image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

სიცილია II

       მერე იყო რაგუზა. ბაროკოს ქალაქი. სიცილიის სიგიჟეების ლიდერი. ლუჩია გზაში გვიყვებოდა, რომ რაგუზა ორი ნაწილისგან შედგება: რაგუზა სუპერიორე - ქალაქის ზედა ნაწილი და რაგუზა იბლა - უსაშველო დაღმართის ქვემოთ გაწოლილი ქალაქის ქვედა ნაწილი. გოგოებს სახლი ბუქინგზე დაეჯავშნათ. სახლი ზედა რაგუზაში იყო. გამოქვაბულში ჩაშენებული ფერად-ფერადი კიბეებით ავედით სახლში. ნაკლს რომ ვერ უპოვნი, ისეთი იყო. იგივენაირი კიბეებით ზედა სართულის საძინებელში ახვიდოდი. მე და სარა ქვედა სართულზე მოვეწყვეთ, გრეტა და ლუჩია - ზედაზე. დავყარეთ ჩვენი ნივთები და რაგუზას დაღმართზე დავეშვით. Santa Maria delle Scale-მდე მისულებმა თავზარდაცემულობის პირველი შეძახილები წამოვისროლეთ. დღეს რომ მეკითხებიან რომელია ჩემი ფავორიტი სიცილიის ქალაქებს შორის, თავში მაშინვე რაგუზა მომდის. სხვა არცერთს რომ არ ჰგავს და არც ცდილობს რომ ჰგავდეს.  

რაგუზა იბლა, სიცილია, იტალია
        რაგუზა მთლიანად დაღმართზეა (ან აღმართზე) გაშენებული. Santa Maria delle Scale-დან სასწაულად ლამაზი ხედი იშლება. ეს რაგუზა იბლაა. იქ მოსახვედრად კაცმა არ იცის რამდენსაფეხურიანი კიბე ჩააბეტონეს ძველმა სიცილიელებმა. ჩასვლა მარტივია, ამოსვლის რა გითხრათ. ეს უთვალავსაფეხურიანი კიბე ერთმანეთისგან ჰყოფს რაგუზა სუპერიორესა და იბლას.
        ერთი უბნიდან მეორეში გადასვლა სხვა ქალაქში ჩასვლას ჰგავს. გამყოფ წერტილზე მანიშნებლების ზღვაა. იმდენი მანიშენებლია, რამეს თუ ეძებ, პოვნა აუცილებლად გაგიჭირდება. იმ საღამოს ბევრი არ გვივლია. სან ჯორჯოს დუომოს გვერდი ავუარეთ და ტრიპედვაისორზე შერჩეულ რესტორანს მივაკითხეთ. Antares-ში გვითხრეს ცოტახანს მოცდა მოგიწევთო. სხვა რა გზა იყო. სან ჯუზეპეს კიბეებზე ჩამოვსხედით და დროის ათვლა დავიწყეთ. პიცების ჭამის სურვილით ვკვდებოდით. Antares რაგუზა იბლას მთავარ მოედანზეა და პიცების ულიმიტო არჩევანი აქვს. ათგვერდიანი მენიუს ქექვის შემდეგ კალცონე შევუკვეთე. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი სირთულე მენიუში ქექიალი და იმის ზუსტად შერჩევაა, რაც მინდა. მოკლედ, კალცონე გადაწყდა. გოგოებმა გულმოდგინედ წაიკითხეს ყველა პიცის შემადგენლობა და კმაყოფილების გრძნობით გაჟღენთილებმა სხვადასხვანაირი პიცები აიღეს. ნახევარ-ნახევარს გავცვლით და ასე უფრო მეტს გავსინჯავთო. მე ისეთი კალცონე მომიტანეს, გოგოებიც კი გამოშტერდნენ. გამოტენილი იყო პროშუტოთი, მოცარელათი და პომიდორით. მერე ტუჩების ცმაცუნით და ტიტინით მთელი საღამო იქ გავატარეთ და რაგუზას დღის შუქზე დათვალიერება მეორე დღისთვის გადავდეთ.


