ალბათ მართალია როცა ამბობენ თუ რამეს
მოინდომებ, აუცილებლად მიაღწევო. იტალიაში ვარ. ერთ პაწაწუნა და უსაყვარლეს ქალაქში,
სადაც ყველაფერი მინიატურულია.
ყველაფერს საუკუნეების წინანდელი სუნი ასდის, მაგრამ მიუხედავად ამისა,
თანამედროვე ტიტინა იტალიელებითაა სავსე. უკვე მესამე დღეა აქ ვარ.
გასულ წელს სტიპენდიაზე მესამედ შევიტანე
განაცხადი. უკვე ავტომატურად ვაკეთებ ხოლმე ასეთ რაღაცებს. ამდენი არას მერე აღარც
მჯერა, რომ ოდესმე კის მეტყვიან. ბედნიერების წერილი რომ მივიღე სიხარულისგან
ღრუბლებზე დავდიოდი ის და კიდევ ბევრი მომდევნო დღე. იტალიისთვის მზადება თვეებით ადრე
დავიწყე.
ყველაფერი გავაკეთე, ყველაფერი დავგეგმე, სახლი დავჯავშნე, წინასწარ გავიცანი
ხალხი, ჩამოვწერე სანახავი ადგილების სია, გავიგე მატარებლებისა და ავტობუსების ფასები
და განრიგები. 3 ივნისს ღამის 3 საათზე ერთი ჩემოდნითა და 2 ჩანთით ახუნძლული თბილისის
აეროპორტისკენ წავედი. პირველად მივდიოდი ევროპაში და საერთოდ პირველად მივდიოდი ასე
შორს სრულიად მარტო. რეგისტრაციის გავლისა და ჩემებთან დამშვიდობების შემდეგ, თბილისის
აეროპორტის ექსკალატორზე გაშეშებული მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი - ყურადღებით უნდა
ვყოფილიყავი. ყველაფერს ისე დაძაბული ვუყურებდი, თითქოს რამე ცუდს მიპირებდნენ. ყველა
ნაბიჯს ვითვლიდი და გაგიჟებული ვიყავი იმ იდეით,
რომ ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდებოდა.
მართვის მოწმობის მასწავლებელი მეუბნებოდა
ხოლმე: როცა ქუჩაში მოგიწევს მანქანის ტარება არ შეგეშინდეს, შენ წინ მყოფი მანქანები
თუ ივლიან, შენც იარე და თუ გაჩერდებიან, შენც გაჩერდიო. დამიჯერეთ მეგობრებო, ზუსტად
ასეა უცხო აეროპორტებშიც.
გამთენიისას უკვე ღრუბლებში გახვეულ
თვითმფრინავში ვიჯექი. სტამბოლში ჩასულმა ხელახლა გავიარე რეგისტრაციების მთელი სერია.
ექვსი საათი გავატრე გოკჩენის ძალიან მოსაწყენ აეროპორტში. ძლივს გავიდა დრო. ხან აეროპორტს
ვურტყამდი კრუგებს, ხან მაღაზიებში დავბოდიალობდი, ხან ერთ გეითთან ვიჯექი, ხან მეორესთან,
ხან წიგნს ვკითხულობდი, ხან ფილმს ვუყურებდი. როგორ აღარ ვეცადე რომ არ მომეწყინა,
მაგრამ მაინც ძლივს გავიდა დრო. მერე ისევ ხელახალი რეგისტრაცია, ხელახალი ფრენა და
მალე იტალიაში აღმოვჩნდი. ცოტა დავაგვიანე. პერუჯაში მიმავალი ავტობუსი გასული დამხვდა.
არც ინტერნეტი მქონდა, არც ნომერი, არც როუმინგი. ვიცოდი, რომ შემდეგი ავტობუსი 17:00-ზე მოვიდოდა.
ჯერ მხოლოდ 14:45 იყო. რომის მატარებლის სადგურზე
წასვლას და ჩემოდნებით წამებას ლოდინი ვამჯობინე. წუთებს ვითვლიდი. ასე მეგონა ავტობუსი
აღარასდროს მოვიდოდა. ხუთს ზუსტად შვიდი წუთი აკლდა რომ მოვიდა. პირველივე სკამზე
მოვკალათდი, ავტობუსი რომს გაივლიდა და არ მინდოდა რამე გამომპარვოდა. წინ 3-4 საათიანი
მგზავრობა მელოდა. ავტობუსის გამოწკეპილ მძღოლს ვუთხარი პერუჯაში პიაცა პარტიჯანიზე
უნდა ჩავიდე და არ გამომაპარო-მეთქი. საღამოს ცხრა საათისკენ უკვე იქ ვიყავით.
