image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..|WELCOME TO MY PERSONAL BLOG..|DO YOU LIKE TRAVELING?|I LOVE SHARING MY STORIES..|TRAVEL WITH ME..|TRAVEL IN MAKO'S WONDERLAND..

სლოვენია (პირანი & პორტოროზი)


სლოვენიის ზღვისპირა კურორტების ქება ბევრისგან მსმენია. პირანზე ყველგან ვკითხულობდი ისტორიით, კულტურით, ლაჟვარდისფერი სანაპიროებით და ულამაზესი ბუნებითაა სავსეო. პირველად სლოვენიაში ზამთარში აღმოვჩნდი და მაშინ ზღვის ნახვაზე უარი ვთქვი. მხოლოდ დედაქალაქი ლიუბლიანა და ბლედის ტბა ვნახე. ზაფხულში კი შვებულების გეგმას რომ ვადგენდი და ხორვატიაში გასატარებელ დღეებს ვანაწილებდი, პირანი და პორტოროზი თავისით მოხვდნენ სანახავი ადგილების სიაში.


იტალიიდან ავტობუსით გადასვლისას გზად ჯერ კოპერს გაივლით, მერე კი პორტოროზში მიხვალთ. იტალიურ მთებს გამოქცეული მე და კიარა წუთებს ვითვლიდით, ზღვაში როდის ჩავხტებოდით, მაგრამ შუაღამეს მოგვიწია პორტოროზში ჩასვლა და ზღვაზე ოცნება დილისთვის გადავდეთ. ჰოსტელი პირანში გვქონდა დაჯავშნილი. საერთოდ პორტოროზის არსებობის შესახებ იქამდე არც კი ვიცოდით, სანამ სლოვენიის გზამკვლევებში არ ჩავიჭყიტეთ. ეს ორი ქალაქი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება და ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით. პორტოროზიდან პირანში ღამე ტრანსპორტი არ დადიოდა. სხვა გზა არ იყო, ფეხით უნდა გაგვევლო დაახლოებით სამი კილომეტრი. ფეხით სიარული პრობლემა არასოდესაა არც ჩემთვის და არც კიარასთვის, მაგრამ ზურგზე მოკიდებული ათკილონიანი ჩანთით ღამის 12 საათზე პორტოროზიდან პირანამდე მისასვლელი აღმართისა და მერე დაღმართის ჩავლა დღესაც კი უკიდურეს ტანჯვად მახსენდება.
ქუჩა ცარიელი იყო. მარცხნივ სიბნელისგან ჩაშავებული ზღვა მოჩანდა. მე და კიარა განადგურებული დაღლილობის გამო ერთმანეთსაც კი არ ველაპარაკებოდით. საერთოდ აღარ მჯეროდა, ჰოსტელამდე თუ ოდესმე მივაღწევდით. რუკა კიარას ჰქონდა. მე უკან მივყვებოდი. ერთადერთი აი ამ უზომოდ მძიმე ზურგჩანთაზე ვწუწუნებდი, კიარამ რომ მაიძულა წამოიღეო. ქვაფენილიან ვიქრო ქუჩას რომ დავადექით, კიარამ მანიშნა, თითქმის მოვედითო. ჰოსტელში შესულს აზროვნება მქონდა დაკარგული. თავს ვაიძულებდი არ შეემჩნია ამ პატარა ოთახში ჩვენ გარდა ოთხ ადამიანს რომ ეძინა. არ მიყვარს ჰოსტელები, ოთახში საკმარისი სივრცე თუ არაა. ჩვენ მიერ ძლივს ნაპოვნი Hostel Adriatic Piran კი ისეთი პატარა იყო, ექვსი ადამიანი ერთად ფეხზე ვერ დადგებოდა. არაუშავს. ორი ღამე უნდა ამეტანა.
დილით გაღვიძებულები საცურაო კოსტიუმებში გამოვეწყვეთ და სასაუზმოდ გავედით. ჰოსტელს ერთადერთი კარგი მდებარეობა ჰქონდა. მთავარ მოედანზე გასვლამდე პირანის ვიწრო ქუჩებში უნდა გვეხეტიალა, მე კი ასეთ ქუჩებზე ვგიჟდები. გავიარეთ პორტი, გავცდით ტარტინის მოედანს და ზღვის სანაპიროსთან იქვე კუთხეში Caffe Teater-ს მივაგენით. საერთოდ წარმოდგენა არ გვქონდა რა უნდა გვენახა ამ პაწაწუნა ქალაქში. ერთადერთი გუგლში ათასჯერ ნანახი პირანის ფოტო მიტრიალებდა თავში, ხმელეთი ნახევარკუნძულივით რომ შედის ადრიატიკის კრიალა ზღვაში. ამ კადრში ლურჯი ზღვა, სანაპიროს ნაცრისფერი ზოლი და სახლებზე გაწოლილი ყავისფერი თუ მუქი სტაფილოსფერი კრამიტები არნახულ სილამაზეს ქმნიან და ახლა აქ ვარ, ეს ათასჯერ ნანატრი კადრი რეალობად ვაქციე ჩემს ძალიან კარგ მეგობართან და არაჩვეულებრივ განწყობასთან ერთად. კმაყოფილების როგორი განცდა მაქვს, ამაზეც მოგვიანებით მოგიყვებით. 