რაგუზა იბლა, სიცილია, იტალია
        დილის რაგუზას სულ სხვა ხიბლი ჰქონდა. ჯერ რაგუზა სუპერიორე დავათვალიერეთ. აქაურობის მთავარი მონუმენტი სან ჯოვანი ბატისტას კათედრალია. მერე ყავის სუნითა და ტკბილეულობით გამოტენილ ბარში შევიხიზნეთ და კაპუჩინოებისა და კრუასანების ზეიმი მოვიწყვეთ. ახლა უფრო დიდი სიამოვნებით დავივლიდით წინა ღამით ნატკეპნ გზებს. დანიშნულების ადგილად რაგუზა იბლა ავირჩიეთ.
        Santa Maria delle Scale დღესაც პირველი გაჩერება აღმოჩნდა. მილიონი ფოტოს გადაღებისა და კიდევ უფრო მეტი ემოციის გადმოფრქვევის შემდეგ კათედრალისკენ წავედით. სიცილიური ბაროკოს სტილის სამნავიანი სან ჯორჯოს ტაძარი რაგუზას მთავარი მონუმენტია. შიგნიდან წითელ და თეთრ ფერებშია გაწყობილი და სიცილიურ განწყობებს ზედმეტად უხდება. რაგუზა იბლას ყველაზე მაგარ ადგილას დგას და ულამაზესი გუმბათით ყველას აწონებს თავს. მერე ხან ყავა ვსვით, ხან სიცილიური ტკბილეული ვჭამეთ, ხან პატარა ქუჩებში ვიბოდიალეთ და ხანაც პატარა ბუტიკებში ვქექეთ რაც იყიდებოდა და რაც არ იყიდებოდა. ვაღიაროთ, რომ იტალიელებს ყველაზე საყვარლად გამოსდით მაღაზიების მოწყობა და კოპწიაობა.


რაგუზა იბლა, სიცილია, იტალია
        ღია ბარათების დახლთან, სანამ სამახსოვრო ღია ბარათებს ვარჩევდი, ერთმა ფოტომ ლამის ჭკუიდან შემშალა. ერთ ფერში ჩაბეტონებული ცივი და გაშეშებული ქალაქი იყო. ლუჩიამ ღია ბარათი გამომართვა. ამის ყურებას გირჩევნია მანქანაში ჩაჯდე და მოდიკაში წავიდეთო. თურმე ფოტო მოდიკაში ყოფილა გადაღებული. დღეს საბოლოოდ უნდა გავეგიჟებინე სიცილიას. ყველა ქალაქში ჩასვლისას მგონია, რომ ამაზე უკეთესს ვეღარაფერს ვნახავ. მერე ერთი საათის გზას გავივლი და ახალ სამყაროში ვხვდები. ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე ამდენი სილამაზე რანაირად ეტევა კაცმა არ იცის. არ ის ეცოდინებათ ან ასეთი ქალაქები როგორ არსებობენ ან რას გრძნობენ აქაური მაცხოვრებლები. 
        მოდიკა მართლა ჩაბეტონებული ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებს. თითქოს ყველაფერი ერთი ფერია. აქეთ-იქით გორებზე შეკიდებულ სახლებს შორის სასეირნოდ კიბეებზე და აღმართებზე უნდა იარო. ქალაქის მთავარი გზა ამ გორაკებს შორის გადის და მაცხოვრებლები დაგინახავენ თუ არა, ეგრევე მიხვდებიან, რომ აქაური არ ხარ. აქ ყველა ყველას იცნობს. ყველა მზადაა თავგადასავლებით სავსე წარსულზე გელაპარაკოს და სიცილიური ისტორიები მოგიყვეს. აქ ჩამოსვლა მოდიკას შოკოლადების ჭამის გარეშე არ გამოვა. კორსო უმბერტოზე Antica Dolceria Bonajuto-ში სიცილიური თავგადასავლების რამდენიმე წუთის გატარება ყველა ტურისტის ჩვეულებრივი ვალდებულებაა. მომსახურე პერსონალი ძალიან დიდი სიხარულით დაგაგემოვნებინებთ ნაირ-ნაირ შოკოლადებს. ვიცი, ცოტა რთულია ამდენ გემრიელობაში რამის არჩევა, მაგრამ ნამდვილად ღირს მაღაზიის წინ ბალიშებით სავსე კიბეებზე წამოსკუპება და მოდიკური სასმუსნაოების ჭამა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქაური ტურისტული ვალი მოხდილია. ტკბილებულობის ჭამისა და ცოტა წანწალის შემდეგ ლუჩიას აქაურ მეგობარს შევხვდით. ეუჯენიამ კატანიაში დაბრუნებამდე პატარა ბარში მოკალათება და აპერიტივობა შემოგვთავაზა. უარზე, რა თქმა უნდა, არავინ იყო.
      იმ საღამოს კატანიაში დავრჩით ლუჩიასთან. დილით ეტნაზე მივდივართო. სად მოხვედრაზე აღარ მიოცნებია, მაგრამ ვულკანების ადგილი ჩემი ნატვრების სიაში არასოდეს ყოფილა. მანძილი კატანიადან ეტნამდე საკმაოდ მოკლეა. გზაში ნელ-ნელა ხვდები, რომ ჩვეულებრივ ლანდშაპტებს და ნიადაგებს ცდები და სხვა სამყაროსკენ მიდიხარ. მოწითალო-მოყავისფრო-მოშაო ფერები მშვენიერ კონტრასტს ქმნიდნენ იმ დღევანდელ მოწმენდილ ცოსფერ ცასთან.


