დღე
1
დილის
6 საათზე პრაღაში ვიყავით.
მაშინვე იეჩნას ქუჩისკენ
წავედით. 25 ნომერში ლამაზ სახლში დაჯავშნილი ოთახი გველოდა. ოთახში შესვლა და
დაძინება ერთი იყო, თითქოს
მთელი ღამე ავტობუსში რომ
ეძინათ ჩვენ არ ვიყავით.
მაღვიძარა 9-ზე დავაყენეთ.
10-ზე უკვე პრაღის ქუჩებში
დავსეირნობდიღთ. კიარას
ვუთხარი, რომ ლუვრში უნდა
გვესაუზმა. გაგიჟებული
მიყურებდა, ასე წინასწარ რატომ
იცი სად უნდა ვისაუზმოთო.
ჯიბეში
ჩადებული ჩემი სია ვაჩვენე,
იქ ყველაფერი ეწერა.
იტალიაში
ცხოვრებამ საუზმე ისე შემაყვარა,
ვერაფრით ვხვდები დღის ასეთ
გემრიელ ნაწილს რანაირად
ვტოვებდი ხოლმე. პრაღის გაიდის
გამზადებაც სასაუზმე ადგილების
მოძიებით დავიწყე. ლუვრი
პრაღის ერთ-ერთი უძველესი
კაფეა. 1902 წელს გახსნილა და
პრაღის მაღალი საზოგადოების
თავშეყრის ადგილი ყოფილა.
კაფეში საყვარელი მაგიდები
ჰქონიათ კაფკას, ჩაპეკს, პრაღის
უნივერსიტეტში მოღვაწე
აინშტაინს. ვინ იცის, იქნებ
ზუსტად ამ მაგიდასთან ისხდნენ
და ქოთქოთებდნენ, ახლა მე
და კიარა სულმოუთქმელად რომ ველოდით შეკვეთილ საუზმეს.
რაც
არ უნდა გასაკვირი იყოს, კიარა
ხანდახან იტალიურობას გადაუხვევს
და არაიტალიურ გადაწყვეტილებებს
იღებს ხოლმე. მაგალითად, ამ
დილით ტკბილზე უარი თქვა.
ლუვრის კლასიკური საუზმე
შეუკვეთა მოხარშული კვერცხით,
ნაღებით, ჯემითა და ფორთოხლის
წვენით. იტალიურობის გამორევის
მიზნით ყავაც დააყოლა.
მე
კაპუჩინო და ბლინები ვარჩიე.
ტკბილ ბლინებს არ ვაკეთებთ,
მაგრამ რა პრობლემაა, შოკოლადს
ცალკე მოგართმევთო, ლამაზ
კოსტიუმში გამოწყობილი მიმტანი
დამპირდა. ცალკე მორთმეულმა
შოკოლადის ზღვამ უკვე ჩემ
მაგივრად გადაწყვიტა რა
ენერგიაც მექნებოდა ამ დღეს
პრაღაში სეირნობისას. .
ლუვრის
საუზმე ისე კარგად ჩამრჩა
გონებაში, პრაღაში რანდენჯერაც
არ უნდა დავბრუნდე ვიცი, რომ
ისევ ლუვრში მივალ და ისევ
იმ ფანჯარასთან მოვკალათდები
ახალგაღვიძებული პრაღისა
და ნაირ-ნაირი სასაუზმე
გემრიელობების დასაგემოვნებლად.
ლუვრიდან
გამოსულებს გვეტყობოდა
ბედნიერების გადაჭარბებული
დოზა რომ გვქონდა მიღებული
საუზმის სახით. გადავწყვიტეთ,
ქალაქის დათვალიერება არა
ცენტრიდან, არამედ ცოტა შორიდან
დაგვეწყო, ამიტომაც პეტრინის
გორისკენ ავიღეთ გეზი.
პეტრინის
გორებზე ერთ დროს მეფის ვენახები
ყოფილა გაშენებული. დღეს კი
უშველებელი პარკია სასეინო
ბილიკებით, ნაირ-ნაირი ხეებითა
და პრაღის ულამაზესი ხედებით.
მე და კიარამ ფეხით ავისეირნეთ
პარკის ბილიკები. აღმართებზე
ფეხით სიარულს თუ ვერ იტანთ,
ფუნიკულიორს უნდა მიაკითხოთ.
ბილეთს საზოგადოებრივი
ტრანსპორტის ფასი აქვს და
იქვე სალაროში იყიდება.
გაზაფხულ-ზაფხულში ღიაა დილის
9-დან საღამოს 11:30-მდე, შემოდგომა-ზამთარში
კი დილის 9-დან საღამოს 11:20-მდე.
ფუნიკულიორი ორჯერ ჩერდება.
სასურველია თუ ბოლო გაჩერებაზე
ჩამოხვლათ. ასე პეტრინის
მწვერვალზე მოექცევით, სადაც
რამდენიმე მეტრში დაახლოებით
64 მეტრი სიმაღლის ჩეხური
ეიფელის კოშკია. კოშკი 1891 წელს
აუგიათ. ჯერ სადაზვერვო ფუნქცია
ჰქონია, მერე სატელევიზიო
ანძაც ყოფილა. დღეს კი ტურისტების
ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების
ადგილია. 150 კრონის (ფასდაკლებით
80) გადახდისა და 299 საფეხურის
ავლის შემდეგ კოშკის ყველაზე
მაღალ წერტილზე მოექცევით.
მიზანი რა თქმა უნდა პრაღის
ხედით დატკობაა. კოშკში ასვლამდე
ან ჩამოსვლის შემდეგ შეგიძლიათ
სუვენირების მაღაზიას და
კაფესაც ესტუმროთ. მე და კიარამ
აქამდე ფეხით ამოსვლაც ვიკმარეთ
და 299 საფეხურის ავლაზე უარი
ვთქვით. პარკში სეირნობა
ვარჩიეთ.
კოშკთან
ახლოს პატარა სასახლის ფორმის
სარკეების ლაბირითნია. აქ
ალბათ უმჯობესია ბავშვებთან
ერთად შეხვიდეთ. ბილეთი 90 კრონა
ღირს და დილის 10 საათზე იღება.
