ტოსკანა ყველაზე ლამაზია. ტოსკანა განსაკუთრებულია.
ტოსკანა ყველაზე მწვანეა. ტოსკანა იტალიის გულია. ტოსკანა დანტეს, ჯოტოს, ბოტიჩელის,
პუჩინის, ბენინის სახლია. ტოსკანაში ბევრია სანახავი, ფლორენციიდან დაწყებული პატარა
ბორგოებით დამთავრებული. ტოსკანაში ნამდვილი იტალიურია. მოკლედ ყველაფერი
ტოსკანა ყოფილა. რას აღარ ამბობენ აქაურობაზე. ხოდა მეც იქ წავედი, სადაც ნამდვილი
იტალიურობა მეგულებოდა და გასული ზაფხულის მოგზაურობა ტოსკანას შუაგულში შუა საუკუნეებში
აშენებული კედლის შიგნით მოქცეული პატარა ქალაქიდან, სიენადან დავიწყე.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მაშინ, როცა ნატვრებამდე ერთი პატარა ნაბიჯია
დარჩენილი, ემოციებით ვივსები და მოწყენილობისგან ვკვდები. ახლაც ასე დამემართა. ბარგი
აშკარად უღიმღამოდ ჩავალაგე. აეროპორტშიც უღიმღამოდ მივედი. დესკიც უღიმღამოდ ჩამქრალი დამხვდა. თურმე დავაგვიანე. წამს წამი, წუთს წუთი
და ჩემს ემოციებს კიდევ უფრო უაზრო ემოციები ემატებოდა. არ მახსოვს როგორ გავიარე კონტროლი და როგორ მივაღწიე ან ავტობუსამდე ან თვითმფრინავამდე. აქაც გათიშული ვიჯექი.
თბილისიდან სტამბოლში. სტამბოლიდან რომში. რომიდან ტიბურტინაზე. ტიბურტინადან
სიენაში. ახალ
სახლში. ახალ ქალაქში. ახალ ფერებში. ახალ ხალხში. ახალ სახეებში. ოთახი ჩემს ჭკუაზე
რომ მოვაწყვე, გარეთ გავედი ტოსკანური ცხოვრების
ნაწილი რომ გავმხდარიყავი. სიენა ტოსკანის ერთ-ერთი სილამაზეა. მუქი და ცივი, ლამაზი
და მდიდარია. ტოსკანაში ჩასულ ტურისტებს, განსაკუთრებით ქართველ ტურისტებს ტოსკანა
მხოლოდ ფლორენცია და პიზა ჰგონიათ. არადა აქ იმდენი ლამაზი ქალაქია, გზა და კვალი აგებნევა.
სიენა, იტალია |
მე ერთი თვე ყოველდღე უნივერსიტეტში დავდიოდი. საუზმიდან
სადილამდე ლექციებზე ვიჯექი. სადილიდან საუზმემდე კი სიენას ქვის კედლებში დავსეირნობდი.
სიენაში ბევრი მნიშვნელოვანი მონუმენტია, მაგრამ განსაკუთრებული მაინც აქაური ქუჩებია.
თითქოს ყველა ყველას ჰგავს და მაინც ყველას რაღაც განსაკუთრებულობა ახასიათებს. იმისათვის, რომ ქალაქის ცენტრში აღმოჩნდე, ქვის კედლებში უნდა შეძვრე. არ ვიცი დღეში რამდენჯერ
შევდიოდი კამოლიას კარში. ყველა შესვლაზე გულში რაღაცები მეჩხვლიტებოდა. ასეთ კონტრასტს ყველგან ვერ ნახავთ. ეს ჩვეულებრივიდან არაჩვეულებრივ სამყაროში მოხვედრაა. სიენას ისტორიულ
ცენტრში მისასვლელად კამოლიას გარდა, კიდევ რამდენიმე კარია, ან ჭიშკარი ან რაც გინდათ
ის დაარქვით. რადგანაც სიენას ეს ნაწილი საკმაოდ მაღალ გორაზეა გაშენებული, ქალაქის
სხვა უბნებიდან ექსკალატორებით ასვლა მოგიწევთ.