PERUGIA
PIAZZA PARTIGIANI
მე, ჩემი ჩემოდანი და
ორი დიდი ჩანთა. ქუჩაში ვერც ხალხს ვხედავ, ვერც ავტობუსებს და ვერც გზამკვლევებს. ხან
ავტობუსს ველოდე, ხან გამვლელს. იმედგადაწურული ბოლოს ტაქსისთან მივედი და ძალიან
ბედნიერიად ვთხოვე ვია ბელაზე წაყვანა. ეს ის ქუჩასაა, სადაც მომდევნო 3 თევ უნდა გავატარო.
ტაქსიმ ისეთი გზებით იარა ჩემით რომ ვერასოდეს მივაგნებდი. ვია ბელას დასაწყისში დამტოვა. მანქანიდან რომ გადმოვედი თავი ფილმის გმირი მეგონა. მილიონჯერ მქონდა ნანახი ფოტოებზე
და რუკაზე პერუჯის ქუჩები, მაგრამ ასეთ სილამაზეს მაინც არ ველოდი.
ისევ მარტო მე, ჩემი ჩემოდანი და ორი დიდი ჩანთა. იტალიის მინიატურული ვია ბელა. სულ ცარიელი და ცივი. ქვის ყავისფერი
სახლებით, ირგვლივ უთვალავი აღმართ-დაღმართით, ულამაზესი ფანჯრებითა და დარაბებით,
თითოეული მათგანი ხელოვნების ნიმუშს რომ ჰგავს. დიდი სიამოვნებით და გულისძგერით მოვძებნე
წინასწარ დაჯავშნილი 6 ნომერი. ვიღაც ინდოელმა ბიჭმა გადმომძახა სხვაგან მოვხვდიო.
თავის მეზობლებსაც დაუძახა, მაგრამ ისევ სხვაგან მოვხვდი. მომდევნო ერთსაათიან წამებაზე
არაფერს მოგიყვებით, მაგრამ აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ქუჩაში გამოშტერებულ-გაშეშებული
დგომის, კიბეზე ჩამომჯდარი ტუნისები ბიჭის დახმარების, ჩემოდნებისა და ჩანთების თრევით,
ქუჩის ტელეფონთან ორჯერ ასვლა-ჩასვლისა და იმის გაგების შემდეგ, რომ სახლი თურმე არც
ექვს ნომერშია და არც შვიდში (თურმე 8 ყოფილა), ოთახში შესულს არც სახე მქონდა ადგილზე
და არც ნერვები. ტოსკანელ სტეფანოს, ჩემი საზაფხულო სახლის პატრონს, მისამართი არევია.
მარტო ქუჩის სახელი იცოდა. ბინის ნომრების დამახსოვრებაზე აშკარა პრობლემა ჰქონია,
მე კი არაფერი ვიცოდი.
სახლში შემოსულს აღარ მჯეროდა რომ ეს უსასრულო გზა დამთავრდა. ჩემი სახლის მეგობრები მაშინვე გავიცანი, მაგრამ მეორე დღეს არც მათი სახეები მახსოვდა და არც მათი სახელები.
სახლში შემოსულს აღარ მჯეროდა რომ ეს უსასრულო გზა დამთავრდა. ჩემი სახლის მეგობრები მაშინვე გავიცანი, მაგრამ მეორე დღეს არც მათი სახეები მახსოვდა და არც მათი სახელები.
უკვე 2 დღე გავიდა და უკვე მჯერა,
რომ აქ ვარ, იტალიაში. ვია ბელას 8 ნომერში ჩემი პატარა ოთახი მაქვს, სადაც თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. სახლში ორი იტალიელი და ორი გერმანელი გოგოა.
ტურინელი სილვია მალე უნივერსიტეტს
ამთავრებს და ტურინში ბრუნდება.
რუსულის მასწავლებელი იტალიელი სარა ბოლონიის
ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის და კვირაში რამოდენიმე დღეს იქ ატარებს.
ერასმუსელი გერმანელი იანა სულ გარეთაა მეგობრებთან ერთად.
გერმანელი ჯორჯია სულ ოთახშია გამოკეტილი. არც
სამზარეულოში გამოდის და არც სააბაზანოში. ადამიანებთან ურთიერთობას არ ვარ შეჩვეულიო.
მე კი გზააბნეული ტურისტივით ვარ,
ჯერჯერობით ყველაფერს პირდაღებული ვუყურებ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ.
![]() |
პერუჯა, იტალია, 2014 |
CONVERSATION