image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

სან ჯიმინიანო

        ტოსკანური სილამაზეების სიის უსასრულობაზე ყველას გვსმენია. საქმე მაშინ რთულდება, როცა მათგან საუკეთესოების ამორჩევა გვიწევს ხოლმე. ვიცი, ყველა მოგზაურს საკუთარი ფავორიტი ადგილები აქვს და ისიც ვიცი, რომ ვერასოდეს შევთანხმდებით საუკეთესო ტოსკანური ადგილების შერჩევისას, მაგრამ სან ჯიმინიანოს აუცილებლად უნდა მოვუძებნოთ თავისი ადგილი სიის თავში.
        ფლორენციიდან სამხრეთით 55 კილომეტრში და სიენადან ჩრდილოეთით 45 კილომეტრში კოშკების ეს პატარა ქალაქია. ივლისის ცხელ საღამოს, ლექციებიდან დაბრუნებულმა წიგნები და კონსპექტები ფოტოაპარატით ჩავანაცვლე და გაჩერებაზე გავქანდი. სარა ავტობუსის ბილეთებით ხელში მელოდებოდა. ჩემთვის გრძელი, მისთვის კი მოკლე ტოსკანური არდადეგების სან ჯიმინიანოს გარეშე დატოვება არ გამოვიდოდა.

სან ჯიმინიანო, ტოსკანა, იტალია
        სან ჯიმინიანოში არაა მატარებლის სადგური, აქ მხოლოდ ავტობუსით თუ მიხვალთ. უახლოესი სადგური პოჯიბონსია, სან ჯიმინიანოდან 20-25 წუთის სავალზე. ტურისტების უმრავლესობა ფლორენციიდან ჩამოდის. აქედან მომავალი ავტობუსი ან პირდაპირ სან ჯიმინიანოში მიგიყვანთ ან ჯერ პოჯიბონსიში გაგაჩერებთ ცოტახნით. გზა ფლორენციიდან პოჯიბონსიმდე ერთ საათზე ოდნავ მეტს გრძელდება. ბილეთის ფასი კი 7 ევროა. დანიშნულების ადგილზე ჩასული ავტობუსი ქალაქის მთავარ შესასვლელთან ჩერდება.  
        მე და სარა სან ჯიმინიანოში სიენადან წავედით 130 ნომერი ავტობუსით. ავტობუსმა ქალაქის დიდ კარიბჭესთან დაგვტოვა. სან ჯიმინიანო ერთ-ერთია იტალიის იმ ქალაქებს შორის, რომლებმაც შუა საუკუნეების არქიტექტურის კვალი ასე თვალსაჩინოდ შემოუნახა თანამედროვე სამყაროს. ქალაქს ირგვლივ დიდი კედელი არტყამს. ქალაქის შუა გულში შესასვლელად კედლისთვის რვა კარი გაუკეთებიათ. მათგან მთავარი სან ჯოვანის კარია. შეხვალთ თუ არა, ერთ წამში აღმოჩნდებით სხვა განზომილებაში. სან ჯოვანის ქუჩით ქალაქის მთავარ ორ მოედანზე მოხვდებით. ვერაფრით გავიგე რომელია ქალაქის მთავარი მოედანი. ხან ერთზე ვიჯექი და გადამეტებული ინტერესით ვაკვირდებოდი იქაურობას, ხანაც მეორეზე დავდიოდი წინ და უკან. რატომღაც ‘ცისტერნის მოედანი’ უფრო მთავარი მგონია. მოედანს სამკუთხედის ფორმა აქვს. ცენტრში ფუნქციადაკარგული დიდი ჭაა. საუკუნეების წინ ქალაქს წყალი სწორედ ამ ჭით მიეწოდებოდა. ახლა დაღლილი ტურისტების შესვენების წერტილია. მოედნის ირგვლივ ყავისფერი ქვის სხვადასხვა სიმაღლის მქონე შენობებია. ისეთი ლამაზია უბრალოდ თავბრუ დაგეხვევათ. გვერდითა მოედანზე სან ჯიმინიანოს კათედრალია. აქაურობა ქალაქის სილამაზეების მეორე უკიდურესობაა.  მოედნების იქით დიდი დოზით სილამაზე და ტოსკანური სიმშვიდეა.

