image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

გენუა

       გენუაში ჩემს ორ იტალიელ და მათ ერთ ავტრიელ მეგობართან ერთად აღმოვჩნდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ გენუა არასოდეს მოხვედრილა სანახავად ჩემთვის სასურველი ქალაქების სიაში. როცა სარამ გენუაში გასეირნება შემომთავაზა, ბევრი ფიქრის გარეშე დავთანხმდი.
       გენუაში ჩასულები მაშინვე 34 ნომერ ავტობუსში ავცვივდით და გენუას ცნობილი სასაფლაოსკენ წავედით. ავტობუსი ჯერ ძალიან დიდ აღმართზე ავიდა და მერე ძალიან დიდ დაღმართზე ჩავიდა. სანაპირო ზოლიდან საერთოდ ვერ მიხვდები, რომ ეს ქალაქი ასეთი დიდი შეიძლება იყოს. ეს იმიტომ, რომ სანაპიროდან გამოჩენილი მთაზე შემოკიდებული სახლების უკან ოთხჯერ და ხუთჯერ დიდი ქალაქის დანარჩენი ნაწილი იმალება. გენუა სიდიდით მეექვე ქალაქია იტალიაში.  34 ნომერი ავტობუსი არაჩვეულებრივი საშუალება აღმოჩნდა იმისათვის, რომ ქალაქის ‘უკანა ნაწილი’ დაგვეთვალიერებინა.

გენუა, იტალია
      სასაფლაოსთან ჩამოვედით. Cimitero Monumentale di Staglieno ყველაზე დიდი სასაფლაოა იტალიაში და მგონი ევროპაშიც. შესასვლელში რუკაც კი მოგვცეს, როგორც ტურისტების ნამდვილ თავშეყრის ადგილს შეეფერება. ალბათ ბევრი ადამიანი მოდის ამ სასაფლაოს სანახავად. აქაურობა სასაფლაო-მუზეუმადაა მიჩნეული, სადაც საოცარი ქანდაკებებია. მათ შესაქმენლად გარდაცვლილების ოჯახის წევრები ცნობილ არქიტექტორებს ქირაობდნენ ხოლმე. დღეს ამ სასაფლაოზე ათასობით სტატია იწერება და ათასობით ალბომი იქმნება.
       ყველაზე მეტად სასაფლაოზე ყვავილების რაოდენობამ გამაოცა. ჩემმა მეგობრებმა ამიხსნეს, რომ იტალიელები სასაფლაოზე კვირაში რამდენჯერმე გადიან, ამიტომაცაა ასეთი მოვლილი და სუფთა. ეს ყველაფერი მოკლედ რომ ავხსა, მარტო იმას ვიტყვი, რომ იტალიელები განსხვავებულები არიან. სხვა ტვინი, სხვა თავი, სხვა თვალები და სხვა გრძნობები აქვთ.

Cimitero Monumentale di Staglieno, გენუა, იტალია
       აქ იტალიური მუსიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის, ფაბრიციო დე ანდრეს საფლავიცაა. იტალიაში ყველამ ზეპირად იცის მისი შექმნილი სიმღერები. დე ანდრე ემიგრანტებზე, მეძავებზე, ბოშებზე, ჩვეულებრივ და არაჩვეულებრივ ადამიანებზე საუბრობდა. მის მუსიკას საკუთარი სტილი აქვს და მის სიმღერებს საკუთარი ხმა. მის საფლავზე მისულებმა, დე ანდრეს ერთ-ერთი სიმღერა ჩავრთეთ და ისე გავჩუმდით, თითქოს რაღაც რიტუალს აღვავლენდით ასეთ სასწაულ ადგილას.
       სასაფლაოდან ისევ 34 ნომრით დავბრუნდით ცენტრში. სარამ აიტეხა პირველ რიგში Focaccia ვჭამოთო. თქვენ არ ვიცი, მაგრამ მე პატარაობაში ხშირად ვჭამდი ხოლმე ზეთში გამომცხვარ ცომს. ბებიაჩემს თუ დავუჯერებდით ასეთ პურს ბიში უნდა ერქვას. Focaccia არც მეტი არც ნაკლები ბიშია. თუმცა იტალიაში ბიშსაც სხვა გემო აქვს.
        სადილად პაწაწუნა რესტორანში Pastificio Artigianale di Canneto შევედით. საჭმელ დაწესებულებებში სივრცის პრობლემა ნორმალურია იტალიისთვის, მაგრამ აქ მეტისმეტად უსივრცობა იყო. სარამ აგვიხსნა, რომ გენუაში საუკეთესო ადგილია სადილისთვის და ფეხი არ მოიცვალოთო. ისიც აგვიხსნა, რომ გენუაში აუცილებლად პესტო უნდა გვეჭამა. სადილის შემდეგ ძალიან ბევრი ვიბოდიალეთ. ცოტათი ჭუჭყიანი და თევზის სუნით სავსე ქალაქია. მაგრამ მაინც განსაკუთრებულია. ვიწყო ქუჩები, პაწაწუნა კარ-ფანჯრები, დაუსრულებელი აღმართ-დაღმართები, მინიატურული სადარბაზოები და ქუჩის კუთხეში მდგარი მეძავები ქალაქს უფრო მიმზიდველს ხდის. დე ანდრეც კი უმღეროდა აქაურ მეძავეებს. წითელი პომადით, დაკუწკუწებული თმითა და მოტკეცილი ტანსაცმლით ზოგი ქუჩის კუთხეში დგას, ზოგი სადარბაზოს წინ ზის, ზოგსაც სადარბაზოს კარი ღია დაუტოვებია და კიბეებზე ჩამომჯდარა. იცის, რომ სასურველი კლიენტი ყველგან იპოვნის.   