პორტა კამოლიადან კამოლიას ქუჩას დავუყვებოდი ხოლმე.
ფეხით სეირნობისას ხუთ-ექვსი წუთის მერე კამოლიას ქუჩას მონტანინის ქუჩა ანაცვლებს.
გზად სალიმბენისა და ტოლომეის ულამაზესი მოედნებია. სალიმბენი ჩემი ფავორიტია. რანაირი
იტალიური მოედანი არ მინახავს, მაგრამ ეს მაგიურია. სამი მხრიდან სხვადასხვა სტილის ფასადიანი შემობებითაა
შემოფარგლული. ფასადები რომ განსხვავებულია ერთი შეხედვით მიხვდებით, მაგრამ მაინც
რანაირადაა ასეთი ერთიანი ამის მიხვედრა ძალიან გაგიჭირდებათ.
მერე ყველა ჩემი სეირნობა მთავარ მოედანზე მთავრდებოდა.
მე თუ მკითხავთ, Piazza del campo იტალიის ყველაზე ლამაზი მოედანია. ქალაქის შუა წერტილშია
მოქცეული და ისტორიული ცენტრის ყველა მნიშვნელოვანი ქუჩა მას უკავშირდება. ისეთი ლამაზია,
სიტყვები რომ არ გეყოფა. მოსტაფილოსფრო-მოყავისფრო აგურებზე ჩამოჯდომა და დღისა თუ
საღამოს აქ გატარება ერთი დიდი სიამოვნებაა. მოედანს ირგვლივ სხვადასხვა შენობები აკრავს.
მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია აგურისგან აშენებული Palazzo Pubblico. ფუნქცია არასოდეს
დაუკარგვს. შიგნით სიენას მმართველი ორგანოები, მუზეუმი და თეატრია. სასახლის თავზე
88 მეტრი სიმაღლის კოშკია - Torre di Mangia, რომელიც მთელ სიენას გადმოყურებს. სასახლის
შესასვლელში, სანამ ბილეთების რიგში ჩადგებით უბრალოდ ცისკენ აიხედეთ. დანარჩენი უკვე
თვითონ მომიყევით..
Piazza del Campo გარდა იმისა რომ ყველაზე ლამაზი მოედანია
იტალიაში, ევროპის უდიდესი მოედნების რიცხვშიც წერია. მოედნის ერთ ნახევარი რესტორნების
დიდ ჯაჭვს უკავია. აქაურობა სულ სავსე და ფუსფუსაა. მართალია ფასები გასამმაგებული
და ხშირად გაოთხმაგებულიცაა, მაგრამ მგონი ხანდახან ნამდვილად ღირს ფასებზე არფიქრი.
ბევრი ადამიანი ამ მოედანს თავისი განსაკუთრებული ფორმის გამო ამფითეატრს ადარებს.
თურმე ძველ ტოსკანელებს მოედნისთვის ასეთი ფორმა იმიტომ მიუციათ, რომ წვიმის წყლებს
დაბლა სვლაში დახმარებოდნენ. მოედნის ყველაზე მაღალ წერტილში ოთხკუთხა ფორმის შადრევანია
‘Fonte Gaia’. მის ისტორიულობაზე და სილამაზეზე ლაპარაკი ზედმეტია. შადრევნის სამი
მხარე სიბრტყეზე ამოკვეთილი სკულპტურული გამოსახულებებითაა დაფარული. ვინმესთან შეხვედრისთვის
ყველაზე კარგი გამოსავალი შეხვედრის შადრევანთან დანიშვნაა, თორემ ამხელა მოედანზე
ვერავის ვერასოდეს იპოვნით. Piazza del Campo ქალაქის ის ნაწილია, სადაც ყველაზე გემრიელად
სუნთქავ და ყველაზე თავისუფლად ცოცხლობ. თუ გინდათ რომ აქაურობა ერთი ნახვით
შეგიყვარდეთ, მოედანზე რინალდინის ქუჩიდან შედით და მერე საითაც გული გაგიწევთ, იქით
გაეშურეთ.