ეტნა, სიცილია, იტალია
        ეტნა ევროპის ყველაზე მაღალი აქტიური ვულკანია. ზღვის დონიდან დაახლოებით 3400 მეტრზეა. რაც უფრო მაღლა ახვალ, უფრო მეტ ლამაზ ადგილებს ნახავ და თუ კიდევ მაღლა ახვალ, თავს უფრო არაამქვეყნიურად იგრძნობ. ყველაზე მაღალ მწვერვალამდე მხოლოდ ფეხით ასვლაა შესაძლებელი. სამანქანო და საბაგირო გზები მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთამდე ადის. ჩვენ ჩამქრალი კრატერების ირგვლივ ვიარეთ. აქ არაფერია ცისა და მიწის მეტი. აქ არაფერია ჰაერის მეტი. დადიხარ მხოლოდ იმისთვის, რომ დედამიწაზე მოვლენილი სასწაულები ნახო. აქაური ფერები ვერაფერს შეედრება და აქ მიღებული ემოციები ვერასოდეს დაგავიწყდება. კრატერიდან კრატერზე სეირნობის შემდეგ, მაშინ როცა ყველაზე გემრიელად მოგვშივდა, ტურისტებისთვის გამზადებულ სასადილოებში სოსისების ბურგერები მივირთვით და ქვემოთ დავეშვით. კატანიაში დაბრუნებამდე ლუჩიამ ძაფერანაში გავლა მოინდომა, თან განსაკუთრებულ ტკბილეულს და ყავას გაგასინჯებთო.


