image1 image2 image3

HELLO I'M MAKO..

ასიზი

უმბრიაში ჩამოსვლის პირველივე დღიდან პირველი გასეირნება ასიზიში დავგეგმე. მარტო წასვლა არ მინდოდა, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში მარტოც წავიდოდი.
საბედნიეროდ სამი დღით ჩემს სახლში ტურინელი გოგო ცხოვრობდა - სარა. ტურინიდან ნეაპოლში წავიდა სამოგზაუროდ, მერე რომში გაჩერდა, მერე პერუჯაში ჩამოვიდა და მერე ისევ ტურინში დაბრუნდა. ოჯახის წევრები ტყუილებით აავსო და უთხრა, რომ მთელი ეს პერიოდი პერუჯაში იყო ჩემთან ერთად. მოკლედ, ყველაზე დიდ მეგობრად ჩამთვალა. დედამისიც შორიდან მიგზავნიდა მოკითხვებსა და კოცნებს. მაკოს ნაცვლად მოკას მეძახდა და ჩემი დიდი იმედი ჰქონდა.
მე და სარამ ასიზიში ერთად გასეირნება გადავწყვიტეთ. ასიზი იტალიის ერთ-ერთი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია.
ასიზიში რომიდან რეგიონალური მატარებლით 10 ევროდ ჩახვალთ, ფლორენციიდან 15 ევროდ და პერუჯადან 2,60 ევროდ. მატარებელი ყოველ საათში ერთხელ დადის და აქ მოსახვედრად ყველაზე კარგი საშუალებაა.
მატარებლით 20 წუთიანი მგზავრობის შემდეგ ასიზის სადგურზე ვიყავით. ბილეთების ყიდვა და მატარებლის წასვლა-წამოსვლის გაგება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც მატარებლების სადგურზე პირველად მყოფისთვის. პატარა სადგურები საინფორმაციო დაფების სიმრავლით არ გამოირჩევიან. უკიდურეს შემთხვევაში მატარებლის მძღოლთან უნდა მიხვიდე და ჰკითხო ყველაფერი, რაც გაინტერესებს.
ქართველს არ მიკვრის. მაგრამ მაინც მიკვირს, რომ ეს ევროპაში ხდება.
არ ვბრაზდები და არ ვღიზიანდები. პირიქით, ყველაფრით ძალიან ვხალისობ.
გზაში სარამ ბევრი იტიტინა და ნეაპოლური პერკოკა მაჭამა. პერკოკა ატმისა და გარგარის ერთიანობაა. ნეაპოლურს სულ სხვა გემო აქვსო. სადგურიდან ქალაქის ცენტრამდე ფეხით წასვლა გადავწყვიტეთ. ასიზი პატარა დასახლებაა, სადაც ყველა სახლი პატარა სათამაშოს ჰგავს. სახლები ფერადი ყვავილებითაა მორთული და უსასრულო სიმშვიდითაა მოცული. ქერის თუ რაღაც მსგავსი ყანებიც კი გავიარეთ და დაახლოებით ათი წუთის შემდეგ ასიზი გამოჩნდა. ამ გზით ასულს და ამ ხედის მნახველს მეგონა, მუზეუმში ვიყავი და უცხო ქალაქის ფოტოს ვუყურებდი. ნახევარ საათში უკვე ქალაქში ვიყავით.
აზრად არც კი მომსვლია, რომ ასიზი ასეთი ლამაზი იქნებოდა. პაწაწუნა, ვიწრო, ყვავილებით გაფერადებული ქუჩებითა და ტურისტებით სავსე. მიხარია, რომ მეც მათ სიაში ვწერივარ. მეც ტურისტი მქვია, მეც მხარზე შემოგდებული ფოტოაპარატით დავდივარ და მეც მიელამებს თვალეებს აქაური სილამაზეები.
ძალიან ბევრი ვიარეთ. ხან მარჯვნივ. ხან მარცხნივ. ხან ზევით. ხან ქვევით. უამრავი ეკლესია ვნახეთ. ყველაში შევედით. სადილისთვის პაწაწუნა ტრატორია ვიპოვეთ და  Torta al Testo ვჭამეთ. ბრუსკეტებიც დავაყოლეთ. ცოტა დავისვენეთ. ცოტაც ვილაქლაქეთ და ტური გავაგრძელეთ.
Piazza del comune ასიზის მთავარი მოედანია. საინფორმაციო ცენტრში ქალაქის რუკა ავიღეთ და დღის მეორე ნახევარი დავგეგმეთ. თეატრსაც კი მივაგენით. Teatro Metastasio ღია იყო. თეატრის ქერა, ცისფერთვალება, ლამაზმა თანამშრომელმა გამოფენილი კოსტიუმები, ფოტოები, ვიდეოები დაგვათვალიერებინა და მთავარი დარბაზი გვანახა. დღეს სამწუხაროდ სპექტაკლი არ იქნება და იქნებ ხვალ მოხვიდეთო. ხვალ ვიცოდით, რომ ვერ მოვიდოდით.
თეატრიდან გამოსულები პირდაპირ დავეშვით და სან-ფრანჩესკოს ბაზილიკასთან მივედით. ეს მსოფლიოშ უცცნობილესი XIII საუკუნის ბაზიკილაა. შედიხარ თუ არა მაშინვე მუქი ფერები გეცემა თვალში. მარჯვნივ და მარცხნივ კედლებზე ჯოტოს მხატვრობაა. სან ფრანჩესკო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა კათოლიკურ სამყაროში. ამას ეს ტაძარიც ადასტურებს. ტაძრის ქვედა სართულზე მისი საფლავია. აქ უამრავი ადამიანი მოდის სალოცავად. ტურისტებზე აღარაფერს ვამბობ. ტაძრის გარეთ თაღებით გარშემორტყმული დიდი მოედანია. ალბათ ამ ბაზილიკის დამსახურებაა, რომ დღეს ასიზი მნიშვნელოვანი ქალაქების რიცხვში წერია. იტალიის ამ ნაწილში მოხვედრა და ასიზიში არწასვლა იცოდეთ, რომ დანაშაულია!
 ჩვენი ტურის შემდეგი ეტაპი სანაყინეში შესვლა და გემრიელობების ჭამა იყო. გზადაგზა, ერთი სანაყინიდან მეორეში შესვლისას, სარა მიხსნიდა თუ როგორ უნდა ამომეცნო ნაყინის სიკარგე. შოკოლადის ნაყინებით დახუნძლულებმა კიდევ ბევრი ვიარეთ. ხან აღმართებზე, ხანაც დაღმართებზე. მალე ისევ ფეხით დავეშვით სადგურისკენ. გეგმაში კიდევ ერთი ეკლესიის ნახვა გვქონდა. Basilica di Santa Maria degli Angeli მეთექვსმეტე საუკუნის ბაროკოს სტილის ტაძარია. ტაძრის შუაში ძველი ტაძარია, რომელიც თუ არ ვცდები სან-ფრანჩესკომ ააგო. ცოტახანს დავრჩით. მესა იყო. ამდენი სიარულისგან დაღლილებს აღარსად წასვლა არ გვინდოდა, მაგრამ უნდა წავსულიყავით.
ისევ მატარებელი. ისევ ავტობუსი. ისევ სახლი. ვახშმად სარას მომზადებული Pasta alle zucchine. ვახშმის მერე პერუჯაში ჩვენი საყვარელი ბარი გველოდა ცოცხალი მუსიკით, უთვალავი უცნობითა და ცოტა ნაცნობით.

