image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

უმბრია

ჩექმისფორმა იტალიის ცენტრში, მარკეს, ტოსკანასა და ლაციოს შორის უმბრიაა. რეგიონი, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, მაგრამ ისეთ სილამაზეებს იტევს, თვალებიდან და ტვინიდან რომ ვერასოდეს ამოშლით.
უმბრია პერუჯისა და ტერნის პროვინციებს აერთიანებს, მაგრამ მის ადმინისტრაციულ ცენტრად პერუჯა რჩება. აქ ადვილად მოხვდებით მატარებლით, კომპანია Sulga-ს ავტობუსით ან ბლაბლაქარით. თვითმფრინავით ცოტა ძნელია, თუმცა ყველაფერი თქვენს ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. 
ირგვლივ ბევრი მთა, სიმწვანე, ჩანჩქერი, ტბა და ასობით და ათასობით ლამაზი პანორამაა. ქალაქში შუა საუკუნეების შენობები, სახლები, ეკლესიები, მოედნები, მოედნებზე გამოფენილი კერამიკის ნივთები და მაღაზიების ვიტრინებში მიმზიდველად ჩამწკრივებული შოკოლადებია.

პერუჯა რომიდან და ფლორენციიდან თითქმის თანაბარი მანძილითაა დაშორებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა პერუჯის მატარებლის სადგურის რომელ ბაქანზე დადგებით. ყველა ვარიანტში ძალიან მაგარ ადგილას მოხვდებით.                                                                                                                                  

          პერუჯა ყოველთვის იყო და დღესაც არის ცენტრალური იტალიის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი. ეტრუსკების დროს, შუა საუკუნეებში, აღორძინების ეპოქაში თუ ჩვენს თანამედროვეობაში, არასოდეს დაუკარგავს აქტუალობა. აქ ყველა ეპოქის ნაკვალევს შეამჩნევთ: ეტრუსკულ თაღებს, შუა საუკუნეების არქიტექტურას და რენესანსის მხატვრობას. ქუჩაში სიარულისას ყურადღებით იყავით, შეიძლება ისეთ ადგილებს ჩაუაროთ გვერდი, სადაც პერუჯინოს, პინტურიკიოსა და რაფაელის ნამუშევრებია.  ქალაქის მთავარ შენობებზე, მუზეუმებთან, მოედნებზე და სუვენირების მაღაზიებში უცნაური ფორმის ცხოველ-ფრინველი შეგეფეთებათ. ეს ქალაქის სიმბოლო, ლომის ტანიანი და არწივის თავიანი ზღაპრული მტაცებელი ფრინველი გრიფონია.
დღეს პერუჯა სამ მთავარ რამესთან ასოცირდება. ესენია უნივერსიტეტი და  ჯაზისა  და შოკოლადის ფესტივალები. ყველამ იცის, რომ პერუჯა პატარა და ჩაკეტილი ქალაქია. არაა ქაოსი. დღეები საკმაოდ წყნარი და ღამეები უსაშველოდ მშვიდია, მაგრამ მაინც ათასობით სტუდენტი ჩამოდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. არის პერიოდებიც, როცა ქალაქში უფრო მეტი უცხოელია, ვიდრე იტალიელი. ეს იმიტომ, რომ აქ სწავლა უფრო ადვილია, ვიდრე იტალიის ბევრ სხვა ქალაქში. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი პერუჯაში ცხოვრების ნაკლები ხარჯია. თანაც ქალაქი სტუდენტებს საკმაოდ ბევრ ალტერნატივას სთავაზობს. აქ პერუჯის უნივერსიტეტი, უცხოელებისთვის განკუთვნილი უნივერსიტეტი, კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, კულინარიის უნივერსიტეტი და კიდევ ბევრი საგანმანათლებლო ცენტრია. აქ ჩამოსულ ახალგაზრდობას შეუძლია, რომ ზაფხულში ჯაზის, შემოდგომაზე შოკოლადისა და გაზაფხულზე ჟურნალისტიკის საერთაშორისო  ფესტივალს დაეწრნონ და ცხოვრების ცარიელი ადგილები პერუჯული დღეებით, თვეებითა და წლებით შეივსონ.
პერუჯელები ცოტა ჩაკეტილი ხალხია. მგონი ამის მიზეზსაც მივაგენი. აქ ყველა მიდის და მოდის. მუდმივად არავინ რჩება. წლევანდელი თქვენი მეგობრები მომავალ წელს აქ აღარ იქნებიან. მათ ადგილს სხვა დაიკავებს, ან ვერც დაიკავებს. ეს კი ძალიან დამღლელია. პერუჯა ის ქალაქია, სადაც თითქმის არაფერი იცვლება ადამიანების გარდა. მგონი რომ პერუჯელებიც სწორედ ამან დაღალა. ადვილია იმეგობრო ადამიანებთან, მაგრამ ძნელია ადვილად შეეგუო აზრს, რომ შენმა მეგობრებმა მალე ბარგი უნდა ჩაალაგონ და ღმერთმა იცის დედამიწის რომელ ნაწილში უნდა წავიდნენ.

