image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

ვენეცია

    ლაურა ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში გავიცანი 2014 წლის მარტში. ქართულს სწავლობდა, მე - იტალიურს. პირველივე შეხვედრისას დავმეგობრდით. იმდენი ვქენით, იტალიურ-ქართულის სალაპარაკოდ იტალიაშიც შევხვდით ერთმანეთს. 29 ივლისს დილის 06:30-ზე პერუჯის ავტობუსების სადგურზე ვენეციის ავტობუსის ლოდინში გამყავდა წუთები.  
       საშინლად აჟიტირებული ვიყავი. რამდენიმე საათში ვენეციას ვნახავდი. რამდენჯერ მინახავს რეპორტაჟები ვენეციაზე, რამდენჯერ დამითვალიერებია ფოტოები, რამდენჯერ წამიკითხავს, რომ აქ 118 კუნძული და 435 ხიდია. რამდენჯერ მინახავს ბიზანტიური, ბაროკოსა და გოთიკური სტილის სასახლეების ინტერიერ-ექსტერიერები, რამდენჯერ მისაუბრია ვენეციაზე მეოცნებე შეყვარებულ წყვილებთან, აქ ერთად ჩასვლა და გონდოლით სეირნობა რომ უნდათ. თურმე თუ გონდოლით სეირნობისას ყველა ხიდის ქვეშ აკოცებენ ერთმანეთს, სამუდამოდ ერთად დარჩებიან.

ვენეცია, იტალია
       გონდოლაში არა, მაგრამ ბალტურის ავტობუსში ვიჯექი და ჯადოსნურ ვენეციაში მივდიოდი. პერუჯადან ვენეციამდე შვიდ საათში ჩავედი, ავტობუსმა მესტრეში მიმიყვანა.  მესტრე ვენეციის ერთ-ერთი გარეუბანია. მატარებლის სადგურზე შევვარდი და ვენეცია სანტა ლუჩიას ბილეთი ვიყიდე 1.25 ევროდ. ძალიან დაბნეული ვიყავი. წამდაუწუმ ლაურას მესიჯს ვკითხულობდი, რომელშიც მიხსნიდა, რა უნდა გამეკეთებინა, სად უნდა ავსულიყავი და სად უნდა ჩავსულიყავი. გული ლამის ამომივარდა მატარებლის ორივე ფანჯრიდან წყალი რომ დავინახე. წყალი ძალიან მომწონს, მაგრამ ყოველთვის მაშინებს. ვენეციაში მიმავალი მატარებელი კი შუა წყალში მიდის. მგონი თვალებიც კი დავხუჭე და წუთების თვლა დავიწყე. საბედნიეროდ, მესტრედან ვენეციამდე პატარა მანძილია, დაახლოებით 10 წუთი. გადავრჩი. ახლა სადგურიდან გავალ და ყველაფერი დამთავრდება.
       თურმე არასოდეს მიცდია რეალურად წარმომედგინა ტელევიზორში და ფოტოებზე ათასჯერ ნანახი ვენეცია. მგონი ვერც ვერასოდეს შევძლებდი ამის წარმოდგენას.  ვენეციურ  სინამდვილეში ულამაზესზე ულამაზესი ხედი დამხვდა. ეს ის კადრია, რომელიც არასოდეს მავიწყდება. ხანდახან მგონია, ჩემს ტვინს ვიდეოკამერის ფუნქციები აქვს და გადაღებაზე გიჟდება. მერე ამ კადრებიდან განსაკუთრებულებს არჩევს და აღარასოდეს შლის.