Piazza del campo წელიწადში ორჯერ მაგიურ მოედნად იქცევა
ხოლმე. ეს მაშინ ხდება, როდესაც სიენაში ცხენების შეჯიბრი ‘პალიო’ ეწყობა. პალიო სიენელების ცხოვრების ყველაზე
ყველაზე ნათელი წერტილია. ყველა ამაზე ლაპარაკობს, ყველა ამას ახსენებს. ყველანაირი
დიალოგი ამით იწყება და მთავრდება. პალიო წელიწადში ორჯერ ტარდება, ივლისსა და აგვისტოში.
ქალაქში 17 კონტრადააა, ჩვენს ენაზე უბანი. აქედან მხოლოდ ათი მონაწილეობს შეჯიბრში.
პალიოს დაწყებამდე ქალაქში ისტორიული მსვლელობები ეწყობა. კონტრადების წარმომადგენლები
ტრადიციული კოსტიუმებით, დროშებითა და დასარტყამი ინსტრუმენტებით ამაყად დააბიჯებენ
სიენას ისტორიულ ცენტრში. მაშინ როცა ყველა კოტრადა მოივლის დანიშნულ მარშრუტს, ქალაქის
ცენტრალურ მოედანზე მიდის.
პალიოს დროს მოედნის ირგვლივ ქვიშა იყრება და მაყურებლისთვის
განკუთვნილი სკამები მონტაჟდება. ცხენებმა სწორედ ამ ბილიკზე უნდა გაირბინონ. მათ,
ვისაც არ ან ვერ ერგება დასაჯდომი ბილეთი, მოედნის გულში დგომა მოუწევს. რა თქმა უნდა
ვერავინ ვერაფერს ხედავს, მაგრამ მთავარი აქაური ემოციაა და არა იმის დანახვა პირველი
ვინ მიირბენს ფინიშამდე. წელს მეც აქ აღმოვჩნდი. სიენაში ჩავედი თუ არა ვალერიამ მომწერა,
თუ გინდა პალიოზე ერთად წავიდეთო. ვალერიას აქამდე მხოლოდ ვირტუალურად ვიცნობდი. სალიმბენის
მოედანზე შევხვდით ერთმანეთს და ისტორიულ მსვლელობას შევუერთდით. მოედანზე მისულებმა თავისუფალი ადგილი მოვძებნეთ
და ცხენებს დაველოდიეთ. სანამ პალიო დაიწყებოდა ცხენზე ამხედრებული კარაბინიეირების
მარში მოეწყო. მერე ყველა კონტრადა რიგრიგობით შემოვიდა მოედანზე და ცხენების რიგში
დადგომის დროც დადგა. ეს პალიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ყოფილა.
კონტრადებს შორის ზოგიერთი ერთმანეთს მტრობს და ერთმანეთის გვერდით პრინციპულად არ
დგებაო, ვალერია მიხსნიდა. ასე რომ, თუ გამოცხადების დროს მტერი კონტრადები გვერდიგვერდ მოექცნენ, თავიდან
მოუწევთ გადანაწილება. მერე ერთი ცხენი გაჯიუტდა, სხვა ცხენების გვერდით დგომა არ უნდოდა.