პეტრინის
გორაზე აუცილებლად სანახავია
კომუნიზმის მსხვერპლთა
მემორიალი. ჩეხმა სკუპლტორმა
Olbram Zoubek
და
არქიტექტორებმა Jan Kerel და Zdeněk
Holzel შემაძრეწუნებლად,
მტკივნეულად, მაგრამ ზუსტად
გადმოსცეს კომუნიზმის სასტიკი
შედეგები. მემორიალი შვიდი
კაცის ქანდაკებისგან შედგება.
პირველი ჩვეულებრივი ადამიანია,
მეორეს სხეულში ბზარები
უჩნებდა, მესამეს ბზარები
ემატრება, მეოთხეს სხეულის
ნაწილები ეცლება, მეხუთეს
კიდევ უფრო მეტი ნაწილი ეცლება,
მეექვსეს სხეულის თითქმის
არცერთი ნაწილი აღარ აქვს,
მეშვიდე კი მხოლოდ ფეხებიღაა
დარჩენილი.
მემორიალთან
მისვლამდე წაიკითხვათ, რომ
კომუნიზმის შედეგად 205
486 ადამიანი პატიმრობაში იყო,
170
938 გადასახლებაში, 4500 ციხეში
გარდაიცვალა, 327-მა გაქცევა
სცადა, 248-ს კი სიკვდილი მიესაჯა.
იქვე წაიკითხვათ, რომ ‘მემორიალი
ეძღვნება კომუნიზმის ყველა
მსხვერპლს. არა მხოლოდ იმათ,
ვინც სიკვდილით ან პატიმრობით
დაისაჯა, არამედ იმათაც ვისი
სიცოცხლეც ამ ტოტალიტარული
დესპოტიზმით დაინგრა.’ სიტყვები
ზედმეტია.
მონუმენტი
2002 წელს გაიხსნა, კომუნიზმის
დაცემიდან 12 წლის მერე. დღეს
12 წელზე ბევრად მეტია გასული,
მაგრამ ამ მემორიალის ნახვა
დამიჯერეთ დაგამუნჯებთ.
ცუდ,
უსამართლო და სევდიან წარსულზე
ფიქრს რომ მოვეშვით, ვლასკას
ქუჩას დავუყევით. აქ აღმოვაჩინე
რომ კარებები პრაღასაც ზედმეტად
ლამაზი ჰქონია. გეზი ჯონ ლენონის
კედლისკენ გვქონდა აღებული.
კიარას ბიბლიოთეკიდან პრაღის
გაიდი ჰქონდა გამოტანილი.
გზაში ლენონის კედლის ისტორიას
ვკითხულობდით. გაიდი გვეუბნეოდა,
რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ
ევროპაში მაშინ როცა ტოტალიტარული
ერა ბობოქრობდა, ლენონი გმირი
იყო მშვიდობისმოყვარული
ახალგაზრდებისთვის. 1989 წელს,
როცა კომუნიზმი დაეცა,
კომუნისტებმა დასავლური პოპ
მუსიკა აკრძალეს, განსაკუთრებით
კი ლენონის მუსიკა. ლენონი
ხომ თავისუფლებაზე და მშვიდობაზე
წერდა. იმ თავისუფლებაზე და
მშვიდობაზე, რომელიც ფაქტობრივად
არ არსებობდა.
როცა
ლენონი მოკლეს, ჩეხმა ახალგაზრდა
აქტივისტებმა მისი სახე პრაღის
ერთ-ერთ კედელზე დახატეს. ეს
მაშინ, როცა ჩეხებს თავისუფლების
გამოხატვის უფლება და შესაძლებლობა
თითქმის არ ჰქონდათ. ამ კედლით
ციხეში წასვლას და სიკვდილსაც
კი რისკავდნენ. პოლიციამ
ბევრჯერ გადაღება კედელი,
მაგრამ ჩეხები ღამ-ღამობით
ხელახლა ხატავდნენ და ლენონის
ფრაზებს წერდნენ. ამბობენ,
პოლიციამ სათვალთლავო კამერები
და ღამის მცველებიც კი დააყენაო,
მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა.
დღეს
ლენონის კედელი თავისუფლების
გამოხატვის სიმბოლოა. ეს
ისტორია ზედმიწევნით გვიყვება
როგორ მშვიდობიანად იბრძოდა
ჩეხი ახალგაზრდობა რეჟიმის
წინააღმდეგ, როგორ ამსხვრევდა
დადგენილ წესებს და როგორ
მიისწრაფვოდა თავისუფალი
მომავლისკენ. თავისი ისტორიისა
და განსაკუთებულობის გამო
ჩეხები და ჩეხეთში ჩასული
ტურისტები ხშირად მიდიან აქ
და ლენონის ფრაზების გარდა
საკუთარ ფრაზებსაც წერენ,
საკუთარი გრძნობების, ემოციების,
იმედების გამოსახატად. ამის
გამოა კედელის პირვანდელი
სახე რომ აღარ ჩანს და დროდადრო
გარეგნობასაც იცვლის ხოლმე.
კედლიდან
რამდენიმე მეტრში ჯონ ლენონის
ბარიცაა. ჩვენ კამპას კუნძულზე
წავედით. კამპას კუნძულზე
მისვლამდე ე.წ. ეშმაკის ნაკადი
(Devil’s Stream) უნდა გაიაროთ. ეს წყლის
პატარა არხია, რომელიც კამპას
კუნძულს გამოყოფს ქალაქის
დანარჩენი ნაწილისგან. პაწაწუნა
და ლამაზი არხის გამო აქაურობას
პრაღის ვენეციას ეძახიან
ხოლმე.