ვენეცია, იტალია
       სადგურიდან გავედი თუ არა ლაურა და მისი დაქალი, ელიზა შემხვდნენ. ჩემს გაოცებულ სახეს არ იმჩნევდნენ. ხელი ჩამკიდეს და სადგურიდან მარცხნივ წამიყვანეს. სად მივდიოდით არც მიკითხავს. პირდაღებული და თვალებანთებული მივყვებოდი. მივდიოდი და მიკვრიდა, როგორ იტევს ამდენ ხალხს, ამდენ ხიდს, ამდენ წყალს, ამდენ გონდოლას, შენობებს, მაღაზიებს, რესტორნებს ეს პატარა კუნძული. მივდიოდი და ვხვდებოდი, რომ ყველაფერი ისე წამიერად ენაცვლებოდა ერთმანეთს, უკან ჩამოტოვებული გზა აშკარად აღარ მახსოვდა. ლაურა და ელიზა მიყვებოდნენ, რომ ღამით ვიღაც წყვილის სახლში დავიძინებდით, სახელები არ ახსოვდათ. წინა საღამოს საერთო მეგობრების წვეულებაზე გაუცნიათ. წყვილი სახლში მარტო ცხოვრობს, მეორე სართული სულ თავისუფალია, გასაღების ასლი და ყველანაირი კომფორტი ჩვენ ხელშიაო. დღეს სახლის არც მისამართი ვიცი, არც ნომერი და არც მისასვლელი გზა. მაინც ვიცი რომ ვერასოდეს მივაგნებ. ეს ვენეციაა. ქალაქი, სადაც თითქმის შეუძლებელია რომელიმე მისამართის დამახსოვრება და მერე მისი პოვნა. აქ რუკის ყიდვაც კი არ უნდა გაბედოთ, თუ მაინცდამაინც ჩემსავით რუკებს არ აგროვებთ. ვენეციაში სახლები უბნების მიხედვითაა დანომრილი, აქაური ქუჩები არ გავს სხვა ქალაქების ქუჩებს. მგონი ცოტა ულოგიკოცაა, მაგრამ აქაურობას ზედმეტად უხდება. ვენეციელები ყოველთვის გირჩვევენ რაიმე ადგილის ახლო მონუმენტით, მაღაზიით ან რესტორნით დამახსოვრებას და თუ სადმე მისასვლელ გზას ეძებთ, არასოდეს ენდოთ სხვებს.

ვენეცია,იტალია
       სახლის მეორე სართულზე ჩვენს დროებით ოთახში გავიშოტე და ერთ წამში ჩამეძინა. რომ გავიღვიძე უკვე გვიანი იყო, ამ საღამოს ვენეციურ უბნის წვეულებაზე მივდიოდით. გარეთ გასული უარეს შოკში აღმოვჩნდი. ორივეს ცალ-ცალკე ვეკითხებოდი სად გაქრა ამდენი ხალხი, ჩამოსვლისას ფეხებში რომ მებლანდებოდნენ-მეთქი. ყველაფერი დაკეტილი აღმოჩნდა. ჩაბნელებულ წვიმიან ვენეციაში ვიყავი დღისით ყველაზე ჭრელი და ყველაზე ფუსფუსა რომ მეგონა. გზაში გოგოები მიხსნიდნენ რომ ვენეციაში ღამის თორმეტი თუ პირველი საათის მერე ყველა ბარი იკეტება. შესაბამისად, ვახშმის შემდეგ ყველა და ყველაფერი იძინებს. აქაური ახალგაზრდობა წვეულებებს სახლში აწყობს და ასე ერთობა. ამ საღამოს კი ერთ-ერთ უბნის საგრაზე მივდიოდით. საგრა იტალიაში გავრცელებული დღესასწაულია, რომელიც უბნის შეკრებებს უფრო ჰგავს. დაახლოებით 40 წუთიანი სიარულის შემდეგ ვენეციის მეორე ბოლოში გავედით. გაოცებისგან გაგიჟებული ვეკითხებოდი ეს გზები როგორ დაიმახსოვრეთ, აქ ხომ ყველაფერი აბსურდულად ჩახლართულია-თქო. აღარ მახსოვდა, რომ ჩემგან განსხვავებით ისინი წლებია აქ ცხოვრობენ და თვალებდახუჭული დადიან ამ მილიმეტრებიან ქუჩებში.
      საგრაზე მთელი უბანი გარეთ იყო. ყველანაირი სასმელ-საჭმელი თავიანთი ხელით მოემზადებინათ. ლაურამ ქერა კულულებიანი ჯოვანი გამაცნო. თითქმის მთელი ღამე იქ ვიყავით. საშინელ წვიმას დახლებისათვის განკუთვნილ კარვებში ვაფარებდით თავს. სახლში ძალიან გვიან დავბრუნდით. დაღლილობისგან ვკვდებოდი.
       დილით ისევ იმ ვენეციაში გავიღვიძე, ჩამოსვლისას ასე მომღიმარი რომ დამხდა. სახლთან ახლოს პატარა ბარში გემრიელი მაფინითა და კაპუჩინოთი ვისაუზმეთ და ვენეციის დათვალიერება დავიწყეთ.

