრის შესრუტვა და არასოდეს დავიწყება მინდოდა. სანაპიროს გავცდით და პატარა ბილიკზე გავედით. უკვე ნამდვილ ბილიკს რომ დავადექით პატარა ჯიხურში მჯდომმა დაცვამ გვითხრა, რომ მომდევნო კუნძულზე ფეხით გადასვლა რვა ევრო ღირდა და დაახლოებით ორი საათი დაგვჭირდებოდა. ბილიკებზე სასიარულო ორი საათი ნამდვილად არ გვქონდა, ამას ისევ გადატენილი მატარებელით ხუთწუთიანი მგზავრობა ჯობდა.

Vernazza, Le Cinque Terre
       მონტეროსოდან ვერნაცაზე წავედით. ფოტოებიდან რატომღაც ყველაზე ლამაზი ვერნაცა მეგონა და მგონი არის კიდეც. აქ აღარ დაგვხვდა ქვიშიანი პლიაჟი და ჭრელა-ჭრულა ქოლგები. აქ ადამიანები ასფალტზე და ზღვაში თავწამოყოფილ პატარა კლდეებზე ირუჯებიან. ზღვაშიც მგონი რიგრიგობით შედიან იმიტომ, რომ სანაპიროზე  ყველას ერთად შესასველი ადგილი არაა. სარამ საათს დახედა და მანიშნა სადილის დროაო. მთავარ მოედანზე ჩავედით. სადილისთვის გამზადებულ მაგიდებთან ძლივს ვიპოვეთ ორი ადამიანისთვის შემორჩენილი ადგილი. სიცხისგან გატანჯულები, მაგრამ კმაყოფილებისგან ანთებულები მაგიდას შემოვუსკუპდით და Spaghetti allo scoglio შევუკვეთეთ. ჩინკვე ტერეზე აუცილებელია ისეთი რამის ჭამა, რაც ზღვის პროდუქტებს და ბოსტნეულს შეიცავს. Spaghetti allo scoglio მოლუსკებით, კრევეტებით, პომიდორით, თეთრი ღვინითა და სანელებლებით გაგემრიელებული პასტაა. სარას ყოველთვის ვუჯერებ, იქაურია და უკეთ იცის სად რა უნდა ვჭამოთ. თქვენ კი მე დამიჯერეთ, აქაურობას მხოლოდ ამის ჭამა და თეთრი ღვინის წრუპვა უხდება. Spaghetti allo scoglio პირველად ვენეციაში გავსინჯე. ჩემი მეგობრის მშობლებმა მომიმზადეს. მეგონა პირს ვერ დავაკარებდი, მაგრამ  ვიცოდი, რომ ასეთ პასტას ოჯახებში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ამზადებენ. სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მომეწონა.

Spaghetti allo scoglio 
      ძალამოკრებილებმა ვერნაცას ფერადი ნავებით გადატენილ სანაპიროებზე ვისეირნეთ, მერე ერთადერთ მთავარ ქუჩას დავუყევით. ნაყინები ვიყიდეთ და აქაურ მაღაზიებში შევიარეთ. ყველაფერს თევზის ფორმა ან ორნამენტები აქვს: სამკაულებს, თეფშებს, ჭიქებს, სუვენირებს, ჩანთებს, მაისურებს, ქუდებს, შარფებს. ყველაფერი ცისფერი და ყვითელი ფერებითაა გაფორმებული. ცისფერი ზღვაა, ყვითელი მზე, ორივე ერთად კი - აქაური ბედნიერება. კლდეებზე ავბობღდით, ვერნაცას ზედხედით რომ დავმტკბარიყავით. ამ ხედის გამოტოვება არ შეიძლება. აქედან უკეთ ჩანს ტერასებად დაწყობილი ჭრელა-ჭრულა შენობები, ლამის ზღვაში რომ ტივტივებენ. ფოტოები გადავიღეთ და ისევ ვტკეპნეთ ვერნაცას უმისამართო ქუჩები. სასიარულო ბევრი არაა, სანახავიც ცოტაა, აქ მთავარი თვალების გახელა, ზღვისა და მზის სუნით გაჟღენთილი ჰაერის შესუნთქვა და აქაური ფერებით ტკბობაა.

Vernazza, Cinque Terre



       ღია ბარათების მაღაზიაში შევიარეთ და სურათები შევათვალიერეთ. დრო ბევრი არ გვქონდა. კიდევ ერთი კუნძულის ნახვას მოვასწრებდით. სარა მარიგებდა, როცა სადმე ჩახვალ სანახავი ბევრი რამე დაიტოვე, რომ დაბრუნება გიღირდესო. ძალიან მაინტერესებს მართლა ასე ფიქრობს თუ უბრალოდ მე მამშვიდებდა.
       მანაროლაზე წასვლა გადავწყვიტეთ. მანაროლა სილამაზის მომდევნო სამეფო აღმოჩნდა. ახლა რომ ვფიქრობ, ვერ ვხვდები რომელია უფრო ლამაზი ჩინკვე ტერეს კუნძულებს შორის. გვანან და თან არ გვანან ერთმანეთს. აქ არაა სასახლეები, მუზეუმები, ვილები, ისტორიული ეკლესიები და შედევრებით გალამაზებული მოედნები. აქ ყველგან უბრალოებაა. ყველა სახლი პატარა და ღარიბულია. კუნძულებს ერთმანეთთან ბილიკები აერთებს. ერთ-ერთს სიყვარულის ბილიკი ჰქვია. დანარჩენ ბილიკებთან შედარებით პატარაა, რიომაჯორესა და მანაროლას აკავშირებს და დაახლოებით  ერთი კილომეტრი სიგრძისაა. კუნძულიდან კუნძულზე გადასვლის სამი ვარიანტია: ბილიკი, მატარებელი ან ნავი. ყველაზე იაფი და ჩქარი მატარებელია, ყველაზე ლამაზი ნავი და ყველაზე სახალისო - ბილიკი. მატარებლით მოგზაურობისას უმჯობესია სალაროში მატარებლის განრიგები აიღოთ და სულ თან გქონდეთ. ასე დროს უკეთ გადაანაწილებთ. კორნილიასა და ვერნაცას შორის გუვანოს ნუდისტური პლაჟიცაა. თუ დრო გაქვთ აქაც შეგიძლიათ გაისეირნოთ.

Manarola, Le Cinque Terre
       ჩინკვე ტერე ერთ დროს მეთევზეების თავშესაფარი იყო, დღეს კი იუნესკო იცავს და იმდენი ადამიანი ჩადის, რომ აქაურობის შენარჩუნების მიზნით, ტურისტების რაოდენობის შემცირებაზე ფიქრობენ. ძალიან მალე აქ შესვლა ფასიანი გახდება. ასე რომ, სანამ დროა მოვასწროთ. მე დარჩენილი ორი კუნძული უნდა ვნახო, თუმცა უკვე ნანახ სამზეც უარს არასოდეს ვიტყვი.

Vernazza, Le Cinque Terre

Facebook: Mako's Wonderland   
Instagram: Mako__go

Share this:

CONVERSATION