როგორ არ ეცადნენ, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. უკვე ღამდებოდა კიდეც. ისიც
კი მითხრეს, დღეს თუ ვერ მორიგდნენ, შეჯიბრი ხვალისთვის გადაიდებაო. დაბნელებულზე შეჯიბრის
ჩატარება ცუდის ნიშანი ყოფილა. სამ საათზე მეტს გაგრძელდა მთელი ეს ამბავი. ბოლოს გადაწყდა,
რომ დაუმორჩილებელი ცხენი ვერ მიიღებდა მონაწილებას. ცხენი მოედნიდან გაიყვანეს. მოედანზე
შეკრებილი ხალხი გასუსული იდგა. არსად მინახავს ასეთი რამ. ჩემ ირგვლივ ათასობით ადამიანი
იდგა და მათი სუნთქვის გარდა არაფერი მესმოდა. დიდი თუ პატარა, ადგილობრივი თუ უცხოელი,
თავისი ნებით თუ შემთხვევით მოხვედრილი, ყველა გასუსული იყო. თითქოს სუნთქვითაც ერთნაირად
სუნთქავდნენ და თითქოს გულიც ერთნაირად უძგერდათ. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ
პალიო ამ პატარა ქალაქის მამოძრავებელი ძალაა. პალიო აქ ყველაფერია.
უკვე ბინდდებოდა თოფი რომ გაისროლეს. ჭრელა-ჭრულა
ფორმებში გამოწყობილმა მეცხენოსნეებმა მოედანს წრე სამჯერ დაარტყეს. სამჯერ გაისროლეს
თოფი და გამარჯვებული კონტრადის სიხარული მთელ ქალაქს ერთ წამში მოედო. სანახაობა მხოლოდ
რამდენიმე წამი გაგრძელდა. ‘ჟირაფებმა’ გაიმარჯვეს. ზუსტად რამდენიმე
წამში მთელი სანახაობა მორჩა. დაძაბული მაყურებელიც მოეშვა და ჟირაფების ჟრიამულს შეუერთდა.
ჟირაფების დროშებმა დაიპყრო მთელი ქალაქი. მერე მთელი ზაფხული კონტრადების წვეულებებით
გაგრძელდა. წვეულებებს თავიანთ რეზიდენციებში აწყობდნენ. პირველი ‘ბრუკო’ აღმოჩნდა. ტერასებზე
გაწყობილ ბაღში რესტორნები და ბარები მოეწყოთ. ვახშმის შემდეგ ცოცხალ მუსიკას და მხიარულებას
არ გვაკლებდნენ. ბრუკოს მერე იყო ‘ტორე’ და მერე კიდევ სხვები. მე და ვალერიას არცერთი
ასეთი საღამო არ გამოგვიტოვებია. რა ჯობია ასეთ საღამოებს.
Piazza del Campo-დან Via della Citta’-ზე რომ ამოხვალთ,
Via della Campane-ს უნდა გაუყვეთ და სრულ სრულყოფილებასთან მოხვდებით. აქ სიენას მთავარი
ტაძარია. აქაურობა პირველად ფილმში ‘წერილები
ჯულიეტას’ ვნახე. სოფი და ჩარლი დუომოს უკან კაფეში რომ სხედან და ნაყინს ათხუპნიან
ერთმანეთს სახეზე. მერე მეც წავედი და მეც დავჯექი ამ ბარში. ეს ყველაფერი რომეოსა
და ნაყინების გარეშე, მაგრამ ეგ არაფერი, ყავა ნამდვილად გემრიელი ჰქონდათ.
