image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

გარნიანო

       გარდას ტბა პირველად 2014 წელს ვნახე, როცა ჩემს იტალიელ მეგობარ ლაურასთან ერთად დეზენცანოში ვსეირნობდი და თან გემრიელ გრანიტას ვჭამდი. იმ საღამოს ვუთხარი, მომავალ წელს თუ გამიმართლებს, აქ დავბრუნდები და იტალიურის კურსს გავივლი-მეთქი. მომავალ წელს ნატვრა არ ამიხდა. მითხრეს კიდევ სცადეო და წელს მიმიღეს. უკვე რამდენიმე დღეა 35 თუ 40 უცხოელთან ერთად ვცხოვრობ. ყოველ დილას საშინელი სიამოვნების გრძნობით ვიღვიძებ. თვალების გახელისას რამდენიმე წამი მჭირდება იმის გასააზრებლად, რომ ნამდვილად აქ ვარ. მეტი დამაჯერებლობისთვის დარაბებს ვაღებ და ჯერ კიდე თვალდახუჭული ტბის ხმას ვუსმენ ხოლმე.  მგონი მართლა სამოთხეში მოვხვდი.
      აქ სიმშვიდე, უდარდელობა, უპრობლემობა, უსასრულობა, სიცხე, 21 ქვეყნის აქცენტიანი იტალიური, პატარა ქუჩები, გემრიელობებით სავსე პასტიჩერია, უგოს ბარი და იტალიური ღვინოებია. ყველაფერი, რასაც ჩემი ამქვეყნიურობისგან გათიშვა შეუძლია.
    ყველას გიჟივით ვეკონტაქტები, ყველგან დავდივარ, ყველაფერს გემრიელად ვჭამ, ემოციებით სავსე და ენერგიით ცარიელი პლაჟზეც კი ვიძინებ ხოლმე. ვსწავლობ, ვერთობი, თითქმის არ მძინავს, ვსეირნობ, ვხედავ, ვნახულობ, ფოტოებს ვიღებ, ადამიანებს ვიცნობ, ადამიანებს ვუსმენ, მათთან ვლაქლაქებ, დრო სისულეელების თამაშში და უაზრობებზე საათობით სიცილში გადის.   

გარნიანო, გარდას ტბა, იტალია
     ტბაზე წასასვლელად მილანის სადგურზე შევიკრიბეთ მე და ჩემი მომავალი ჯგუფელები. ავტობუსიდან ჩამოსულები ორ ჯგუფად დაგვყვეს. მე გამიმართლა. ფელტრინელების სასახლეში მოვხვდი. მართლა სასახლეა, ჩვეულებრივი სასახლე. არ მახსოვს რომელ წელს ააგეს, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ აქ მუსოლინი ისვენებდა ხოლმე. სასახლე ტბის პირას დგას, სამსართულიანია, ულამაზესი ეზოთი და ანტიკური ინტერიერით. ჩემი ოთახი მესამე სართულზეა. ყოველდღე ერთად ვსაუზმობთ, ვსადილობთ და ვვახშმობთ Palazzo Feltrinelli-ის სტუმრები. საუზმეზე დაახლოებით ერთ საათს ვხარჯავთ. სადილზე საათნახევარს და ვახშამი ალბათ ორ საათამდე გრძელდება. შესაბამისად გამოდის, რომ ყოველდღე დაახლოებით ხუთ საათს ვხარჯავთ საუზმე-სადილ-ვახშამზე. მაგრამ ჰუ ქეარს?!
       კურსი მილანის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება. კურსზე 21  ქვეყნიდან ჩამოსული დაახლოებით 35 ადამიანი ვართ, ამერიკიდან დაწყებული ჩინეთით დამთავრებული.
       აქაური სამოთხე იზოლირებული დაბასავითაა. ქალაქში ერთი მთავარი გზა და ერთი სუპერმარკეტია. ბარები და სანაყინეები ბლომადაა. ისეთი სიმშვიდეა, ხანდახან ყურებს ვერ ვუჯერებ. სანაპირო ორი წუთის სავალზეა ან ერთისაც. იტალიაში ამ ადგილს ელიტების კუნძულს ეძახიან. ბევრი ფერარი და ნაირ-ნაირი პორშე დადის. ყავა 1.20 ღირს. თუ იყიდი და წაიღებ ერთ ევროს გადაგახდევინებენ.

გარნიანო, გარდას ტბა, იტალია
       თუ ახლო ქალაქებში გადასვლა გინდა, სადგურზე უნდა წახვიდე და ავტობუსს დაელოდო. გვერდითა ქალაქში ხანდახან ფეხით მივდივართ ხოლმე. საღამოობით ტბის პირას ვიკრიბებით და უამრავს ვლაპარაკობთ. ზოგი მელანქოლიით კვდება, ზოგი მომდევნო დღის დავალებაზე ნერვიულობს, ზოგი თავის ექს-ისტორიებს ჰყვება, ზოგი ლუდს წრუპავს, ზოგი - ღვინოს. ყველაზე მაგარი ისაა, რომ აქ ყველა ბედნიერია. ბედნიერება ყველას თვალებზე გვაწერია.
       ჩინელი იუ სულ იმაზე წუწუნებს, რომ ძალიან გაირუჯა და დედამისი გაგიჟდება ასეთს რომ დაინახავს. ჩინელი კარგი გოგოები თურმე ზედმეტ რუჯს არ იღებენ.
       ამერიკელი ქევინი გაგიჟებული უყურებს ხოლმე ტბის იქით ამწვანებულ გორებს. მას მთები ჰქონია, მე - გორები. ამბობს, რომ ამერიკაში თვალით არასოდეს უნახავს ამ სიმაღლე მთა-გორები.
   სლოვაკი ლუჩია ყოველ საღამოს ცდილობს, ცხოველების თამაში გვასწავლოს. არ ვიცი ოდესმე წესიერად თამაშს თუ შევძლებთ. სულ ვიღაც გვემატება და სულ ვიღაცას ვუხსნით წესებს.
   ირლანდიელ ლილის ჩაო ბელასა და პაროლეს სიმღერაში გაჰყავს ლექციები. თავი ალენ დელონი ჰგონია ხოლმე. მე, შესაბამისად, დალიდა გამოვდივარ.

ფელტრინელების სასახლე, გარნიანო, იტალია

       ვიქენდებზე გარნიანოს მერი გვიწყობს ხოლმე ვახშამს. მუსიკოსებიც კი ჩამოყავს, პიაცაზე შეკრებილმა მთელმა გარნიანომ მაკარენა და ბომბა რომ იცეკვოს.
       აქაური დღეები იმდენად სავსეა, ვერც კი ვხვდები დრო როგორ გადის. მალე ჩემოდნების ჩალაგება და მილანის სადგურზე დაბრუნება მომიწევს. საშინლად გულაჩქარებული ყველას დავემშვიდობები და ალბათ ემოციები დამახრჩობენ.
 
გარნიანო, გარდას ტბა, იტალია


Facebook: Mako's Wonderland   


Instagram: Mako__go  

Share this:

CONVERSATION