სან ჯიმინიანო, ტოსკანა, იტალია
        შუა საუკუნეების არქიტექტურით გატენილი ეს პატარა ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია. აქ ერთ დროს 72 კოშკი იყო, 2017 წელს კი მხოლოდ 14 შემორჩა. სან ჯიმინიანოს რამდენიმე ტყუპი ქალაქი ყავს, მათ შორის მესტიაცაა. ტყუპი იმიტომ, რომ ერთგანაც და მეორეგანაც არაჩვეულებრივი სილამაზის მქონე კოშკებია. მესტიაში ჯერ არ ვყოფილვარ და ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სან ჯიმინიანოს კოშკები საოცრად სრულყოფილს და სავსეს ქმნიან ქალაქს.
      მე და სარამ ყველა ქუჩა სათითაოდ დავიარეთ. ქალაქი სავსე იყო ტურისტებით. სან მატეოს ქუჩის ბოლოში გასულებმა ერთმანეთს მოწყენილად გადავხედეთ. ეს იმას ნიშნავდა, რომ სასწრაფოდ სანაყინე უნდა მოგვეძებნა. ქუჩის კუთხეში შოკოლადისა და პისტაკიოს ნაყინები შევუკვეთეთ. უკან დაბრუნებისას ცოტა ვინანეთ, მაგრამ ვეღარაფერს ვიზამდით. სხვა ნაყინის საჭმელი ძალა უბრალოდ აღარ გვქონდა.
        ვინანეთ იმიტომ, რომ ქალაქის მთავარ მოედანზე თურმე მსოფლიო ჩემპიონი სანაყინე ყოფილა, ზედიზედ ორჯერ რომ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. არ ვიცოდი, თორემ მოედნის შუამდე მისულ რიგში უფრო დიდი სიამოვნებით ჩავდგენოდი. ასე რომ, სან ჯიმინიანოში ჩასვლისას მოემზადეთ სანაყინე ‘დონდოლის’ უსასრულო რიგში დგომისთვის.

სან ჯიმინიანო, ტოსკანა, იტალია
        სან ჯიმინიანოში მხოლოდ რამდენიმე საათი გავატარეთ. ბევრი არაფერი გვინახავს და ბევრი არაფერი გვიკეთებია, მაგრამ კოშკებისა და სასახლეების გარედან თვალიერებამ საკმაოდ ბევრი მოგვიყვა ქალაქზე და აქაურ მაცხოვრებლებზე.
          სანამ ავტობუსის გაჩერებაზე დავბრუნდებოდით, ტოსკანური პროდუქტების მაღაზიები ვათვალიერეთ. ქალაქის კედელს გარეთ, გაჩერებაზე ჩამომსხდრებმა დაღლილი ფეხებითა და გონებით  დღის შემაჯამებელი საუბრები გავაბით.
      ავტობუსში გაცნობილმა საყვარელმა რენატომ ძაან სევდიანად მითხრა, აქაურობა მხოლოდ ზაფხულში ცოცხლობს, ზამთარში ყველაფერი შეშდება და კვდებაო. ზაფხულშიც მხოლოდ ის აცოცხლებს, რომ თავისი ისტორიულობისა და განსაკუთებული სილამაზის გამო ტურისტები არასოდეს იზარებენ აქ ჩამოსვლას.

სან ჯიმინიანო, ტოსკანა, იტალია
     სიენაში დაბრუნებულმა ყველას გული გავუწყალე სან ჯიმინიანოზე ლაპარაკით. ახლა თბილისში ვარ და ტოსკანაზე საუბრისას ისევ იგივეს ვაკეთებ ხოლმე. პერიოდულად იქაურ ფოტოებს ვათვალიერებ და ძეფირელის ‘ჩაი მოსულინისთან’ ვუყურებ. აქაური ხედების ასე ჩვენებას მხოლოდ ის თუ შეძლებდა. მერე ჩემს თავს მადლობებს ვუხდი, რომ არასოდეს იზარებს აქეთ-იქით სიარულს, არც მაშინ როცა გარეთ 40  გრადუსი სიცხეა და არც მაშინ როცა დაღლილობისგან ტვინის უჯრედების უმეტესობა გათიშული და უფუნქციობისკენ მიდრეკილია.
        ასე რომ ვისაც ტოსკანის  მარშრუტი გაქვთ დასაგეგმი და ფლორენციის გარდა სხვა ლამაზ-ლამაზ ადგილებს ეძებთ, სან ჯიმინიანოსაც შეავლეთ თვალი. მართლა ლამაზი და განსაკუთრებულია.

სან ჯიმინიანო, ტოსკანა, იტალია

Share this:

CONVERSATION