image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

გარდას ტბა

       გარდა იტალიის ყველაზე დიდი ტბაა, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშია და იტალიის 3 რეგიონს მოიცავს. დღესდღეობით ძალიან ტურისტული ზონაა. ტურისტები ძირითადად გერმანიიდან ჩამოდიან. ბევრ ქალაქში იტალიურის ნაცვლად გერმანულ წარწერებსაც კი გადააწყდებით. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი თვე გავატარე გარდას  ერთ პატარა  და მზიან ქალაქში, ტბისპირა სხვა ქალაქებიდან ძალიან ცოტას ნახვა შევძელი.

რივა დელ გარდა, გარდას ტბა
       გარდას ტბაზე იტალიური ენის კურსის გასავლელად მოვხვდი. აქ ყოფნის პირველივე ვიქენდზე ლიმონების ქალაქში წასვლა დავგეგმე. ლიმონი ოდნავ ჩრდილოეთით, გარნიანოდან 18 კილომეტრში მდებარეობს. როცა მივხვდი, რომ ჩემს ჯგუფელებს წამოსვლა ეზარებოდათ, ორწუთიანი მონოლოგით გამოვედი. მონოლოგის ბოლოს გავაფრთხილე, რომ დილით 08:30-ზე ავტობუსის გაჩერებაზე ვიქნებოდი. რვა ქვეყანა შევიკრიბეთ: მე, შვეიცარიელ-იტალიელი სილამაზე, ამერიკელი (ესეც სილამაზე), ესპანელი ცანცარა ბიჭუნა და გოგოები პოლონეთიდან, რუსეთიდან, სლოვაკეთიდან, ბრაზილიიდან და არგენტინიდან.
       20 წუთის შემდეგ უკვე ლიმონების ქალაქში ვიყავით. ჯერ ტბის პირას პატარა ბარში ვისაუზმეთ ყავითა და კრუასანებით, მერე ქალაქი დავათვალიერეთ. სიმართლე რომ ვთქვა, დასათვალიერებელი არაფერია. ძალიან პატარაა. სულ 2000-მდე მოსახლე ჰყავს. ორ ან სამსართულიანი სახლები აღმართ-დაღმართებზე ისე აუშენებიათ, გეგონება ჯერ ზღაპრის ილუსტრაცია შექმნეს და მერე რეალობად აქციესო. ქუჩები აქაც ვიწრო და მინიატურულია. ირგვლივ ყველგან ლიმონი შეგხვდებათ. ლიმონის ხეები, ლიმონის სუვენირები, ლიმონის საკიდები კარებებზე, ლიმონისფერი მზე და ლიმონჩელოები. ლიმონი ქალაქის სიმბოლოა. ქალაქსაც, ხომ ასე ჰქვია. როგორც არ უნდა გინდოდეთ, დიდხანს ვერ ისერინებთ. ან ისეირნებთ და სულ ერთსა და იმავე ქუჩებს დატკეპნით. მშვენიერი სანაპირო აქვს. გაცილებით კარგი, ვიდრე გარნიანოს. გარდას ტბაში მოსეირნე გემ-ნავი აქაც ჩერდება, თანაც დღეში რამოდენიმეჯერ. თუ გემებით სეირნობა არ გიყვართ, მაშინ ავტობუსით სიარული მოგიწევთ. ავტობუსიც დღეში რამოდენიმეჯერ დადის. ბილეთიც საკმაოდ იაფია.

ლიმონე, გარდას ტბა

       ლიმონედან რივა დელ გარდაზე წავედით. ყველას ეზარებოდა, მაგრამ ყველას ახსოვდა ჩემი მონოლოგი დროის ხარჯვასთან დაკავშირებით. რივა დელ გარდა ტბის სანაპიროზე არსებული ყველაზე ტურისტული ქალაქია. სხვებთან შედარებით გაცილებით დიდი და ცოცხალია. ფერადი შენობებით, ფართო მოედნებითა და უთვალავი ბარებით. რივა გარდას ტბის ჩრდიელოეთ სანაპიროა. თუ ერთხელ მაინც გინახავთ რუკაზე გარდას ტბის ფორმა, ეგრევე მიხვდებით სად დასეირნობთ ტბის სანაპიროზე ხეტიალისას. აქეთ-იქით მთებია, შუაში კი იტალიის ყველაზე დიდი ტბა. წყალში აფრიანი ნავებისა და ნიანგის ფორმის კამერების ზეიმია. წყალი კრიალაა, პლაჟი ჭრელი, მზე ცხელი, ადამიანები კი ბედნიერები და გაკრეჭილები.