პრიორის ქუჩა, პერუჯა, იტალია

პერუჯას მგონი რაღაც ჯადო აქვს. ერთხელ ჩასულს სულ იქ დაბრუნება მოგინდებათ. ალბათ ცხოვრება ყველაზე ტკბილი მოგეჩვენებათ თუ ქალაქის მთავარ ქუჩაზე სეირნობისას Sandri-ში შეისეირნებთ და ზღაპრულ ნამცხვრებს შეჭამთ, ყავას Punto di Vista-ში დალევთ და არაჩვეულებრივი პანორამით დატკბებით, პიცას Pizzeria Mediterranea-ში შეჭამთ, თუნდაც რიგში საათობით დგომა მოგიხდეთ, ნაყინზე ყველაზე კეთილ და მომღიმარ პაოლოსთან მიხვალთ Gambrinus-ში. აპერიტივზე Umbro-ში წახვლათ და ზაფხულის გრილ საღამოებს ფერად Giardino Vino Rosso-ში გაატარებთ. ეს ჩემი უსაყვარლესი ადგილია მთელ ქალაქში. ალბათ იმიტომ, რომ აქ ყოველთვის ღიმილიანი სახეების, კარგი მუსიკისა და ფერად-ფერადი ალკოჰოლიანი თუ უალკოჰოლო სასმელების კორიანტელია.
პერუჯა არაა ის ქალაქი, სადაც ადვილად მოიწყენთ. შეგიძლიათ ღია და დახურულ აუზებზე იაროთ. თუ შოპინგი მოგინდებათ, სავაჭრო ცენტრში წახვალთ. ბევრი არაფერია, მაგრამ რამეს აუცილებლად მიაგნებთ. თუ მზიანი ცისქვეშ ჯდომა და წიგნის კითხვა გიყვართ, შეგიძლიათ პრიორის ქუჩის ბოლოში ხასხასა მდელოზე გაწვეთ და ინეტაროთ. აქ ყოფნა ღამითაც მშვენიერია. მაშინ, როცა იტალიურ ცაზე იტალიური ვარსკვლავები კაშკაშებენ. თუ ქალაქის ძირფესვიანად დათვალიერება მოგინდებათ, სანახავი არც თუ ისე ცოტაა: უმბრიის ეროვნული გალერეა, არქეოლოგიის მუზეუმი, რომაული მოზაიკები, ეტრუსკული თაღი, ქალაქის მთავარი შადრევანი, შოკოლადის ქარხანა, Rocca Paolina, თეატრები, სან ლორენცოს,  სან დომენიკოს, სან პიეტროს, სან ერკოლანოს და სანტ ანჯელოს ეკლესიები. აქედან ყველაზე ხშირად ალბათ Via dell'Acquedotto-ოს კიბეებზე ივლით. თანაც თავში ერთადერთი აზრი ჩაგებეჭდებათ, რომ ასეთი სილამაზის სხვაგან პოვნა ძალიან გაგიჭირდებათ. 
ხო, ეს ყველაფერი იტალიის გულში, პატარა მთაზე შემოსკუპებულ პერუჯაშია. ქალაქში, სადაც დაახლოებით ოთხი თვე გავატარე და საიდანაც ჩემი თვალების, გონების, მეხსიერებისა და მთლიანად ჩემი არსების თანამგზავრი უთვალავი ფიქრი ჩამოვიტანე.

Via dell'Acquedotto, პერუჯა, იტალია
არ გეგონოთ, რომ უმბრიაში მარტო პერუჯაა სანახავი. აქ ჩამოსულებმა აუცილებლად უნდა ნახოთ ასიზი, გუბიო, სპოლეტო, სპელო, ორვიეტო, ტრევი, ტრაზიმენოს ტბა და ტბისპირა პატარა ქალაქები. უმბრიაში მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის აქაური ტრადიციები და კულტურა. თითქმის ყველა ქალაქს საკუთარი დღესასწაული და განსაკუთრებულობა აქვს.
გუბიო პერუჯას ჩრდილოეთით 55 კილომეტრში მდებარეობს. მთაზე შემოსკუპებულ ყავისფერ სახლებს შორის ყოველ მაისს La Corsa Dei Ceri იმართება. ეს ის დღეა, როცა ქალაქი სამ ნაწილად იყოფა და ყვითელ, ლურჯ და შავ სამოსში გამოწყობილ კაცებს მხრებზე შემოკიდებული ხუთი მეტრის სიმაღლის სანთელი ააქვთ სან უბალდოს ტაძრამდე, რომელიც მთაზე მდებარეობს და რომლის იქითაც ცის მეტი არაფერია. ეს ე.წ სანთლები უმბრიას სიმბოლოა. უმბრიას მწვაზე დროშაზეც ზუსტად ეს სამი სანთელია გამოსახული.