    ადრიატიკის კრიალა ზღვაში ნახევარკუნძლივით შეჭრილ ხმელეთს მე და კიარა მალე დავტკეპნიდით. მანამდე ბარის გარეთ, სანაპიროსთან ერთადერთი თავისუფალი მაგიდა დავიპყარით. თითქოს ეს ორი სკამი, მაგიდასთან რომ მოწყენილად იჯდა, მთელი დილა ჩვენ გვიცდიდა. ცა მოღრუბლული იყო. სანაპიროზე ქარი ქროდა. ყავა გვეგემრიელა. პლაჟის მოძებნას აზრი არ ჰქონდა. ღრუბლები დედამიწაზე წვიმად დაშვებას აპირებდნენ. ამიტომ სანაპიროს დავუყევით და ყველა ქუჩაზე ჩვენი ნაკვალევის დატოვებას შევუდექით. პირანის ამ სანაპირო ზოლს ‘Presernovo Nabrezje’ ჰქვია. სანაპირო სავსეა სასტუმროებითა და რესტორნებით. წყალში ჩახტომაც შეიძლება, მაგრამ სანაპიროზე ახუნძლული ვეებერთელა ქვები დიდად არ მოგანდომებთ წყალში ნეტარებას.
     სანამ მზე გაიღვიძებდა და შემოგვიერთდებოდა, ჩვენ პირანის ლაბირინთებად გაწოლილ ქუჩებში ვიარეთ. დაბალი სახლები, ვიწრო ჩიხები, მეთევზეები, მომღიმარი ადგილობრივები, სუვენირების მაღაზიები, ღია ბარები და ახლახან დაწყებული ზაფხულის სურნელი ირეოდა ჩვენ ირგვლივ. ტარტინის მოედანზე შევისვენეთ. ეს ქალაქის მთავარი მოედანია, ოვალური ფორმის ტარტინის მოედანს ირგვლივ ფერადი შენობები აკრავს. ამ პაწაწუნა ქუჩებიდან ამხელა მოედანზე რომ გადიხარ ცოტა იკარგები, მაგრამ ერთი ამოსუნთქვაა საჭირო იმის გასაგებად, რომ მრავალფეროვნება ყველაფერს უხდება, ქალაქებსაც კი. მოედანზე საინფორმაციო ცენტრია. აქ ქალაქის რუკა ავიღეთ და სეირნობა გავაგრძელეთ.