რივა დელ გარდა, გარდას ტბა
        მომდევნო ვიქენდის წვიმიან კვირა დღეს, გარნიანოს ერთ-ერთ ბარში საუზმიდან სადილამდე ჯდომისგან და მოწყენილობისგან დაღლილმა ირლანდიურ-იტალიურ-ამერიკულ-პოლონურ-ქართულმა მიქსმა სალოში გასეირნება გადავწყვიტეთ.
       სალო გარნიანოს სამხრეთით 20 კილომეტრშია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ მისასვლელად დაახლოებით 30 წუთია საჭირო. ოღონდ თუ ჩვენსავით კვირას გადაწყვეტთ აქ წასვლას, 30 წუთის ნაცვლად მინიმუმ საათნახევარი დაგჭირდებათ. ეს იმიტომ, რომ გარდას ტბის სანაპიროზე მხოლოდ ერთი გზა არსებობს. ისიც იმდენად ვიწრო, რომ წინ მიმავალ მანქანას ვერასოდეს გადაუსწრებ. და თუ ორი მანქანა გვირაბში შეხვდა ერთმანეთს, ერთ-ერთმა აუცილებლად გვირაბს გარეთ უნდა დაიცადოს.
       სალოს იტალიის ისტორიაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი იყო. მუსოლინიმ აქ სალოს რესპუბლიკა შექმნა. დღეს თუ იტყვი რომ სალოში მიდიხარ, ყველას თვალები გაუფართოვდება და ყველა მაღაზიებზე დაიწყებს ლაპარაკს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, გარდას ტბა იტალიის ისეთი ტერიტორიაა, სადაც არც მაღაზიების ჭრელა-ჭრულა ვიტრინები შეგაწუხებთ და არც რამის საპრომოუშენო პოსტერები. სალო ნამდვილად ლამაზია. მაღაზიებს რაც შეეხება, იმდენს იტევს, რამდენიც შეუძლია.

სალო, გარდას ტბა
        მეორედ სალოში ნავით წავედით. გზად მუსოლინის ვილა ვნახეთ. ვილა XIX საუკუნეში აუშენებიათ. ტბის პირად დგას და მულტფილმებში და ზღაპრების წიგნში დახატულ სასახლეებს ჰგვას. დღეს ფუფუნა სასტუმროა.
       სალო ამ საღამოს განსაკუთრებული იყო. თურმე ყოველ ხუთშაბათს აქაური ქუჩები მუსიკოსებით ივსება და მთელი ქალაქი ნეტარებს.  ტბის სანაპიროზე ყოველ 50-100 მეტრში სხვადასხვა ბენდი უკრავს. ბარებში დასაჯდომ ადგილს ვერ იპოვი. ყველა გარეთაა, ყველა ერთობა, ყველა სვამს, ყველა ჭიკჭკებს, ყველა სეირნობს, ყველა ცეკვავს და ყველას უხარია. მგონი არაფერი უნდა ინატრო და არაფერზე უნდა იდარდო მაშინ, როცა ასე კარგად ხარ. როცა ირგვლივ ათასობით სახე ენაცვლება ერთმანეთს, როცა ყველა ბედნიერია. როცა შენს დროებით მეგობრებთან ერთად ზიხარ და თუნდაც არაფერს ამბობდე, მაინც უსაშველოდ კარგად  გრძნობდე თავს. ეს გრძნობები აქაურ ფერებს, აქაური ცას, აქაურ უსაზღვრობას და აქაურ ადამიანებს მოაქვს. სალოში ღვინის წრუპვისა და საღამოს მშვენივრად გატარების შემდეგ გარნიანოში ისევ ნავით დავბრუნდით. ამ საღამოს რაღაც დღესასწაული დაემთხვა და შუა ტბაში გაჩერებული ნავიდან ‘ფეიერკვერკების შოუც’ ვნახეთ.
       გარდას ტბა ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ თუ ნამდვილი სამოთხის ნახვა გინდათ. ძალიან მინდოდა მენახა სირმიონე, გარდონე, მალჩეზინე, ტოსკოლანო და ყველა ქალაქი, რაც ტბის ირგვილივაა, მაგრამ ვერ მოვასწარი. გარდას ტბაზე ადვილად მოხვდებით ბრეშადან, ვერონადან და მილანიდანაც. თუ ატრაქციონები გიყვართ გარდალენდში მოგიწევთ წასვლა. გარდალენდი მსოფლიოს ათეულში შესული გასართობი პარკია. თუ შოპინგი მოგინდებათ, მაშინ დეზენცანოს სავაჭრო ცენტრს უნდა მიაკითხოთ. თუ საღამოს გართობები მოგენატრებათ, გარნიანოს გვერდითა პატარა ქალაქ ბოლიაკოში, Giallolimone-ს მიაკითხეთ და დიჯეი დავიდე არასოდეს მოგაწყენთ.
       და თუ მართლა მოხვდებით გარდას ტბის სანაპიროზე, თქვენს თავს ჰკითხეთ, რითი დაიმსახურეთ ასეთ სილამაზეში ცხოვრება. მე დღემდე ვერ ვიპოვე პასუხი. 

გარნიანო, გარდას ტბა


გარნიანო, გარდას ტბა

Facebook: Mako's Wonderland   

Instagram: Mako__go  

Share this:

CONVERSATION