კამპას
კუნძული გასასეირნებლად და
პრაღის ლამაზი შენობების
შორიდან შესათვალიერებლად მშვენიერი
ადგილია. აქ ნახავთ მუზეუმს,
მუზეუმის გარეთ კი ჩეხი
სკულპტორის დევიდ ჩერნის სამ
გიგანტურ მცოცავ ბავშვს 'Giant
Crawling Babies'. ბავშვებს სახეები არ
აქვთ. ჩერნის ამ ნამუშევარს
მილიონ ინტერპრეტაციას აძლევენ
ხოლმე, თუმცა საბოლოოდ მაინც
ბურუსითაა მოცული სკულპტორის
განზრახვები. ჩერნი ზოგადად
უცნაური ნამუშევრებით გამოირჩევა
და პრაღაში ბევრი მონუმენტის
ავტორია: სატელევიზიო ანძაზე
მცოცავი უსახო ბავშვები,
ემბრიონი, სახურავზე გადმოკიდებული
ფროიდი, Brownnosing - პროვოკაციული
უკანალი და კიდევ სხვ.
კამპადან
დაბრუნებულებმა
პრაღის ცნობილ წიგნის მაღაზიაში
Shakespeare and Sons შევიარეთ. აქ უამრავ
ინგლისურ წიგნსაც ნახავთ.
ამბობენ ხშირად ივენთებსაც
აწყობენო. მაღაზიიდან გამოსულები
პრაღის ყველაზე ვიწრო ქუჩას
ვეძებდით. მისამართი დღიურში
მეწერა: U Lužického semináře 118. ამ ქუჩაზე
წერდნენ, იმდენად ვიწროა, რომ
ორმხრივი მოძრაობა სრულიად
შეუძლებელია, ამიტომ შუქნიშანი
დაუყენებიათ, რომ ადამიანებმა
ცოტა მოწესრიგებულად იმოძრაონო.
სამწუხაროდ, ადამიანების
მოწესრიგებული თუ მოუწესრიგებელი
მოძრაობა ვერ ვნახეთ. შუქნიშანი
ჩამქრალი, ქუჩა კი კარით
დაკეტილი დაგვხვდა.
კარლის
ხიდზე ავედით და ძველი ქალაქის
მოედნისკენ ავიღეთ გეზი. ცა
საშინლად მოღრუბლული იყო,
ხიდზე წვიმაც დაგვეწია. ასე
რომ, ჩემი პირველი გასეირნება
ამ ცნობილ და გიგანტურ ხიდზე
არც თუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა.
ძველი ქალაქის მოედანზეც
საშინელი ღრუბელი დაგვცქეროდა
ციდან. მე და კიარამ ერთმანეთს
სადილად წასვლა შევთავაზეთ.
იქვე ახლოს ჩეხური სოსისები
გვეგულებოდა ჩეხური მდოგვითა
და ახალგამომცხვარი პურით. Naše
Maso ხორცის
პატარა მაღაზიაა და პრაღაში მყოფმა ბევრმა მეგობარმა გვირჩია აქ სადილობა. მაღაზიაში შეგიძლიათ პროდუქტები შეიძინოთ
და სახლში წაიღოთ, მაგრამ
შეგიძლიათ აქვე დასხდეთ და
გემრიელად შეექცეთ შერჩეულ
მენიუს. გაითვალისწინეთ, რომ
ადგილის პოვნა გაგიჭირდებათ
და ცოტა ლოდინიც მოგიწევთ.
ჩვენ სამი სახის სოსისი
შევუკვეთეთ მდოგვითა და
ახალგამომცხვარი პურით.
სურვილის შემთხევევაში
შეგიძლიათ მიირთვათ სენდვიჩი
ლორითა და სალათის ფურცლებით,
ჰამბურგერი და ხორცის
მრავალსახეობა. აქვთ ბევრნაირი
პური, საწებელი და, რა თქმა
უნდა, ჩეხური ლუდი. აქ სადილობა
დაახლოებით 4-5 ევრო დაგიჯდებათ.
მისამართი: Dlouhá 727/39.
სადილის
შემდეგ აუცილებალდ ჩასატარებელი
რიტუალი სეირნობაა. ასე
აღმოვჩნდით კაფკას 11 მეტრიან
თავთან, ჩერნის კიდევ ერთ
ქანდაკებასთან. თავი 42
დამოუკიდებელი მბრუნავი
ფენისგან შედგენა და ამბობენ
ზედმიწევნით ეხმიანება კაფკას
პერსონალურობასო. პრაღამდე
ჩერნის თითქმის იდენტური
მონუმენტი ამერიკაში, ჩრდილოეთ
კაროლინაშიც შეუქმნია.
დაღლილობა
რომ შემოგვეპარა, ყავის დალევაზე
დავიწყეთ ფიქრი. ყავის დასალევი
ადგილების დიდი სია მქონდა,
მაგრამ ამჟამად მხოლოდ იქ
წავიდოდით, რომელიც რუკაზე
ყველაზე ახლოს იქნებოდა. ასე
შევარჩიეთ Super Tramp Coffee. კაფეს
საპოვნელად ვიწრო ქუჩებისა
და ავტოფარეხების გავლა მოგვიხდა.
კიარა დარწმუნებული იყო, რომ
მე და გუგლი რაღაცას ვურევდით,
სანამ ძველი შენობის პატარა
შიდა ეზოში არ აღმოვჩნდით და
იქვე მიყუჟული კაფე არ
დავინახეთ. ისეთი საყვარელი
იყო, ფეხის მოცვლა არ მინდოდა.
ფოტოებით გაფორმებულ კედელთან
მოვკალათდით, ყავა შევუკვეთეთ
და აქამდე ნანახ პრაღაზე
ავტიტინდით. ჯერ მხოლოდ 17
კილომეტრი გვქონდა გავლილი.
მერე
მოცეკვავე სახლისკენ წავედით.
მახსოვს წლების წინ როგორ
მხიბლავდა ამ შენობის ფოტოებზე
ნახვა. ახლა კი აქ ვიდექი და
ვერაფრით ვხვდებოდი პრაღის
სილამაზეების საჩვენებლად
რატომ უნდა გამოიყენო ამ
შემინული შენობის ფასადი,
მაშინ როცა ხუთი წუთის სავალზე
ულამაზესი ექსტერიერის მქონე
უთვალავი შენობაა.
ვახშმად
გადავწყვიტეთ ჩეხური გულაში
გვეჭამა, რესტორანი კიარამ
შეარჩია: Švejk Restaurant U Karla. ჩეხური
ტრადიციული სამზარეულოს
დასაგემოვნებლად მშვენიერი
ადგილი აღმოჩნდა. ტრადიციული
სამზარეულოსთვის ტრადიციული
ინტერიერიც დაემატებინათ.