ტარტინის მოედანზეა პირანის ცნობილი ვენეციური სახლი. ამბობენ ბევრი ბევრი წლის წინ ვენეციელ მდიდარ ვაჭარს პირანელი გოგონა შეუყვარდა და სიყვარულის დასტურად ეს სახლი აჩუქაო. ვენეციაში ერთხელ თუ მაინც ხართ ნამყოფი, პირანის ვენეციურ სახლს ერთი შეხედვით გამოარჩევთ ირგვლივ აკოწიწებულ ათასფერ შენობებს შორის. სახლზე იქაური ლეგენდების მოსმენა მინდოდა, მაგრამ  მზე იღვიძებდა და კიარამ მთხოვა ნაბიჯებს ავუჩქაროთო. ვენეციური სახლის უკან კიბეებით კათედრალთან ასვლას ვაპირებდით, მაგრამ ყველაფერი საღამოსთვის გადავდეთ. მზემ გამოანათა და ჩვენთან მეგობრობა გადაწყვიტა. ჩვენ კი მაშინვე ზღვასთან მეგობრობა გადავწყვიტეთ.
კარგი სანაპიროს ძებნაში პორტოროზში ამოვყავით თავი. პირანიდან ზღვის ნაპირს დავუყევით და დაახლოებით ნახევარ საათში გვერდითა ქალაქში აღმოვჩნდით. პირანი თუ ისტორიული ადგილებით, მოედნებით, ეკლესიებით, სასახლეებით, ლამაზი ქუჩებითა და მუზეუმებით აწონებს თავს აქ ჩამოსულ ტურისტებს, პორტოროზი სრულიად მოკლებულია ასეთ ადგილებს. აქაურობა სავსეა ბევრსართულიანი შედარებით თანამედროვე სასტუმროებითა და კაზინოებით, ფართო პლაჟებითა და გასართობი სივრცეებით.
პორტოროზიდან პირანში და პირანიდან პორტოროზში ავტობუსი დადის ევრონახევრად. პლაჟი სამწუხაროდ აქაც ვერაა გასაოცარი. ზღვის სანაპიროს თითქმის მთლიანი ზოლი ბეტონის კედლებს ეჯახება, ამიტომ თუ ცურვა არ იცით წყალში ყველგან ვერ შეხვალთ. ქვიშიანი პლაჟები ფასიანია, თუმცა ხასხასა მწვანე მდელოები ბლომადაა და უფასოდ შეიძლება სლოვენიური მზისა და ზღვის აბაზანების მიღება. ჩვენ ზუსტად ასე მოვიქეცით. ბალახზე გავიშოტეთ და ამ ზაფხულის პირველი ბანაობისთვის მოვემზადეთ. კიარა მაშინვე წყალში ჩახტა სიღრმის შესამოწმებლად. უკან დაბრუნებულმა მითხრა, რომ წყალი საკმაოდ ღრმა იყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ წყალში ვერ ჩავიდოდი, მე ხომ ცურვა არ ვიცი. ეგ არაფერი, უკეთეს სანაპიროს სადმე სხვაგან მივაგნებდით. მდელოზე წამოკოტრიალებულებმა გემრიელად ვისადილეთ თან წაღებული სენდვიჩებით. მერე წიგნი წავიკითხეთ, ცოტა წავუძინეთ და დასვენებულებმა უკეთ შევათვალიერეთ პორტოროზი. ამ ქალაქზე დასაწერი ბევრი არაფერია. იტალიასა და ხორვატიას შორის მოქცეული ზღვისპირა პატარა დაბაა. სუფთა, მოწესრიგებული და მშვიდი ადგილია, მაგრამ სილამაზით პირანთან ვერ მივა. ასე რომ მოდით, პირანს დავუბრუნდები.


უკან ავტობუსით დავბრუნდით. გვეშინოდა, მზეს მიუჩვევეველი კანი არ გაგვწითლებოდა და ჰოსტელში წავედით, მოვწესრიგდეთ, საცურაო კოსტიუმები გასაშრობად გამოვფინეთ და პირანის დარჩენილ ქუჩებში გავისეირნეთ. აუცილებლად უნდა გვენახა ქალაქის შემაღლებულ ადგილზე გაწოლილი პირანის გალავანი, რომელიც ქალაქს მეშვიდე საუკუნედან მოყვება. აქედან პირანის ულამაზესი ხედები იშლება. დაახლოებით ისეთი, აქ ჩამოსვლამდე პირანზე ფიქრისას თავში რომ მიტრიალებდა ხოლმე - ხმელეთი ნახევარკუნძლივით რომ შედის ადრიატიკის კრიალა ზღვაში და არნახულ სილამაზეს რომ ქმნის. გალავნის გულიანად ნახვა თუ გინდათ, ბილეთის ფასი 2 ევროა და სასურველია მზის ჩასვლისას მიხვიდეთ.
აქედან დაბრუნებულებმა კათედრალიც მოვინახულეთ, მერე კი ფოტოების გადაღებას შევუდექით. სასიამოვნო საღამო იყო. ღრუბლებმა უარი თქვეს წვიმად დაშვებაზე. მე და კიარამ რესტორანში ვახშმობაზე ვთქვით უარი. ამის ნაცვლად ღვინო ვიყიდეთ, ჭიქები ჰოსტელში ავიღეთ და სანაპიროზე გავედით. ზღვის მონატრებული სუნისა და ზაფხულის გრილი სიოს კორიანტელში გახვევა გვინდოდა. მთელი საღამო იქ ვისხედით, ბეტონის სანაპიროზე, ვუყურებდით როგორ იცვლიდა ფერს ზემოთ ცა, ქვემოთ კი ზღვა. წყალში ფეხებს ვაჭყუმპალავებდით და ასეთი დასვენების სიკარგეზე ვფიქრობდით. 