ეტნა, სიცილია, იტალია
        განსაკუთრებული ტკბილეული ნუშის, თხილისა და პისტაკიოს ‘Foglie da te’ აღმოჩნდა. Dolceria Salami-ის რეცეპტი თურმე თაობიდან თაობაზე გადმოდის და სიცილიის ამ ნაწილის სიამაყეა. მერე Antica Dolceria dell'Etna-ში ყავები დავლიეთ სხვადასხვა არომატით, ცოტა გავისეირნეთ და კატანიაში დავბრუნდით. ამ საღამოს ლუჩიას სახლთან ახლოს სიცილიური დღესასწაული იწყებოდა. აქ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ქვეყნად ყველაზე გადარეული ადამიანების თავშეყრის ადგილი სწორედ სიცილიაა.
        წმინდა ანტონიოს დღეს აღნიშნავდნენ. ყველა გარეთ იყო გამოსული. ამ დღესასწაულზე სახლში დარჩენა ალბათ დანაშაულად ითვლება. ვინაიდან დღესასწაული რელიგიური ხასიათისაა, ყველაფერი ეკლესიიდან დაიწყო. ძვირფასეულობებითა და ყვავილებით მორთული წმინდანების ქანდაკებები მხრებით გამოჰქონდათ კაცებს და ქალაქის მეორე ნაწილში მიჰქონდათ. რამდენ კილოს იწონიდა თითოეული მათგანი ზუსტად ვერავინ მითხრა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის უცნაურ დღესასწაულზე აღმოვჩნდით, აქაური მუსიკა, ცხენები, ეტლები, განათებები, სპეციალურად მორთული ქალაქი და ათწუთიანი გაუჩერებელი ფეიერვერკები განწყობას მაინც გვიმაღლებდა. დღესასწაული რამდენიმე დღეს გაგრძელდებაო. ფინალში თურმე სასწაული ფეიერვერკები უნდა გაეშვათ. მათ სანახავად ხალხი სახლების ტერასებზე და ქალაქის მოშიშვლებულ ადგილებზე მიიჩქაროდა. მე დღემდე მაკვირვებს ხალხის ასეთი დამოკიდებულება ფეიერვერკებისადმი. გოგოებს ვთხოვე, იქნებ სახლში წავიდეთ და ცოტა დავისვენოთ-მეთქი.

ტაორმინა, სიცილია, იტალია  
        დილით გოგოებმა გამაღვიძეს, საცურაო კოსტიუმი ჩაიცვი, ზღვისკენ უნდა დავეშვათო. მანქანაში ჩავეყარეთ და ჩრდილოეთით წავედით. არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდი, სანამ Isola Bella არ დავინახე. მანქანის გასაჩერებელი ადგილი ძლივს ვიპოვნეთ. მანქანას აღარ ვჩიოდით, პლაჟზეც აღარ იყო ადგილები. Isola Bella ზღვაში ამოზრდილი პატარა კუნძულია, ოღონდ ისეა ამოზრდილი, რომ ფეხით შეგიძლია გადახვიდე. ირგვლივ კამკამა წყალი და ზაფხულის ნეტარება ზეიმობს. პლაჟი ზოგგან არც ისე კომფორტულია, მაგრამ ნამდვილად ღირს სულ მცირე ერთ შუადღის აქ გატარება. ეს ტაორმინას სანაპირო ზოლია. ნამდვილი ტაორმინა მთაზეა გაშენებული. ქალაქში მოხვედრა ან ავტობუსით ან საბაგიროთია შესაძლებელი. მანქანა ფასიან პარკინგზე უნდა დატოვოთ. პარკინგთან უფასო ავტობუსი მოგაკითხავთ და ქალაქის ცენტრის შესასვლელთან დაგტოვებთ. ამ ავტობუსით მგზავრობა ერთი დიდი თავგადასავალია, განსაკუთრებით ზაფხულში. ტაორმინას ცენტრი ძალიან პატარაა, მაგრამ უსაზღვროდ ლამაზი. ხმელთაშუა ზღვის მარილებით გაჟღენთლი კანითა და კმაყოფილებისგან აციმციმებული თვალებით პირველივე ბარში მოვკალათდით ყავის დასალევად.
ტაორმინა, სიცილია, იტალია
        მერე ტაორმინას ვიწრო და ჭრელ ქუჩებში გავიფანტეთ. ყველაზე მეტად ხელნაკეთი ჭრელა-ჭრულა ნივთების სახელოსნო ‘დონ კორლეონე’ დამამახსოვრდა. მთავარ მოედანზე გასვლისას ლუჩიამ შოკოლადებისა და ნაყინის მაღაზია ‘C&G’ რომ დაინახა, ნაყინების ბურგერები უნდა ვჭამოთო. ცოტა დავიბენი. ვერ მივხვდი ზუსტად რა უნდა მეჭამა. მერე კარგად ვუყურე დახლთან მოფუსფუსე სიცილიელ ბიჭუნას, როგორ გაათბო ფუმფულა ბრიოში, როგორ აავსო პისტაკიოსა და სტრაჩატელას ბურთულებით, როგორ მოასხა თხევადი შოკოლადი და როგორ მისურვა Buon Appetito. აი, ასეთი გემრიელობა მართლა ქვეყნად არ არსებობს. ტაორმინადან ისე წამოვედით, ვერ მოვასწარით ბერძნული თეატრის ნახვა. ოთხივენი მოდუნებულები და მოშვებულები ვიყავით. მგონი კარგი არ უნდა იყოს ამდენი სასიამოვნო წუთის ერთდროულად შეგრძნება.