ძალიან კი გაგვიკვირდა, მაგრამ
რესტორანში ერთადერთი გოგონა
მუშაობდა და ყველა მაგიდას
ის ემსახურებოდა. გულაშის
უდიდესი პორცია მოგვიტანა,
რა თქმა უნდა ლუდით. დღეისათვის
მგონი ბევრი მოგვივიდა, მაგრამ
დამიჯერეთ პრაღაში პრაღულად მოქცევა თუ გინდათ, სოსისებს
და გულაშებს გულგრილად ვერ
აუვლით გვერდს.
ვახშმის
შემდეგ ვლკოვას 26-ში გადავწყვიტეთ
წასვლა. პრაღაში ჩასვლამდე
ბევრი წავიკითხე აქაურ ღამის
ცხოვრებაზე და საკმაოდ აქტიურიც
მომეჩვენა. დღეს ხუთშაბათი
იყო და ბევრს არაფერს ველოდი.
კარგი მუსიკა და ჩეხური ლუდიც
საკმარისი იქნებოდა. მსოფლიოში
სიმახინჯით მეორე შენობას,
ანუ პრაღის სატელევიზიო ანძას
რომ გავცდით მხოლოდ მაშინ
გავიაზრეთ, რომ კოლომეტრები
უკვე სანტიმეტრებად გვეჩვენებოდა
და ძალიან ძალიან დიდი მანძილი
გვქონდა გამოვლილი ვლკოვას
26 ნომრამდე, თანაც კიარას რუკა
ამ უშველებელი მანძილის
გასავლელად ყველაზე მიკარგულ
ქუჩებს გვიჩვენებდა. ვლკოვას
26 ნოემრში ჩვეულებრივი კორპუსის
პირველი სართულის ერთ-ერთი
ბინა კლუბის მსგავსი ბარივით
გადაექციათ. აღმოჩნდა, რომ აქ ადგილობრივი დიჯეები ხშირად
აწყობენ ივენთებს და პრაღის
ახალგაზრდობას მუსიკის მორევში
ახვევენ ხოლმე. ამ საღამოსაც
ასე იყო. ბართან მისვლამდე კიარამ გადამიჩურჩულა, მე ვიცი რაც
უნდა დავლიოთო. მე ნამდვილად
არ ვიცოდი რა უნდა დამელია,
პრაღაში მარტო ლუდზე საუბრობენ.
თუმცა, კარგად ვიცოდი, რომ
საჭმელებსა და სასმელებზე
იტალიელებს ყოველთვის უნდა
ვენდო. კიარამ Becherovka შეარჩია,
მცენარეული ლიქიორიაო. იმ
საღამოს ბევრ ჭორაობას და
დასვენებას მივეცით თავები.
სახლამდე ის უშველებლი გზა
უნდა გაგვევლო, მაგრამ არცერთს
არ გვადარდებდა. სახლში სითბო,
დიდი კომფორტული საწოლი და
ღრმა ძილი გველოდა.
დღე
2
გარეთ
წვიმდა და საშინელი ქარი იყო.
საუზმე კაფე სავოიში გვქონდა
დაგეგმილი, მაგრამ ძალიან
დიდი რიგი დაგვხდა და გეგმა
ბი მოვიშველიეთ, რაც პირველივე
საყვარელ ბარში შესვლას და
კაპუჩინოს შეკვეთას გულისხმობდა.
ასე მივაგენით Bakeshop Little Bakery-ის.
ასეთ პატარა კაფეში მგონი
ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.
აქაურობაც სავსე იყო, მაგრამ
ბართან მიყუჟული პაწაწუნა
თავისუფალი მაგიდა გვიღიმოდა.
მიუხედავად სიპატარავისა,
დიდი და მრავალფეროვანი მენიუ
ჰქონდათ: კრუასანები, მაფინები,
ნამცხვრები, ღვეზელები,
სენდვიჩები, სალათები და ა.შ.
კიარამ
შემომთავაზა, აქ მხოლოდ კაპუჩინო
დავლიოთ და აქედან რომ გავალთ
ტრდელნიკები გავსინჯოთო. ასე
გავხდით ტრდელნიკის
მონა-მორჩილები და ასე
გადავწყვიტეთ პრაღის ყოველი
დილის სატრდელნიკეში დაწყება.
ტრდელნიკი
ჩეხეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის
ტრადიციული ტკბილეულია.
შოკოლადის, ნაღების, მარწყვის,
კენკრის, ვაშლის, თაფლის,
ტირამისუს, თხილის და კიდევ
ათასნაირი ტრდელნიკი აუცილებლად
ჩასაწერია პრაღისათვის
გამზადებულ სიაში.
დღევანდელი
მარშრუტი ლეტნა პარკიდან
დაიწყებოდა. პარკი ქალაქის
ჩრდილოეთითაა და ძალიან დიდ
ტერიტორიას მოიცავს. პარკიდან
ზოგადად ლამაზი პანორამები
იშლება, მაგრამ ამ დღეს ცა
ისეთი ღრუბლიანი იყო ლამაზ
პანორამებზე არც გვიოცნებია.
გეზი პრაღის ციხესიმაგრისკენ
გვქონდა აღებული. ეს მსოფლიოში
უდიდესი კომპლექსია და ისტორიული შენობების, ეკლესიის,
ბაღისა და ლამაზი ქუჩისგან
შედგება. ციხესიმაგრე მეცხრე
საუკუნეში აუშენებიათ და მას
მერე ჩეხეთის მმართველების
რეზიდენცია ყოფილა. ვირტუალური
ტურისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ
ლინკს:
https://www.hrad.cz/en/prague-castle-for-visitors/virtual-tour
შესვლამდე
კონტროლის გავლის შემდეგ
ბილეთები ვიყიდეთ. საინფორმაციო
ცენტრში რამდენიმე ტიპის
ბილეთს შემოგთავაზებენ,
გააჩნია რისი მონახულება
გსურთ. ჩვენ
250 კრონად Circuit B ბილეთი ავიღეთ
(26 წლამდე სტუდენტებისთვის
125 კრონა). შერჩეული ბილეთით
შეგვეძლო გვენახა ციხესიმაგრე,
წმინდა ვიტის კათედრალი, წმინდა
გიორგის ბაზილიკა და ოქროს
ქუჩა. ციხესიმაგრე 09:00-ზე
იღება და ზამთარში 16:00-ზე, ზაფხულში კი 17:00-ზე იკეტება.