სან მარკოს მოედანი, ვენეცია, იტალია
       მტრედებით გადაფარულ სან მარკოს მოედანზე წყალი ნელ-ნელა მატულობდა. ლაურამ გამაფრთხილა, სასწრაფოდ დაათვალიერე ყველაფერი თორემ დასველებას ვერ გადავურჩებითო. მტრედები დავაპურეთ, სან მარკოს მოედნის პორტიჩები სათითაოდ ჩამოვიარეთ. მერე სან მარკოს ბაზილიკა ვნახეთ და მარჯვნივ სანაპიროზე ჩაწიკწიკებულ გონდოლებს დავუარეთ. ლაურას ძალიან უყვარს ეს ქალაქი. ბევრი რამე მომიყვა აქაურ ყოველდღიურობაზე. გაუჩერებლად დავდიოდით და ჯადოსნური ვენეციის ჯადოსნურ ფერებს ვისრუტავდით. დავუარეთ S ფორმის კანალ გრანდეს, ქალაქს ორ ნაწილად რომ ჰყოფს. კანალ გრანდე ვენეციის ყველაზე დიდი არხია. აქაური 117 არხი ბევრ ადგილას პირდაპირ შენობების ფასადებზეა მიბჯენილი. არხებში დაახლოებით 350 გონდოლა დასეირნობს. გონდოლას ძირითადად ტურისტები ეტანებიან, ვენეციური სიგიჟე ბოლომდე რომ შეიგრძნონ. ვენეციელები კი მოტორიანი ნავებით გადაადგილდებიან ხოლმე. ვენეცია ის ქალაქია, სადაც რამდენიც არ უნდა იაროთ, მანქანა არ შეგხვდებათ თუ მაინდამაინც რომის მოედანზე არ მოხვდებით.
       სად აღარ ვიარეთ: რეალტოს ხიდი, ქვეყნად ყველაზე ვიწრო ქუჩები, ერთ-ერთი მათგანი 53 სანტიმეტრია, უთვალავი ჩიხი, ათასობით ხიდი, საშინლად ლამაზი შენობები, გამუდმებით წყალი რომ ელაქუცება და ნელ-ნელა უჭამს კედლებს, სასწაული ფანჯრები, უთვალავი რესტორანი, ყინულში ჩალაგებული თევზითა და ბოსტნეულით გაფორმებული ვიტრინები, გოლდონის თეატრი, ლამაზი კოსტიუმებით გამოწყობილი და ნიღბებით სახედამალული ანიმატორები, პატარა და დიდი მოედნები, მაღაზიები, სტაფილოსფერი სპრიცით აჭრელებული მაგიდები, ხილის გამყიდველები, სანაყინეები, პიცერიები და მარჯვნივ, მარცხნივ, წინ თუ უკან, ყველგან წყალი.

ვენეცია, იტალია
       ვენეცია ჭრელია. იმდენად ჭრელი რომ მისი სახელის ხსენებაზე ერთდროულად ათასი რაღაც მახსენდება. ლაურამ და ელიზამ რა აღარ გააკეთეს იმისათვის, რომ ყველაფერი მენახა, ყველაფერი გამესინჯა და არასოდეს მომეწყინა. სადაც არ უნდა გავჩერებულიყავით, ყველგან სპრიცს მასმევდნენ. სპრიცი ე.წ. მსუბუქი კოქტეილია, პროსეკოს, აპეროლისა და გაზიანი წყლის ნაზავი. მეტი არომატისთვის ერთ ნაჭერ ფორთოხალს და ზეთისხილს ამატებენ. სპრიცი საუკეთესო ვარიანტია აპერიტისთვის. აპერიტივი კი მადის გამაუმჯობესებელი საშუალებააო, ასე ამბობენ იტალიაში. მე თუ მკითხვათ გამაგრილებელი წვენია გემრიელი გემოთი და ლამაზი ფერით. ვენეციაში ჩასულმა პირველი რაც უნდა გასინჯო, სპრიცია. აქ ძირითადად ევრონახევარი ღირს. იტალიის დანარჩენ ქალაქებში ფასს ასამმაგებენ ხოლმე.  