სიენა რომ ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია იტალიის რელიგიურ,
არქიტექტურულ, ისტორიულ თუ კულტურულ ცხოვრებაში, ამას რამდენიმე ნაბიჯის გადადგმისთანავე
მივხვდი. ამ ყველაფრის მოყოლა სიენას მთავარ ტაძარზე ლაპარაკის გარეშე არ გამოვა. სიენაში
ჩასულებმა არ უნდა დაარღვიოთ ტურისტული რუტინა და ბილეთების რიგში უნდა ჩადგეთ. 12
ევროდ სამდღიანი ბილეთი შეგიძლიათ იყიდოთ თუ ქალაქში გაჩერებას აპირებთ. სამდღიანი
იმიტომ, რომ ტაძრის გარდა ბევრი რამაა სანახავი: მუზეუმი, ბატისტერო, ორატორიუმი და
ლამაზ-ლამაზი პანორამები. დუომო გარედან რომ ჯადოსნურია აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ
შიგნით უფრო ჯადოსნური აღმოჩნდა. დონატელო, ბერნინი, მიქელანჯელო. დუჩო... მგონი ძალიან
ამტანი უნდა იყო ეს ყველაფერი რამდენიმე საათში რომ ჩაატიო. ამის გამოა, რომ იტალიაში
მოგზაურობა ძნელი და სტრესულია. არ აქვს მნიშენლობა დღის რომელ მონაკვეთში მოხვდებით
დუომოსთან, ხალხი სულ ჭიანჭველასავით ეხვევა გარს. თითქოს შიგნით დიდხანს ყოფნას ვერ
უძლებენ და ჰაერის ჩასაყლაპად და მოსასულიერებლად გარეთ გამოპარულანო.
სიენა, იტალია |
ქალაქის რომელ ნაწილშიც არ უნდა წახვიდეთ ულამაზეს პანორამებს
გადააწყდებით. ეს ყავისფერი ქალაქი სილამაზის ერთ-ერთი საზომია იტალიაში.
ტოსკანური ეს პატარა სილამაზე რომ ცოცხალია, აქაური უცხოელების
უნივერსიტეტის დამსახურებაა. უნივერსიტეტს რამდენიმე კორპუსი აქვს და ათამდე ენის სპეციალისტებს
ამზადებენ. ჩემი სახლის მეგობრებიც აქ სწავლობდნენ. სიცილიიდან ერთად ჩამოვიდნენ. ალბერტომ
ჩინურის სწავლა გადაწყვიტა, ჯუზეპემ კი ესპანური და გერმანული არჩია. ჩემი იქ ყოფნის
პერიოდში გამოცდები ჰქონდათ და დღე და ღამე წიგნებს იზუთხავდნენ. მე და ალბერტოს საერთო
აივანი გვქონდა და საღამოობით ხშირად გავაბამდით ხოლმე გულახდილ საუბრებს. მახსოვს
როგორ ენთებოდა თვალები, როცა მოგზაურობაზე და ევროპაზე ვიწყებდი ლაპარაკს. ერთხელ
ისიც კი მითხრა, პირველი ადამიანი ხარ, ვინც გამააზრებინა, რა არის ევროპა და რა კარგია
მე რომ აქაური ვარო. გამოცდები რომ ჩააბარეს, ბარგი ჩაალაგეს და სიცილიისკენ მიმავალ
ავტობუსში ჩასხდნენ, 17 საათი გზაში უნდა ვიყოთო. ერთ თვეში სიცილიური სიცხითა და პროდუქტებით
დახუნძლულები დაბრუნდებოდნენ დარჩენილი გამოცდების ჩასაბარებლად. ისინი კი
დაბრუნდებოდნენ, მაგრამ მე იქ აღარ ვიქნებოდი, ვეღარც აივანზე გავაბამდით ლაქლაქს და
ვეღარც სამზარეულოში ვიფუსფუდებდით მაკარონის მოხარშვის ლოდინში.
სიენას ერთი დიდი უცნაურობა ჭირს. არც მაცხოვრებელი
და არც ტურისტი არ აკლია, ცენტრალური ნაწილი სულ ხალხით სავსე და იმდენად ცოცხალია
რამდენადაც ასეთ პატარა ქალაქს შეეფერება. საღამოობით კი გაცდები თუ არა მთავარ მოედანს,
დაახლოებით 50 ნაბიჯში ყველაფერი კვდება და სულიერი არსებაც არ შეგხვდება. ტურისტების
უმრავლესობა ფლორენციიდან გადმოდის და დღის მხოლოდ ნახევარს უთმობს სიენათი ტკბობას. ქალაქი ადგილობრივების ნაკლებობას ნამდვილად განიცდის. მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მომავლის
ძიებაში სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები არიან.