ციხესიმაგრის შიდა ტერიტორიაზე
გოტიკური არქიტექტურის წმინდა
ვიტის კათედრალია. ეს ტაძარი
ყველაზე მნიშვენლოვანია
არამხოლოდ პრაღაში, არამედ
მთლიანად ჩეხეთში. ტაძრისა
და ციხესიმაგრის ოთახების
სეირნობისას, კიარას გაიდი
ყველა დეტალს გვიყვებოდა.
შემდეგ ოქროს ქუჩაზე გავედით.
ამ უზარმაზარი, ბნელი და ცივი
რეალობიდან ასეთ საყვარელ
ქუჩაზე მოხვედრას ვერც
ვინატრებდი.
ოქროს
ქუჩა მე-15 საუკუნეში გაუყვანიათ,
როდესაც ციხესიმაგრის ჩრდილოეთ
ნაწილს აშენებდნენ. ეს ქუჩა
სამეფო კარის მცველებისთვის
უნდა დაეთმოთ. ვინაიდან ისინი
ბევრნი იყვნენ, ადგილი კი
ცოტა, პატარა სახლების აშენება
გადაუწყვეტიათ. დროის სვლასთან
ერთად ზოგი სახლი დაინგრა,
მცველები სხვა მაცხოვრებლებმა
ჩაანაცვლეს, მეორე მსოფლიო
ომის პერიოდში კი ღარიბები
შესახლებულან.
ხშირად
ამბობენ ამ ქუჩაზე ალქიმიკოსები
ცხოვრობდნენ და სხვადასხვა
ლითონების ოქროდ გარდაქმნაზე
მუშაობდნენო. ამის დასადასტურებლად
ჩეხები სულ ერთ ისტორიას
ყვებიან, რომ ერთ-ერთი სახლის
მოხუცი მაცხოვრებელი მთლიან
ფულს წიგნებში ხარჯავდა.
წინგები ძირითადად მაგიაზე
იყო. სახლში მოხუცი საიდუმლო
ექსპერიმენტებს ატარებდა,
უნდოდა რომ ოქრო მიეღო. ერთ
დღეს მის სახლში რაღაც აფეთქებულა
და ეს მოხუცი გარდაცვლილი
უპოვნიათ, ხელში ყვითელი ქვა
ეჭირაო. მოგვიანებით დამტკიცდა,
რომ ეს ქვა ოქრო იყო, მაგრამ
იქ როგორ აღმოჩნდა არავინ
იცის. იქნებ საიდუმლო მაგიების
ოსტატმა მართლა მიაგნო ოქროს
შექმნის საიდუმლოებებს?!
დღეს
ეს ქუჩა პატარა მუზეუმივითაა.
ყველა სახლს საკუთარი ამბავი
აქვს, აღწერილობა სულ რომ არ
წაიკითხოთ, თავიანთ ისტორიებს
თვითონ მოგივყებიან. აქ
ცხოვრობდა ცნობილი იუველირი,
ჰერბალისტი, ნათელმხილველი,
კინომცოდნე
და
თვით კაფკაც კი, ქუჩის 22 ნომერში.
ეს მინიატურული სივრცეები
არარეალურ სამყაროში
გამოგზაურებენ, სამყაროში,
რომელსაც აშკარად სხვა
განზომილებები ჰქონდა. ყველა
ნივთი ისე აზრიანად დევს
სახლებში, თითქოს მისმა
შემქმნელებმა ზუსტად იციან
სახლის პატრონები რას და როგორ
აკეთებდნენ. სახლების
დათვალიერებისას ისეთი
შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს
სახლის პატრონები გასულები
იყვნენ და მალე დაბრუნდებოდნენ.
თან მოუთმენლობის გრძნობა
არ მტოვებდა. მინდოდა ჩემი
თვალით მენახა ასეთი პატარა
ადამიანები ამ მინიატურულ
სახლებში მართლა ცხოვრობდნენ
თუ არა. და თუ მართლა ცხოვრობდნენ,
როგორ ახერხებდნენ ამას.
ოქროს
ქუჩით პრაღის ციხესიმაგრის
სილამაზეების ნახვას მოვრჩით.
აქედან გამოსულებს კიდევ
ერთი ულამაზესი პანორამა
გველოდა, ღრუბლები პრაღის
ცას ემშვიდობებოდნენ, ძლივს
გამოსული მზე ჩადიოდა. პრაღის
მოსტაფილოსფრო-მოყავისფრო
სახურავები ულამაზესი ტონებით
იფარებოდა. დაგვიანებული
სადილობის დრო იყო. სტრაჰოვის
მონასტრის ლუდსახარში გვქონდა
გეგმაში.
მონასტერი
ციხესიმაგრიდან რამდენიმე
წუთის სავალზეა. აქაური
ლუდსახარში ცნობილია პრაღის
საუკეთესო ლუდებით, რაც იმას
ნიშნავს, რომ პრაღაში ჩასულებმა
სულ რომ არაფერი გააკეთოთ,
აქაურობას აუცილებლად უნდა
ესტუმროთ.
სტრაჰოვის
მონასტრის ლუდსახარში მთელი
წლის განმავლობაში 3 ტიპის
ლუდი აქვთ: Amber Lager (5,3%), Dark Lager (5,5%), IPA
(6,3%). Amber Lager-ზე ამბობენ გულაშს
უხდება და ლუდსახარშის
პროდუქციის 70 პროცენტიაო.
Dark Lager კარგია ღორის ნეკნებთანო.
ამ ლუდს ყველაზე მეტი ჯილდო ჰქონია მიღებული. IPA თურმე თევზთან ერთად უნდა მიირთვათ. ფასები 40-დან 73 კრონამდე
მერყეობს. ამ სამი ლუდის გარდა
სეზონური ლუდებიც აქვთ.