სპრიცი, ვენეცია, იტალია
       მეორე დილას მყუდრო კაფეში ისევ სპრიცის წრუპვისას დღის გეგმებს ვაწყობდით. ლაურა მალე საქართველოში მოფრინავდა და მშობლების სახლში უნდა დაბრუნებულიყო. მითხრა რამდენ ხანსაც გინდა დარჩი, ჩემს მეგობართან დაგტოვებ და თუ მოგინდება ჩემთანაც ჩამოდიო. მერე ჯოვანის დაურეკა. სადგურთან ახლოს წყლის სანაპიროზე ჩამოვსხედით. მწვანე შორტებიანი და ქერა კულულებიანი ჯოვანი მალე მოვიდა და თავის სახლში წამიყვანა. გზაში მაფრთხილებდა, ყველაფერი კარგად დაიმახსოვრე, თორემ ადვილად დაიკარგებიო. ნოუთებში სამი სიტყვა ჩამაწერინა, თუ დაიკარგები, ვინმეს ეს სიტყვები შეეკითხეო. ყველა ნაბიჯს, ყველა ხიდს, ყველა კიბეს, ყველა ნავს, შენობას და ფანჯარას ვიმახსოვრებდი, დილით იგივე გზით რომ შემძლებოდა ცენტრში დაბრუნება. ჯოვანის სახლი ერთი დიდი საშინელება აღმოჩნდა, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდი. ათას ვინმესთან ერთად ცხოვრობდა მოხუცთა ძველ თავშესაფარში. თავისი საწოლი დამითმო და ლაურას დატოვებული საძილე ტომარა მომცა. თვითონ ღმერთმა იცის სად დაიძინებდა. საღამოს საგრას შევუერთდით. საჭმელი მაჭამა და ლუდი დამალევინა. მერე მეგობრების დასახმარებლად წავიდა. მუშაობაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. საგრა ამ საღამოს უფრო კარგი იყო, მხიარული მუსიკოსებითა და აკრობატებით. გიტარას უკრავდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, წყლის ზემოთ გაჭიმულ თოკზე ფეხებით გადიოდნენ, ჯგუფებად შეკოწიწებული მაყურებელი ტაშს უკრავდა და ამხნევებდა. აქ არავის ვიცნობდი, მაგრამ ეს სულაც არ მაღელვებდა, თავს მშვენივრად ვგრძნობდი. დილით  ჩემი ნივთები ავიღე და წინა საღამოს ზეპირად დამახსოვრებულ გზას დავადექი. 

ვენეცია, იტალია
       დღეს ნატვრა უნდა ამესრულებინდა და ვენეციის კუნძულები უნდა მენახა. კუნძულებზე სეირნობა სხვა ისტორიაა. ამაზე სხვა დროს მოგიყვებით. უკან დაბრუნებულმა ჩემს სიაში ჩავიხედე და Libreria Acqua Alta ამოვიკითხე. ჯოვანის მივწერე და აქ მისასვლელი გზა ვკითხე. ჯოვანის აშკარად გაეცინა და შემახსენა, რომ ვენეციაში ვერასოდეს ვერაფერს მივაგნებდი. ერთ საათში რეალტოს ხიდზე დამინიშნა შეხვედრა. მანამდე სან მარკოს მოედანზე გავისეირნე, 8 ევროდ ბილეთი ვიყიდე და სამრეკლოზე ავედი. 98 მეტრი სიმაღლიდან უკეთ აღიქვამ სად ხარ, რას ტკეპნი და კიდევ რისი დატკეპნა გინდა.

