image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

Umbria Jazz

იტალია, პერუჯა, მუსიკა, სასმელი, მილიონობით უცხო სახე და სხეული, უძილობა, უდარდელობა და შეგრძნება, რომ ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო სიმსუბუქეა - ეს Umbria Jazz-ის სიმპტომებია.
თურმე ტყუილად არ ელოდებოდა მთელი პერუჯა ჯაზ ფესტივალს. ქალაქი ისე გაივსო და გაიტენა მოსიარულე არსებებით, ერთიდან მეორე კუთხეში მისასვლელად დიდი მოთმინება უნდა გქონოდა. ქალაქში ყველაფერი ფესტივალის პლაკატებითა და ფლაერებით გაივსო. მთავარ მოედანზე დიდი სცენა დამონტაჟდა. მეორე მთავარ მოედანზე სცენას სკამები და მაგიდები მიემატა. ფასიანი კონცერტების გარდა უფასო კონცერტებიც დაიგეგმა. ხალხი მოემზადა მომავალი ცხრადღიანი სიამოვნებისთვის. ამინდმაც თქვა, თქვენთან ვარ და არაფერს გავაფუჭებო და მართლაც ასე მოიქცა.
Umbria Jazz პირველად 1973 წელს ჩატარდა და ამის მერე ყოველ ივლისს იმართება პერუჯაში. უბრალო ივენთი არ გეგონოთ! მის სცენაზე გამოსული მუსიკოსების სიაში ბი ბი კინგი, ჯეიმს ბრაუნი, ჯორჯ ბენსონი, პრინცი, სტინგი, ნატალი კოლი, მაილს დევისი, რა მოსაატანია და ლედი გაგაც კი წერია.
ამ ფესტივალის ყველაზე მაგრობა ისაა, რომ ფესტივალი ყველასთვისაა და არა მარტო ბილეთში ფულის გადამხდელებისთვის. ფესტივალი ყველასთვისაა ნიშნავს, რომ ქალაქში უფასო კონცერტებია და თანაც ძალიან მაგარი კონცერტები. Umbria Jazz-ის დროს სხვა ქალაქებიდან პერუჯაში ჩამოდის ხალხი. ერთად უსმენს მუსიკას, ერთად ცეკვავს, ერთად ერთობა, ერთად გიჟობს და ერთად ატარებს უმბრიასთვის ყველაზე ცხელ და ხმაურიან დღეებს.
2014 წლის Umbria Jazz 11 ივლისს დაიწყო. დილიდან ქალაქის ყველა კუთხეში ნაირნაირი ინსტრუმენტებით აღჭურვილი მუსიკოსები უკრავდნენ. ამ საღამოს ჩემს სახლში დიდი ვახშამი მოვაწყვეთ. ვახშამი ძალიან ინტერნაციონალური გამოვიდა - გერმანელების, იტალიელების, ფრანგების, ესპანელებისა და ერთადერთი ქართველის მიქსი. ამ მიქსმა მარტო ეს ერთი საღამო კი არა, ფესტივალის დანარჩენი ცხრა დღეც ერთად გავატარეთ. ეს ის დღეებია, მთელი ქალაქი მუსიკად რომ იქცევა, ადამიანები მიზიდულობის ძალას რომ კარგავენ, ყველას უხარია, ყველა ბედნიერია, ყველა იღიმის, ყველა გარეთაა. აქ ძილი და მოწყენა აკრძალულია და თუ მაინც დაიძინებ ან მოიწყენ, ქალაქის ხმაური აუცილებლად გაგაღვიძებს.  
ეს ის დღეებია არასოდეს რომ არ უნდა გაჩერდე. მერე რა რომ ფესტივალის დამთავრების შემდეგ განადგურებული იქნები დაღლილობისგან.  
გადაბმული უძილობისა და ყოველი საღამოს გარეთ გატარების შემდეგ, უნივერსიტეტში ინგლისურ-იტალიური თარგმანის ლექტორი ძალიან შეწუხდა ლექციაზე ჩემი პასიურობით და ჩემი მძინარე თვალების ყურებით და ძალიან მოწიწებით მკითხა მაკო, ამ დღეებში ვეღარ გცნობ, რამე პრობლემა ხომ არ გაქვსო. ვერ გავბედე მეთქვა, რომ უკვე მთელი კვირაა ღამეებს კონცერტიდან კონცერტზე გადასვლაში ვატარებდი. უბრალოდ ვუთხარი, რომ ყველაფერი ზედმეტად კარგად იყო და Umbria Jazz ყველაზე მაგარი პერიოდი იყო ჩემი და პერუჯის თანაცხოვრების ისტორიაში.  


Share this:

CONVERSATION