თებერვალში Weizenbock Dunkel და Double IPA
ჰქონდათ მენიუში. მე რადგანაც
ლუდის ექსპერტი ვერ გახლავართ,
არჩევანი არსებული თუ არარსებული
კრიტერიუმების გარეშე გავაკეთე
და მუქი ლაგერი შევუკვეთე.
საჭმელად მეც და კიარაც
ხორცეულის მენიუს გადავახტით
და ომლეტებს და სალათებს
მივეძალეთ. სილამაზეების
ნახვით, გემრიელობების ჭამით
და კიდევ უფრო გემრიელობების
დალევით სასიამოვნოდ დაღლილებმა
გადავწყვიტეთ, გეგმებისთვის
გადაგვეხვია და უბრალოდ
ქუჩებში გვეხეტიალა.
ცენტრში
და მერე სახლში დაბრუნებამდე
რამდენიმე ლამაზი ქუჩა გავიარეთ.
მათ შორის Nový
Svět და
Zámecké
Schody.
სახლში განადგურებული დაღლილები
დავბრუნდით. კიარამ ჩუმად
შემომაპარა, დღეს ვერსად ვეღარ
წამოვალო. მე ისევ ჩემებური
თავზარი დამეცა. დღეს ხომ
პარასკევია?!
კიარამ
ცოტა რომ დაისვენა და აზრები
გადაალაგ-გადმოალაგა, ჩემი
სია და რუკა გაშალა. საღამოს
Cross Club-ში გავატარებდით. პრაღის
მეტრომ თბილისის მეტრო
გამახსენა. კიარამ ცოტა ვერ
გაიგო რას ვგულისმობდი საბჭოთა
არქიტექტურასა და გემოვნებაზე
ლაპარაკისას. უკვე რამდენიმე
თვეა საბჭოობას მოკლებულ
ქვეყანაში ვცხოვრობ და ჩვენებური
ადგილების ნახვა რაღაც ქაოტურ
გრძნობებს მიჩენს ხოლმე.
მივხვდი, რომ ასახსნელი არაფერი
იყო, თბილისში რომ ჩამოვა უცებ
გაიგებს რასაც ვგულისმობ
ჩვენებურ ადგილებზე საუბრისას.
მეტროდან გამოსულები რამდენიმე
წუთში დანიშნულების ადგილზე
ვიყავით.
Cross
Club-ზე წერდნენ ერთ-ერთი საუკეთესო
კლუბია პრაღაშიო. ყველა მის
დიზაინს უსვამდა ხაზს. ყველაფერი
მეტალის ნაწილებისგან არის
გაკეთებული და ყველაფერი
მოძრაობს. დიზაინი მართლა
უცნაური აქვს, მაგრამ ზუსტად
არ ვიცი მომეწონა თუ არა. კლუბში
შესვლა უფასო, დენსფლორზე
შესვლა კი ფასიანია. ორი მთავარი
სცენაა: დიდი და პატარა. ერთ-ერთ
სცენას ბარისგან რკინის
ღობისმაგვარი კარი ყოფს. რაც
იმას ნიშნავს, რომ ბართან
ჯდომითაც არაჩვეულებრივად
დატკბებით მუსიკით თუ მაინდამაინც
არ გეცეკვებათ, როგორც კიარას
იმ საღამოს. გარდა ამისა არის
სათამაშო სივრეები, ეზო, სწრაფი
კვების კუთხე და უამრავი
ოთახი. ასე რომ, ვისაც გიყვართ
ჰაუსი, ტექნო, დრამ ენ ბეის
ქროს ქლაბში შეგიძლიათ
მშვენივრად გაერთოთ.
ღამის
2-3 საათისკენ აღმოვაჩინეთ რომ
ბარსა და დენსფლორს შორის
არსებული რკინის ღობისგამგვარი
კარი ღია იყო. ასე დავტკეპნეთ
დენსფლორიც. იქიდან გამოსულებს
მეტრო ამუშავებული დაგვხვდა,
ე.ი. უკვე
თენდებოდა. სახლში მისულმა
ერთადერთი რაც მოვახერხე,
კიარას დიდი და საყვარელი
მადლობა ვუთხარი სახლში არ
დარჩენისთვის. მერე კი გათიშულებს
დაგვეძინა.
დღე
3
თვალი
გავახილე თუ არა, კიარას ვკითხე
ცა რა ფერის იყო. მერე რაც
შეიძლება სწრაფად გავემზადეთ
და სასაუზმოდ გავედით. ამჯერად
კიარამ შეარჩია ბარი, მაგრამ
ისეთი სავსე იყო, რომ ლოდინსაც
არ ჰქონდა აზრი. სიაში ჩავიჭყიტეთ.
Ema Espresso Bar მქონდა დიდი ასოებით
ჩაწერილი. ბარი ქალაქის ცენტრში
არაა, მაგრამ ფეხით მარტივად
მიისვლება. აქ დიდი და ნათელი
სივრცე დაგვხვდა, რაც იტალიის
არცერთ ბარში არაა და ცოტა
გადაჩვეული ვარ. ცენტრში დიდი,
ფანჯრებთან კი პატარ-პატარა
მაგიდები დაუდგამთ. წყალი
ყველასთვის უფასოა, ისევე
როგორც პრაღის ძალიან ბევრ
სხვა ბარში. ესთეტიკურად
იმდენად სასიამოვნო გარემო
აქვთ, რომ კიარას დაწუნებული
კაპუჩინო მე მაინც ძალიან
მომეწონა. ვატყობ, გარემო
ძალიან დიდ გავლენას ახდენს
ხოლმე ჩემზე. ემადან გამოსულებს
მზე ტკბილად გვიღიმოდა ლურჯი
ციდან. ისეთი ბედნიერი ვიყავი
ასეთი ცის ყურებით, კიარამ
განაჩენი გამომიტანა, შენ
ზამთარში არსად იმოგზაუროო.