სან-ფრანჩესკოს ბაზილიკა, ასიზი, იტალია
ცოტას სარაზეც მოგიყვებით.
სარა განსაკუთრებულია. რამდენიმე დღეში მგონი საუკეთესო მეგობრები გავხდით. ასიზის გარდა, პერუჯაშიც ვისეირნეთ. Lasagna მომიმზადა. ბრუსკეტებიც გამიკეთა. პერუჯის საუკეთესო პასტიჩერიის ტკბილეულები პირველად მასთან ერთად ვჭამე. როცა გაიგო, რომ რომში წასვლას ვგეგმავდი, თავისი ხელით დამიხატა რუკები მანიშნებლებით სად უნდა მეჭამა საუკეთესო ამატრიჩანა. დილაობით სახლიდან გასვლას თუ დამასწრებდა,  წერილებს მიტოვებდა და სადილზე სულმოუთქმელად მელოდებოდა ხოლმე. მე როცა ლექციებზე მივდიოდი, სარა თავისი მწვანე მოგზაურობის დღიურით რომელიმე კაფეში ჯდებოდა და წერას იწყებდა. საწერი ბევრი ჰქონდა. ნეაპოლურ-რომაულ-უმბრიული თავგადასავლებიდან არაფერი უნდა გამორჩენოდა. ტურინშიც დამპატიჟა. წელს ვერა, მაგრამ მომავალში აუცილებლად ჩავალ. წელს ერთად ნანახი ასიზიც ვიკმაროთ.  

P.S. ვერასოდეს დავივიწყებ სარას სახეს, როცა ახალგაღვიძებულმა უნივერისტეტში წასვლამდე, საუზმისთვის კიტრისა და პომიდვრის დაჭრა დავიწყე. ლამის თვალები დაუელამდა. თვითონ რძეში გაფუმფულებულ ხლოპიებს ჭამდა და თვალებით მეუბნებოდა, რომ ჩემი მარილიანი საუზმით იტალიაში შეცდომით მოხვედრილ უცხოპლანეტელს ვგავდი.

ასიზი, იტალია






Share this:

CONVERSATION