პერუჯას სამხრეთით 80 კილომენტრში სპოლეტოა, სადაც 1958 წლიდან ყოველი ივნისის ბოლოს Festival Dei Due Mondi ტარდება. ‘ორი სამყაროს ფესტივალი’ მუსიკის, ხელოვნების, კულტურისა და სპექტაკლის სამკვირიანი ზეიმია. ფესტივალის გასამართად სპოლეტო არაჩვეულებრივი ადგილია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მისასვლელად ადგილია და მეორეც იმიტომ, რომ ქალაქში პაწაწუნა რომაული

სპოლეტო, უმბრია, იტალია
თეატრია. ფესტივალის პროგრამა ყოველწლიურად იცვლება. გასულ ფესტივალებზე მონაწილეთა რიცხვში ვიტორიო გასმანი, დარიო ფო, ფრანკა რამე და კიდევ უამრავი სახელი წერია.

        თუ უმბრიაში მოხვდებით, ეცადეთ სპელოში გაისერინოთ. სპელო წლის ნებისმიერ დროს სანახავია, განსაკუთრებით კი ყვავილების დღესასწაულზე. კათოლიკური სამყარო აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. სულმთმოფენობის მომდევნო კვირას კი სპელოში ყოველთვის ყვავილების დღესასწაულია. ეს ტრადიცია თითქმის 200 წელს ითვლის. ეს ის დღეებია, როცა ქალაქის შუაგულ მოედნებზე და ფართო ქუჩებზე სხვადასხვა ფორმებს გამოსახავენ ყვავილებით. ისედაც ყვავილებით მორთული ყავისფერი ქალაქი კიდევ უფრო ჭრელდება და ლამაზდება.
თუ გოთიკური არქიტექტურა და გოთიკური ტაძრები გაინტერესებთ, ყოველმიზეზგარეშე უნდა წახვიდეთ ორვიეტოში. ორვიეტოს სადგურიდან ქალაქის ცენტრამდე ან ავტობუსით ახვალთ  ან ფუნიკულიორით. თუმცა ფეხით ასვლა-ჩამოსვლაც შეიძლება. პირველ რიგში ორვიეტოს ტაძარს უნდა ესტუმროთ და თუ შეატყობთ რომ თქვენს თვალებს და ტვინს მეტის დატევა შეუძლიათ, ტაძრის წინ სალაროში მიწისქვეშა ტურის ბილეთი იყიდეთ და გიდს გაყევით. დანარჩენს ის გიამბობთ.
რომიდან ქვეყნის ჩრდილოეთით მგზავრობისას მატარებლიდან აუცილებლად შეამჩნევთ პატარა მთაზე ზედმეტად ლამაზად შეკოწიწებულ ქალაქს. ეს ტრევია. ქალაქი, სადაც არაფერი ხდება, სადაც გეგონებათ, რომ აღარავინ ცხოვრობს. თითქოს ყველამ ერთად გადაწყვიტა აქაურობის მიტოვება და ახლა მარტო თქვენ სუნთქავთ. მთის კენწეროზე ცენტრალური მოედანია, სადაც აქ შემორჩენილი მოხუცი იტალიელები მზეს ეფიცხებიან და ერთმანეთთან ტიტინში გაჰყავთ დრო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გაყინულია,  მთავარ მოედანზე საინფორმაციო ცენტრიც აქვთ და ქალაქის რუკებიც. მერე რა, რომ რუკაზე ბევრ საინტერესოს ვერაფერს ნახავთ. მთავარია რომ ტრევიში ხართ. მატარებელში მჯდომს მილიონჯერ რომ ჩამოგძახათ, ამოდი, ამოიარე ჩემი აღმართები, ისეირნე ჩემს ვიწრო ლაბირინთებში, ქალაქის კენწეროში დადექი, უმბრიულ მწვანე სიმშვიდეს გადახედე და დატკბიო.
                  ტრაზიმენოს ტბა არ დაგვავიწდეს. ეს იტალიაში სიდიდით მეოთხე ტბაა. ლამაზია, განსაკუთრებით მზის ჩასვლისას. ტბის ირგვლივ დაახლოებით 15 პაწაწუნა დასახლებაა. მე Castiglione del Lago-ს გირჩევთ. ცოტას რომ ისეირნებთ, სავახშმოდ აუცილებლად შედით Darsena Live Music-ში და ტბისპირას დასხედით. მე აქ ჩემმა პერუჯელმა მეგობრებმა წამიყვანეს. დილით რომ გავიღვიძე მითხეს, წასასვლელად მოემზადე, დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთო. საღამოს უკვე აქ ვისხედით. პატარა მაგიდა ლამაზი და გემრიელი პიცებით გაგვიფერადეს და ჩვენი კიდევ უფრო პატარა ტვინები წითელი ღვინით ააგიზგიზეს. ეს შარშან იყო. ამის მერე უმბრიაში აღარ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი რომ კიდევ დავბრუნდები. ჩაალაგეთ და თქვენც ჩემთან ერთად წამოდით. 


ტრაზიმენოს ტბა, უმბრია, იტალია
Facebook: Mako's Wonderland   
Instagram: Mako__go  

Share this:

CONVERSATION