გენუა, იტალია
       მერე სან ლორენცოს მოედანზე გავედით. აქ გენუას საკათედრო ტაძარი დგას. რატომღაც შიგნით არ შევედით, გარედანაც უღიმღამოდ შევათვალიერეთ და ზემოთ ავედით ფერარის მოედნისკენ. მთელი შუადღე ქუჩებში ხეტიალს დავუთმენთ. 25 აპრილის ქუჩა, რომის ქუჩა, გარიბალდის ქუჩა, მადალენას ქუჩა, ბიანკის ქუჩა და კიდევ ათასობით პატარა თუ დიდი ქუჩა ვტკეპნეთ. დასასვენებლად სარკეების კაფეში შევედით. Caffè degli Specchi 1798 წლიდან არსებობს. ულამაზესი ადგილია ყავის დასალევად და დასასველებლად. სახელი შემთხვევით მოგონილი არ არის. საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან თქვენ თავს შეეფეთებით იმიტომ, რომ ყველგან სარკეა. კარგად შემონახული სიძველე კიდევ უფრო ლამაზს ხდის აქაურობას.
       ამის მერე კიდევ ბევრი ვიხეტიალეთ და სანაპიროსკენ დავეშვით. Eataly-ში ზედა სართულზე ავედით და ნაყინები ვჭამეთ. Eataly სასურსათე მაღაზიების ქსელია, რომელიც ბოლო წლებია იტალიაში ძალიან მომრავლდა. იტალიის გარდა შეერთებული შტატებში, ბრაზილიაში და დასავლეთის ბევრ ქვეყანაში შეხვდებით. გემრიელი ნაყინები ვჭამეთ, ვიტიტინეთ, ზღვის პირას გაწოლილი გენუას ყურებით თვალები დავიტკბეთ და სადგურისკენ წავედით. გზად Villetta di Negro-ს ეზოში შევიარეთ. გენუას უფრო შორიდან და უფრო მაღლიდან გადავხედეთ. მერე სადგურზე წავედით.
       გზაში გოგოებს ვუთხარი, რომ გენუა დიდად არ მომეწონა. იტალიაში ბევრად ლამაზი ქალაქებია-მეთქი. იმაზე კი არ მიფიქრია, რომ ყველა ქალაქს თავისი ფერი, სუნი და ჰაერი აქვს. მომეწონა თუ არა, საერთოდ არაა მნიშვნელოვანი. მთავარი ისაა, რომ მე აქ ვიყავი და მე აქაურობა ვნახე.

გენუა, იტალია
       P.S. ამ ყველაფრის გარდა გენუაში კიდევ ბევრია სანახავი. ძირითადად სასახლეები, ეკლესიები და ვილები. გენუის ნავსადგურთან ახლოს ევროპაში სიდიდით მეორე აკვარიუმია. თუ ზღვის სამყარო გიყვართ, აუცილებლად უნდა შეხვიდეთ. აქ ლამაზი თევზების გარდა, ზღვის მუზეუმსაც დაათვალიერებთ. ფასები 28 ევროდან 120 ევრომდეა.
       კიდევ ერთი, რაც გენუას განსაკუთრებულს ხდის აქაური აეროპორტია, რომლის დიდი ნაწილიც ზღვაზეა აშენებული. აეროპორტიდან გენუას მთავარ სადგურამდე ვოლაბუსის ავტობუსით ექვს ევროდ შეგიძლიათ მისვლა. ვოლაბუსი პრინცის მოედანზე მიგიყვანთ. დანარჩენი თქვენზეა. 

Facebook: Mako's Wonderland   



Instagram: Mako__go 

Share this:

CONVERSATION