კატანია, სიცილია, იტალია
        მეორე დღეს გრეტა გავაცილეთ ტურინისკენ. ჩვენ კიდევ ორი დღე გვქონდა წინ. კატანიასაც დავუარეთ. ერთი შეხევდით უკმაყოფილო დავრჩი. მუქი და ცოტა ჭუჭყიანი მეჩვენა. მერე ლუჩია მიხსნიდა, რომ კატანიის არქიტექტურა განსხვავებულია. აქაური შენობები მუქი ქვისგამ არის აშენებული, რაც ზოგადად იტალიის და სიცილიის არქიტექტურაში არ ჯდება. ჭუჭყიანის შთაბეჭდილებას კი იმიტომ ტოვებს, რომ აქაურების ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა თევზაობაა და ქალაქის ზოგიერთ უბანში თევზის სუნი და უსაშველო ნესტია. ლუჩიამ ის ბაღიც გვანახა, ეტნაზე წანწალის შემდეგ ‘Violet Hill’ სადაც გადაიღო Coldplay-მ.
        სიცილიური არდადეგების ბოლო გაჩერება აჩი ტრეცა იყო. მე და სარა, მადლიერების გრძნობით სავსეები ლუჩიას დავყვებოდით. ხან ზღვის სანაპიროზე ვისეირნეთ, ხან ‘Cassata Siciliana’ ვჭამეთ. ღია ბარათები ვგზავნეთ და სიცილია კიდევ უფრო ტკბილად რომ დაგვმახსოვრებოდა, ნაყინის ბურგერები დავაყოლეთ. მერე ჩემოდნები ავიღეთ, ლუჩიას დავემშვიდობეთ მალე შეხვედრის იმედით და კატანიის ცენტრალური სადგურისკენ გავეშურეთ. აეროპორტისკენ მიმავალმა ერთი-ორმა ალიბუსის ავტობუსმა გაგვასწრო. ასეთი პატარა ნერვიულობების გარეშე მოგზაურობები მგონი არც არსებობს. მე და სარა რომში ერთად ჩავფრინდებოდით. მე რომში დავრჩებოდი, სარა კი ტურინში დაბრუნდებოდა. ერთმანეთს ალბათ მომავალ ზაფხულამდე ვერ ვნახავდით, მაგრამ თან იმდენი ემოცია მიმქონდა, რომ მთელი წელი მეყოფოდა ერთფეროვანი დღეების გასამხიარულებლად.

კატანია, სიცილია, იტალია
        საოცრებათა ქვეყნები მართლა რომ არსებობენ ამის უკვე დიდი ხანია მჯერა. სიცილია კი ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია. ახლა ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები და როდის ავავსებ ყოველდღიურობის შავ-თეთრ წერტილებს სიცილიური მზისა და ზღვის ფერებით.


Facebook: Mako's Wonderland    

Instagram: Mako__go  

Share this:

CONVERSATION