პრაღის
მთავარი მოედნის მზის შუქზე
შეთვალიერება გადავწყვიტეთ,
თან გზად სატრდელნიკეში
შევივლიდით. კარლის ხიდზე
დავბრუნდით. ხიდი პრაღის ორ
ცენტრალურ უბანს აკავშირებს
და 621 მეტრისაა. ხიდზე 30 ქანდაკებაა
და სხვადასხვა ლეგენდების
მიხედვით თუ ზოგიერთ მათგანს
შეეხები და სურვილს ჩაიფიქრებ,
აუცილებლად აგიხდება. მე
მართლა ამიხდა ))))
ტირამისუს
ტრდელნიკი სწორედ კარლის
ხიდზე ჩამომჯდარებმა მივირთვით,
თან ტურისტების უსასრულო
ნაკადს ვადევნებდით თვალს.
მერე პრაღის მთავარ, ძველი
ქალაქის მოედანზე წავედით.
მოედანზე რამდენიმე მნიშველოვანი
შენობა და ტაძარია. ყველაზე
საინტერესო ისაა, რომ ამ არც
თუ ისე დიდ სივრცეზე ბაროკოს,
როკოკოს და გოტიკური სტილის
სასახლე და ეკლესიები ერთმანეთის
გვერდით დგანან და უზომოდ
უხდებიან ერთმანეთს.
ტურისტების
ყურადღებას ყველაზე მეტად
რა თქმა უნდა ასტრონომიული
საათი იქცევს. საათი სწორედ
იქაა, სადაც ჯგუფად შეკოწიწებულ
ტურისტებს მოკრავთ თვალს.
საათი სამი მნიშვნელოვანი
კომპონენტისგან შედგება:
ასტრონომიული ციფერბლატი,
რომელიც მზისა და მთვარის
მოძრაობას აღნიშნავს, წმინდანების
ქანდაკებები და კალენდარული
ციფერბლატი, რომელიც თვეებს
წარმოადგენს. ეს საათი პრაღის
ყველაზე მნიშვნელოვანი
მონუმენტია და ლეგენდის
თანახმად ქალაქი ცუდ დღეში
ჩავარდება თუ საათი მუშაობას
შეწყვეტს. ამბობენ, მის შემქმნელს
ხელები მოკვეთეს (ან დააბრმავეს),
რომ მსგავსი რამ აღარასოდეს
შეექმნაო.
ძველი
ქალაქის მოედნის გულიანად
დათვალიერების შემდეც ებრაული
უბნისკენ 'იოზეფოვი' წავედით.
ამ უბანში 6 სინაგოგა, ებრაული
სასაფლაო და კიდეც რამდენიმე
საინტერესო მონუმენტია.
თუ უბნის სრულიად დათვალიერება
გინდათ, სასურველია 350 კრონიანი
ბილეთი იყიდოთ და რუკას მიყვეთ.
ჩვენ
იოზეფოვის დათვალიერების
შემდეგ გემრიელი ბურგერები
მივირთვით ერთ მინიატურულ ბარში.
ცენტრში დაბრუნებულებმა
ჰაველსკას ქუჩაზე გამოფენილ
დახლებს ჩავუარეთ და სამახსოვრო
სუვენირები ვიყიდეთ. მერე
ნერუდოვას, ნაკამპეს, ვოდიჩკოვას
და უამრავ სხვა ქუჩაზე ვისეირნეთ,
პრაღული ჰოთ დოგები დავაგემოვნეთ და ვნიტრობლოკისკენ წავედით.
ვნიტრობლოკი
ადრე ფაბრიკა იყო, ახლა კი
მულტიფუნქციური თანამედროვე
სივრცეა, რომელიც კაფეს,
მაღაზიას, საგამოფენო და
სამუშაო სივრცეებს მოიცავს.
ჩვენებური ფაბრიკააა და
აუცილებლად სანახავი ადგილია
პრაღაში. მიუხედავად იმისა,
რომ ცენტრიდან საკმაოდ
მოშორებითაა და საკმაოდ ადრეც
იკეტება. გვიან მისულებმა
ერთი ჭიქა ღვინის დალევა მაინც
მოვასწარით, თან იქვე მომუშავე
გოგონას ვეტიტინეთ. ზოგადად
პრაღაში მომსახურე პერსონალი
ძალიან მოღუშული და სერიოზულია,
არ გიღიმიან, არ გესალმებიან
და არც თავზე გახვევენ თავიანთ
პროდუქტებს. სავალუტო ჯიხურებში
ცოტა მატყუარებიც კი მუშაობენ.
კიარას დაახლოებით 400 კრონას
აკლებდა ერთ-ერთ სავალუტო
ჯიხურში მომუშავე ბიჭუნა.
ბოლოს იმდენი ვქენით, აქეთ
მოვატყუეთ და ყველაზე მაღალი
კურსით გადავახურდავებინეთ
კიარას ევროები.
ვნიტრობლოკიდან
გამოსულებს პატარა ავტობუს-ბარი
შეგხვდებათ. ზუსტად ვერ გავიგე
კერძო საკუთრებაა თუ სახალხო
ბარი, თუმცა მეორეს უფრო გავდა
და ძალიან საყვარელიც იყო.
ვნიტრობლოკის ადრე დაკეტვით
მოწყენილებმა couchsurfing-ს მივმართეთ
და ფლორენციელ ალბერტოსა და
ლეონარდოს შევხვდით. მოგვწერეს The Pub Praga
2-ში წავიდეთო. მშვენიერი იდეა
იყო, ბარი ჩვენს სახლთან ახლოს
იყო. მეტროში დავეშვით და
ძალიან მალე ბარიც ვიპოვნეთ.
ბარი დაკეტილი დაგვხვდა. ჩვენი
იტალიელი ახალი მეგობრები
ვერაფრით დავარწმუნეთ ბარის
დაკეტილობაში. როცა თვითონ
მოვიდნენ და თავიანთი თვალით
ნახეს, იქვე ახლო ბარში შევიყუჟეთ.
ლუდებით მომარაგებულებმა
ჩეხურ შთაბეჭდილებებზე
დავიწყეთ ლაპარაკი. ჩემი
სიების მომზადების ამბავი
რომ გაიგეს, ჯერ სასაცილოდ
არ ეყოთ, მერე კი ისე დაინტერესედნენ,
სიღრმისეულად განვიხილეთ
მისი დადებითი და უარყოფითი
მხარეები. რამდენიმე რამეზე
შევთანხმდით. პირველი ის იყო,
რომ შემდეგ ჯერზე ისინი სიას
გაამზადებენ, მე კი მის გარეშე
ვიმოგზაურებ. მეორე შეთანხმების
თანახმად კი აქედან გავიდოდით
და პირველივე ღია ბარში
შევიდოდით. ასე აღმოვჩნდით
მხოლოდ გოგოების საღამოზე,
სადაც ბიჭები არ დაიშვებოდნენ.