მეც სიენას დროებით ბინადარი გავხდი და ამ დროებითობაში
ვეცადე მთლიანად შემესრუტა ქალაქის ენერგია. უნივერსიტეტის ჯგუფში ზედმეტად მძინარე
ხალხი შემხვდა. კიდევ კარგი ვალერია გავიცანი. ვალერია იმ ძალიან ცოტა ადამიანების
რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ულაპარაკოდ გიგებს და იცის რაც გინდა. სამსახურიდან მოლასლასე,
დაღლილი და დაქანცული ჯერ კიდევ გზაში მწერდა ხოლმე, სახლში მივალ, დავისვენებ და მერე
შენი ვარო. ვახშმად და სადილად მეპატიჟებოდა. ღვინოებით დახუნძლული ავიდოდი ხოლმე. ულიმიტო საუბრები დანახვისთანავე იწყებოდა. ვალერია კალაბრიიდანაა. სიენაში სამსახურის
გამო ჩამოვიდა. თარჯიმნად მუშაობს. იმდენად კეთილი და გულწრფელია, ხანდახან მიკვრის
კიდევ რომ არსებობენ ქვეყნად ასეთი ადამიანები. ვახშმად კალაბრიულ გემრიელობებს მოამზადებდა
ხოლმე. მე მაქსიმუმ სალათი დამეჭრა. როცა სამზარეულოში იტალიელია ვიცი, რომ ფეხი არ
უნდა შევდგა.
ვალერიამ თავისი მეგობრები გამაცნო. ერთ საღამოს კომოელმა ჯორჯამ
პიცაზე დაგვპატიჟა. ვახშამამდე, მე და ვალე გუგლში შევცვივდით, ნამცხვრის პირველივე
რეცეპტი დავსქრინეთ, მაღაზიაში გავიქეცით,
პროდუქტები ვიყიდეთ და შოკოლადის კრატუნა ნამცხვარი გამოვაცხეთ. პიცის მერე დესერტიც
გვექნებოდა. ღვინო და მუსიკა ფრანჩესკომ მოგვიტანა. ჯორჯამ იმდენი პიცა გამოაცხო, ვახშმის
დასასრულს ყველას ცალცაკლე გამოგვატანა, ხვალ სადილზე აღარ იფიქრებთ და ჩემს პიცებს
შეჭამთო. ჩემი კუთვნილი პიცა ფრანჩესკოს გაყვა ზურგჩანთით. ანუ მეორე დღეს მაინც მომიწია
სადილზე ფიქრი.
ჯორჯამ მიმასწვალა სიენას საუკეთესო სანაყინე ‘La
Vecchia Latteria’ სან პიეტროს 10 ნომერში. ნაყინი მართლა გემრიელი იყო, უფრო მეტად
კი ის აგემრიელებდა, რომ ჯერ ტურინიდან ჩამოსულ სარასთან ერთად ვჭამე და მერე რომიდან
ჩამოსულ სალოსთან ერთად.
ხო, სარა ტურინიდან ჩამოვიდა რამდენიმე დღით. ერთი წლის
შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს. მაშინვე პანტანეტოს ქუჩაზე გავქანდით. აპერიტივისთვის Meet Life Cafè შევარჩიეთ 90 ნომერში.
სახლში დაბრუნებულებმა იმდენი ვილაპარაკეთ, უკვე ბოდვაში გადაგვდიოდა ძილმორეულებს.