მიუხედავად იმისა, რომ სლოვენიის ყველაზე ცნობილი ზღვისპირა კურორტია, პირანი ქვეყნის დედაქალაქისგან განსხვავებით აქტიურ ცხოვრებას მოკლებულია. აქ ძირითადად ოჯახები და ასაკში შესული ადამიანები ატარებენ დასვენების დღეებს. ახალგაზრდები სავარაუდოდ ჩვენსავით მხოლოდ ერთი დღით ჩამოირბენენ, რომ თვალი შეავლონ პირანის სილამაზეებს და თევზის გემრიელი კერძები ჭამონ. პორტოროზი უფრო აქტიურია აქაური კაზინოების წყალობით. ორივე ქალაქში იტალიური აურა ტრიალებს. ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეს ტერიტორია იტალიის ნაწილი იყო. ყველა იტალიურად საუბრობს და არ უნდა გაგიკვირდეთ თუ ‘Dober Dan’-ის ნაცვლად ყველა ჩაოს შემოგძახებთ. ქალაქები კარგადაა დაკავშირებული ლიუბლიანასთან, ხორვატიის ქალაქებთან და იტალიის ჩრდილოეთ ნაწილთან.
მახსოვს ამ საღამოს ზღვის სანაპიროზე რომ ვიჯექით ჩემს ამ ძალიან მაგარ თავგადასავალზე ვფიქრობდი, რომელსაც საზღვარგარეთ ცხოვრება ერქვა. ვფიქრობდი, რომ საზღვარგარეთ ცხოვრება დაძაბულ სათავგადასავლო ვიდეოთამაშსგავს. ზოგ ტურს მარტივად გადიხარ, ზოგის გადასალახად კი ბევრი მცდელობა გჭირდება. უკვე 10 თვე გადიოდა, რაც ამ ძალიან სათავგადასავლო თამაშის მთავარი გმირი ვიყავი და ყოველი ტურის გადალახვისას ჩემ თავს ვეკითხებოდი, რა იქნება მაშინ, როცა ბოლო ტურს მივაღწევდი და თამაშიც დასრულდებოდა. ამაზე ფიქრისას კიარა მთხოვდა, სხვა რამეზე მეფიქრა, თუნდაც ხვალინდელ დილაზე, ძალიან ადრე რომ ავდგებოდით, ჩემს მწამებელ ზურგჩანთას რომ მოვიკიდებდი, ჯერ კიდევ ძილში გახვეულ პირანს დავემშვიდობებოდით  და სანატრელი ხორვატიისკენ გავაგრძელებდით გზას, თვალი ჯერ კიდევ გასულ წელს რომ დავადგი.


დღეს კი, აი აქ ჯდომისას მარტო იმაზე უნდა გვეფიქრა თუ როგორი კარგია ნატვრების ახდენა, რა ლამაზია სამყარო, რა უსასრულოა ზღვა და რა მარტივია ბედნიერების შეგრძნება. სუპერმარკეტში ნაყიდი თეთრი ღვინო ბოლომდე რომ ჩავცალეთ, ცოტა კიდევ გავისეირნეთ, მერე ჭიქები ჰოსტელში დავაბრუნეთ, ჩვენ კი ჩვენს ოთახს დავუბრუნდით. ამაღამაც ჰოსტელში შეყუჟულ ოთხ ტურისტთან ერთად უნდა დაგვეძინა.
დილით ზურგჩანთები მოვიკიდეთ და პირანის ვიწრო ქუჩებიდან სანაპიროზე გავედით. ძალიან მალე ხორვატიაში ვიქნებოდით, თუმცა მანამდე სლოვენიისთვის მადლობა უნდა გადაგვეხადა, ასე კარგად რომ დაგვამახსოვრა თავი. ცუდი არ იქნებოდა მე და კიარას ერთმანეთისთვისაც გადაგვეხადა მადლობა, სლოვენიას მხოლოდ ავტობუსით რომ არ ჩავუარეთ და დრო აქაურობისთვისაც გამოვყავით, მაგრამ საამისოდ ჯერ კიდევ არ ვიყავით გამოფხიზლებულები. ალბათ ხორვატიის პირველივე ქალაქში შესვენებისას ყავის პირველ ყლუპს რომ დავაგემოვნებდით, მაშინ გამოვასწორებდით ამ პატარა ხარვეზს.


ხორვატიაში შევხვდებით..


 Facebook: Mako's Wonderland
 Instagram: Mako__go

Share this:

CONVERSATION