სან მარკოს მოედანი, ვენეცია, იტალია
       რეალტოს ხიდზე მისულს ძალიან მიკვირდა, ასე ადვილად როგორ აღმოვჩნი იქ. ჯოვანისაც იგივე ეწერა სახეზე. მერე მაღაზიისკენ წავედით. გზაში ბრაზდებოდა. ლაქლაქა ტურისტები ხელს უშლიდნენ ჩქარა სიარულში. ღმერთს მადლობას უხდიდა, კარნავალის დღეები რომ არ იყო. ვენეციის კარნავალის დროს ვერსად ვერასოდეს მიაღწევო. თან მიყვებოდა, რომ Libreria Acqua Alta-ში ყველანაირი წიგნის პოვნა შეიძლება, ქართულ წიგნებსაც ვიშოვითო. მე თავი გავიგიჟე. ვერაფრით წარმოვიდგინე ქართული წიგნის არსებობა ვენეციურ წიგნის მაღაზიაში. დავნიძლავდით კიდეც. შევედით თუ არა მაღაზიის პაჟებიან პუტკუნა მეპატრონეს, ლუიჯი ფრიცოს ქართული წიგნების ამბავი ვკითხეთ.. ჯოვანიმ წააგო. ქართული წიგნი არ გვაქვსო. მეორე ჩასვლაზე აუცილებლად ვიკითხავ. მგონი, რომ ამჯერად მე წავაგებ.
       Libreria Acqua Alta 2004 წელს გაიხსნა. მასზე პირველად ერთ-ერთ სტატიაში ამოვიკითხე, განსაკუთრებული წიგნის მაღაზიების სიაში ეწერა. მაღაზიაში რამდენიმე ოთახია ძველი და ახალი წიგნებისთვის. ამ წიგნების საბადოს რამდენიმე კარი აქვს. ერთი ვენეციის ერთ-ერთ არხზე გადის. მეორე წიგნებით მოწყობილ პაწაწუნა ვერანდაზე, კიბეებიც წიგნებით რომ გაუკეთებიათ. ყველამ იცის, რომ როცა ქალაქში acqua alta იწყება, ანუ როცა წყლის დონე იწევს, ყველაფერი იტბორება. ამ მაღაზიის საგანძური კი დაზღვეულია განადგურებისგან იმიტომ, რომ წიგნები უზარმაზარ გონდოლაში, ნავებში, სააბაზანოებში და კასრებში აწყვია. შესაბამისად, წიგნები წყლისგან დაცულია და თუ წყლის დონე კიდევ უფრო მოიმატებს, წყალზე იტივტივებენ და არ დაზიანდებიან.

Libreria Acqua Alta, ვენეცია, იტალია

       დილით ვენეციას ბოლოჯერ დავუარე. შოკოლადის კრუასანები და ყავა ვიყიდე. წლის სანაპიროზე ჩამოვჯექი სასაუზმოდ. ყველანაირ ბარს მერჩივდა აქ ჯდომა და ვენეციით ტკბობა. თან ჩემს თავს ვეკითხებოდი რანაირადაა იტალია ასე აწყობილი, რომ ყველა ქალაქი რაღაცით მაკვირვებს და ყველა ქალაქი ასე ძალიან მომწონს-მეთქი. ლაურას დავურეკე, უკვე გადაწყვეტილი მქონდა ჯერ ვერონაში გასეირნება და მერე მასთან ჩასვლა. სადგურის სახელი ხელსახოცზე დავიწერე, რამოდენიმე სამახსოვრო სუვენირი ვიყიდე და სადგურზე წავედი. დარწმუნებული ვიყავი, რომ სადგურზე მთავარი გზით მივდიოდი. კანალ გრანდეზე გასულმა კი აღმოვაჩინე, რომ სულ სხვა გზით მივლია. კიდევ კარგი ქალაქში ბევრი მანიშნებელია. და კიდევ კარგი ყველაფერს გაფართოებული თვალებით ვუყურებდი. დამიჯერეთ, ვენეციაში არც ორიენტაციის კარგი უნარი დაგეხმარებათ და არც კარგი ინტუიცია. ეს აბსურდული ქალაქია. აბსურდულად მომაჯადოებელი თავისი აბსურდული ისტორიით, აბსურდული ფერებითა და აბსურდული რიტმით. 

სან მარკოს მოედანი, ვენეცია, იტალია

Libreria Acqua Alta, ვენეცია, იტალია

Libreria Acqua Alta, ვენეცია, იტალია


Instagram: Mako__go 

Share this:

CONVERSATION