დილით ლექციებზე რომ მივდიოდი, სარა სიენას ქუჩებში მიიკარგებოდა ხოლმე. მაშინ როცა
ლექციები დამთარდებოდა და სახლში მისვლა მიწევდა, ის უკვე სამზარეულოში წინსაფარმოხვეული
პასტას ამზადებდა ორისთვის. სახლში შესულს მხოლოდ ხელი უნდა დამებანა და მაგიდასთან
მოვკალათებულიყავი. პასტა და იდეები არასოდეს ელეოდა. პასტა პესტოთი, პომიდვრით, ბეკონით, ბადრიჯნით... მერე ცოტას რომ დავისნებენდით, ჩემს რვეულს იღებდა და
ახალი სიტყვების სწავლაში მეხმარებოდა. ამასაც რომ მორჩებოდა, გემრიელად მოკალათდებოდა
ჩემს გიგანტურ საწოლზე და რამის წაკითხვას მთხოვდა. საღამოობით ერთად დავსეირნობდით
ქუჩებში. ერთ დღეს სან ჯიმინიანოშიც კი წავედით. დილით თუ ადრე ავწევდი ბალიშიდან თავს, ლექციაზე მისვლამდე ერთად ვსაუზმობდით კაპუჩინოთი და კრუასანებით, საღამოს კი პიცერიებს
დავერეოდით ხოლმე. მარტო დარჩენილი სიენას მოედნებზე ჩამოჯდებოდა და შენობების ფასადებს
იხატავდა დღიურში. არასოდეს იწყენდა. ტურინში წავლისას მხოლოდ ორი კვირით დავემშვიდობე.
ამჯერად მალე შევხვდებოდით ერთმანეთს, წინ იტალიური საზღვაო არდადეგები გველოდა.
სარა წავიდა და სალო ჩამოვიდა. რომის გადაღლილი ქაოსიდან
სიენას მომადუნებელ სიმშვიდეში გადმოეშვა. უნივერსიტეტიდან დაბრუნებული ერთად რომ ვისადილებდით
სიენას ტურისტულ მარშრუტს გავუყვებოდით და ფოტოების კორიანტელს დავაყენებდით ხოლმე
მობილურებსა და აპარატებში. ასეთი მოგზაურობების დროს ყველაზე კარგი მეგობრებთან ერთად
ყოფნაა. როცა შეგიძლია, ემოციები სხვებს გაუზიარო, გაუჩერებლად იტიტინო და იხალისო ყველა
წუთით. სალომ სიენაში ბევრ რამეს მიაგნო. ხან სამოთხის ქუჩებზე ისეირნა და ხან ბრედ
პიტს გადააწყდა. წასვლამდე საჩუქრებით დახუნძლული მოვიდა სახლში. ეს უკვე ტრადიციად
გვექცა. ერთმანეთს სამაგიეროებს ვუხდით ხოლმე. ტურისტობა სიენაში არც თუ ისე ცუდი ყოფილაო.
მერე ჩემოდნის რახარუხით ავტობუსის გაჩერებას ძლივს მივაგენით. თან ბრაზს იტალიელების აბნეულობაზე ვანთხევდით და ამითაც გემრიელად ვხალისობდით. სალოსაც ცოტახნით დავემშვიდობე.
ერთმანეთს რომში შევხდებოდით.
სიენაში სტუმრები ამოვწურე, მაგრამ საქმე მაინც არ გამომლევია.
მე და მუდამ მზად მყოფი ვალერია აპერიტივებსა და პიცებზე უარს ვერასოდეს ვამბობდით.
სიენაში საუკეთესო პიცა პომოდორინოში უნდა ჭამოო ყველამ მირჩია. ვალერიამაც ბევრი ფიქრის
გარეშე დაჯავშნა ერთი საღამო. პომოდორინოში სიცილიელ x და ნეაპოლელ xx-თან ერთად აღმოვჩნდით.
პიცა გემრიელი იყო, ხედი არაჩვეულებრივი, ამინდი სასწაული, მაგრამ x+xx-ის კომპანიონობა
ზედმეტად დამღლელი.
საღამოობით ერთ-ერთი პარკის პატარა ამფითეატრში კინოჩვენებებს აწყობდნენ ხოლმე ღია ცის ქვეშ. წასვლა ვერასოდეს
მოვახერხე, არადა სიენაში ბინადრობის ერთ-ერთი ვალდებულება იყო. სამაგიეროდ მთვარისა
და ვარსკვალების ახლოდან დასანახად ობსერვატორთა გუნდს შევუერთდით.