სანამ ყველა ერთდროულად
გავგიჟდებოდით სხვა ბარის
მოძებნა გადავწყვიტეთ. უკვე
ღამის 2 საათი იყო. მე კლუბში
ვექაჩებდი კარგი მუსიკის
მოსასმენად და ჭეშმარიტი
შაბათის აღსანიშნავად. როცა
მივხვდი, რომ ვერაფერს გავხდებოდი,
ალბერტოს შემოთავაზებულ
ყველანაირ სისულელეს დავთანხმდი.
მათ შორის იქვე გაჩერებაზე
მდგომ ტრამვაიში ასვლა და
ღამის პრაღაში უმისამართო
სეირნობა იყო. ტრამვაიში
ყველას ეძინა, ჩვენ კი ღია
ბარის ძებნაში ვათენებდით
ამ ერთადერთ პრაღულ შაბათ
საღამოს. ტრამვაი წუთი წუთზე
დაიძრებოდა ალბერტო რომ
წამოხტა, აქვე ახლოს ღია ბარი
ვიპოვნეო. მაშინვე ქვემოთ
ჩავცვივდით, მაგრამ ალბერტოს
ნაპოვნი ბარიც დაკეტილი
დაგვხვდა. გამოდიოდა რომ ამ
შაბათს ქუჩაში სიარულში და
ღია ბარის სანთლით ძებნაში
გავატარებდით. ზოგადად პრაღაზე
ამბობენ ეს ის ქალაქია, რომელსაც
არასოდეს ძინავსო, მაგრამ
დამიჯერეთ ამ საღამოს ძალიან
ღრმა ძილით ეძინა. უკვე მზად
ვიყავი არარსებული ღია ბარის
ძებნა შემეწყვიტა და სახლისკენ
წავსულიყავი, ალბერტომ ისევ
რომ შეჰკივლა, ამ ბარს 5 საათამდე
არ კეტავნო. ჩეხურ ე.წ. დუქანში
აღმოვჩნდით. ლუდები შევუკვეთეთ
და ქვედა სართულზე ჩავედით.
ეს უშველებელი ლაბირინთისმაგვარი
ბარი თითქმის ცარიელი იყო.
ალბერტომ გუგლს სთხოვა რამე
საინტერესო დასალევი თამაში
გვასწავლეო, გუგლმა პიკოლო
შემოგვთავაზა. თუ ჯერ არასოდეს
გითამაშიათ, გირჩევთ, აუცილებლად
ითამაშოთ. უზომოდ სულელური
და უზომოდ სახალისოა. თამაშის
დაწყებამდე ზედმეტსახელების
დარქმევაა საჭირო. მე მოკა
გავხდი (იტალიური ლოგიკით
მაკო არ შემეფერება იმიტომ,
რომ ო-ზე მთავრდება და ო-ზე
დამთავრებული სიტყვების
უმრავლესობა მამრობითი
სქესისაა), კიარა კიაკიერონა
იყო (რაც ლაქლაქას ნიშნავს.
ბიჭები იცინოდნენ კიარა ძალიან
ბევრს ლაპარაკობსო, სინამდვილეში
კი ამის საპირისპირო ხდებოდა),
ლეონარდო ჩერტო გახდა (მიზეზი
დღემდე არ ვიცი), ალბერტო კი
ლისტა (ჩემი სიების აბუჩად
აგდებისთვის. ლისტა ქართულად
სიას ნიშნავს).
პიკოლო
ყველაზე სულელური თამაშია,
რაც კი შეიძლება ითამაშო ღამის
4 საათზე პრაღაში უცხო ადამიანებთან
ერთად. ყველაზე დიდი სისულელეების
გაკეთება ლეონარდოს უწევდა
ხოლმე. ლუდებს რიგრიგობით
ვყიდულობდით და ერთმანეთს
ვარწმუნებდით, რომ ყველა
ნაყიდი ლუდის დალევა შეგვეძლო.
5 საათისკენ ბარის თანამშრომელმა
მოგვიბოდიშა ბარი იკეტებაო.
ეს ამბავი არცერთს არ გაგვიხარდა,
მაგრამ სხვა რა გზა იყო. მე და
კიარა 9 საათზე სადგურზე უნდა
ვყოფილიყავით ჩალაგებული ბარგითა და მგზავრობის დროის მალე გასვლის იმედით. დილით ტრენტოში
ვრბუნდებოდით, ჯერ კი ბარგიც
არ გვქონდა ჩალაგებული. ბიჭებს
იტალიაში შეხვედრის იმედით
დავემშვიდობეთ, სახლში შესულებმა
1 საათით დაძინება გადავწყვიტეთ.
ბარგის ჩალაგების პროცესი
თითქმის არ მახსოვს. სადგურამდე
გზაც გაბრუებულებმა გავიარეთ.
ავტობუსში გემრიელად რომ
მოვკალათდით, ერთმანეთს
ტრენტომდე დავემშვიდობეთ.
მთელი გზა ძილს ვაპირებდით.
პრაღას კმაყოფილებით სავსე და უზომოდ განტვირთულები დავემშვიდობეთ. სამი დღე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა აქაურობის გულიანად დასათვალიერებლად. ეს მოგზაურობა ერთ-ერთი საუკეთესო
იყო ჩემთვის. ეს კი, რა თქმა
უნდა, პირველ რიგში კიარას
დამსახურებაა. ძალიან მიხარია
ასეთი
დღეები ჩემი მოგონებები, ასეთი
ადამიანები კი ჩემი მეგობრები
რომ ხდებიან ხოლმე.
პრაღაში კიდევ სიამოვნებით
დავბრუნდები და ვეცდები,
ჩეხეთის სხვა ქალაქებიც
მივამატო ჩემს მომავალ სიებს.