სიენაში ყოფნის ბოლო დღეებს გამოცდები და გამოსამშვიდობებელი
ვახშმები დაემთხვა. ჯერ ჯგუფის ვახშმით დავიწყეთ. სიენაში ყოფბის წინა საღამოს მარკო გავიცანი. გემრიელი ტოსკანური ღვინო მეგულება და დავლიოთო. მარკო სამხრეთელია, ოღონდ მალტაში ცხოვრობს. პანტანეტოს
ქუჩაზე ზაფხულის ვარსკვალებიანი ცისა და სანთლის შუქზე წითელი ღვინო ვწრუპეთ. მოდი, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება კარგი კომპანიონის პოვნაა. მარკოს
რომ დავემშვიდობე, ბოლოჯერ დავუარე სიენას ქუჩებს. კონტრადებს ჩავუარე და თან თავს ვაიძულებდი ყველაფერი სამუდამოდ ჩაებეჭდა მეხსიერებაში. ამასობაში ლუკამ მომწერა, აქეთ თუ ხარ ბართან ვდგავარ და მოდიო.
ლუკა თვეებით ადრე გავიცანი საქართველოდან და მაშინვე გადავწყვიტეთ,
რომ სიენაში ჩასვლისას ერთ ჭიქა ყავას დავლევდით. მთელი თვე ვერ მოვახერხეთ. ახლა კი
დრო თითქმის აღარ გვქონდა. იმ საღამოს არ დამემშიდობა. ხვალ წასვლამდე დაპირებული ყავა
უნდა დავლიოთო. დილით მესიჯი დამხვდა, კაფე იმპეროში გელოდებიო. ლოდინით მე ველოდე
იტალიური პუნქტუალობის გამო. მერე ბევრი ვილაპარაკეთ. მე ავსტრიაში და პორტუგალიაში
მივდიოდი. ლუკა დანიაში წასვლას გეგმავდა, მაგრამ პორტუგალიაზეც უციმციმებდა თვალები.
როგორ მიყვარს ასეთი ხალხი და როგორ მწყდება გული მათგან შორს რომ მივდივარ ხოლმე.
მე და ლუკა ერთმანეთს განუსაზღვრელი ვადით დავემშვიდობეთ.
სანამ ბოლოში გავალ რამდენიმე კარგ
ადგილსაც მიგასწავლით. ტოსკანური გემრიელი ყველის, ძეხვეულის, საწებლებისა და პურის
დასაგემოვნებლად უკარგესი ადგილია Antica Pizzicheria. პროდუქტების არჩევა რომ გაგიჭირდებათ
მაგას შესვლისთანავე მიხვდებით, მაგრამ აქაურობის ძალიან კეთილი მეპატრონე საქმეს გაგიადვილებთ
და ყველაფერს თვითონ შემოგთავაზებთ. აქაურობას არც მაგიდები და არც სკამები აქვს, მაგრამ
არც ეგაა პრობლემა. ჭიქა ღვინითა და ტოსკანური სასმუსნაოებით Via della città-ს 95
ნომერში დგომას და მეგობრებთან ერთად ბუტბუტს ვერაფერი მოგაბეზრებთ.
ყველაზე კარგი პასტიჩერიაა Nannini, ყავის დასალევად
კი Torrefazione Fiorella-ს
გირჩევთ. სიენა არაა კარგი ქალაქი შოპინგისთვის. არც გართობით გამოირჩევა. ბევრჯერ
მიკითხავს იქაურებისთვის როგორ არ იწყენდნენ ამ მძიმე კედლებში ცხოვრებით. მაგრამ იმდენად
ლამაზი და განსაკუთრებულია, რომ დამიჯერეთ, სულ რომ ერთი საათი გაატაროთ აქ, თავის
კუთვნილ ნაკვალევს აუცილებლად დაგიტოვებთ გულში.
Facebook: Mako's Wonderland
CONVERSATION